ჰორმონების როლი მედიცინაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰორმონების როლი მედიცინაში

ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადთერაპიული კლინიკის ექიმი ლელა გვინცაძე.

- თანამედროვე მედიცინა ჰორმონული პრეპარატების გარეშე მართლაც წარმოუდგენელია. ნამდვილად გაგვიჭირდება დავასახელოთ სფერო, ჰორმონულ პრეპარატებს მკურნალობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ არ ენიჭებოდეთ. ალერგოლოგია, რევმატოლოგია, ენდოკრინოლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, ონკოლოგია, გინეკოლოგია, ანდროლოგია - მედიცინის ფაქტობრივად ყველა დარგი აქტიურად იყენებს ჰორმონულ საშუალებებს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ პაციენტები დიდ ინტერესს იჩენენ ჰორმონული პრეპარატების მიმართ.

- თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრედნიზოლონი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე უკეთ ნაცნობი ჰორმონული პრეპარატია. როგორია მისი მოქმედება, რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ეს პრეპარატი?

- პრედნიზოლონს, სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნივთიერების ჰორმონების) მსგავსად, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული მოქმედება ახასიათებს. ის თრგუნავს ორგანიზმის იმუნურ რეაქციას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რიგი დაავადების დროს. ასეთი ეფექტის გამო პრედნიზოლონს იყენებენ ალერგიის, ბრონქული ასთმის, რევმატული დაავადებების, გლომერულონეფრიტის, კანის ზოგიერთი სნეულების, ჰეპატიტის ზოგიერთი ფორმის, სისხლის, ენდოკრინული სისტემის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ. გარდა ამისა, პრედნიზოლონით მკურნალობენ შოკს: ამ პრეპარატის მიღებისას უმჯობესდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, მცირდება პათოლოგიური პროცესის აქტივობა.

- დაგვეთანხმებით, რომ პაციენტთა ნაწილს პრედნიზოლონის მიღებისა ეშინია, თუმცა არის საპირისპირო შემთხვევებიც - ზოგიერთი ცდილობს, გახანგრძლივებული ტემპერატურა, სახსრების ტკივილი თუ ასთმის შეტევა პრედნიზოლონის მეშვეობით "დაამარცხოს".

- სამედიცინო თვალსაზრისით ორივე პოზიცია მიუღებელია. ყოველი ექიმი ჰორმონული პრეპარატების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პაციენტის ობიექტური მონაცემების გათვალისწინებით იღებს. რიგი დაავადების დროს მდგომარეობის გაუმჯობესება პრედნიზოლონისა თუ სხვა ანალოგიური მედიკამენტის გარეშე წარმოუდგენელია. ამის მაგალითებია ბრონქული ასთმის გახანგრძლივებული შეტევა, ქრონიკული ბრონქიტი მძიმე ობსტრუქციით, პროგრესირებადი სარკოიდოზი, პროგრესირებადი გლომერულონეფრიტი, სისტემური წითელი მგლურა და სხვა რევმატიული დაავადებები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტს უფლება აქვს, პრედნიზოლონი თვითნებურად მიიღოს. ცხელება, სახსრების ტკივილი თუ სულხუთვის შეტევა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ზოგჯერ პრედნიზოლონი მართლაც საგრძნობლად აუმჯობესებს მდგომარეობას, რაც, რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, უარესია, ვინაიდან ძირითადი დაავადება ინიღბება, ეს კი მის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას აგვიანებს. როდესაც ადამიანს ბაქტერიით გამოწვეული ანთება აქვს, პრედნიზოლონის მიღება და ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობის დაგვიანება შესაძლოა საბედისწეროც კი აღმოჩნდეს.

- მკითხველები ხშირად გვეკითხებიან, რატომ ინიშნება პრედნიზოლონი განსაზღვრული წესით, რატომ არის აუცილებელი მისი დოზის თანდათანობითი შემცირება.

