საახალწლო სუფრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო სუფრა

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში ჩავდოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ. ამოვიღოთ, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში შესაწვავად. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი. შუშვის დროს დავამატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი, თან ვურიოთ, რომ არ დაიწვას. როცა ოდნავ შევარდისფრდება, ჩავასხათ ბულიონში. ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ. ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) კარგად დავნაყოთ მარილთან ერთად, მასთან ერთად დავნაყოთ ნიორიც, ავურიოთ ნიგოზში და ხელით ვსრისოთ, ვიდრე საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოვხდით. ნიგოზთან ერთად ცალკე დავნაყოთ უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძის მარცვლები, წიწაკა. ყველაფერი ეს გავხსნათ თბილ ბულიონში, კარგად მოვურიოთ, გავატაროთ საცერში და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად. ორი კვერცხის გული გავხსნათ 1 სუფრის კოვზ ძმარში და როცა საცივი თითქმის მზად იქნება, ნელა ჩავასხათ, თან ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას. ადუღებამდე ჩავაწყოთ შიგ ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური ან ქათამი და წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან. როცა საცივი მზად იქნება, გადავიღოთ სპეციალურ ჭურჭელში და სუფრასთან მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

გოჭის კუჭმაჭი

მასალა: 1 კგ გულ-ღვიძლი, 3 კბილი ნიორი, თითო ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, ქონდარი, ზაფრანა და უცხო სუნელი, წიწაკა, მარილი, ბროწეულის მარცვლები - გემოვნებით.

მოხარშეთ გოჭის გულ-ღვიძლი, ქვაბიდან ამოიღეთ და წვრილად დაჭერით, შეკაზმეთ დანაყილი ნივრით, უცხო სუნელით, ქინძით, ქონდარით, ყვითელი ყვავილით, წიწაკით, მარილითა და ბროწეულის მარცვლებით (ან ძმრით), თუ მშრალი გამოვიდა, მოასხით ცოტა ბულიონი.

გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით

მასალა: 1 კგ გოჭის გულ-ღვიძლი, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, 1 ჩაის კოვზი ქონდარი, 5-6 კბილი ნიორი, წიწაკა, მარილი, ბროწეულის მარცვლები.

კარგად გარეცხილი გოჭის გულ-ღვიძლი მოხარშეთ, ქვაბიდან ამოიღეთ, გააცივეთ და წვრილად დაკეპეთ. დანაყილი ნიორი, ქინძი, ქონდარი, წიწაკა, მარილი, გატარებული ნიგოზი ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი ძმარი და კუჭმაჭი შეკაზმეთ. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

აჩმა

მასალა: 1 კგ პურის ფქვილი, 1კგ ყველი, 500 გ კარაქი, 5 ცალი კვერცხი, 200 გ წყალი, მარილი გემოვნებით.

პურის ფქვილი თასზე დაყარეთ, ამოაღრმავეთ, ჩაახალეთ კვერცხი, დაასხით წყალი და მოზილეთ. ცომი 10 ნაწილად გაყავით, 1 საათით მაცივარში შედგით. შემდეგ თითოეული ულუფა თუნუქის ფურცლის ზომაზე გააბრტყელეთ და 2-3 წუთით მდუღარე მარილწყალში ჩაუშვით. ამოიღეთ, დაბერტყეთ ან ხელსახოცით შეამშრალეთ, დადეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, მოუსვით კარაქი, დაადეთ მეორე ფენა და დაქუცმაცებული ყველი მოაყარეთ. ასეთი თანამიმდევრობით დააწყვეთ ათივე ფენა. შემდეგ გვერდები ამოუკეცეთ, გადაუსვით კვერცხის გული (ან არაჟანი), დაჭერით 100-200-გრამიან თანაბარ ნაჭრებად (კვადრატულად ან რომბისებურად) და 20-25 წუთით შედგით ღუმელში. ტრადიციულ საახალწლო კერძებთან ერთად სასურველია, სუფრაზე რაიმე ორიგინალურიც გქონდეთ:

