როგორ მოვუაროთ ქოთნის ყვავილებს ზამთარში
მიზეზი შეიძლება იყოს სინათლის დეფიციტი, სუფთა ჰაერის უკმარისობა, ორპირი ქარი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ნიადაგის გამოშრობა ან, პირიქით, ზედმეტი სინოტივე, საკვები ნივთიერებების დეფიციტი ან სიჭარბე.
როგორ მოვუაროთ ბარაქის ხეს ზამთარში
ძალიან ადვილი მოსავლელია ე. წ. ბარაქის ხე, კრასულა, ქართულად მსუქანა, იმიტომ, რომ მისი ღეროები და ფოთლები ძალიან წყლიანია. ვისაც აქვს ეს მცენარე და ჰქონია მასთან ურთიერთობა, ყველამ იცის, ძალიან ბევრ წყალს იმარაგებს ფოთლებსა და ღეროებში. განეკუთვნება იმ მცენარეთა ჯგუფს, რომელსაც ვუწოდებთ სუკულენტებს. თუ რამდენიმე წესს გავითვალისწინებთ, ბარაქის ხე ძალიან ადვილი მოსავლელია. მას არ სჭირდება დიდი ზომის ქოთანი და საკმაოდ დიდი მცენარეც შეიძლება პატარა ზომის ქოთანში იყოს ჩარგული. ამ მცენარის ნიადაგი აუცილებლად კარგად დრენაჟირებადი უნდა იყოს, რომ წყალს თავისუფლად ატარებდეს და ქოთანში მიწა ძალიან არ სველდებოდეს.
ბარაქის ხე მზის მოყვარული მცენარეა. ერთი მთავარი პირობა ის არის, რომ ზამთრის პერიოდში აუცილებლად სჭირდება მოსვენება. უნდა ავარჩიოთ ყველაზე ცივი პერიოდი და, სულ მცირე, თვენახევარი-ორი თვე, საერთოდ არ მოვრწყათ. იმ პერიოდში მას ჩამოსცვივდება ჩამოსაცვენი, შესაცვლელი ფოთლები, შემდეგ კი უკვე ძალიან ადვილად გაიხარებს და იყვავილებს კიდეც.
როგორ მოვუაროთ ციკლამენს
ციკლამენი არის ყოჩივარდა. არსებობს პატარა ჯიშებიც. ციკლამენის მოვლა და გახარებაც ძალიან ადვილად შეიძლება, თუმცა, გააჩნია ოთახის პირობებში ვამრავლებთ თუ ღია გრუნტში. თუ ღია გრუნტში გვაქვს, ის ინარჩუნებს თავის ბუნებრივ მდგომარეობას, ზამთარში ჩახმება, ადრე გაზაფხულზე ამოვა, დაიწყებს ყვავილობას, შემდეგ ფოთლებს განივითარებს და ა. შ.
ოთახის პირობებში კი უფრო რთულია ციკლამენის მოვლა. ხშირად ეშლებათ და არ ითვალისწინებენ, რომ ციკლამენს არ უყვარს თბილი ოთახი. ის კარგად გრძნობს თავს გაუთბობელ სივრცეში. ძალიან სიცივეშიც არა, მაგრამ სითბოც არ უყვარს. ამიტომ, ჯობს, ციკლამენები შუშაბანდებში ან გაუთბობელ ოთახში ფანჯრის რაფაზე იქონიოთ.
როგორ მოვუაროთ ოთახის ბალბას
ბალბაც არ არის ძალიან სითბოს მოყვარული მცენარე. პრაქტიკულად ბალბა მთელი ზაფხულის პერიოდში შეიძლება გარეთ, მზის გულზე გვქონდეს. ის სინათლისა და სიმშრალის მოყვარული მცენარეა. ფანჯრის რაფა არის ყველაზე შესაფერისი ადგილი ბალბასთვის ზამთარში. ამ მცენარეს ზამთრის პერიოდში არ უყვარს სითბო, ურჩევნია იყოს განათებულ ადგილას. აუცილებელი, რაც უნდა იცოდეთ, არის ის, რომ ბალბა ადვილად ბერდება. ამიტომ მისი კენწრული კვირტებით, წვერებისგან შეიძლება კარგად დაფესვიანებული კალმების გამოყვანა, დაფესვიანება და მუდმივად განახლება. თუ გვინდა, რომ უხვი ყვავილობითაც გამოირჩეოდეს, მაშინ ის ყოველ წელს უნდა გავაახლოთ.
