თუ წამალი დაგჭირდათ და რეცეპტი არ გაქვთ
. 2014 წლის პირველი სექტემბრიდან მედიკამენტების შესაძენად ექიმთან ვიზიტი მოგიწევთ. როგორ უნდა მოიქცეთ პირველ ეტაპზე, თუ რეცეპტი არ გაქვთ და შეგაწუხათ ტკივილმა, ყაბზობამ, ღებინებამ თუ გაციებამ.
ხველის საწინააღმდეგო საშუალებები
ხველის საწინააღმდეგო საშუალებები ორ ჯგუფად იყოფა - ხველის დამთრგუნველ საშუალებებად და ამოსახველებელ საშუალებებად. გავრცელებული ხველის დამთრგუნველი საშუალებაა დექსტრომეტორფანი, ხოლო ამოსახველებელი - გუაიფენეზინი.
როგორ მოქმედებს
ხველის დამთრგუნველი საშუალებები ხველის რეფლექსს თრგუნავს, ხოლო ამოსახველებელი ნახველს ათხელებს და სასუნთქი გზებიდან მის ამოღებას აადვილებს. არსებობს კომბინირებული პრეპარატებიც, რომლებიც ორივე კომპონენტს შეიცავს.
საჭიროა თუ არა ხველის მკურნალობა
ხველის მკურნალობა ყოველთვის არ არის საჭირო. გაციების თანმხლები ხველა უმეტესად თავისთავად გაივლის. ზოგჯერ კი ხველის საწინააღმდეგო საშუალებები მართლაც აუცილებელია - მაგალითად, მაშინ, როცა ხველა ავადმყოფს ხშირად აღვიძებს ან დღისით მეტისმეტად აწუხებს. ხველის დამთრგუნველი საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული, მაგალითად, მაშინ, როცა ხველით ხდება სასუნთქი გზების ნახველისგან გათავისუფლება. ამის მაგალითია ხველა თამბაქოს წევის, ემფიზემის, ფილტვების ანთების, ასთმის ან ქრონიკული ბრონქიტის დროს.
გვერდითი ეფექტები
ჯანმრთელი ადამიანები ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებს კარგად იტანენ. იშვიათად მოსალოდნელია ძილიანობა, თავბრუ.
როდის მივიდეთ ექიმთან
ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ ხველასთან ერთად აღინიშნება ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთი სიმპტომი:
• ცხელება;
• ქოშინი;
• ხველის გახანგრძლივება რამდენიმე კვირაზე მეტად;
• ხიხინი ხველისას ან სუნთქვისას.
სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებები
ჩვეულებრივ, ამ პრეპარატებს იყენებენ გულძმარვის შემაწუხებელი შეგრძნებისას. ამერიკელებისთვის ექიმის დანიშნულების გარეშე ნებადართულია სამი ჯგუფის პრეპარატების მიღება:
• ანტაციდები - ანეიტრალებს კუჭის მჟავა წვენს. მათი ეფექტი სწრაფი, მაგრამ ხანმოკლეა.
• H2 ბლოკერები - ამცირებს კუჭის მჟავა წვენის გამოყოფას. მართალია, ეს საშუალებები სიმპტომებს მაშინვე არ ხსნის, მაგრამ უფრო ხანგრძლივად მოქმედებს, ვიდრე ანტაციდები. მოქმედება მიღებიდან 1 საათის ფარგლებში იწყება. H2 ბლოკერებიდან ურეცეპტოდ იყიდება რანიტიდინი და ფამოტიდინი.
• პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები - საგრძნობლად აქვეითებს მჟავას პროდუქციას. საკმაოდ ეფექტურია, როცა სიმჟავე არ ქვეითდება ანტაციდების ან H2 ბლოკერების გამოყენებით. შესაძლოა, მათი ეფექტი უფრო გვიან გახდეს თვალსაჩინო, ვიდრე H2 ბლოკერებისა ან ანტაციდებისა, მაგრამ გაცილებით ხანგრძლივია. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები საკმაოდ ეფექტურია ხშირი (კვირაში ორზე მეტი ეპიზოდი) გულძმარვისას. ამერიკაში შესაძლებელია ომეპრაზოლისა და ლანსოპრაზოლის თავისუფლად შეძენა.
გვერდითი ეფექტები
ამ მედიკამენტების გვერდითი ეფექტები, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა და თავისთავად გაივლის. ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, გულისრევა, შეკრულობა ან ფაღარათი.
