დიასახლისის კუთხე

რჩევები დიასახლისებს

რჩევები დიასახლისებს
ფანჯრის წმენდა უსაფრთხოდ ეს მეთოდები განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებაზე ალერგიის მქონე ქალებს გამოადგებათ:
  • ძველი და გამოცდილი მეთოდია: 2-3 სუფრის კოვზ ცარცის ან კბილის პასტის ფხვნილს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, დაასველეთ ამ ხსნარში ნაჭერი და გაწმინდეთ მინა. გაშრობის შემდეგ შუშა გაზეთით ან რბილი ქსოვილით გააპრიალეთ.
  • ასევე ცნობილი მეთოდია შუშების წყლისა და ქაფურის სპირტის ნაერთით (10:1-ზე) გაწმენდა. მინის გაშრობის შემდეგ ამ შემთხვევაშიც გააპრიალეთ გაზეთით.
  • კიდევ ერთი მეთოდი „ქიმიის“ გარეშე მინების გაწმენდისა არის: თბილი წყლისა და ძმრის (2 სუფრის კოვზ ძმარზე ერთი ლიტრი წყალი) ხსნარი.
  • თუ ფანჯრებს
    წყლისა და ცოტაოდენი ნავთის ხსნარით (0,5 სუფრის კოვზი ნავთი გახსენით 5 ლიტს წყალში) გაწმენდთ, არა მხოლოდ გააპრიალებთ მინებს, არამედ მწერებსაც დააფრთხობთ.
  • კარტოფილის ფქვილსაც შეუძლია ბზინვარება მიანიჭოს შუშას. ამისათვის ერთ ლიტრ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი სახამებელი. ამ ხსნარში დასველებული ტილოთი გაწმენდის შემდეგ მინები გაამშრალეთ მშრალი ჩვრით.
  • ძალიან კარგად წმენდს შუშებს ძველი კაპრონის „კოლგოტები“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უნდა დაასველოთ ცივ წყალში. გაჭრილი ხახვი კი ადვილად მოაშორებს ფანჯრებს ბუზებისგან დარჩენილ ლაქებს.
  • ფანჯრის მინები საოცარ ბზინვარებას იძენს სელის ზეთში დასველებული შალის ქსოვილით გაწმენდისას, შემდეგ კი გადაუსვით ბამბის ან კვლავ შალის სუფთა ჩვარი.
  • თუ გსურთ მინიდან მარტივად მოაშოროთ საღებავები, ჩარჩოს და რაფის შეღებვის წინ მინები გაწმინდეთ გაჭრილი ხახვით ან ძმარში დასველებული ჩვრით.


რბილი ავეჯის წმენდა უსაფრთხოდ


რბილი ავეჯის ქსოვილი სხვადასხვა სახისაა და თითოული განსხვავებულ მოვლას საჭიროებს:

  • ფლოკი – პრაქტიკული და შეხებისას სასიამოვნო ქსოვილია. წლების გასვლის შემდეგ ფლოკი პრაქტიკულად არ დნება, წყალგაუმტარია და შინაური ცხოველებისგან დაფხაჭნასაც უძლებს.

თუ ფლოკის ავეჯს რეგულარულად მშრალი, რბილი ქსოვილით გაწმენდთ ან მტვერსასრუტით მოაცლით მტვერს, დიდხანს გაგიძლებთ, მაგრამ ზოგჯერ მასზე ლაქები ჩნდება, მათ მოშორებას კი ჩვენ გასწავლით:

ფლოკი ის ქსოვილია, რომელიც ქიმიურ საშუალებებს ვერ უძლებს. მას დელიკატური მოპყრობა სჭირდება. თავდაპირველად დაბინძურებული ადგილი თბილ, რბილსაპნიან (მაგ., „საბავშვო“) წყალში დასველებული ჩვრით გაწმინდეთ, გააჩერეთ და შემდეგ ღრუბელი გადაუსვით.

