საგაზაფხულო რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საგაზაფხულო რჩევები დიასახლისებს

დღეები იზრდება და მზე უფრო მეტად ანათებს, გადააცილეთ მტვერი და ზამთრის სუსხი საკუთარ საცხოვრებელს!

გენერალური დალაგება და მცირეოდენი ცვლილებები ინტერიერში დაგეხმარებათ სახლის გამოცოცხლებაში გაზაფხულისთვის. გთავაზობთ რამდენიმე რჩევასა და ორიგინალურ იდეას, რომლებიც დაგეხმარებათ დადებითი ენერგიით დამუხტოთ და შესანიშნავ ხასიათზე დააყენოთ ოჯახის ყველა წევრი თუ სტუმარი.

პირველ რიგში, საჭიროა, რაც შეიძლება მეტი სინათლე შეიტანოთ სახლში. ამიტომ, იზრუნეთ ფანჯრების ,,კეთილდღეობაზე“. არსებობს უამრავი საშუალება და ხერხი ფანჯრების გასაწმენდად, მაგრამ საკმარისია, უბრალოდ წყალს რამდენიმე წვეთი ამიაკი დაამატოთ, ფანჯრები რბილი ტილოთი გაწმინდოთ და ძველი გაზეთებით გაამშრალოთ. მიიღებთ არანაკლებ შედეგს, ვიდრე ძვირფასი ხსნარებით გარეცხვის, ხეხვისა და ფხეკისას. არ დაგავიწყდეთ: მტვრისგან გაათავისუფლოთ ფანჯრების ჩარჩოები და რაფები.

ახლა გადავიდეთ ფარდებზე, რომლებიც, უპირველესად, უნდა გაირეცხოს. ისინი ხომ მთავარი მტვრის ბუდეა ბინაში. გარეცხვის წინ ფარდები კარგად გაბერტყეთ და ჩაალბეთ რამდენიმე საათით საპნიან წყალში. ფარდების რეცხვისას სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით გაწურვისას, რადგან ქსოვილზე შეიძლება წარმოიშვას ზოლები და ნაკეცები, რომელთა გასწორებაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ რეკომენდებულია ფანჯრებზე სველი ფარდების ჩამოკიდება – ქსოვილი თავისით გასწორდება საკუთარი სიმძიმის ზემოქმედებით. ტიულის ფარდების გარეცხვა შეიძლება სარეცხ მანქანაში, თხელი ქსოვილი რომ არ დაზიანდეს, ამისათვის ტიული მოათავსეთ სპეციალურ სარეცხ ტომარაში ან ჩვეულებრივ ბალიშისპირში.

ძველი, გახუნებული ტიულიც კი სისუფთავისა და სინორჩის განსახიერება გახდება, თუ მას ლილიან წყალში ამოავლებთ და შემდეგ გაახამებთ.

ბებიების ხერხი: ჩაყარეთ შაქარი ცხელ წყალში (1ს.კ. ლიტრ წყალზე) და ამოავლეთ ამ ხსნარში ტიული. არსებობს სპეციალური სახამებლიანი სპრეიც ბალონებში, რომელიც უშუალოდ გაუთოების წინ გამოიყენება და ფარდას განუმეორებელ სიმსუბუქეს ანიჭებს.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად მუქი, მძიმე ფარდები შეიძლება საერთოდ ჩამოიხსნას და დარჩეს მხოლოდ გამჭვირვალე.

თუ გაგიჩნდათ ინტერიერის განახლების სურვილი, ახალი ფარდები სრულიად განსხვავებულ ატმოსფეროს შექმნიან ოთახში, მით უმეტეს, რომ სადღეისოდ არსებობს ქსოვილების ფართო არჩევანი და მათი საშუალებით ფანჯრების გაფორმების მრავალი ხერხი. საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ფარდის ფერს – სწორედ ის ქმნის ოთახში განწყობას. მაგალითად, წითელი და ნარინჯისფერი შეფერილობა იწვევს სიმყუდროვისა და სითბოს შეგრძნებას, რაც განსაკუთრებით ფასეულია მაშინ, როდესაც ფანჯრები ჩრდილოეთისკენ იღება და მზე მათ პრაქტიკულად არ ხვდება. შესაბამისად, ცივი ტონები მისაღებია სამხრეთის მხარეს.

ხასხასა ფერის ფარდები შესანიშნავად გამოიყურება ნათელ ზედაპირზე და მათი წყალობით ფანჯარაც იქცევა ოთახის ცენტრალურ ელემენტად და მორთულობად, მუქ ფონზე ასეთი ფარდები ფერსაც კარგავენ და ვიზუალურადაც მცირე ზომის ჩანან. ხშირად რომ შეცვალოთ განწყობილება ოთახში, სასურველია, ზამთრისა და ზაფხულის ფარდების კომპლექტი იქონიოთ. ეკონომიური გამოსავალი – ორმხრივი შტორები, რომელთა გაკეთება თვითონაც ადვილად შეგიძლიათ უთოსა და სპეციალური საფეიქრო წებოს საშუალებით.

