კულინარიული ჩანართი
თევზის ბუღლამა
მასალა:
- 1,5 კგ ორაგული;
- 4 კონა ტარხუნა;
- 1 პატარა კონა ოხრახუში;
- 1 კონა ქინძი;
- 1 კონა მწვანე ხახვი;
- 1 თავი ხახვი;
- 1 ჭიქა კანგაცლილი და დაჭყლეტილი პომიდორი;
- 1 კბილი ნიორი;
- თეთრი მშრალი ღვინო, მარილი, წითელი წიწკა, ცომი ან თიხა ჰერმეტიზაციისთვის.
თევზი გავრეცხოთ, გავასუფთაოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და მსხვილად დაჭრილ მწვანე ხახვთან, ნიორსა და მწვანილთან ერთად ფენა-ფენა ჩავაწყოთ სქელძირიან ქვაბში ან ქოთანში. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, მოვასხათ პომიდორი, დავასხათ იმდენი ღვინო, რომ თევზი დაიფაროს. შემდეგ ქვაბს თავზე დავახუროთ და ჰერმეტიზაციისთვის ამოვქოლოთ წყალში აზელილი თიხით ან ცომით. ცეცხლზე გავაჩეროთ საათ-ნახევარი.
კობრი ბოსტნეულით
მასალა:
- 1 კგ თევზი (კობრი);
- 300 გ თხლად დაჭრილი ლორი;
- 700 გ კანიანად მოხარშული სტაფილო;
- 500 გ პომიდორი;
- 3-4 ცალი სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა;
- 2-3 ღერი კამა;
- 2 თავი ხახვი;
- 1-2 ს/კ მაიონეზი;
- 1-2 ს/კ არაჟანი;
- ვაშლის ძმარი, მარილი, პილპილი, პაპრიკა - გემოვნებით.
ხახვი დავჭრათ სიგრძეზე 2-3 ნაწილად და ჩავაწყოთ ვაშლის ძმარში. თევზი გავასუფთაოთ, წავუსვათ მარილი შიგნიდან და გარედან და სამ ადგილას სიგანეზე ღრმად დავსეროთ. მუცელში ჩავუდოთ კამის ღერები. ჭრილებში ჩავაწყოთ ლორის ნაჭრები, წრეებად დაჭრილი პომიდორი და სიგრძეზე დაჭრილი წიწაკა. თევზი ჩავდოთ ფორმაში, გარშემო ერთიმეორის მიყოლებით შემოვუწყოთ წრეებად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი და სტაფილო, აქა-იქ შემოვულაგოთ წინასწარ დამარინადებული ხახვი. მაიონეზი, არაჟანი, პილპილი და მარილი ავურიოთ ერთმანეთში და მოვასხათ თევზსა და ბოსტნეულს, მოვაყაროთ პაპრიკა და შევდგათ ღუმელში. გამოცხობამდე ცოტა რომ დააკლდება, გადავიტანოთ გრილზე და იქ შევბრაწოთ.
კალათები კიბორჩხალით
მასალა კალათებისთვის:
- 2 კარტოფილი;
- 1 კვერცხი;
- 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში;
- მწიკვი ჯავზი;
- მარილი, წიწაკა - გემოვნებით.
გულსართისთვის:
- კიბორჩხალის ხორცი ან ჩხირები;
- 1 პატარა მწვანე ვაშლი;
- 1 ს/კ დაჭრილი ოხრახუში;
- 1 ს/კ ლიმონის წვენი;
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი;
- მარილი, წიწაკა - გემოვნებით;
- ბროწეულის მარცვლები - მოსართავად.
კარტოფილი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები კალათებისთვის, კარაქის გარდა. ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსამდე. მაფინის ან კექსის პატარა ფორმებს წავუსვათ კარაქი, ხელით ავიღოთ ცოტაოდენი კარტოფილის მას, გავწუროთ, გადავანაწილოთ ფორმებში და მივცეთ კალათის ფორმა, მოვასხუროთ ზეითუნის ზეთი და ვაცხოთ დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში შეწითლებამდე. სანამ კალათი ცხვება, მოვამზადოთ გულსართი: დავაქუცმაცოთ კიბორჩხალები ან ჩხირები, გავხუხოთ ვაშლი და სხვა ინგრედიენტები და კარგად მოვურიოთ. გამომცხვარ კალათებში ჩავდოთ გულსართი და მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით.
კალმახი ტომატის ცხარე სოუსით
მასალა:
- 2 საშუალო ზომის კალმახი;
- 6 საშუალო ზომის პომიდორი - კანგაცლილი და გახეხილი (ან სახლში მომზადებული 250-300 გ ტომატის საწებელი);
- 3 კბილი ნიორი;
- 1 ბულგარული წიწაკა;
- 1 ჩ/კ ფქვილი;
- 0,5 ჩ/კ დაფქული წითელი მწარე წიწაკა (ან 1 მთლიანი წიწაკა);
- 0,5 ჩ/კ რეჰანი;
- 0,5 ჩ/კ როზმარინი;
- ქინძი და ოხრახუში;
- შავი პილპილი და მარილი - გემოვნებით.
თევზი სანახევროდ შეწვით მაღალ ცეცხლზე, კანი რომ დაებრაწოს, მაგრამ შიგნიდან ცოტა უმი დარჩეს. ხახვი და დაჭრილი ბულგარული წიწაკა მოშუშეთ, დაამატეთ პომიდორი ან ტომატი, დაფნა, სუნელები და ცოტაოდენი წყალში გახსნილი ფქვილი. წამოადუღეთ და 5-10 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. ჩააწყვეთ შიგ თევზი და მის მოხარშვამდე ადუღეთ. შეაზავეთ მარილით, ნივრითა და დაჭრილი მწვანილით. რჩევა: ამ კერძს უხდება მოხარშული კარტოფილის ან ბრინჯის გარნირი.