ოთახის მცენარეების თესლები
– ბეგონიასა და იებისთვის სპეციალური გარემოს შექმნაა საჭირო და დროის რა პერიოდშია უფრო მიზანშეწონილი?
მცენარეების თესლით გამოყვანა, თან ოთახის პირობებში ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ ოთახში არ არის შესაბამისი ტენიანობა, არ არის შესაფერისი განათება, როგორიც სჭირდება ამ მცენარეების გამოყვანას. ოთახში გაუჭირდება, მაგრამ ქოთანში ჩათესვას, სჯობს, რომ არაჟნის პლასტმასის მოგრძო კონტეინერში ჩაირგოს. დაიხვრიტოს ეს კონტეინერები, თასზე მოთავსდეს, დაიდოს ფანჯარასთან, სადაც ბევრი შუქი იქნება. აუცილებელია სპეციალური ნაზავი – სამი წილი ტყის მიწა, ერთი წილი ქვიშა, ერთი წილი ნაკელი. ასეთი ტიპის სპეციალურად დასათესად მზა მიწაში უნდა დაითესოს ჩითილები თებერვალ-მარტის თვეში.
– ტიტის ბოლქვები როდის უნდა ჩავრგოთ ოთახის პირობებში და არის თუ არა რეკომენდებული?
ოთახის პირობებში ტიტის ბოლქვები არ გაიხარებს. არც ტიტა და არც ნარცისი და არც ბოლქვოვანი მცენარეები არ არის ოთახის მცენარეები. ოთახში არც ივარგებს და არც იყვავილებს. აუცილებელია გარეთ დარგვა, თუ მაინც და მაინც უნდა იყოს სახლში, მაშინ ამის გაკეთება შეიძლება აივანზე, ქოთანში. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში ყველაზე კარგი დროა ტიტებისა და ნარცისების დასარგველად. ზამთრის ცივი და ყინვიანი პერიოდი ამ მცენარეებმა აუცილებლად მიწაში უნდა გაატარონ, რომ გაზაფხულზე ყვავილი მოგვცენ. აუცილებლად უნდა დაირგოს გარეთ, სიცივეში. ბოლქვოვან მცენარეებს წყალი არ უყვარს, ნიადაგი უნდა იყოს ყოველთვის ნესტიანი, მაგრამ არა სველი.
– როგორ მოუვუარო თეთრ და იასამნისფერ ორქიდეას?
არ სჭირდება ორქიდეას ნოყიერი ნიადაგი. ორქიდეები არიან ეპიფიდები, ანუ ხეებზე იზრდებიან თავიანთ სამშობლოში. სხვა მცენარეებზე სახლობენ და დასასახლებლად ტროპიკულ ქვეყნებში ხეებს ირჩევენ. ამიტომ თუ დააკვირდებით, როცა ორქიდეებს ყიდიან, ქოთანში ჩვეულებრივი სუბსტრატი არ არის, არის ხის ქერქები და სწორედ აქ მოჰყავთ ორქიდეები. ამიტომ ორქიდეების მოვლა ცოტა რთულია. თუ გადარგვაა საჭირო, მაშინ ისევ ორქიდეებისთვის საჭირო სპეციალურ სუბსტრატში უნდა გადაირგოს. რამდენიმე კომპონენტისგან შედგება ეს სუბსტრატი და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ფიჭვის ხის ქერქია. ორქიდეა აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე ქოთანში ჩარგული, იმიტომ, რომ ამ მცენარის ფესვები შეიცავს ქლოროფილს და აქვს ფოტოსინთეზის უნარი.