ვინ არ უნდა მიიღოს სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებები
თუ პაციენტს აქვს თირკმელების უკმარისობა, ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ არის რეკომენდებული კალციუმის კარბონატის, ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის კარბონატის შემცველი ანტაციდების მიღება. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი, თუ:
• პაციენტი არის მენოპაუზის ასაკის ქალი - შესაძლოა, მოიმატოს მოტეხილობის რისკმა;
• პაციენტს ადრე ჰქონია ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათი;
• ხანში შესულია ან აქვს იმუნური სისტემის პრობლემები - შესაძლოა, მოიმატოს ფილტვების ანთების რისკმა.
როდის მივიდეთ ექიმთან
ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ გულძმარვას ერთვის ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთი სიმპტომი:
• სისხლიანი ან შავი განავალი;
• სისხლიანი ღებინება;
• გულძმარვამ ორი კვირის განმავლობაში არ გაიარა;
• ყლაპვა გაძნელებული ან მტკივნეულია;
• წონა უმიზეზოდ იკლებს.
ანტიჰისტამინური საშუალებები
ანტიჰისტამინური საშუალებები ალერგიის სიმპტომების შესამცირებლად გამოიყენება. ამ თვისებების გამო მათ ხშირად ანტიალერგიულ პრეპარატებსაც უწოდებენ. ურეცეპტოდ შესაძლებელია პირველი და მეორე თაობის ანტიჰისტამინურების მიღება.
როგორ მოქმედებს
ორგანიზმზე ალერგიის გამომწვევი ფაქტორის ზემოქმედება იწვევს ჰისტამინის გამოყოფას, ჰისტამინი კი ანთებითი უჯრედების გადაადგილებას, ქსოვილების შეშუპებას და სითხის გაჟონვას. ამის შედეგია ქავილი, ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა. ანტიჰისტამინური პრეპარატები ალერგიული რეაქციის და მისი თანმხლები სიმპტომების თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს. პირველი თაობის ანტიჰისტამინურები, უკვე აღწერილ ეფექტებთან ერთად, ტვინის გარკვეულ უბნებზე ზემოქმედების წყალობით ამცირებს გულისრევასა და ღებინებას. სწორედ ამის შედეგია მათი ეფექტურობა მგზავრობით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების (მოძრაობის დაავადების) წინააღმდეგ. თუმცა მათი გავრცელებული გვერდითი ეფექტია ძილიანობა. პირველი თაობის ანტიჰისტამინურებია:
• ბრომფენირამინი;
• ქლორფენირამინი;
• დიმენჰიდრინატი (დრამინა);
• დიფენჰიდრამინი (დიმედროლი);
• დოქსილამინი.
მეორე თაობის ანტიჰისტამინურებია:
• ლორატადინი (კლარიტინი);
• ცეტირიზინი (ზირტეკი);
• ფექსოფენადინი (ალეგრა).
გვერდითი ეფექტები
ჯანმრთელი ადამიანები კარგად იტანენ აღნიშნულ მედიკამენტებს, თუმცა ხანში შესულებისა და ზოგიერთი დაავადების მქონეთათვის გვერდითი ეფექტების გათვალისწინება აუცილებელია. პირველი თაობის ანტიჰისტამინურებით გამოწვეული ძილიანობა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ მანქანას მართავთ. მცირდება კონცენტრაციის უნარიც. შესაძლოა, თავი იჩინოს პირისა და თვალების სიმშრალემ. არც მუცლისა და თავის ტკივილია გამორიცხული. მეორე თაობის ანტიჰისტამინურების მიღებისას ეს ეფექტები ნაკლებადაა გამოხატული.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
ანტიჰისტამინურების მიღება ექიმს უნდა შეუთანხმოთ, თუ დანიშნული გაქვთ:
• საძილეები;
• სედაციური საშუალებები;
• მიორელაქსანტები (კუნთების მომადუნებელი საშუალებები).
ვინ არ უნდა მიიღოს ანტიჰისტამინური საშუალებები
პირველი თაობის ანტიჰისტამინურების მიღების თაობაზე აუცილებლად შეუთანხმდით ექიმს, თუ გაქვთ:
• გლაუკომა;
• გაძნელებული შარდვა (პროსტატის გადიდების გამო);
• ასთმა, ემფიზემა ან ქრონიკული ბრონქიტი;
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
• გულის დაავადება;
• მაღალი წნევა.
თირკმლის ან ღვიძლის დაავადების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან შეათანხმოთ მეორე თაობის ანტიჰისტამინურების მიღება.