თუ ზედაპირზე საპნის ქაფი დარჩა, ქაღალდის ხელსახოცით მოაშორეთ. შემდეგ მშრალი ნაჭერი დააფინეთ და რამდენჯერმე გაუსვით უთო. უფრო ძლიერი ლაქების მოსაშორებლად საპნიან წყალს 10%-იანი სპირტის რამდენიმე წვეთი შეურიეთ.

  • ხავერდი – რბილი ავეჯისთვის ძირითადად ორი სახეობის ხავერდი გამოიყენება: შალისა და ბამბეულის. ზედაპირი სასიამოვნოა შეხებისას. ხავერდის ნაჭერი ირეცხება და იწურება, მაგრამ დელიკატურ რეჟიმზე და მხოლოდ 30 გრადუსზე.

გარეცხვის შემდეგ ნაჭერი დაუთოებას არ საჭიროებს. ხავერდის ავეჯი შეგიძლიათ რბილი ჯაგრისით გაწმინდოთ, მტვერსასრუტით დამუშავების შემდეგ კი სპირტში დასველებული ჩვრით.

თუ ხავერდის ავეჯზე წვენი ან ყავა დაგესხათ, მაშინვე გაწმინდეთ თბილ წყალში დასველებული ჩვრით. დიდი ხნის ლაქებს სოდიანი წყლით (1 ჩ/კ სოდა ერთ ჭიქა წყლაზე) მოაცილებთ. შოკოლადისა და სისხლის ლაქებს კი ხავერდს იოლად ვერ მოაშორებთ. ისინი ავეჯის საწმენდი სითხით უნდა დაამუშაოთ.

  • შენილი – საკმაოდ გამძლე, ლამაზი და ბუნებრივი ქსოვილია. ყავისა და შოკოლადის ლაქებს თბილ, რბილსაპნიან წყალში დასველებული ჩვრით გაწმენდთ. თუ ავეჯს კევი აქვს მიწებებული, ის ჯერ მშრალი ყინულით დაამუშავეთ, რომ კარგად გამაგრდეს და შემდეგ დანის არამჭრელი მხრიდან ფრთხილად ჩამოფხიკეთ. ამის შემდეგ დალაქავებული ადგილი თბილ წყალში გახსნილი სპირტით (რამდენიმე წვეთი სავსებით საკმარისია) დაამუშავეთ და პირსახოცით გააშრეთ.
  • ჯაკარდი და გობელენი – ეს მკვრივი ქსოვილი სინთეტიკის, ბამბისა და აბრეშუმის შერევითაა მიღებული. ჯაკარდის ავეჯს სისუფთავე რომ შეუნარჩუნოთ, საკმარისია მშრალი, რბილი ჯაგრისით ან მტვერსასრუტით დაამუშაოთ ხოლმე. თუ ის ძალიან ჭუჭყიანია, სველი ღრუბლით გაწმინდეთ. ჯაკარდის ზედაპირზე ლაქებს საპნიან წყალში დასველებული ჩვრით მოაშორებთ. შეგიძლიათ ხელითაც გარეცხოთ ან მანქანაში 40 გრადუსზე. გაწურვა დაუშვებელია.
  • ტყავი – როგორც წესი, „ტყავს“ ეძახიან ვინილსაც და ტყავის შემცვლელ ნაჭერსაც. ეს ქსოვილები საკმაოდ ადვილი მოსავლელია. ნუ შეგეშინდებათ, თუ მასზე რამე დაგესხათ, შეგიძლიათ მშრალი ჩვრით გაწმინდოთ, მაგრამ რეგულარულად უნდა მოაშოროთ მტვერი და მოარიდოთ მზის სხივებს. თუ ავეჯის საფუძვლიანი დალაგება გაქვთ გადაწყვეტილი, შეგიძლიათ თბილ წყალში არაყი გახსნათ (ერთი ერთზე) და ისე გაწმინდოთ.

