„ხალხი ნიტრატებით კი არა, ცუდად გარეცხილი საზამთროთი იწამლება!“ - სურსათის უვნებლობის ექსპერტი გავრცელებულ მითებზე
სოდიანი წყალი, ტოქსიკური სოლანინი და საზამთროს სეზონი - რეალურად რა გვწამლავს ზაფხულში? - სურსათის უვნებლობის ექსპერტის რეკომენდაციები
ზაფხულის დადგომასთან ერთად, საზამთროსა და ნესვის სეზონზე, განსაკუთრებით იმატებს ნიტრატებით მოწამვლის შიში. მოსახლეობაში ხშირად ვრცელდება აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა დიდი ზომის ხილი და ბოსტნეული, შველის თუ არა პროდუქტების სოდიან წყალში დაყოვნება და რა საფრთხეს შეიცავს ზაფხულში მალფუჭებადი საკვების მიღება.
რეალურად რას ნიშნავს ნიტრატებით მოწამვლა, რა არის სოლანინი და როგორ დავიცვათ ჰიგიენის წესები სწორად? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს სურსათის უვნებლობის ექსპერტი ირაკლი არაბული პასუხობს
- ბატონო ირაკლი, ზაფხულში საზამთროსა და ნესვის სეზონის დადგომასთან ერთად იმატებს ნიტრატებით მოწამვლის შიშიც. რეალურად რა საფრთხეს შეიცავს ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა და რა სიმპტომებით ვლინდება ის?
- რეალურად ნიტრატებით მოწამვლის ფაქტები, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, მინიმალური რაოდენობით ფიქსირდება. როდესაც ნიტრატებით ხდება მოწამვლა, ამ შემთხვევაში ნიტრატებით დაბინძურებული ბოსტნეული დიდი რაოდენობით უნდა მიირთვას ადამიანმა, რაც ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება. საზამთროს, ზოგადად, ბევრს მიირთმევს ადამიანი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ნაკლებია ნიტრატებით მოწამვლის საფრთხე.

რა ხდება, როდესაც საზამთროთი იწამლება ადამიანი? - ეს არის დაბინძურებული საზამთროთი მოწამვლა. ხალხი იწამლება ცუდად გარეცხილი საზამთროთი, რადგან ის მიწაზე მოიპოვება, მიწა კი დაბინძურებულია სხვადასხვა ბაქტერიით. გარდა ამისა, თუ საზამთროს ოდნავ სიდამპლე აქვს შეპარული, არ შეიძლება ასეთის მირთმევა. ასევე მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა: ხელების ხშირი დაბანა, სუფთა ჭურჭლის გამოყენება ამოსავალია სურსათის უვნებლობის სფეროში.
- მაშინ რას ნიშნავს ნიტრატებით მოწამვლა?
- ნიტრატები - ესაა აზოტმჟავას მარილები, რომლებიც ნიადაგში ბუნებრივად არსებობს. ის ეხმარება ბოსტნეულს, დამწიფდეს, გაიზარდოს. როდესაც ფერმერს უკვე დამატებით შეაქვს სასუქები, რათა მალე გაზარდოს ბოსტნეული, ამ შემთხვევაში უკვე გვხვდება ნიტრატები გადაჭარბებული რაოდენობით. 0 რაოდენობით არცერთ ხილში არ არსებობს ნიტრატი, რადგან ის ნიადაგის შემადგენელი ნაწილია და ყველა ხილსა და ბოსტნეულს მოჰყვება. მთავარია, რაოდენობა იყოს დასაშვები. მაგალითად, ჭარხალს აქვს დიდი რაოდენობის დასაშვები ზღვარი, ასევე სტაფილოს. უფრო დაბალი აქვს ბადრიჯანსა და პომიდორს.
გარდა ამისა, თუ სახელმწიფო კონტროლის შედეგებს გადავხედავთ, მაგალითად, შარშან 45 საზამთროს ნიმუშიდან მხოლოდ ორში დაფიქსირდა გადაჭარბებული რაოდენობით ნიტრატები, რაც ძალიან კარგი ციფრია.
- მაშინ როდის ხდება ნიტრატები საზიანო ორგანიზმისთვის?
- ნებისმიერ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც სურსათში არსებობს (მათ შორის, ნიტრატებს), გააჩნია თვისება, რომ ორგანიზმში გროვდება გარკვეული რაოდენობით. რაღაც დროის შემდეგ კი დაიწყებს სხვადასხვა დაავადების განვითარებას. საზამთროს შემთხვევაშიც, გარეცხვა გარკვეული რაოდენობით აცილებს ნიტრატებს. ზოგადად, ხილისა და ბოსტნეულის გარკვეული პერიოდი წყალში დაყოვნება აცილებს ნიტრატებს. ასევე, თერმულად დამუშავება - მაგალითად, კარტოფილი, რომელსაც ვწვავთ, თითქმის ნულს უტოლდება ნიტრატების რაოდენობა.
- ბოლო წლებია, არეკლამებენ სპეციალურ აპარატს, რომლითაც ნიტრატების რაოდენობას ზომავენ ხილსა და პროდუქტში. რამდენად საჭიროა, ეს აპარატი ყველა ოჯახში იყოს?