ბინის ,,განახლების“ გასაგრძელებლად შეიხედეთ მის მოფარებულ კუთხეებში და გამოათავისუფლეთ ისინი დაგროვილი მტვრისა და უსარგებლო ნივთებისგან: ძველი გაზეთებისა და ჟურნალებისაგან, სარეკლამო პროსპექტებისაგან და ა.შ. გამოხშირეთ თქვენი ტანსაცმლის კარადა – გახვრეტილი წინდები და გაცვეთილი ჩუსტები პირდაპირ ნაგვის ყუთში მოათავსეთ, კარგად შენახული, მაგრამ უკვე მობეზრებული ტანსაცმელი კი შეიძლება საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და ბავშვთა სახლებში ჩააბაროთ. კარადის დასუფთავება საშუალებას მოგცემთ, გაათავისუფლოთ ადგილი სიახლეებისთვისაც, შეიძლება უფრო ახლოს გადმოანაცვლოთ ზაფხულის ტანსაცმელი და ჯერ კიდევ ცივ ამინდში მათი ერთი შეხედვაც კი გუნება-განწყობას აგიმაღლებთ და ახალ იდეებს გაგიჩენთ.

ზედმეტი არ იქნება, კარადა ტენიანი ჩვრით ,,გადაახალისოთ“. თუ იატაკის რეცხვისას ავეჯს ადგილს უცვლიდით, დაფიქრდით, ღირს მისი დაბრუნება ძველ პოზიციებზე? ავეჯის ყველაზე უმნიშვნელო გადაადგილებასაც კი ინტერიერში სიახლე შეაქვს. შეცვალეთ მძიმე კერამიკული ლარნაკები გამჭვირვალე მინის საყვავილეებით.

ხმელი ყვავილებისგან შექმნილი კომპოზიციები შეცვალეთ ცოცხალი ყვავილებით – ლარნაკში ერთი ნარგიზი ან ტიტა ოთახს გაზაფხულის სურნელით აავსებს. ყვავილები უფრო ხანგრძლივად გაგახარებენ, თუ მათ შეიძენთ ქოთნებით. ყვავილი შეგიძლიათ თავადაც გამოზარდოთ, ამისათვის საკმარისია, გაზაფხულის ყვავილის ბოლქვი გამჭვირვალე ლარნაკში ჩარგოთ.

შეინახეთ ფუმფულა გადასაფარებლები და თბილი პლედები. ტახტის რამდენიმე ფერადი ბალიშიც ინტერიერს საგრძნობლად გაამხიარულებს. აღსანიშნავია, რომ დეკორატიული ბალიშებისა და ბალიშისპირების სწრაფად და ადვილად გაკეთება საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ. ექსპერიმენტებს მიმართეთ ფერებთანაც: სალათისფერი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი, ფირუზისფერი და ყვითელი თქვენს სახლს ყვავილნარად აქცევს.

შედარებით სადა ვარიანტისთვის შეიძლება პასტელის ფერებით ან ყვავილოვანი ორნამენტებით შემოიფარგლოთ. ინტერიერის დიზაინში არსებობს თავისებური მოდაც, რომელიც ხშირად ემთხვევა ტანსაცმლის მოდის ტენდენციებს. ახლა, ისე როგორც არასდროს, დიდი მოთხოვნილებაა ოქროსფერ დეტალებზე ინტერიერში, ისინი მდიდრულ იერს სძენენ ოთახს.

გადაახალისეთ საძინებელი და ბავშვის ოთახი ახალი, ნათელი ფერის თეთრეულით, სააბაზანოს გამოცოცხლება კი მკვეთრი ფერის პირსახოცებითა და ყვავილების არომატიანი საპნით შეიძლება. გააშენეთ სურნელოვანი ბალახებით პატარა ბაღი სამზარეულოს ფანჯრის რაფაზე, მხიარული მომცრო ყვავილის ქოთნები დაგეხმარებათ, ბანალური ნარგავიც კი დიზაინის ელემენტად იქცეს.

ბავშვები შესანიშნავი დამხმარეები არიან სახლის მორთვის დროს. მათთვის შეიძლება შემოქმედებითი დავალების მიცემა: დახატონ გაზაფხული ან გააკეთონ ყვავილის აპლიკაცია. განსაკუთრებით შემოქმედებითები არიან მცირეწლოვანი ბავშვები, რადგან სამყაროს მათებური უშუალო, წრფელი აღქმა და თამამი ფერების გამოყენება ნიჭიერ მხატვარსაც კი გაუჭირდება.

სახლის სწრაფად და მხიარულად განახლება შესაძლებელია მთელი ოჯახისა და მეგობრების მონაწილეობით, ასევე ენერგიული მუსიკის თანხლებით, გადატვირთული სამუშაო დღის დაგვირგვინება კი – სადღესასწაულო ვახშმით, რომელიც მიეძღვნება გაზაფხულის დადგომას. სახლის უბრალო დალაგებასაც კი შეუძლია გარემოს განახლება, გაზაფხულის შეგრძნების გამოწვევა და ადამიანის გადახალისება!