სამწუხაროდ, ტყავის ავეჯზე ხშირად ჩნდება ნაკაწრები. ისინი სპეციალური ე.წ. „თხევადი ტყავით“ უნდა დაამუშაოთ. რაც შეეეხება ლაქების მოშორებას, ნატურალური ტყავის ავეჯი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ამიტომ მათ მოსავლელად ნუ გამოიყენებთ აცეტონის, ამიაკისა და სარეცხი ფხვნილის შემცველ ნივთიერებებს. დაუშვებელია სველი ლაქის ფენით გაშრობაც.

  • ნატი – ნატის რბილი ავეჯი წლები გაგიძლებთ. ის კარგად იტანს ნესტს, მზის სხივებს, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. მის გასაწმენდად რეგულარულად გამოიყენეთ მტვერსასრუტი. ნატიდან დიდი ხნის ლაქების მოშორება გაგიჭირდებათ, მაგრამ რაც უფრო დროულად იმოქმედებთ, მით უკეთ გაწმენდთ.

ლაქის „ამოყვანისას“ ნუ გამოიყენებთ ბევრ წყალს. ნატს არ უყვარს ძალიან სველი ჩვრით წმენდა. შეგიძლიათ რბილ საპონში დასველებული ღრუბლითაც გაწმინდოთ, შემდეგ კი რბილი პირსახოცით კარგად გააშროთ.

ნატის ავეჯისთვის გამოგადგებათ ნატის ფეხსაცმლის მოსავლელი საშუალებებიც. სასურველია, პერიოდულად ნატის ავეჯს რბილი ჯაგრისი გადაუსვათ, ამით ის უფრო ფაფუკი გახდება.


სამზარეულოს დასუფთავება უსაფრთხოდ


ყველასათვის ცნობილია, რომ ქიმიური საშუალებები, რომლებსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, სხვადასხვა ალერგიას იწვევს, ამავე დროს საზიანოა კანისათვის, სასუნთქი სისტემისა და საზოგადოდ, ჯანმრთელობისათვის. შევეცდებით წარმოგიდგინოთ საშუალებები, რომლებიც არ აზიანებს ჯანმრთელობას.

  • ყველაზე კარგი გამწმენდი საშუალებაა 1 ლიტრი წყალი და 4 ს/კ საჭმელი სოდა. შეგვიძლია ეს ნარევი პულვერიზატორში ჩავასხათ და გამოვიყენოთ შესაბამისად.
  • ჩაიდნისთვის „ნადების“ მოსაშორებლად ჩაასხით მასში თეთრი ძმარი და გააჩერეთ მთელი ღამე.
  • დეზინფექციის საუკეთესო საშუალებაა ძმარი. ჯერ მოასხით სადეზინფექციო ადგილს ძმარი და მერე 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი.
  • არასასიამოვნო სუნის მოსაშორებლად ლიმონის ან გრეიპფრუტის ცედრა გამოგადგებათ.
  • ჭურჭლის გასასუფთავებელი კარგი საშუალებაა ლიმონის წვენი, სოდა, ძმარი და მარილის ნარევი. აურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში და წაუსვით ქვაბს რბილი ნაჭრით, გააჩერეთ ცოტა ხნით და გარეცხეთ სოდიანი წყლით.
  • გაშავებული ვერცხლის ჭურჭლის გასაწმენდად ქვაბში ჩააფინეთ ფოლგა, გაავსეთ წყლით, ჩაყარეთ მასში 1ჩ/კ სოდა და ჩააწყვეთ გაშავებული ვერცხლის ჭურჭელი. წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე.
  • აირღუმლის გასაწმენდად კარგია 1 წილი ძმრისა და 4 წილი წყლის ნარევი, ძნელად მოსაშორებელ ლაქებზე კი – დამატებით სოდა.
  • ქვაბების გასარეცხად კარგია თბილი მარილიანი წყალი.
  • ხელსაბანი ნიჟარის გასაწმენდად სოდა გამოიყენეთ.