რატომ გვმართებს სიფრთხილე ანტიბიოტიკოთერაპიისას
ისტორიული ანტიბიოტიკი - პენიცილინი პირველად ბრიტანელმა მიკრობიოლოგმა, ფლემინგმა გამოყო გარკვეული სახეობის ობის სოკოებიდან (Pენიცილლიუმ რუბენს). მასვე ეკუთვნის ანტიბაქტერიული ფერმენტის - ლიზოციმის აღმოჩენაც.
ობის სოკოების მიერ სინთეზირებული (წარმოქმნილი) პენიცილინი, ფაქტობრივად, ბაქტერიების საწინააღმდეგო ბუნებრივი იარაღია, რომელიც სოკოებმა თავიანთი არსებობის მანძილზე თავდასაცავად შექმნეს. სადღეისოდ 100-ზე მეტი დასახელების ნახევრად სინთეზური თუ სინთეზური ანტიბიოტიკია ფარმაცევტულ ბაზარზე.
მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკები ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების ეტიოტროპული (გამომწვევ მიზეზთან შეჭიდული) თერაპიის ძირითადი საფუძველია, დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს.
ანტიბიოტიკების მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ბაქტერიული უჯრედის განადგურებას, მისი აქტივობის შესუსტებას, ზრდა-განვითარებისა და გამრავლების შეფერხებას, თუმცა, ყველა ამ სიკეთესთან ერთად, აღნიშნულ პრეპარატებს ბევრი უარყოფითი მოვლენა და ორგანიზმის უჯრედებზე მავნე ზემოქმედებაც უკავშირდება.
გვინდა მკითხველის ყურადღება კიდევ ერთხელ შევაჩეროთ რაციონალურ ანტიბიოტიკოთერაპიაზე, რაც გულისხმობს ექიმის მიერ შესაბამისი ვადით (დროით, ხანგრძლივობით) დანიშნული მედიკამენტის გარკვეული დოზის სათანადო წესების დაცვით მიღებასა და მკურნალობას.
რატომ არის დაუშვებელი ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა, დანიშნული პრეპარატით მკურნალობის ვადაზე ადრე შეწყვეტა, რა გართულებები და გვერდითი მოვლენები ახლავს ანტიბიოტიკოთერაპიას, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ მე-3 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის თერაპევტს - ნათია რევიშვილს:
- ქალბატონო ნათია, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები შეიძლება ახლდეს ანტიბიოტიკოთერაპიას?
- ანტიბიოტიკებს, უდიდესი დადებითი ეფექტის გარდა, ბევრი უარყოფითი თვისებაც აქვს. ყველა მავნე გვერდითი მოვლენა, რაც კი შეიძლება პრეპარატს ჰქონდეს ორგანიზმსა და ორგანოთა ფუნქციებზე, მათ გააჩნიათ. დღეისათვის იდეალური ანტიბიოტიკი, რომელსაც ექნება სპეციფიკური ტოქსიკურობა, ანუ არ იმოქმედებს ჩვენი ორგანიზმის უჯრედებზე და იმოქმედებს მხოლოდ ბაქტერიების უჯრედულ კომპონენტზე, არ არსებობს.
შევეხები რამდენიმე მათგანს: ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა არის ანტიბიოტიკოასოცირებული დიარეა.
მოგეხსენებათ, ადამიანი განიხილება როგორც ეკოსისტემა, რომელიც დასახლებულია 3 ტრილიონი მიკროორგანიზმით. ამ უკანასკნელთა ,,ჩასახლება” ხდება დაბადებისთანავე და მათ შეძენილ ორგანოს - ადამიანის მიკრობიომას უწოდებენ. ეს მიკროორგანიზმები სხვადასხვა ორგანოში (პირის ღრუ, ფილტვები, კანი, ნაწლავები და ა. შ.) სხვადასხვა პროპორციითა და თანაფარდობით არიან განლაგებულნი (განთავსებულნი) და ქმნიან მიკრობიოტას. ნაწლავის მიკრობიოტაც შედგება როგორც სასარგებლო, ასევე მავნე ბაქტერიებისაგან, რომლებიც მონაწილეობენ მონელებაში, ნივთიერებათა ცვლაში, ვიტამინების სინთეზში. ჩვეულებრივ, ისინი ერთმანეთს აწონასწორებენ და საფრთხეს არ გვიქმნიან.