გაიხარებს თუ არა მანდარინის ხე ქოთანში
მანდარინის ხის ქოთანში მოვლა ძალიან პრობლემურია, რადგან მანდარინი სუბტროპიკული მცენარეა, მისი სამშობლო ჩინეთი-იაპონიაა. შესაბამისად, მანდარინის ხეს ზამთარში არ სჭირდება სითბო. ეს ჯუჯა მანდარინი იქნა ჩამოტანილი მცენარეა და ასეთ ჩამოტანილ მცენარეებს სხვა პრობლემები აქვთ. ისინი ტორფში არიან გამოზრდილები და ფაქტიურად ხელოვნურ სუბსტრატზე იზრდებიან.
როგორ მოვუაროთ კაქტუსს
კაქტუსს სექტემბრიდან მორწყვა უნდა შევუმციროთ. ოქტომბრიდან საერთოდ აღარ ვუსხამთ წყალს. ნოემბრიდან შეგვიძლია მცენარეს ადგილი შევუცვალოთ. ამ პერიოდში მისი ზრდა შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ მცენარე უდაბნოში მოდის და ცხელ ჰავასაა მიჩვეული, ის გრილ ადგილას უნდა მოთავსდეს. თუ თბილ და მზიან ადგილას დადგამთ, სასურველია, თვეში ერთხელ მორწყათ, მაგრამ თუ გრილ ადგილას გამოაზამთრებთ, აპრილამდე მორწყვა აღარ დასჭირდება.
როგორ მოვუაროთ კალანხოეს
კალანხოეს ყვავილობა ზამთრის ბოლოს იწყება. ზამთრის პერიოდში ტემპერატურა +14 +18 გრადუსი უნდა იყოს. მცენარე 10 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე არ დადგათ. მხოლოდ მაშინ უნდა მოირწყას, როცა მიწა თითქმის ბოლომდე მშრალია. ის კარგად იზრდება ოთახის ტენიანობის პირობებში, მაგრამ რეკომენდებულია თბილი წყლით დანამვა. ხარობს ავსტრიაში, აზიასა და ამერიკაში.
როგორ მოვუაროთ ბალზამინს
ბალზამინი – უჩვეულო დეკორატიული მცენარეა, რომელსაც უწყვეტი ყვავილობა ახასიათებს. ის დასავლეთ და აღმოსავლეთ ფანჯრის რაფებზე უნდა მოათავსოთ, დასაშვებია სამხრეთის მიმართულებითაც, თუმცა, უნდა მოარიდოთ კაშკაშა შუადღის მზეს. ბალზამინი ზამთარში ფოთლებს კარგავს, მაგრამ გაზაფხულზე ახალი ღეროების აღმოცენებას იწყებს. ზამთრის პერიოდში მისი მოთავსება შესაძლებელია ისეთ სივრცეში, სადაც ტემპერატურა +15 გრადუსია. მისი უნიკალური შეფერილობა ყოველთვის დადებითი ენერგიით აგავსებთ.
როგორ მოვუაროთ კლივიას
კლივია ფლორისტების ერთ-ერთი საყვარელი მცენარეა. ეს საოცარი მცენარე გამოირჩევა იმით, რომ თითქმის 40 წელი ცხოვრობს და არსებობა „სპარტანულ“ პირობებშიც შეუძლია. მისი სიმაღლე 50 სმ-ს აღწევს. ყველაზე გავრცელებული ფერებია: ყვითელი, მოწითალო და წითელი. ზამთარში შესაძლებელია შევურჩიოთ სახლის ის კუთხე, სადაც ტემპერატურა +10 +12 გრადუსი იქნება. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ყვავილმა ისრის მსგავსი ღეროს გამოღება დაიწყო, უნდა მოათავსოთ უფრო თბილ გარემოში, რადგან ასეთი სახით მიგვითითებს, რომ დაასრულა გამოზამთრება და მზადაა ყვავილობისთვის.