"ის იშვა, როდესაც ეძინა მთელ კაცობრიობას..."
იშვა ბეთლემში ის, ვისთანაც "ცხოვრებაი იყო და ცხოვრებაი იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (იოანე 1, 4-5). დიახ, სწორედ ბეთლემში, მწყემსის გამოქვაბულში ნაშობმა სიტყვამ, ე.ი. ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა, მოუტანა კაცობრიობას ის სასოება და სიხარული გულისა და ნათელი გონებისა, რომელიც ყოვლად მოწყალე მაღალი ღვთისგან მზადდებოდა ადამიანისთვის მთელი წინამდებარე ათასწლეულების მანძილზე. ის უნდა მოსულიყო... ის მოდიოდა... ღვთის განგება ამზადებდა მის ჩვენთან მოსვლას... და იშვა იგი ქალწულისაგან, როგორც იყო განგება ღვთისა...
...რომ შევიცნოთ და შევისისხლხორცოთ ეს უდიდესი საიდუმლო, ამისთვის სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცოდნა უნდა შევძინოთ ჩვენს გულს, ჩვენს გონებას, იმდაგვარად უნდა ავმაღლდეთ, რომ მაღალ დონეზე სუფევდეს ჩვენში სარწმუნოება და ცოდნა...
სარწმუნოება უნდა ანათებდეს ჩვენს შინაგან სამყაროს და შინაგანი სამყაროც მზად უნდა იყოს, რომ შეიცნოს, თუ საიდან მოდის ეს ნათელი, და მიიღოს იგი... მაშასადამე, სარწმუნოების ნათელს გულმა და გონებამ თავისი ნათელი უნდა დაახვედროს; ამ ორი ნათელის შერწყმით ამაღლდება სულიერად ადამიანი და ამ გზით იგი ღვთისგან ბოძებული მაღალი გონებით იხილავს ღმერთს: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათე 5,8).
* * *
"განვლო საუკუნეებმა, მიდის წლები, ქრისტიანული სამყარო კი, როგორც ყოველთვის, ზეიმით ხვდება ერთ-ერთ უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს - ქრისტეს შობას. დღეს ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ შორეული დროისაკენ, ბეთლემის იმ კურთხეული გამოქვაბულისაკენ, რომელმაც შეიფარა ახალშობილი იესო - გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება მთელი კაცობრიობისა. ის იშვა, როდესაც ეძინა ბეთლემს, ეძინა იერუსალიმს, ეძინა იუდეველთა ქვეყანას, ეძინა მთელს კაცობრიობას. პირველნი, რომელთაც შემოესმათ ანგელოსთა გალობა - "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" - და რომელნიც ღირს იქმნენ, თაყვანი ეცათ ახალშობილი იესოსთვის, იყვნენ უბრალო, წმიდა გულის პალესტინელი მწყემსები. ეს იყო დასაწყისი ახალი აღთქმისა, დასაწყისი ახალი, ქრისტიანული რწმენისა, ჩვენ ღმერთ-ვიქმნეთ" - თქვა წმიდა ათანასე დიდმა.
წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ შეუძლებელია, ქრისტეს დაბადება გააზრებულ იქნეს ადამიანური ლოგიკით. ეს არის სასწაული, რომელიც აღემატება ადამიანის გონებას. "ნუ შემეკითხები: როგორ მოხდა ეს სასწაული? რამეთუ, როდესაც ბრძანებს უფალი, ბუნება მხოლოდ მორჩილებს; მან ინება და შეძლო, მოვიდა და გვიხსნა! ღვთის ნებამ არ იცის, რა არის წინააღმდეგობა და არსებული უწინარეს ყოველთა საუკუნეთა - დღეს ხორციელდება!" მაგრამ ღვთის განხორციელების საიდუმლო გასაგები ხდება მისთვის, ვისი გულიც გამთბარია რწმენითა და სიყვარულით, იმიტომ, რომ ეს სიყვარულის საიდუმლოა. სიყვარულის საიდუმლო გაუგებარია იმათთვის, ვისაც არ ძალუძს რწმენა და სიყვარული, მაგრამ გასაგებია მათთვის, ვისაც ძალუძს თავისი სიყვარულით უპასუხოს ჩვენს მოყვარულ უფალს".