ანტიმიკრობული პრეპარატებით ეს ბალანსი ირღვევა. კლინიკურად ის პირველ რიგში გამოვლინდება ფაღარათით და ანტიბიოტიკების მიღების შეწყვეტისთანავე ქრება. ანტიბიოტიკოთერაპია ზოგ შემთხვევაში იწვევს კოლიტს, ნაწლავის ანთებას ან უფრო მძიმე ფორმას, ფსევდომემბრანოზულ კოლიტს, რომლის გამომწვევიც არის კლოსტრიდიუმ დეფიცილე. ეს მიკროორგანიზმი, საზოგადოდ, ყველაზე უკეთ სარგებლობს განვითარებული დისბალანსით, შეუზღუდავად მრავლდება და გამოყოფს ტოქსინს. ანტიბიოტიკების მოქმედების ამ მექანიზმს, ფაქტობრივად ანტიბიოლოგიურს, უკავშირდება ასევე სოკოვანი ინფექცია, რომელიც უმეტესად გამოიხატება პირის ღრუს, ფრჩხილების, ხელის თითების, ტერფის კანდიდოზით. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, არც სასუნთქი სისტემის და ნაწლავთა კანდიდოზის ჩამოყალიბებაა გამორიცხული.
ანტიბიოტიკოთერაპიის თანმხლები გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია ალერგიაც. მინდა გითხრათ, რომ ალერგიული რეაქციების გამომწვევ მედიკამენტებს შორის მოწინავე სწორედ ანტიბიოტიკებია. არსებობს სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი, ბულოზური დერმატიტი, სტივენ ჯონსის და ლაიელას სიმპტომი), რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს და ნაკლებად საშიში ალერგიული გამოვლინებები. ყველაზე ხშირი გამოვლინებაა ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი.
გასათვალისწინებელია აგრეთვე ის ტოქსიკური ზემოქმედება, რომელსაც ანტიბიოტიკები ავლენენ ორგანიზმსა და ორგანოთა სისტემებზე. კერძოდ: ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (სმენის ნერვის ან მისი ტოტების, მხედველობის ნერვის დაზიანება), თირკმელებზე (ნეფროტოქსიკურობა), ღვიძლზე (ჰეპატოტოქსიკურობა), ძვლის ტვინზე, გულზე (გამტარებლობის შეფერხება) და სხვა.
ბოლოს კი მინდა შევეხო მზარდ გლობალურ პრობლემას - ანტიბიოტიკორეზისტენტობას. მიკრობებმა მთელი რიგი საშუალებები გამოიმუშავეს გადარჩენისათვის, რათა დაეძლიათ ანტიბიოტიკური ბარიერი. ეს გამოცდილება გაუზიარეს სხვა ბაქტერიებსაც, ანუ ისინი დღეს “ჯავშანშეიარაღებულნი” გვებრძვიან.
რეზისტენტობა ახალი პრობლემა არ გახლავთ. 1946 წელს მიკრობების 6 პროცენტი იყო პენიცილინზე რეზისტენტული, 1964 წელს კი - 30 პროცენტი. ჯერ კიდევ ფლემინგმა შენიშნა და აღიარა, რომ არ ღირს პენიცილინის გამოყენება დაავადების დადგენამდე.
სადღეისოდ რეზისტენტობა უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება, ვიდრე ახალი ანტიმიკრობული პრეპარატები. 2 მილიონზე მეტი ადამიანი ინფიცირებულია რეზისტენტული შტამებით. ანტიბიოტიკორეზისტენტული მიკროორგანიზმებით კოლონიზებულია ადამიანისა და ცხოველთა ორგანიზმი, საკვები გარემო. იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც აღენიშნებათ რეზისტენტული შტამები, მაღალია ლეტალური გამოსავალი. ანტიბიოტიკორეზისტენტობაში დამნაშავეა ბევრი რგოლი: ექიმი, მოსახლეობა, ვეტერინარული და ფარმინდუსტრია.
