ინტერფერონები ეფექტიანია ვირუსული ჰეპატიტების, ჰერპესის, მწვავე რესპირატორული ინფექციების, აივ-ინფექციის და ზოგიერთი სხვა ვირუსული დაავადების მიმართი
მათი ფუნქცია ვირუსთა გამრავლების დათრგუნვა, დასუსტება და ორგანიზმის დასუფთავებაა. ინტერფერონები ამოიცნობენ ვირუსისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ცილებს, ახდენენ მათი საინფორმაციო რნმ-ის დისკრიმინაციას და ამით ხელს უშლიან უჯრედთა შემდგომ გამრავლებასა და განვითარებას, შესაბამისად, იკლებს და ქრება მავნე ზემოქმედება, რომელიც იწყება უჯრედში ვირუსის მოხვედრის შემდგომ.
შედგენილობის მიხედვით ინტერფერონები იყოფა ალფად, ბეტად და გამად, მიღების გზის მიხედვით კი ცნობილია ადამიანის (ბუნებრივი), ლეიკოციტური (პირველი თაობის) და რეკომბინანტური (მეორე თაობის) ინტერფერონები. ალფა-ინტერფერონი ცილა პროტეინია, ბეტა და გამა ინტერფერონები კი გლიკოპროტეინები (ცილოვან-ნახშირწყლოვანი ბუნების ნაერთები).
ალფა-ინტერფერონებია: ინტერლოკი, რეაფერონი, ინტრონ A, როფერონ A და სხვა. ბეტა-ინტერფერონებია: ბეტაფერონი, ფერონი და სხვა. გამა ინტერფერონია იმუკინი. ინტერფერონები სპეციალისტების დიდ ინტერესს იწვევს ვირუსული ინფექციების არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ პროფილაქტიკის თვალსაზრისითაც.
ინტერფერონები ეფექტიანია ვირუსული ჰეპატიტების, ჰერპესის, მწვავე რესპირატორული ინფექციების, აივ-ინფექციის და ზოგიერთი სხვა ვირუსული დაავადების მიმართ. თანამედროვე მედიცინაში კლინიკურ პირობებში ყველაზე ხშირად იყენებენ ინტერფერონის შემდეგ პრეპარატებს: რეაფერონს, როფერონს, ნიტრონ-A-ს, ინრეკს, ვიფერონს, ბეროფორს, ეგიფერონს, ველფერონს, ბეტასერონს, ფრონს, გამაფერონს, იმუნოფერონს.
ინტერფერონის პრეპარატები, გარდა პირდაპირი ანტივირუსული მოქმედებისა, დადებით გავლენას ახდენენ იმუნურ სისტემაზე. ისინი აწესრიგებენ უჯრედული იმუნიტეტის სარეგულაციო მექანიზმებს და ხელს უწყობენ ადამიანის ორგანიზმში საკუთარი ალფა და გამა ინტერფერონის გამომუშავებას.