საფაღარათო საშუალებები
მიუხედავად მსგავსი ეფექტისა, საფაღარათო საშუალებებს ერთმანეთისგან განასხვავებს მოქმედების მექანიზმი. მათი ერთი ნაწილი ზრდის განავლის მოცულობას. ეს საშუალებები შეიცავს ბოჭკოს, ბოჭკო კი ხელს უწყობს წყლის შეწოვას და ამ გზით ნაწლავთა შიგთავსის მოცულობას ზრდის. დიდი მოცულობის მასა აღიზიანებს ნაწლავის რეცეპტორებს (ნერვულ დაბოლოებებს) და დეფეკაციის (ნაწლავების მოქმედების) სტიმულირებას იწვევს. ამ ტიპის საფაღარათოები უფრო უვნებელია. მათ უნდა დავაყოლოთ საკმარისი რაოდენობის სითხე (წყალი). მსხვილი ნაწლავის ზედაპირზე მოქმედებს გლიცერინის სანთლები, რომლებსაც რექტალურად იყენებენ. ამ პრეპარატის ზემოქმედებით განავალი უფრო ადვილად გამოიყოფა. ადგილობრივი გამოყენება პრეპარატის მიღებას აადვილებს. ოსმოსური საფაღარათოები ხელს უწყობს ნაწლავში სითხის შეკავებას, რითაც ზრდის განავლის მოცულობას და აადვილებს მის გამოყოფას. ჩვენში ასეთი პრეპარატებიდან შეიძლება შეიძინოთ ფორლაქსი ან მაგნეზიის რძე. საკმაოდ უხეში მოქმედება ახასიათებს მასტიმულირებელ საფაღარათოებს. ეს პრეპარატები იწვევს ნაწლავის შეკუმშვა-გაშლას (ანუ აძლიერებს პერისტალტიკას) და აადვილებს განავლის გამოყოფას. მასტიმულირებელი საფაღარათოების გამოყენება მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაშია ნებადართული. უფრო ხანგრძლივი მიღება ნაწლავის "გაზარმაცებას" იწვევს. ამ ტიპის საფაღარათოს მაგალითია ბისაკოდილი.
შესაძლებელია თუ არა საფაღარათოების გამოყენება შეკრულობის დროს
შეკრულობის დროს უმეტესად სულაც არ არის აუცილებელი საფაღარათოების გამოყენება - ყაბზობა ან თავისთავად გაივლის, ან დიეტის შეცვლა, სითხის მიღება და ფიზიკური აქტივობაც საკმარისი აღმოჩნდება ხოლმე. საფაღარათო პრეპარატები მხოლოდ ეპიზოდურად შეიძლება გახდეს საჭირო.
გვერდითი ეფექტები
სწორი მიღების შემთხვევაში საფაღარათოების უდიდესი ნაწილი გვერდით ეფექტებს არ იწვევს. რიგ შემთხვევაში მოსალოდნელია ნაწლავების მტკივნეული შეკუმშვა, მუცლის შებერვა, ბუყბუყი, გულისრევა ან ფაღარათი. ზოგიერთი საფაღარათო კი, მაგალითად, დიაბეტით დაავადებულებში ზრდის ელექტროლიტების კარგვის რისკს. ასე რომ, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები უმჯობესია საფაღარათოების მიღების თაობაზე ექიმს შეუთანხმდნენ.
ვინ არ უნდა მიიღოს
ფენილკეტონურიით დაავადებულებმა არ უნდა მიიღონ ფენილალანინის შემცველი საფაღარათო საშუალებები. არ არის რეკომენდებული საფაღარათოების მიღება მათი კომპონენტების მიმართ ალერგიის დროს. უნდა გვახსოვდეს, რომ საფაღარათო საშუალებები არ არის მოწოდებული ხანგრძლივი მიღებისთვის, მეტადრე - ექიმის დანიშნულების გარეშე. ამ შემთხვევაში ერთ კვირაზე მეტხანს მათი მიღება არ არის რეკომენდებული. არცთუ იშვიათად საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება აყოვნებს შეკრულობის გამომწვევი დაავადების დიაგნოსტიკას.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
საფაღარათო საშუალება ზოგჯერ აფერხებს სხვა წამლების შეწოვას, ამიტომ რეკომენდებულია, საფაღარათოდან სხვა მედიკამენტების მიღებამდე 2 საათი მაინც გავიდეს. არ არის რეკომენდებული სხვადასხვა საფაღარათოს ერთდროული მიღებაც. ბისაკოდილი არ უნდა მივიღოთ ანტაციდების ან რძის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში. საფაღარათოდ ხშირად არ უნდა გამოვიყენოთ მინერალური ზეთები და აბუსალათინის ზეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში მინერალურმა ზეთებმა შესაძლოა გამოიწვიოს ცხიმში ხსნადი ვიტამინების (ა, დ, ე, კ) დეფიციტი, აბუსალათინის ზეთი კი ნაწლავის კუნთების ტონუსის დაქვეითების გამო ქრონიკული ყაბზობის მიზეზად იქცეს. მინერალური ზეთები და აბუსალათინის ზეთი ურთიერთქმედებენ აგრეთვე სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებთან, ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინთან, გულისა და ძვლების სამკურნალო ზოგიერთ მედიკამენტთან.