- ეს ცალსახაა, რადგან ზოგი ექიმი არ ერიდება უძლიერესი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების დანიშვნას მაშინაც კი, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ სტომატოლოგები, რომლებიც, მაგალითად, კბილის ექსტრაქციის შემდეგ, ერთი ან ორი დღით, უახლესი თაობის უძლიერეს ანტიბიოტიკებს უნიშნავენ პაციენტებს. რას იტყვით ასეთ მიდგომაზე, რა საფრთხეს უქმნის ის პაციენტებს?
- რასაკვირველია, ეს არასწორი მიდგომაა. ანტიბიოტიკების ხანმოკლე დროით და არასწორი დოზით დანიშვნა ანტიბიოტიკორეზისტენტობის განმაპირობებელი ერთ-ერთი მიზეზია, მრავალ მიზეზთა შორის. ანტიბიოტიკის დანიშვნისათვის კლასიკურად საჭიროა ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება, ბაქტერიოგრამის განსაზღვრა, თუმცა ზოგჯერ დრო არ ითმენს და გვიწევს პრეპარატების დანიშვნა ემპირიულად. ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად გასათვალიწინებელია მკურნალობის ხანგრძლივობა და დანიშნული პრეპარატის დოზირება.
დღეს გლობალური კრიზისია. მსოფლიოს ექსპერტებმა აღიარეს, რომ “ანტიბიოტიკების მილსადენი დაშრა”, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა დავუბრუნდეთ ხანას, როდესაც მარტივი ინფექცია და მსუბუქი დაზიანება დამღუპველი იყო. რეზისტენტობის აღმოფხვრაში თანაბარი როლი აქვს პაციენტსაც და ექიმსაც. ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს რაციონალურად, ანუ იმ შემთხვევაში და იქ, სადაც მისი საჭიროებაა, თანაც გარკვეული, შესაბამისი დროითა და დოზით.
- განუმარტეთ მკითხველს, რატომ არ შეიძლება ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა; წნევის დამწევი პრეპარატების მსგავსად, ბევრი არ ერიდება ანტიბიოტიკების გამოყენებასაც იმ არგუმენტით, რომ აღნიშნული წამალი მეზობელს მოუხდა; რატომ არის ასეთი მიდგომა მცდარი და საგანგაშოც კი?
- თვითმკურნალობა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბაქტერიები ,,აქეთ გვიტევენ”. ანტიბიოტიკი ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს და მისი დანიშვნა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში ანტიბიოტიკები იყიდება ურეცეპტოდ და ნებისმიერ პაციენტს აქვს წვდომა. მას ჩვენი მოსახლეობა ყველაზე ხშირად იყენებს რესპირაციული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც ვირუსული გენეზისაა. ანტიბიოტიკები კი ვირუსებზე არ მოქმედებს და ამით ორგანიზმს მხოლოდ ვაძაბუნებთ.
- რას ურჩევთ მკითხველს?
- გამოვიყენებ მრავალჯერ ნათქვამს, რომ ნებისმიერი მედიკამენტი და მით უმეტეს - ანტიბიოტიკი უცოდინარი ადამიანის ხელში არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული იარაღი. არამიზნობრივად გამოყენებული ანტიბიოტიკოთერაპიით ხელს ვუწყობთ რეზისტენტული ბაქტერიების გაჩენას.
ნუ გამოიყენებთ ანტიბიოტიკებს ხელაღებით სურდოსა და გაციების, ცხელებისა და მარტივი ინფექციების დროს.
ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიებზე მოქმედებს და არა ვირუსებზე! სწორი დანიშნულებისა და რაციონალური მკურნალობისათვის მიაკითხეთ ექიმ-სპეციალისტს!