რჩევები დიასახლისებს
- ერბოკვერცხი ლამაზი და მადისაღმძვრელი რომ გამოვიდეს, გამოიყენეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი. თუკი საყვარელი ომლეტის შესაწვავად რძე არ აღმოგაჩნდათ, დაასხით მას ერთი ჭიქა ცივი წყალი და კარგად ათქვიფეთ. ომლეტი ფუმფულა და გემრიელი იქნება.
- თუკი ცხობას აპირებთ და საფუარი არ გაქვთ, დაუმატეთ ცომს სულ ცოტა კონიაკი. ის შესანიშნავად ჩაანაცვლებს საფუარს.
- ძალიან ცხელ ყავაში ან ჩაიში თუ ორ ცალ სუფრის კოვზს ჩადებთ, სასმელი სწრაფად გაგრილდება.
- თუკი ყველს გარედან კარაქის თხელ ფენას გადაუსვამთ, მაცივარში შენახვისას არ გამოშრება.
- წყალზე დამზადებული წვნიანი (სუპი) გაცილებით გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე ბულიონზე. დაამატეთ წვნიანს სხვადასხვა სუნელი, რომლებიც მას კარგ არომატსა და გემოს შესძენს. წყალზე დამზადებულ წვნიანს ძნელად თუ განასხვავებთ ბულიონით მომზადებულისაგან.
- ლიმონი ან ფორთოხალი ჯერ კარგად გადააგორეთ მაგიდაზე და შემდეგ გაწურეთ. ამ ხერხით ციტრუსისგან გაცილებით მეტ წვენს მიიღებთ.
- ღვიძლის მომზადებამდე მოაყარეთ მას შაქარი და დატოვეთ რამდენიმე საათით - ამ ხერხით მომზადებული კერძი ბევრად უფრო რბილი გახდება.
- ბოსტნეულმა კერძს ყველა სასარგებლო თვისება რომ შესძინოს, ის აუცილებლად გარეცხეთ და გაასუფთავეთ უშუალოდ კერძში მოხმარებამდე და არა რამდენიმე საათით ადრე.
- თუკი მოხარშვამდე ბრინჯს ნახევარი საათით წყალში დაალბობთ, მოხარშული ბრინჯი ფხვიერი გამოვა.
- დამჭკნარი მწვანილის გაცოცხლება შესაძლებელია! მოათავსეთ წყალში და დაამატეთ 1-2 წვეთი ძმარი. სასურველია, მწვანილები ყოველთვის ძმრიან წყალში შეინახოთ, მაცივარშიც კი.
- ბოსტნეული აუცილებლად მაღალ ცეცხლზე უნდა ხარშოთ და მარილი კერძის მომზადების დასასრულს დაუმატოთ.
- შემწვარი ხორცი ხრაშუნა და დაბრაწული რომ გამოვიდეს, შეწვამდე ცოტა თაფლი წაუსვით.
- მარილის ქილაში ჩაყარეთ რამდენიმე მარცვალი ბრინჯი, რომელიც ნესტს მთლიანად შეიწოვს და მარილიც მუდმივად ფხვიერი იქნება.
- მოხარშული მაკარონისგან ერთგვაროვანი მასა რომ არ მიიღოთ, ხარშვისას წყალში ცოტაოდენი ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი დაამატეთ, მოხარშვის შემდეგ გადაიტანეთ თუშფალანგზე და გადაავლეთ ოთახის ტემპერატურის წყალი.
- რძე რომ მალე არ ამჟავდეს, დაამატეთ მას ერთი მწიკვი სოდა. იმისთვის კი, რომ დუღილისას ქვაბიდან არ გადმოვიდეს ან არ დაიწვას, დადგით დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი და ურიეთ ყოველ ორ წუთში ერთხელ.
ბლენდერის გასასუფთავებლად
- ჩაასხით მასში თბილი წყალი, დაუმატეთ თხევადი საპნის რამდენიმე წვეთი და 2-3 წუთით ჩართეთ. გამორთეთ და თბილი წყალი გამოავლეთ. აი, თქვენი ბლენდერი გაქათქათდა.
რბილი იატაკიდან ლაქების მოსაშორებლად
- ერთმანეთს შეურიეთ სოდა და წყალი, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. წაუსვით დალაქავებულ ადგილს, დატოვეთ მთელი ღამით, დილით კი მტვერსასრუტით გაწმინდეთ.
შეაგროვეთ მინის ნამსხვრევები
- ნამსხვრევების ხელით აკრეფა რომ არ შეიძლება, ეს ყველამ იცის. ამიტომ მათ ასაკრეფად თეთრი პურის გული გამოიყენეთ.
განაახლეთ ავეჯი
- ტყავის ავეჯის განახლებაში ფეხსაცმლის კრემი დაგეხმარებათ. წაუსვით ნაკაწრებში და ისინი გაქრება.
გაასუფთავეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა
- მანქანის ზედა თაროზე მოათავსეთ ძმრიანი ჭიქა, ჩართეთ უმაღლეს ნიშნულზე. შემდეგ ფსკერზე მოაყარეთ სოდა და კვლავ ჩართეთ მანქანა.
მატრასის სწრაფი გაწმენდა
- პულვერიზატორში ჩაასხით არაყი (სპირტი), თანაბრად შეასხურეთ მთელ მატრასს და მზეზე გაიტანეთ გასაშრობად. ალკოჰოლი გაანადგურებს ცუდი სუნის გამომწვევ ყველა მიკრობს.
ცხიმს ცარცი მოაშორებს
- თუ საყვარელ კაბას ცხიმის ლაქის გამო ვერ იცვამთ, პრობლემის მოგვარებაში ჩვეულებრივი ცარცი დაგეხმარებათ. წაუსვით ლაქას ცარცი და მის მოსაშორებლად სველი ნაჭერი გამოიყენეთ. ეფექტი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
სარეცხი ღრუბლის დეზინფიცირება
- რამდენიმე წუთით მოათავსეთ ღრუბელი მიკროტალღურ ღუმელში ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ეს მეთოდი ბაქტერიების 99 პროცენტს ანადგურებს, მაგრამ ღრუბლის ხშირი ცვლაც ნუ დაგავიწყდებათ.
ფეხსაცმლის ან ხელთათმანის სწრაფად გასაშრობად
- დახიეთ გაზეთები და ჩატენეთ ფეხსაცმელში (ხელთათმანებში). თუ გაზეთი არ გაქვთ, მის შესაცვლელად ბრინჯიც გამოგადგებათ.
რბილი ავეჯის დროც დადგა
- პულვერიზატორში მოათავსეთ სპირტი და თანაბრად შეასხურეთ მთელ რბილ ავეჯს, შემდეგ რბილი ღრუბელი გადაუსვით და ბოლოს უხეში ჯაგრისით კარგად გაწმინდეთ.
ხალიჩის გასუფთავება
- შეურიეთ 2/3 წყალი და 1/3 ძმარი. მიასხურეთ ხალიჩის დალაქავებულ ადგილზე, დააფარეთ სველი ნაჭერი და გააუთოეთ.