PRO და PRE როგორ გავაკეთოთ არჩევანი
PRO - და PRE -
ამ ლათინური წინსართებით მხოლოდ ამ ბაქტერიებსა და მათ საკვებ ნივთიერებებს კი არ აღნიშნავენ, არამედ ყველა იმ პროდუქტს, პრეპარატსა თუ კვებით დანამატსაც, რომლებიც მათ შეიცავს.
პრობიოტიკები
პრობიოტიკები ის სასარგებლო მიკროფლორაა, რომლის შესახებაც ყველას გვსმენია. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში შეამჩნიეს, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მას ჯანმრთელობისა და იმუნიტეტის შენარჩუნებისთვის. ადამიანი სასარგებლო მიკროფლორას დაბადებისთანავე იღებს დედისგან, მერე კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ავსებს მას. თანამედროვე კვება, თამბაქოს წევა, ანტიბიოტიკები სასარგებლო მიკროფლორას დიდ ზიანს აყენებს, ამიტომ აუცილებელია მისი აღდგენა აფთიაქში შეძენილი საშუალებებით, რომლებიც ორი სახისაა:
- კაფსულები ან აბები. ეს სპეციალური მეთოდით გამომშრალი სასარგებლო ბაქტერიებია. მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ ისინი "იღვიძებენ" და მოქმედებას იწყებენ.
- თხევადი ფორმა. ის შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს, რომლებიც ქილაში სპეციალურ საკვებ გარემოსთან ერთად არის მოთავსებული და ასე იყიდება. ისინი მოქმედებას მიღებისთანავე იწყებენ. შესაძლებელია მათი კანზე წასმა, ცხვირში ჩაწვეთება, პირის ღრუსა და ყელში გამოვლება და სხვა.
პრობიოტიკები განსაკუთრებით საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპიისა და ნაწლავურ ფლორაზე ძლიერმოქმედი წამლებით მკურნალობის შემდგომ.
ყველაზე ცნობილი პრობიოტიკები
ლაქტობაქტერიები. მათ შეუცვლელი როლი აკისრიათ საჭმლის მონელებაში. გარდა ამისა, ლაქტობაქტერიები იმუნიტეტის საფუძველსაც წარმოადგენენ: ადამიანის ნაწლავში ქმნიან მჟავე ფიზიოლოგიურ გარემოს, რომელსაც ზოგიერთი მავნე ბაქტერია ვერ უძლებს. ბიფიდობაქტერიები. გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ მათ საჭმლის მონელებასთან უშუალო კავშირი არ აქვთ, აქტიურად ქმნიან მჟავე გარემოს და სხვა ისეთ კომპონენტებს ასინთეზებენ, რომლებიც თრგუნავენ მავნე ბაქტერიებს, მონაწილეობენ ვიტამინებისა და ფერმენტების წარმოქმნაში.
პრებიოტიკები
ოლიგოფრუქტოზა. მისი დახმარებით მრავლდებიან ბიფიდობაქტერიები, უმჯობესდება კალციუმის შეწოვა. იგი არ წარმოქმნის გლუკოზას და უვნებელია დიაბეტიანებისთვის, ასევე მათთვისაც, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს. ბევრია ხორბალში, ხახვში, ბანანში, თაფლში, ნიორში. დღიური ნორმაა 5-8 გრამი, 2 ბანანი ან 100 გრამი პური.
გალაქტოოლიგოსაქარიდები. ოლიგოფრუქტოზას ჰგავს, მაგრამ შეიცავს გლუკოზას. დაბადებიდანვე მონაწილეობს იმუნიტეტის ფორმირებასა და საჭმლის მონელებაში, კვებავს ბიფიდობაქტერიებს. ბევრია რძის, ფქვილის ნაწარმში, მარცვლეულში.
საკვები ბოჭკო - უჯრედისი. ხელს უწყობს ნაწლავის გასუფთავებას, ვინაიდან იწოვს ჭარბ ცხიმსა და ტოქსინებს. დიდი რაოდენობით არის ბოსტნეულში, პარკოსნებსა და მარცვლეულში.
ინულინი. იგი უკვე ჩამოთვლილი სამი პრებიოტიკის თვისებებს აერთიანებს. მას კრისტალურ ინსულინსაც უწოდებენ, ვინაიდან მონაწილეობს ცხიმების ცვლაში, როცა სისხლში გლუკოზის დონე მომატებულია - აქვეითებს, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და მძიმე ლითონები, კანცეროგენები, წმენდს არა მხოლოდ ნაწლავს, არამედ მთელ ორგანიზმს, იცავს მას ზოგიერთი სახის კიბოსგან.
ლაქტულოზა. კვებავს სასარგებლო ბიფიდობაქტერიებსა და ლაქტობაქტერიებს. მსუბუქი საფაღარათოOთვისებაც აქვს. მას ნატურალური ფესვები აქვს - ყველის ამოყვანის შემდგომ დარჩენილი შრატისგან ამზადებენ.
რა და როდის მივიღოთ?
- პრობიოტიკები სასარგებლოა პრაქტიკულად ყველა ქრონიკული და სეზონური დაავადების დროს. რა სახით ჯობს მათი მიღება, ექიმთან დააზუსტეთ.
- პრებიოტიკები სასარგებლოა ყოველთვის: ისინი კვებავენ მიკროფლორას. მათი სიჭარბე ნუ შეგაშინებთ - რაც ზედმეტია, ტრანზიტულად გაივლის ნაწლავში და თან ჭარბ ტოქსინებსაც წაიყოლებს.
- პრობიოტიკები პრებიოტიკების გარეშე არაფერია. არ არის აუცილებელი პრეპარატების შეძენა - დაბალანსებული კვება უმეტესად ორივე მათგანის პრობლემას მოგიგვარებთ.
- პრებიოტიკების საუკეთესო წყარო მცენარეული, მარცვლეული და რძის პროდუქტებია.