ანტივირუსული საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანტივირუსული საშუალებები

სამწუხაროდ, ვირუსულ ინფექციათა დიდი ნაწილისათვის ეფექტური ანტივირუსული საშუალებები შემუშავებული არ არის, თუმცა არსებობს პრეპარატები გრიპის, გარკვეული ჰერპესული ინფექციების, აივ ინფექციის, ც ჰეპატიტის წინააღმდეგ.

დადგენილია, რომ ვირუსი დაავადებული ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედში შეაღწევს და მასში მრავლდება. უჯრედში შეღწევისათვის საჭიროა ვირუსის გარკვეული წარმონაქმნები – რეცეპტორები დაუკავშირდნენ უჯრედის გარეთა ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებს. ეს საშუალებას აძლევს ვირუსს, თავისი გენეტიკური მასალა უჯრედში გამოათავისუფლოს და ასე „გამოიყენოს“ უჯრედი გამრავლებისათვის, ანუ ვირუსის რეპლიკაციისათვის.

მასპინძლის უჯრედის „გამოყენებით“ გამრავლების შემდეგ ვირუსი ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება უმოქმედო იყოს, ან მაშინვე გავრცელდეს სხვა ჯანმრთელ უჯრედებში და განაგრძოს ინფიცირების პროცესი.

ანტივირუსული პრეპარატები ზემოთ აღწერილი პროცესის სხვადასხვა მომენტის ბლოკირებას ახდენს. ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელ უჯრედში შეღწევის, ვირუსის გარკვეული ნაწილების წარმოქმნის, ვირუსის გენეტიკური მასალის სინთეზის დარღვევა. როცა ანტივირუსული პრეპარატის ზემოქმედებით ირღვევა ვირუსისა და უჯრედის რეცეპტორების ურთიერთშეკავშირება, ანუ ხდება რეცეპტორების ბლოკირება, ვირუსის გენეტიკური მასალა ვეღარ შეაღწევს ჯანმრთელ უჯრედში.

ზოგჯერ ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება რამდენიმე ანტივირუსული პრეპარატი, რომლებიც ვირუსისა და ჯანმრთელი უჯრედის ურთიერთქმედების სხვადასხვა კომპონენტზე მოქმედებს. ჯანმრთელი უჯრედის დასნებოვნების სხვადასხვა მექანიზმის ერთდროული ბლოკირება ზრდის ვირუსული ინფექციისაგან პაციენტის გაჯანსაღების შანსს.

ზოგიერთი ვირუსული ინფექციისაგან სრული განკურნება შეუძლებელია. ამის მაგალითია აივ ინფექცია/შიდსი, თუმცა ანტივირუსული მკურნალობის წყალობით შესაძლებელია ვირუსის „კონტროლი“ და მისი დამაზიანებელი ეფექტის არიდება. აივ ინფექცია/შიდსის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატების უმრავლესობა ეფექტს ვირუსების რეპლიკაციის ბლოკირების ხარჯზე ავლენს.

ვირუსები ძალიან მცირე ზომის წარმონაქმნებია. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ისინი უჯრედში მრავლდებიან და ამ დროს უჯრედის მეტაბოლიზმს „იყენებენ“. აღნიშნულის გამო იმ მეტაბოლურ ფუნქციათა ჩამონათვალი, რომელზეც ანტივირუსულმა პრეპარატმა შეიძლება იმოქმედოს, ძალიან შეზღუდულია.

ვირუსებისაგან განსხვავებით, ბაქტერიები შედარებით დიდი ზომისაა. ისინი შესაბამისი საკვები გარემოს არსებობისას დამოუკიდებლად მრავლდებიან და მრავალი მეტაბოლური ფუნქციაც აქვთ. სწორედ ამ ფუნქციებზე ზემოქმედებენ ანტიბიოტიკები ანუ ბაქტერიების საწინააღმდეგო საშუალებები. ამ განსხვავებით აიხსნება ის, რომ ანტიბიოტიკების რაოდენობა გაცილებით დიდია, ხოლო ანტივირუსული პრეპარატების შექმნა – ძალიან რთული. ანტიბაქტერიული საშუალებები მრავალი განსხვავებული ბაქტერიის წინააღმდეგაა აქტიური, ანტივირუსული პრეპარატების დიდი ნაწილი კი – მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ვირუსის წინააღმდეგ.

ანტივირუსული საშუალებების კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ მათი დიდი ნაწილი ეფექტურია, როცა პაციენტის მკურნალობა იწყება ვირუსული ინფექციის ან მისი გამწვავების დაწყებისთანავე.

ზოგჯერ ანტივირუსული პრეპარატი შეიძლება ტოქსიკური იყოს ადამიანის უჯრედებისათვის. არ არის გამორიცხული ვირუსი გახდეს რეზისტენტული, ანუ მდგრადი, ანტივირუსული მკურნალობის მიმართ.

ანტივირუსული საშუალებების დიდი ნაწილი ტაბლეტირებულია, თუმცა არსებობს საინიექციო (ვენაში ან კუნთში) ფორმებიც. ზოგიერთი პრეპარატი მალამოს, კრემის, წვეთების ან ფხვნილის სახითაა.

ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ ანტიბიოტიკები უეფექტოა. მათი გამოყენება გამართლებულია მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის თანდართვისას.