* * *
"რატომ განკაცდა უფალი და რატომ არის დედამიწაზე მის მოვლინებასთან დაკავშირებით ასეთი დიდი სიხარული?
დაუსაბამო იგი ხორციელ იქმნა, რათა ცოდვის მორევში დანთქმული კაცობრიობისთვის ხსნის გზა ეჩვენებინა და ყოფიერების ჭაობში შთაფლულთათვის სიკეთისა და ბოროტების გარჩევა ესწავლებინა; იგი განკაცდა, რომ გვეზეიმა საკუთარ თავზე გამარჯვება და კვლავ მარადიული ნეტარებისა და სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცემოდა".
* * *
"ხშირად ადამიანები, რომლებიც თავს მორწმუნეებად მიიჩნევენ. ვერ აღწევენ იმას, რასაც ლოცვაში ითხოვენ. რატომ ხდება ეს?
იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: "ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი ვნებები დაიკმაყოფილოთ" (იაკ. 4:2). დიახ, ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ სწამთ ღმერთი და ამავე დროს ერთმანეთს ეჯიბრებიან მიწიერი კეთილდღეობის მოსაპოვებლად, ან შურთ, ცილს სწამებენ და განიკითხავენ სხვას, რაც მათ ლოცვას ძალას უკარგავს.
ზოგჯერ ესა თუ ის პიროვნება ერთი შეხედვით მართლაც კარგ ტაძარსაც აშენებს... მაგრამ თუ ყოველივე ამას თავის გამოსაჩენად აკეთებს და სიკეთით ამპარტავნობს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება უფლისათვის და არც ასეთი ადამიანის ლოცვა შეისმინება. ზემოთქმული ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი ამქვეყნიური კეთილდღეობის სრული უარყოფისკენ მოგვიწოდებდეს ყველას. რა თქმა უნდა, არა, რადგან უფალი ჩვენგან მხოლოდ იმას ითხოვს, რომ არ გავხდეთ ხორციელ მოთხოვნილებათა მონები და მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობა არ იქცეს ჩვენს მამოძრავებელ ძალად; მაგრამ თუ თანამდებობას, ძალაუფლებას, სიმდიდრეს და ჩვენს სხვა შესაძლებლობებს არა საკუთარი "მეს" წარმოსაჩენად, არამედ უფლის სადიდებლად (რადგან ყოველივე მისგან გვეძლევა) და მოყვასის მსახურებისთვის გამოვიყენებთ, ღვთივსათნოდ ვიცხოვრებთ".
* * *
"სულ რამდენიმე დღე დარჩა ახალ წლამდე. ზოგი მეკითხება: ჩვენი ეკლესია ხომ ძველ სტილზეა, ახალი წელი კი ახლით აღინიშნებაო. ახალი წელი სამოქალაქო დღესასწაულია, არასაეკლესიო. საეკლესიო ახალი წელი 1-ელი სექტემბერია. საერო ახალი წელი იცვლებოდა, სხვადასხვა საუკუნეში სხვადასხვა დღეს აღინიშნებოდა. ამიტომ, რადგან მთელ მსოფლიოში ამ თარიღს ახალ წლად მიიჩნევენ, ჩვენც ვუსურვოთ ერთმანეთს ბედნიერება!"
ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქცია თავის მრავალრიცხოვან მკითხველსა და სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს პატრიარქად აღსაყდრებიდან 35, მღვდელმთავრობის 50 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს და უსურვებს დღეგრძელობას, სულიერ და ფიზიკურ მხნეობას და თავისი საყვარელი სამწყსოს - ქართველი ერის სულიერ გაბრწყინებას!