ინდაურის ხორცი მოშუშული ბოსტნეულით

მასალა: 300 გ პომიდორი, 200 გ ყაბაყი, 500 გ ინდაურის გულმკერდი, შავი პილპილი, 5 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი, 40 გ ხახვი, 1 კბილი ნიორი, 100 მლ თეთრი ღვინო, 300 მლ ქათმის ბულიონი, 100 მლ ნაღები და რძე, 1 სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი, 4 სუფრის კოვზი დაკეპილი მწვანილი (ქინძი, ოხრახუში და კამა), 200 გ სტაფილო, 300 გ კარტოფილი, 2 კვერცხი, გახეხილი ჯავზი, მარილი.

პომიდორი გარეცხეთ, ჩააწყვეთ მდუღარეში, გაფცქვენით, დაჭერით 1 სმ ზომის კუბებად. ყაბაყი გარეცხეთ, გაჭერით შუაზე, ამოუღეთ გული, დაჭერით კუბებად და მოწალეთ მდუღარე წყალში, შემდეგ გადაიღეთ თუშფალანგზე და გადაავლეთ ცივი წყალი. ინდაურის გულმკერდი დაჭერით ზოლებად, მოაყარეთ მარილი და გადაიღეთ თასზე. ხახვი და ნიორი დაკეპეთ, მოხრაკეთ ტაფაზე, რომელშიც ინდაურის ხორცი შეწვით, შემდეგ დაასხით ღვინო, ბულიონი და ნაღები, წამოადუღეთ და დაუმატეთ რძეში გახსნილი კარტოფილის ფქვილი. ჩაამატეთ პომიდორი, ყაბაყი, ხორცი, დაჭრილი მწვანილი და 5 წუთი შუშეთ, შემდეგ მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. სტაფილო და კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე, შეურიეთ ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და გახეხილი ჯავზი. გააკეთეთ 8 ბურთულა და შეწვით დარჩენილ ზეთში ორივე მხრიდან.


შემწვარი ქათამი ქოქოსის ნათალით

მასალა: ქათმის ბარკალი - 4 ცალი, მაიონეზი - 2-3 სუფრი კოვზი, აჯიკა - 2 ჩ/კ, ქოქოსის ნათალი - 3 სუფრის კოვზი.

ქათმის ბარკლები გავრეცხოთ და გავაშროთ. ჯამში ავურიოთ მაიონეზი და აჯიკა. თეფშზე დავყაროთ ქოქოსის ნათალი და ბარკლები სათითაოდ ამოვავლოთ, დავაწყოთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შევწვათ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში.

რულეტი ბარკლებით

მასალა: 4 ცალი ქათმის ბარკალი, 4 ცალი სტაფილო, 4 კბილი ნიორი, 4 სუფრის კოვზი მაიონეზი, 200 გ ქამა სოკო, 4 სუფრის კოვზი მსხვილად გახეხილი ყველი, შავი პილპილი, მარილი.

ბარკლები გარეცხეთ, შეამშრალეთ, მოაშორეთ ძვლები, დადეთ კანით ქვემოთ და ისე დაბეგვეთ, რომ კანი არ დაუზიანდეს. სტაფილო გახეხეთ მსხვილად, ნიორი და ოხრახუში დაკეპეთ წვრილად, სოკოს გადაავლეთ მდუღარე და დაჭერით წვრილ გრძელ ნაჭრებად. ბარკლებს დაადეთ ნიორი და თანაბრად გაანაწილეთ, წაუსვით მაიონეზის ნახევარი, მოაყარეთ პილპილი, თანაბრად დაადეთ სტაფილო, ყველი, სოკო. ვიწრო გვერდზე დაადეთ ოხრახუში და იმავე მხრიდან გადაახვიეთ. შეკარით რულეტები ძაფით, წაუსვით მაიონეზი და აცხვეთ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში, დაბრაწვამდე. სუფრასთან მიტანის წინ ძაფი მოხსენით და დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად. გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი.

