რა არის ფერმენტული პრეპარატები და რამდენად მართებულია მათი თვითნებურად გამოყენება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ფერმენტული პრეპარატები და რამდენად მართებულია მათი თვითნებურად გამოყენება?

მედიკოსთა დიდ ნაწილს კი მიაჩნია, რომ საჭმლის მონელების პროცესი საჭმლის მომნელებელი სისტემის ნებისმიერი დაავადების დროს მეტ-ნაკლებად არის დარღვეული. პანკრეასის ანუ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტული პრეპარატები ფარმაცევტული წარმოებისთვის უკვე ას წელზე მეტია ცნობილია. უმეტესად მათი ძირითადი კომპონენტებია ლიპაზა (ფერმენტი, რომელიც ცხიმს შლის), პროტეაზა (ცილის დამშლელი ფერმენტი) და ამილაზა (სახამებლის დამშლელი ფერმენტი), რომლებიც პანკრეატინში ანუ ღორის კუჭქვეშა ჯირკვლისგან დამზადებულ ფხვნილშია კონცენტრირებული. ბოლო ხანს გამოიყენება პრეპარატები (ენზალ D), რომლებიც მცენარეული, სოკოვანი და მიკრობული წარმოშობის ფერმენტებს შეიცავს. მათი ძირითადი კომპონენტებია პაპაინი, სოკოვანი დიასტაზა.

როდის იყენებენ ფერმენტულ პრეპარატებს?

ფერმენტული პრეპარატების გამოყენების ჩვენება საკმაოდ მრავალფეროვანია. ისინი რეკომენდებულია კუჭის (ქრონიკული გასტრიტი, განსაკუთრებით სეკრეტორული აქტივობის დაქვეითებისას; კუჭზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი), პანკრეასის (ქრონიკული პანკრეატიტი, პანკრეასზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი, მუკოვისციდოზი), ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზების (ქრონიკული ჰეპატიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდგომი პერიოდი), ნაწლავის (როგორც ანთებითი, - კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, - ასევე ფუნქციური - გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) დაავადებისას და სხვა.

მიუხედავად ჩამოთვლილი პათოლოგიების მრავალფეროვნებისა, ფერმენტული პრეპარატების გამოყენების უმთავრესი და პირდაპირი ჩვენება მაინც პანკრეასის გარესეკრეტორული ფუნქციის დარღვევაა, რაც ქრონიკული პანკრეატიტის ან პანკრეასზე ჩატარებული ოპერაციული ჩარევის შედეგია. ამ შემთხვევებში ფერმენტული პრეპარატების გამოყენების მიზანია პანკრეასის წვენის უკმარისობის კომპენსაცია, ეგრეთ წოდებული ჩანაცვლებითი თერაპია.

გამართლებულია თუ არა ფერმენტული პრეპარატების თვითნებური მიღება?

ფერმენტული პრეპარატები პანკრეატინთან ერთად შეიცავენ სხვა კომპონენტებსაც. მაგალითად, ფესტალი, დიგესტალი და ენზისტალი - ნაღვლის მჟავებსა და ჰემიცელულოზას, პანზინორმ-ფორტე - პეფსინს, ქლორწყალბადმჟავას და ქოლის მჟავას. ასეთი პრეპარატების დანიშვნისას ითვალისწინებენ რიგ ნიუანსს. მაგალითად, თუ კუჭის სეკრეცია მომატებულია, პანზინორმ-ფორტე არ არის რეკომენდებული, ხოლო დაბალი მჟავიანობისას, პირიქით, ნაჩვენებია.

ნაღვლის მჟავას შემცველი პრეპარატები ნაჩვენებია ნაღვლის ბუშტის მოტორიკის დაქვეითებისას, რიგ შემთხვევაში - ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის) შემდეგ, ყაბზობისაკენ მიდრეკილებისას. თუმცა მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ფაღარათი, ნაღვლის ბუშტის წვრილი კენჭების მიგრაცია და პანკრეატიტის გამწვავებაც კი. როგორც ვხედავთ, ფერმენტული პრეპარატები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, ეს კი მხოლოდ ექიმს შეუძლია.

ვითარდება თუ არა გვერდითი ეფექტები ფერმენტული პრეპარატების გამოყენებისას?

ჩვეულებრივ, პაციენტები ფერმენტულ პრეპარატებს კარგად იტანენ, მათი გამოყენებისას უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები მინიმალურია. ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ფოლიუმის მჟავას დეფიციტი, შარდმჟავას შემცველობის მატება სისხლში, ალერგია ღორის ხორცის მიმართ, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მსხვილი ნაწლავის სტრიქტურები.

დადგენილია, რომ პანკრეასის ფერმენტების მაღალი დოზით გამოყენება, რაც აუცილებელია მუკოვისციდოზის ანუ კისტური ფიბროზის დროს, ათჯერ ზრდის მაფიბროზებელი კოლონოპათიის აღმოცენების რისკს. არსებობს მოსაზრება, რომ საჭიროების გარეშე მიღებული ფერმენტული პრეპარატი თორმეტგოჯა ნაწლავში მოხვედრისას რეფლექსურად იწვევს პანკრეასის სეკრეციის დათრგუნვას, ამიტომ არ არის რეკომენდებული ასეთი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება განსაკუთრებული საჭიროების გარეშე.

წაიკითხეთ სრულად