როდის მივიდეთ ექიმთან
საფაღარათოების მიღებამდე ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, თუ შეკრულობასთან ერთად აღინიშნება ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთი სიმპტომი:
• გულისრევა;
• მუცლის ტკივილი;
• ნაწლავების მოქმედების ხასიათის უეცარი ცვლილება, რაც 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება;
• ღებინება.
გარდა ამისა, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, თუ აღინიშნება სისხლიანი განავალი ან საფაღარათოების მიღებამ შედეგი ვერ გამოიღო.
ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატები
ექიმის დანიშნულების გარეშე ამერიკელ პაციენტს შეუძლია ორი ტიპის ტკივილგამაყუჩებელი შეიძინოს - პარაცეტამოლი და ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატები. ამ უკანასკნელთაგან თავისუფლად იყიდება ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი.
როგორ მოქმედებს
აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) ამცირებს ტკივილს და სწევს სიცხეს თავის ტვინის განსაზღვრულ სტრუქტურებზე ზემოქმედების გზით, ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატები კი ტკივილსა და ტემპერატურას აქვეითებს ჰორმონების მსგავსი ნივთიერებების - პროსტაგლანდინების - დონის შემცირების ხარჯზე.
როდის არის ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები
აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) და ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატები აქვეითებს ტემპერატურას და ასუსტებს თავის, კუნთების ტკივილს. გარდა ამისა, ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატები ანთებასაც ამცირებს. ეს ეფექტი არა აქვს პარაცეტამოლს. ამ თვისებების გამო დასახელებული საშუალებები გამოიყენება ართრიტის, ყურის ტკივილის, ზურგის ტკივილის, ოპერაციის შემდგომი ტკივილის დროს. მათი გამოყენება ნაჩვენებია აგრეთვე გაციების, სინუსიტის, ანგინის შემთხვევაში. პარაცეტამოლი კარგი არჩევანია თავისა და სხვა ორგანოთა ტკივილების შესამსუბუქებლად, ვინაიდან უვნებელია და დიდხანს შეიძლება იქნეს გამოყენებული ქრონიკული დაავადებების დროს. იბუპროფენი არჩევის პრეპარატია ანთებითი ტკივილის შემთხვევაში.
რამდენად ეფექტურია ურეცეპტოდ შეძენილი ტკივილგამაყუჩებლები?
უმეტესად ეფექტურია, თუმცა მათი გამოყენების უშედეგობა ექიმთან ვიზიტის აუცილებლობაზე მიუთითებს.
უსაფრთხოა თუ არა?
თავისუფალ გაყიდვაში არსებული ტკივილგამაყუჩებლები, ჩვეულებრივ, უსაფრთხოა და გვერდითი ეფექტებიც ჯანმრთელი პირების მიერ ერთჯერადი მიღებისას არ არის ხშირი. პარაცეტამოლის ალკოჰოლთან ერთად მიღებამ შესაძლოა ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს. ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონულმა პრეპარატებმა შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს გულძმარვას, კუჭიდან სისხლდენას. რეგულარული მიღებისას მოსალოდნელია თირკმლის დაზიანება ან წნევის მატება.
ვინ არ უნდა მიიღოს პარაცეტამოლი
პარაცეტამოლის მიღება არ არის რეკომენდებული, როცა:
• პაციენტს აქვს თირკმლის დაავადება;
• პაციენტი იღებს ალკოჰოლს;
• იღებს პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატს.
ვინ არ უნდა მიიღოს ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატები ამ პრეპარატების, განსაკუთრებით კი ასპირინის მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, თუ:
• პაციენტი არის ალერგიული;
• ეტანება ალკოჰოლს;
• აქვს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
• აქვს თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;
• აქვს გულის დაავადება;
• აქვს სისხლის შედედების დარღვევა ან იღებს შედედების საწინააღმდეგო პრეპარატს.
გარდა ამისა, თავისუფლად იყიდება ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალებები - იმოდიუმი, ბისმუტის სუბსალიცილატი; ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები; სურდოს დროს რეკომენდებული პრეპარატები.
ავტორი მარიკა დვალი