სუპი კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს
დადგენილია, რომ ქათმის უცხიმო ბულიონი უხდება სისხლძარღვებს - ხელს უშლის მათი კედლის გასქელებას (სკლეროზულ ცვლილებებს). წვნიანს სასარგებლო თვისებებს სძენს სანელებლებიც. მაგალითად, დაფნის ფოთოლი, წიწაკა, ოხრახუში, ნიახური, კამა აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების აქტიურობას. განსაკუთრებით სასარგებლოა ბურღულით მომზადებული სუპი. ბურღული მდიდარია ბოჭკოთი; მასში შემავალ პექტინს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, მძიმე ლითონების მარილები, ხოლო უჯრედისი ქოლესტერინის სისხლში შეწოვას უშლის ხელს. ასე რომ, სუპი უნდა მიირთვათ და არა მხოლოდ სადილად, არამედ ვახშმადაც და, რაც მთავარია, შვილები პატარაობიდანვე შეაჩვიოთ წვნიანის ჭამას პირადი მაგალითით.
ძალიან სასარგებლოა ბოსტნეულის სუპი, ქათმის ნაკლებად ცხიმიანი ბულიონი, თევზის სუპი. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც თევზის ძალიან გემრიელ და სასარგებლო წვნიანს მოამზადებთ. დაგჭირდებათ:
• 100 გ თევზის ფილე;
• 1 თავი ხახვი;
• 1 ცალი სტაფილო;
• 400 მლ წყალი;
• 3 ს. კ. რძე;
• ერთი ნაჭერი (15გ) თეთრი პური;
• 1 ჩ. კ. ნაღების კარაქი;
• 1 ცალი კვერცხი;
• მწიკვი მარილი;
• რამდენიმე ღერი კამა და ოხრახუში.
თევზი მოხარშეთ ხახვთან, სტაფილოსა და მწვანილთან ერთად. როდესაც გაცივდება, გაატარეთ წინასწარ რძეში დამბალ პურთან ერთად, დაუმატეთ კარაქი, ათქვეფილი კვერცხი, გემოვნებით - მარილი, ხელით მიეცით ბურთების ფორმა და ჩაუშვით თევზის ნახარშში. ადუღეთ 10-15 წუთი.
როგორ მოვამზადოთ სუპი ისე, რომ მის ინგრედიენტებს სასარგებლო თვისებები შევუნარჩუნოთ? იხილეთ სტატია "ყველაზე სასარგებლო კერძი"