სოკოვანი ინფექციების მიმართ მგრძნობიარე გენები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

სოკოვანი ინფექციების მიმართ მგრძნობიარე გენები

სოკოვანი ინფექციების მიმართ მგრძნობიარე გენები

ბუნებაში სოკოს 120 000-ზე მეტი სახეობა არსებობს. ამათგან 100-მდე სახეობა პათოგენურია და ადამიანის ინფექციურ დაავადებებს იწვევს. სოკოები ბინადრობენ ნიადაგში, ჰაერში, წყალში. ზოგიერთი მათგანი ბინადრობს ჩვენს ორგანიზმშიც. ისინი კარგად გრძნობენ თავს ორგანიზმის "ნესტიან" ადგილებში: პირის ღრუს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, სასქესო ორგანოების, შარდსასქესო სისტემის ლორწოვან გარსებში, კანის ნაოჭებში... ჩვეულებრივ პირობებში ჩვენი იმუნური სისტემა ფხიზლად არის და სოკოს ინტენსიური გამრავლების საშუალებას არ აძლევს, იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში კი სოკო უკონტროლოდ მრავლდება, ადამიანის ორგანიზმში სიმბიოზურად მცხოვრები მიკროფლორის წარმომადგენლებს მათი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოდან აძევებს, იკავებს მათ

ადგილს, იწყებს ინტენსიურ ცხოველქმედებას და გამოყოფს ტოქსინებს, რაც საბოლოოდ ინფექციური პროცესის ჩამოყალიბებითა და ინფიცირებული ორგანოს ფუნქციის დარღვევით გამოიხატება.

ამრიგად, დაავადება ვითარდება არა ორგანიზმში სოკოს არსებობის, არამედ ჩვენი იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითების გამო. სოკოვანი დაავადება, როგორც ლაკმუსის ქაღალდი, ინდიკატორია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე უფრო რთული და საშიში პროცესისა,

რომელსაც იმუნიტეტის დაქვეითება ეწოდება.

  • როგორ ხდება ორგანიზმში წლობით მცხოვრები სოკოს გააქტიურება და პათოგენურად გარდაქმნა?
  • რა გარეგანი ფაქტორები უწყობს ხელს სოკოს ასეთ გარდაქმნას?
  • იმუნური სისტემის მუშაობის რომელი მექანიზმი ზიანდება ამ დროს?
  • შეიძლება თუ არა მოვიძიოთ გენები, რომლებიც აკონტროლებენ სოკოვანი დაავადებების მიმართ ჩვენი იმუნური სისტემის მგრძნობელობას? ასეთი კვლევები გამართლებულია, ვინაიდან ცნობილია გენეტიკური დაავადებები, რომლებსაც უჯრედული იმუნიტეტის მემკვიდრეობითი დეფიციტი ახასიათებს - ნეზელოფას სინდრომი, იობის სინდრომი, დი-ჯორჯის სინდრომი და სხვანი.