- გლუკოკორტიკოიდების გამოყოფა ორგანიზმში განსაზღვრული დღეღამური (ცირკადული) რიტმით ხდება, მაქსიმალურია დილის საათებში, შესაბამისად, ამ ჰორმონებისადმი ორგანიზმის ქსოვილებისა და უჯრედების მგრძნობელობაც დღე-ღამის ამ მონაკვეთშია მაღალი. სწორედ ამიტომ ურჩევენ ექიმები პაციენტებს გლუკოკორტიკოიდული პრეპარატების მიღებას დილით, დაახლოებით 8 საათისთვის, ან მთლიანი დოზის ისე გაყოფას, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 2/3 ან 3/4) - ამ დროისთვის, ხოლო დანარჩენი - შუადღის 12 საათისთვის იქნეს მიღებული. არსებობს სხვა ვარიანტებიც, რომელთა დეტალური აღწერაც მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება. უბრალოდ, პაციენტებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ: პრედნიზოლონისა თუ სხვა გლუკოკორტიკოიდების გარკვეული წესით მიღება ექიმის ახირება არ არის, მას ნამდვილად აქვს საფუძველი. არც აღნიშნული პრეპარატების დოზის თანდათანობითი შემცირებაა შემთხვევითი. თავდაპირველად, როდესაც დაავადების გამოვლინება მაქსიმალურია, ინიშნება გლუკოკორტიკოიდების განსაზღვრული დოზა, რომელიც მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ თანდათანობით, ექიმის მიერ შემოთავაზებული სქემით უნდა შემცირდეს, ვინაიდან დოზის სწრაფ დაქვეითებას შესაძლოა დაავადების გამწვავება, პაციენტის მდგომარეობის გაუარესება მოჰყვეს. ეს ფენომენი მედიცინაში მოხსნის სინდრომის სახელწოდებით არის ცნობილი. მოხსნის სინდრომი ზოგჯერ ვლინდება არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითებით, სისუსტით, მუცლისა და თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, კუნთებისა და სახსრების ტკივილით. ამის თავიდან ასაცილებლად რიგი დაავადების დროს საჭიროა იმ უმცირესი დოზის დადგენა, რომლის მიღებაც პაციენტს ხანგრძლივად მოუწევს. მას შემანარჩუნებელ დოზას უწოდებენ.

- ბევრი ჩივის, რომ პრედნიზოლონის "ბევრი" ტაბლეტის მიღება უხდება...

- პრედნიზოლონის ტაბლეტები 5-მილიგრამიანია. სხვადასხვა დაავადების დროს მისი საწყისი დოზა 30-დან 60 მილიგრამამდეა, ზოგჯერ კი მეტიც. ესე იგი, პაციენტმა 6-დან 12 ტაბლეტამდე უნდა მიიღოს. ბევრს ის გარემოებაც უქმნის დისკომფორტს, რომ დოზის შემცირების პროცესში საჭიროა ამ პატარა ტაბლეტის გაყოფა ორად, ოთხად... მერწმუნეთ, ყოველივე ეს აუცილებლობით არის განპირობებული. "ბევრი ტაბლეტის" მიღებით გამოწვეული დისკომფორტის აცილება რიგ შემთხვევაში შესაძლებელია იმ პრეპარატების დანიშვნით, რომლებიც ჰორმონის მაღალ დოზას შეიცავენ.


- რა ფორმით არის მოწოდებული გლუკოკორტიკოიდული პრეპარატები? როგორია მათი მაქსიმალური დოზა?