- ნებისმიერი აპარატი, რომლითაც ადამიანი ნიტრატებს ზომავს, არასოდეს არ არის ასი პროცენტით ზუსტი, რადგან ეს სიზუსტე მიიღწევა მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმების შედეგად. უბრალოდ, ეს აპარატი გარკვეულ ნიშანს გვაძლევს, რომ შეიძლება გადაჭარბებული რაოდენობით შეიცავდეს. მაგრამ ეს აპარატი რაც ღირს, ფასიდან გამომდინარე ჯობს, ვიზუალურად მივაქციოთ პროდუქტს ყურადღება, რომ არ იყოს ძალიან დიდი. ასევე ჯობს, პროდუქტებს მოვაჭრათ თავი და ბოლო და ისე დავაყოვნოთ წყალში. მაგალითად, სტაფილოსა და ჭარხალს, რადგან ამ ნაწილებში გროვდება ყველაზე დიდი რაოდენობით ნიტრატები.
- რაც უფრო დიდი ზომის არის ხილი და ბოსტნეული, მით უფრო დიდია შანსი, რომ ნიტრატების გადაჭარბებულ რაოდენობას შეიცავდეს?
- დიახ, შესაძლებელია, მაგრამ ყველა ხილსა და ბოსტნეულზე ეს არ მოქმედებს. ზოგადად, გაზრდისთვის ყველა ხილსა და ბოსტნეულს გარკვეული ნივთიერებები სჭირდება. როდესაც არაბუნებრივად დიდი პროდუქტია, ეს ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით აქვს ნიტრატი, რათა ამხელა გაზრდილიყო.
მაგალითად, კარტოფილის შემთხვევაში ნიტრატებზე საფრთხილოა ნივთიერება სოლანინი. ალბათ შეგხვედრიათ მწვანე კარტოფილი - ამ დროს მასში გამოყოფილია ნივთიერება სოლანინი, რომელიც არის ნიტრატებზე ბევრად საშიში. ეს არის მომწამვლელი ნივთიერება. კარტოფილი ამას მაშინ გამოყოფს, როდესაც ინახება მზეზე ან არასათანადო პირობებში. ამიტომ, უმჯობესია, კარტოფილის შემთხვევაში ყურადღება მივაქციოთ შეფერილობას, ვიდრე ზომას. კარტოფილი აუცილებლად უნდა ინახებოდეს 15 გრადუსზე და ბნელ ადგილას, რათა არ მოხდეს სოლანინის დაგროვება.