ამ საკითხების გარკვევა მეცნიერებმა ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადების - კანდიდოზის მაგალითზე სცადეს. კანდიდოზს სოკო კანდიდა ალბიკანსი იწვევს. იგი საფუარისებრი სოკოა, ადამიანების 80%-ის ორგანიზმში ბინადრობს და, როგორც წესი, უვნებელია. ის ორგანიზმში დაბადებისთანავე ხვდება და შემდგომ მთელ ორგანიზმს ედება, მაგრამ ვიდრე იმუნური სისტემა ძლიერია, ვერაფერს გვიშავებს. ხანდახან კი კანდიდა-ადამიანის დაბალანსებული ურთიერთობა ირღვევა. ბალანსის რღვევას ხელს უწყობს სტრესი, ანტიბიოტიკებისა და ჰორმონული პრეპარატების უკონტროლო მიღება, იმუნოდეპრესიული, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, გამომფიტავი დაავადებები, ალკოჰოლიზმი, ღვიძლის ციროზი, დამწვრობა, ანემია, დისბაქტერიოზი, ონკოლოგიური დაავადებები, არაბალანსირებული კვება, შაქრიანი დიაბეტი, შიდსი, ანტაციდების, სტეროიდების მიღება და სხვა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პრეპარატები, რომლებსაც სოკოს სამკურნალოდ იყენებენ, ადამიანისთვისაც ტოქსიკურია, ამიტომ სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების მოქმედება უმთავრესად სოკოს დასათრგუნად არის მიმართული და არა გასანადგურებლად, ეს კი დროთა განმავლობაში სოკოს პრეპარატის მიმართ რეზისტენტულობას სძენს. ასე რომ, იოლი მისახვედრია, რატომ იმატებს ინფიცირებულთა რიცხვი ახალი თაობის ეფექტური პრეპარატების მომრავლებასთან ერთად. სოკოს მიერ ადამიანის უჯრედების დასნებოვნება რამდენიმე ეტაპად ხდება. პირველი ნაბიჯია სოკოსა და ადამიანის უჯრედთა კონტაქტი. ამ პროცესში ჩართულია ორივე ორგანიზმის - როგორც სოკოს, ისე ადამიანის - უჯრედთა გარსების რეცეპტორული აპარატები. მომდევნო ეტაპზე სოკო გამოიმუშავებს ადამიანის უჯრედის გარსის დამშლელ ფერმენტებს, რათა გაუადვილდეს ადამიანის უჯრედში შეღწევა - პენეტრაცია - და ქსოვილში გავრცელება - ინვაზია. 1965 წელს სოკო კანდიდას ორგანიზმში აღმოაჩინეს ფერმენტი, რომელიც უზრუნველყოფდა მასპინძლის ინვაზიას და სოკოს ადამიანის იმუნური სისტემის ზემოქმედებისგან იცავდა. ამ ფერმენტს ასპარტატ-პროტეინაზა უწოდეს. მის სინთეზს შვიდი გენი განაგებს. ამ შვიდიდან ერთი ან რამდენიმე გენის მოქმედების დათრგუნვა სოკოს სხვადასხვანაირ იმუნომოდულარულ მოქმედებას და ადამიანის თავდაცვითი ძალების შესუსტებას იწვევს. ამ დროს სოკო კანდიდა განიცდის მორფოლოგიურ ტრანსფორმაციასაც საფუარული ფორმიდან ჰიფების წარმოქმნამდე. ამგვარი ტრანსფორმაცია სოკოს პათოგენურ ფორმად გარდაქმნაზე მიანიშნებს. სოკოს ჰიფი ძაფისებრი სტრუქტურაა. ამ ფორმით სოკო უფრო ადვილად აღწევს ქსოვილში, ვიდრე საფუარისებრი, მრგვალი ან ოვალური ფორმით. ჰიფს არ გააჩნია მაკროფაგებთან საკონტაქტო რეცეპტორები, რაც სოკოს დამატებით პრივილეგიებს, მათ შორის - ფაგოციტის მიმართ მდგრადობას, ანიჭებს. ასე რომ, ჰიფი სოკოს უფრო აგრესიული და პათოგენური ფორმაა. სულ ორიოდე წლის წინ, 2009 წელს, ორ ქვეყანაში, ჰოლანდიასა და ინგლისში, მეცნიერთა ორმა ჯგუფმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩაატარა გამოკვლევები იმ გენების აღმოსაჩენად, რომლებიც სოკოვანი დაავადების მიმართ იმუნური სისტემის მგრძნობიარობას განაპირობებს. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის უჯრედული ბიოლოგიისა და განვითარების ლაბორატორიაში გამოიკვლიეს ქრონიკული და ფატალური კანდიდოზების მქონე ოჯახი, რომლის ოთხ წევრს სოკოვანი დაავადების პერიოდული გამწვავება აღენიშნებოდა. ამ ოჯახის სამი წევრი მოზარდ ასაკში სოკოვან ინფექციას ემსხვერპლა კიდეც, ხოლო ორი წევრი ტვინის კანდიდოზით იყო ავად. სულ გამოკვლეულ იქნა ოჯახის ხუთი თაობის 36 წარმომადგენელი. გენეტიკურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ქრონიკული კანდიდოზით დაავადებულ ოთხივე პაციენტს გენ CARD 9-ის მუტაცია ჰქონდა. ჰოლანდიელმა მეცნიერებმა კი დაადგინეს რომ კანდიდოზურ ინფექციებთან იმუნური სისტემის კიდევ ერთი გენი - Dectin 1-ია დაკავშირებული. ეს გენი ფაგოციტურ უჯრედებში ანუ მაკროფაგებსა და ნეიტროფილებში მუშაობს. მას შეუძლია, ამოიცნოს და რეაგირება მოახდინოს ცოცხალ სოკოვან აგენტზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი ფუნქცია სოკოს არსებობის დადგენაა. ეს არის იმუნური სისტემის უჯრედთა გარსის რეცეპტორი, რომელიც სოკოს უჯრედული გარსის კომპონენტს ამოიცნობს. აქვე დაადგინეს, რომ ეს ორი გენი შეთანხმებულად მუშაობს: Dectin 1 სოკოს ამოიცნობს, ხოლო CARD 9 უცხოს შესახებ ინფორმაციას გადასცემს, იმუნურ უჯრედებს გასააქტიურებლად სიგნალს უგზავნის. საბოლოოდ ხორციელდება მოლეკულური იმუნური პასუხი სოკოს საწინააღმდეგოდ. აღნიშნულ გენთა მუტაციები იწვევს იმუნური სისტემის მოქმედების დეფიციტს, რასაც ლოკალურ ან სისტემურ ინფექციამდე მივყავართ.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ადამიანის ბიოლოგიური სახეობა გამოირჩევა ამტანობითა და დიდ დისტანციებზე სირბილის უნარით. მეცნიერების აზრით,
აღმოჩენები გენეტიკაში, რომლებზეც ამ სტატიაში გიამბობთ, სამუდამოდ შეცვლიან ჩვენს მომავალს!
ბუნებაში ბევრი ისეთი მოვლენაა, რომელთა ახსნა ძალიან რთულია. რატომ, რის გამო ხდება ასე? რას უკავშირდება ესა თუ ის გასაოცარი მოვლენა?
დღეს ბევრი მარტოსული ადამიანია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თანამედროვე ცხოვრების რითმი აძლიერებს
აგრესიის გამოვლინება ბევრ ცხოველს ახასიათებს. მას გარკვეული უპირატესობის მიცემა შეუძლია, ისეთის,
მეცნიერებმა უჩვეულო კვლევის ჩატარების შემდეგ დაადგინეს, რომელი ბიოლოგიური ფუნქციის გაკონტროლება
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად