ვინც წმინდანთა ცხოვრებაში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ მრავალ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა კურნებისა, ბრმათათვის თვალის ახელისა, უშვილოთათვის შვილის მინიჭებისა, უეცარი სიკვდილისგან დაცვისა და სხვა, გარდაცვალების შემდეგ კი მრავალმა წმინდანმა მიიღო ნიჭი კურნებისა თუ სხვადასხვა განსაცდელისგან ხსნისა. განსაცდელში მყოფი ადამიანის ლოცვა-ვედრება წრფელი და მხურვალეა. ავადმყოფმა, თუ იგი მორწმუნეა, იცის, რომ მხოლოდ უფალია მისი შემწე, ამიტომ განსაკუთრებით ევედრება შეწევნას წმინდანებს.