რა არის იქთიოზი და როგორია მკურნალობის მეთოდები
იქთიოზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, მიიჩნევენ, რომ დაავადების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს A ვიტამინის დეფიციტი, ასევე, ფარისებრი და სასქესო ჯირკვლების ჰიპოფუნქცია.
მეტწილად გვხვდება იქთიოზის ისეთი ფორმა, რომელიც აუტოსომურ-დომინანტური ტიპის მემკვიდრეობით გადაეცემა. დაავადება ადრეულ ასაკში ვლინდება.
ახასიათებს:
- კანის სიმშრალე;
- ოფლის გამოყოფა შემცირებულია;
- შესაძლოა, განვითარდეს ფრჩხილებისა და თმის დისტროფია;
- თეთრი ან რუხი ქერცლის გაჩენა, რომელიც მძიმე შემთხვევებში მკვრივი კონსისტენციის ყავისფერ ფირფიტებად იქცევა
როგორც წესი, სახეზე ქერცლი უმნიშვნელო რაოდენობით წარმოიქმნება.
მკურნალობა
იქთიოზით დაავადებულს ხანგრძლივად უნიშნავენ A ვიტამინს, B6 და B12 ვიტამინებს, რკინის პრეპარატებს, თირეოიდინს.
იქთიოზური ფორმის ერითროდერმიის მძიმე შემთხვევაში ინიშნება კორტიკოსტეროიდები, ზღვის აბაზანები. კანზე წასასმელად იყენებენ A ვიტამინის შემცველ ცხიმოვან მალამოს.