ინგლისური სალათი

მასალა: 200 გ წიწილა, 700 გ ნიახურის ძირები, 35 გ მოხარშული ქამა სოკო, 10 გ მჟავე კიტრი, 35 გ მაიონეზი, 5 გ მზა მდოგვი, 15 გ ბულგარული წიწაკა, 5 გ სალათის ფოთოლი, მარილი.

წიწილა მოხარშეთ, გააგრილეთ, რბილობი მოაშორეთ ძვალს და დაჭერით. მოხარშული სოკო და კანგაცლილი, თესლგამოცლილი კიტრიც დაჭერით. ნიახური გარეცხეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით. ყველა პროდუქტი შეაერთეთ, მოაყარეთ მარილი, შეანელეთ მაიონეზით და მდოგვით, სალათი გადაიღეთ სასალათე ჭურჭელში, მორთეთ წიწაკითა და სალათის ფურცლებით.

მოხარშული თართი ან ზუთხი ნიგვზის საწებლით

მასალა: თართი ან ზუთხი - 1კგ, ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა, ქინძი - 2 ძირი, ნიორი - 1-2 კბილი, წყალი - 1,5 ჭიქა.

გასუფთავებული, გარეცხილი თართი ან ზუთხი მარილწყალში მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით. შემდეგ გავაცივოთ, ნაჭრებად დავჭრათ და ლანგარზე დავალაგოთ. ნიგოზი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი და ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ. ქინძი, ნიორი, მარილი, წიწაკა დავნაყოთ, დავუმატოთ ძმარი, დაკეპილი ხახვი და გავხსნათ ადუღებულ წყალში, რომელშიც არეული იქნება თევზის ბულიონი თავისი ცხიმითურთ. მომზადებულ საწებელში ჩავალაგოთ დაჭრილი თევზი, ზემოდან მოვასხათ გამოხდილი ზეთი.

გოზინაყი

მასალა: ნიგოზი - 1 კგ, თაფლი - 800 გ, ნახევარი ჭიქა შაქრის პუდრი.

ნიგვზის (სასურველია თეთრი და საღი) ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ, ისე, რომ არ გაწითლდეს. გავაგრილოთ, დავყაროთ ლანგარზე და დავბერტყოთ, თან სული ვუბეროთ, სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება. ღრმა, სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 800 გ თაფლი და ცეცხლზე შევდგათ, დუღილის დროს თაფლი აქაფდება და რომ არ გადმოვიდეს, რამდენიმე წუთით გადმოვდგათ, შემდეგ ისევ შევდგათ ცეცხლზე. როცა დაცხრება და მშვიდად დაიწყებს დუღილს, რამდენიმე წვეთი კოვზით ამოვიღოთ და ლამბაქზე დავაწვეთოთ, ვაცალოთ გაცივება და თუ წვეთი თითებს შუა ცომივით აგორდა, ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი. განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით, დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოვაყაროთ ნახევარი ჭიქა შაქრის პუდრი, კიდევ ერთხელ კარგად ავურიოთ (4-5 წუთის შემდეგ) და ცეცხლიდან გადმოვდგათ. გოზინაყის მთელი მასა წინასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე გადავიტანოთ და კოვზით გავასწოროთ, გავაბრტყელოთ, თბილი დანით დავჭრათ რომბისებრ ნაჭრებად.

თაფლიანი ნუგბარი

მასალა: 4 ჩაის ჭიქა თხილი, 1 ჩაის ჭიქა თაფლი.

თხილი მოხალეთ და გაფცქვენით. თაფლი წამოადუღეთ, ჩაყარეთ თხილი და ხარშეთ, ვიდრე თხილი არ გავარდისფრდება, შემდეგ სველ ფიცარზე გადმოიღეთ. რომ შეგრილდება, 10-12 თხილი ერთად მოაგროვეთ და პატარა ბურთულებად შეკარით.