რა შეუძლია იოდს
ასეთი საშუალებაა იოდის სპირტხსნარი. თურმე იოდი მხოლოდ ჭრილობების დასამუშავებლად როდი ყოფილა სასარგებლო. ალბათ გაგიგონიათ, რომ მტკივან კუნთზე იოდის ბადეს იკეთებენ, მაგრამ ცოტას თუ ეცოდინება იოდდეფიციტის დასადგენი ერთი მარტივი ხერხი: უნდა დააკვირდეთ, რამდენად სწრაფად გაქრება კანიდან იოდის ბადე; თუ სწრაფად გაქრა, მაშასადამე, ორგანიზმს იოდი ჰკლებია.
"მკურნალი.გე"-ს მკითხველი გვწერს, რომ იოდი იმუნიტეტსაც აძლიერებს. "მეგობრებთან ერთად სალაშქროდ გავემგზავრე. გზად თავსხმა წვიმაში მოვყევით. დავსველდი და გვარიანად გავცივდი - ყელში მფხაჭნიდა, მაცემინებდა, ცხვირიდან ჩამომდიოდა, მაგრამ "საველე აფთიაქში" მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი აბები, საგულე საშუალებები, კალიუმის პერმანგანატი და იოდი აღმოგვაჩნდა. უეცრად ერთმა მეგობარმა აიღო იოდის ბოთლი, მთხოვა ფეხზე გამეხადა და ქუსლებზე იოდი წამისვა. ამ უჩვეულო "წამლის" იმედი მაინც და მაინც არ მქონდა, ხელი ჩავიქნიე, დავწექი და დავიძინე, დილით კი გაციების კვალიც აღარსად იყო. მოგვიანებით კიდევ რამდენიმეჯერ გამოვიყენე ეს მეთოდი. ვფიქრობ, გაციების ასეთ მარტივ და საიმედო წამალს ყველა უნდა იცნობდეს", - აღნიშნავს მკითხველი.
როგორ გავიკეთოთ იოდის ბადე
ბამბის ჩხირი 5-პროცენტიან იოდში უნდა ჩააწოთ და ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები "დაიხატოთ" მტკივან ადგილზე. უჯრებს შორის დაშორება დაახლოებით 1 სმ უნდა იყოს.
როგორ დავადგინოთ იოდდეფიციტის არსებობა
იმისათვის, რომ გაიგოთ, აკლია თუ არა თქვენს ორგანიზმს იოდი, ბარძაყის შიდა მხარეს იოდის ბადე დაიხატეთ და დაელოდეთ. თუ 3 საათის გასვლის შემდეგ ბადე უკვალოდ გაქრა, გაიქეცით ექიმთან ანალიზების ჩასაბარებლად და იოდდეფიციტის სამკურნალოდ. თუ ბადემ 6-8 საათი გაძლო, ორგანიზმს იოდის ნაკლებობის მცირე დეფიციტი აქვს და მისი შევსება ზღვის პროდუქტების მირთმევით შეგიძლიათ. თუ იოდი ნორმაში გაქვთ, იოდის ბადე მეორე დღემდე არ უნდა გაქრეს.
ხველების დროს
იოდის ბადე ხველების დროს კეთდება იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის ტემპერატურა 38 გრადუსს არ აღემატება. ბადე კეთდება ან ყელზე (ანგინის დროს), ან მკერდზე (ფილტვების ანთების დროს). ადამიანს ეს ადგილები განსაკუთრებით მგრძნობიარე აქვს და პირველი პროცედურისას სხეულზე იოდის მხოლოდ ერთი ხაზი უნდა გაუსვათ. თუ 10-15 წუთის შემდეგ ავადმყოფს არ აღენიშნება წვა ან დისკომფორტი, შეგიძლიათ იოდის ბადე სრულად "დაახატოთ", თანაც დღეში ორჯერ - დილა-საღამოს. იოდის ბადე ფეხმძიმე ქალების დამხმარეც შეიძლება გახდეს, გაციების დროს, როცა წამლების მიღებაში შეზღუდული ხართ ან იგივე იოდის დეფიციტის აღსადგენად. თუმცა, ფეხმძიმემ იოდის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
დალურჯებების მორჩენაშიც იოდი დაგეხმარებათ
ამისათვის სასურველი არაა, დალურჯებისთანავე გაიკეთოთ იოდის ბადე. დაზიანებული ადგილი ჯერ ყინულით დაიმუშავეთ და იოდით მკურნალობა მეორე დღეს დაიწყეთ.
იოდი არის ქიმიური ელემენტი, რუხი ფერის კრისტალური ნივთიერება, რომელსაც უმთავრესად ღებულობენ ზღვის წყალმცენარეებისგან. სპირტში გახსნილი ეს ნივთიერება გამოყენებულია მედიცინაში, როგორც სადეზინფექციო საშუალება.