- არსებობს გლუკოკორტიკოიდების ტაბლეტირებული, საინექციო და საინჰალაციო (შესასუნთქი) ფორმები. ამ უკანასკნელს იყენებენ ბრონქული ასთმისა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის სამკურნალოდ. ალერგიული რინიტის (სურდოს) დროს რეკომენდებულია სპეციალური ნაზალური (ცხვირის) სპრეის გამოყენება. არსებობს გახანგრძლივებული მოქმედების საინექციო პრეპარატებიც, რომელთა გამოყენებაც რამდენიმე კვირაში ერთხელ არის საკმარისი. თუმცა მკითხველს აქვე უნდა ვთხოვოთ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ყველაზე შესაფერისი ფორმის შერჩევა ექიმს მიანდონ. ამ თვალსაზრისით პაციენტის ინიციატივა დაუშვებელია. რაც შეეხება მაქსიმალურ დოზას, ერთმნიშვნელოვანი პასუხი საკმაოდ ძნელი გასაცემია. არის შემთხვევები, როცა საჭირო ხდება ეგრეთ წოდებული პულსთერაპია: სამი დღის განმავლობაში ინტრავენურად შეჰყავთ 1000 მილიგრამამდე პრეპარატი. პულსთერაპია საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო ჩარევაა. ის სტაციონარში სასიცოცხლო ფუნქციებისა და რიგი ლაბორატორიული მაჩვენებლის მკაცრი კონტროლით ტარდება.

- რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ახლდეს თან გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივ გამოყენებას?

- გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა აღმოცენდეს ეგრეთ წოდებული იატროგენული იცენკო-კუშინგის სინდრომი - გლუკოკორტიკოიდების სიჭარბით გამოწვეული სიმპტომოკომპლექსი. მას ახასიათებს:

  • ძროხისებრი სიმსუქნე - ცხიმოვანი ქსოვილი დაგროვილია უპირატესად ტანზე, კიდურების ზომა უცვლელია;
  • კლიმაქტერიული ანუ ბიზონის კუზი - ცხიმის დაგროვება კისერზე;
  • მთვარისებრი სახე - სახე მრგვალია, მოწითალოა, აღინიშნება ემოციური არამდგრადობა, ზოგჯერ ფსიქოზი;
  • კანის გათხელება, გამოშრობა, მოწითალო-იისფერი სტრიების გაჩენა;
  • აკნე, ჭარბთმიანობა, მამაკაცის ტიპის თმიანობა;
  • კუნთების ატროფია;
  • ოსტეოპოროზი, სპონტანური მოტეხილობები;
  • კუჭის მჟავიანობის მომატება, წყლულების აღმოცენება;
  • სისხლში გლუკოზის დონის მატება - სტეროიდული შაქრიანი დიაბეტი;
  • არტერიული წნევის მატება;
  • ორგანიზმში ნატრიუმის შეკავება, შეშუპებები;
  • ტუბერკულოზის აქტივაცია;
  • თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

- ყოველივე ამის წაკითხვის შემდეგ პაციენტებმა შესაძლოა იფიქრონ, რომ გლუკოკორტიკოიდებზე უარის თქმა სჯობს.

- ასე ფიქრი დაუშვებელია. გლუკოკორტიკოიდები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება. ზოგჯერ მათ მიღებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ექიმი ყოველთვის ცდილობს, შეამციროს გლუკოკორტიკოიდების გამოყენებით გამოწვეული გვერდითი ეფექტები. საამისოდ შეირჩევა პრეპარატის ყველაზე მცირე ეფექტური დოზა, ზოგჯერ გამოიყენება ალტერნატიული სქემა - ერთი დღის განმავლობაში პაციენტი იღებს ორმაგ დოზას, ხოლო მეორე დღეს პრეპარატს აღარ იღებს. პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, ყურადღება ექცევა ბალანსირებულ კვებას, ცილოვანი საკვების მიღებას, რეგულარულად კონტროლდება არტერიული წნევა. გარდა ამისა, პაციენტებს უნდა ვუთხრათ, რომ გლუკოკორტიკოიდული თერაპიის ხანმოკლე კურსის დროს გვერდითი ეფექტები იშვიათია. მათი რისკი უფრო მაღალია ტაბლეტირებული პრეპარატების ხანგრძლივი მიღებისას. ზემოთ აღწერილი თანდათანობითი მოხსნაც მკურნალობის ხანმოკლე კურსის შემთხვევაში შესაძლოა სულაც არ იყოს აუცილებელი. ასე რომ, სჯობს, გლუკოკორტიკოიდების მიღების მიზანშეწონილობა ექიმმა გადაწყვიტოს, პაციენტმა კი ზუსტად შეასრულოს დანიშნულება.