- რატომ ხდება ზაფხულში მაიონეზიანი სალათების, თევზის და კრემიანი ნამცხვრების მირთმევა საშიში?
- როდესაც პროდუქტი ორ საათზე მეტხანს რჩება ოთახის ტემპერატურაზე (ვგულისხმობ 22-23 გრადუსს), ბაქტერიები უკვე იწყებენ გამრავლების პროცესს. შესაბამისად, ტემპერატურა როდესაც უკვე მაღალია, მისი ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნების დრო მცირდება და ჩამოდის 1 საათამდე. ზაფხულის პირობებში უნდა მოვერიდოთ სალათებს, სადაც გამოყენებულია მაიონეზი, კრემიან ნამცხვრებს და ასევე უმ პროდუქტს, ე.წ. ბეზეს.
- ზაფხულში ზღვიდან უფრო ჩამოდიან ადამიანები მოწამლულები, ვიდრე მთიდან. ხომ არ არის ეს სიმინდის ბრალიც დაბინძურებულ ზღვის წყალთან ერთად, რომელიც პლაჟზე იყიდება?
- რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ სიმინდი იხარშება 100 გრადუსზე და ამ დროს ბაქტერიები იღუპება, საქმე შეიძლება გვქონდეს მეორად დაბინძურებასთან, ჰიგიენის ნორმების დაუცველობასთან, არასათანადო ჭურჭელში განთავსებასთან. შეიძლება სიმინდი სუფთად იყოს მოხარშული, მაგრამ ის გზა, რითაც მომხმარებლამდე მიდის, დაბინძურდეს.
- აქვე გკითხავთ: სოდაში გარეცხილ ხილზე რას გვეტყვით, მითია, რომ თითქოს ამ დროს ნიტრატები გამოდის?
- მაგალითად, მარწყვისთვის და ჟოლოსთვის სოდიანი წყალი დამაზიანებელია, რადგან ტუტე ხსნარია და ნაყოფს აზიანებს. სოდიან წყალში შეგვიძლია ვაშლი გავრეცხოთ. მარწყვი შეგვიძლია ძმრიან წყალში გავავლოთ - ის ზედაპირიდან აცილებს ზედაპირულ ბაქტერიებს, მაგრამ ნიტრატებსა და პესტიციდებს ვერ გამოდევნის.

- მწვანილზე რას გვეტყვით, განსაკუთრებით - სალათის ფოთოლზე?
- სოდიან წყალს ჯობს, ძმრიან წყალში ან მარილწყალში გავავლოთ პროდუქტი. მწვანილისთვის 30-წუთიანი დაყოვნება ძალიან ბევრია, 10 წუთი სრულიად საკმარისია. მწვანილი, დიდი შანსია, დაბინძურებული იყოს მიკრობებითა და ბაქტერიებით, ასევე მწერების კვერცხებით. მაგალითად, ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება სალათის ფურცლებს: უნდა დაიშალოს და ისე გაირეცხოს სათითაოდ, რადგან ძალიან ხშირია მასში ლოკოკინები და მწერების კვერცხები. თან მაშინ, როდესაც მისი მირთმევა ხდება თერმული დამუშავების გარეშე.
- დაჭრილი კარტოფილი რამდენი ხანი უნდა გავაჩეროთ წყალში?
- მაქსიმუმ ერთი საათი და ამოღებისთანავე უნდა გავამშრალოთ და ისე შევწვათ.
- დასასრულს, 5 ყველაზე მომწამვლელი და, პირიქით, ჯანსაღი პროდუქტი რომ გვითხრათ.

- არსებობს პროდუქტები, რომლებსაც არ უყვართ დიდი ხნის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე გაჩერება. ესენია: კრემიანი ნამცხვრები, მაიონეზიანი სალათები, ნახევრად უმი პროდუქტები (მაგალითად, სუში) და ისეთი პროდუქტი, სადაც უმი კვერცხი გამოიყენება: ბეზე, აჭარული ხაჭაპური - რადგან კვერცხის ჩახლის შემდეგ ისევ უნდა შებრუნდეს ღუმელში, დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში.
რაც შეეხება სასარგებლო ხილსა და ბოსტნეულს, ძალიან კარგია მწვანე ფერის ბოსტნეული. კარგია სალათის ფურცელიც კი, თუ სწორად გაირეცხება.