ვირუსულ დაავადებათა პროფილაქტიკა

ვირუსული დაავადებებით ადამიანის დასნებოვნების წინააღმდეგ დღეს მედიცინა რამდენიმე საშუალებას ფლობს: საზოგადო წესების დაცვა, ვაქცინები და იმუნოგლობულინები. ვაქცინები და იმუნოგლობულინები ვირუსული ინფექციებისაგან ორგანიზმის უკეთ დაცვის საშუალებას იძლევა. ეს ეფექტი იმუნიზაციის – ორგანიზმში ვაქცინის ან იმუნოგლობულინის შეყვანის საშუალებით მიიღწევა.

ვაქცინაცია

ვაქცინაცია არის ორგანიზმის ინფექციისაგან დაცვის ბუნებრივი მექანიზმების გააქტივება, რაც სპეციალური ვაქცინების მეშვეობით მიიღწევა. ვაქცინაცია ტარდება ადამიანის ინფიცირებისგან დასაცავად, ანუ ორგანიზმის ვირუსით დასნებოვნებამდე. ამ სახის იმუნიზაციას აქტიურ იმუნიზაციას უწოდებენ. სადღეისოდ არსებობს ფართოდ გავრცელებული ვაქცინები შემდეგი ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ:

  • ა ჰეპატიტი;
  • ბ ჰეპატიტი;
  • ადამიანის პაპილომის ვირუსი;
  • გრიპი;
  • იაპონური ენცეფალიტი;
  • წითელა, წითურა, ყბაყურა;
  • პოლიომიელიტი;
  • ცოფი;
  • როტავირუსი;
  • ჩუტყვავილა;
  • ჰერპეს ზოსტერი;
  • ყვითელი ცხელება.

არსებობს ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა ვაქცინაცია ყვავილის წინააღმდეგ მხოლოდ გარკვეულ სამხედრო მოსამსახურეებს უტარდებათ, ვინაიდან დაავადება 1978 წელს ვაქცინაციის დახმარებით ლიკვიდირებულია.

იმუნოგლობულინები

იმუნოგლობულინი არის „ანტისხეულების სტერილური ხსნარი“. მისი გამოყენებისას ადამიანის ორგანიზმში შეჰყავთ „მზა“ ანტისხეულები ინფექციის წინააღმდეგ. ეს არის პასიური იმუნიზაცია. იმუნოგლობულინი შეიძლება მიიღონ:

  • ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმიდან – ადამიანის იმუნოგლობულინი;
  • იმ ადამიანთა ორგანიზმიდან, რომელთაც აქვთ ანტისხეულები კონკრეტული ინფექციის წინააღმდეგ, ხშირად – წარსულში გადატანილი ინფექციის გამო.

ჰიპერიმუნური გლობულინი

ჰიპერიმუნური გლობულინი მხოლოდ გარკვეული ინფექციების შემთხვევაშია ხელმისაწვდომი. ეს ინფექციებია – ბ ჰეპატიტი, ცოფი, ტეტანუსი, ჩუტყვავილა.

იმუნოგლობულინი ორგანიზმში შეჰყავთ კუნთში ან ვენაში ინიექციით. იმუნოგლობულინებით მიღწეული იმუნიზაცია მხოლოდ დროებითია და გრძელდება მანამდე, ვიდრე ორგანიზმი ანტისხეულებს არ „მოიცილებს“.

ზოგიერთი იმუნოგლობულინი და ვაქცინა (მაგალითად ცოფის, ბ ჰეპატიტის) გამოიყენება ადამიანის დასნებოვნების შემდეგ, დაავადების ასარიდებლად.

იმუნოგლობულინები შეიძლება გამოიყენონ ინფექციების მკურნალობის დროსაც, როცა ადამიანის იმუნური სისტემა სათანადოდ ვერ ებრძვის ინფექციურ პროცესს. ამ შემთხვევაში იმუნოგლობულინი „ავსებს“ იმუნური სისტემის კომპონენტების დანაკლისს.

მედიკამენტების გარეშე

მრავალი ვირუსული ინფექცია შესაძლოა ავირიდოთ საკმაოდ მარტივი რეკომენდაციების დაცვით. ვირუსული ინფექციის რისკის შესამცირებლად ექიმები გვირჩევენ:

  • ხშირად დავიბანოთ ხელები, ამ დროს საპონი წავისვათ 2-ჯერ; ხელის დაბანა უნდა გრძელდებოდეს სულ მცირე 20 წამის განმავლობაში;
  • საკვებად გამოვიყენოთ მხოლოდ კარგად გარეცხილი და თერმულად დამუშავებული პროდუქტი;
  • სასმელად გამოვიყენოთ მხოლოდ სუფთა წყალი. თუ დარწმუნებული არ ვართ მის სისუფთავეში, წყალი ავადუღოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავლიოთ;
  • მოვერიდოთ დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტს;
  • შევამციროთ შეხება დაბინძურებულ ზედაპირებთან;
  • არ მივიტანოთ ხელი ცხვირთან, პირთან, თვალებთან;
  • ცემინებისას და ხველისას დავიფაროთ პირი იდაყვში მოხრილი ხელით ან ერთჯერადი ცხირსახოცით, რომელსაც შემდეგ გადავაგდებთ;
  • ვერიდოთ შემთხვევით, დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს;
  • თავი დავიცვათ ტკიპების, კოღოების, ფეხსახსრიანების ნაკბენისგან.