ალერგია თუ „უსასრულო გაციება“? - როგორ გავმიჯნოთ სიმპტომები და რა საფრთხეებს შეიცავს თვითმკურნალობა: ალერგოლოგ ნინო მჭედლიშვილის რეკომენდაციები
გენეტიკური ფაქტორი, სახლის მტვრის ტკიპა და ყვავილობის სეზონი - როგორ დავიცვათ თავი და ჩვენი შვილები? გვესაუბრება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ათასობით ადამიანი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს: კვირების განმავლობაში მკურნალობენ ე.წ. „უსასრულო გაციებას“, სინამდვილეში კი ორგანიზმი სულ სხვა რამეზე - სეზონურ ალერგიაზე მიგვანიშნებს. რატომ ხდება „თბილისური მტვერი“ უფრო აგრესიული, ვიდრე სხვაგან, მართლა ჭადარია თუ არა ჩვენი მთავარი მტერი და როგორ შეიძლება ჩვეულებრივმა ატამმა ან ვაშლმა ალერგიული შოკი გამოიწვიოს? ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი გვესაუბრება
- ქალბატონო ნინო, ხშირად ადამიანები კვირების განმავლობაში მკურნალობენ "უსასრულო გაციებას", სინამდვილეში კი ეს ალერგიაა. რა არის ის 3 მთავარი ნიშანი, რითაც მკითხველმა შეუძლია სახლის პირობებში განასხვაოს ალერგიული რინიტი ვირუსული ინფექციისგან?
- ალერგიული რინიტისა და ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის სიმპტომები ხშირად მსგავსია, თუმცა არის რამდენიმე სასიგნალო ნიშანი რითაც შეგვიძლია განვასხვაოთ ერთმანეთისგან.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია ქავილი (ცხვირის, თვალების, სასის), რომელიც ალერგიული ანთებისთვის დამახასიათებელი სიმპტომია და პრაქტიკულად არ გვხვდება ვირუსული ინფექციების დროს.
მეორე არის გამონადენის ხასიათი და ცემინების ტიპი - ალერგიული რინიტისთვის ტიპურია უხვი, წყლისებური რინორეა და გახშირებული ცემინება.
მესამე კრიტერიუმია სიმპტომების ხანგრძლივობა და გამომწვევ ფაქტორებთან კონტაქტი - თუ ჩივილები გრძელდება 10 დღეზე მეტხანს, უკავშირდება გარემო ფაქტორებს (მაგ., გარეთ ყოფნა, სეზონურობა), უფრო სავარაუდოა ალერგიული ეტიოლოგია.
ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის დროს უხშირესად გამოხატულია შემცივნების შეგრძნება, თავის და კუნთების ტკივილი, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან მოყვითალო-მომწვანო გამონადენი, სიმპტომები უმჯობესდება 10 დღემდე.
- ახასიათებს თუ არა ალერგიას „დაბალი სიცხეები" და რამდენად მნიშვნელოვანი სიმპტომია თვალების ან სასის ქავილი დიაგნოზისთვის?
- ალერგიულ დაავადებებს სხეულის ტემპერატურის მატება ნაკლებად ახასიათებს. თუ პაციენტს აქვს ცხელება, განსაკუთრებით განმეორებით ან რამდენიმე დღე, უფრო უნდა ვიფიქროთ ინფექციურ დაავადებებზე, სინუსიტზე ან სხვა პროცესზე. თუმცა, სეზონური ალერგიის მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში, შესაძლებელია პაციენტს ჰქონდეს შემცივნების შეგრძნება, დაბალი ტემპერატურაც კი. ასევე, არსებობს მედიკამენტური ალერგიის რამდენიმე ფორმა, რა დროსაც მაღალი ცხელებაც კი შეიძლება ჰქონდეს პაციენტს.

თვალების, ცხვირის ან სასის ქავილი ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია - ეს ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია ალერგიული რინიტისთვის.
- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს სეზონური ალერგიის სიმპტომები და როდის ხდება მდგომარეობა საგანგაშო?
- სეზონური ალერგია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე, იმის მიხედვით, რომელი მცენარის მტვერზეა პაციენტი ალერგიული. მაგალითად, კვიპაროსის ხის ყვავილობა საქართველოში აქტუალურია დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე; შემდეგ მოდის ბალახების ყვავილობის სეზონი, ხოლო ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომაზე - სარეველები ყვავილობენ. თუ პაციენტს ალერგია აქვს ე.წ. კარშიდა ალერგენებზე: ოთახის მტვრის ტკიპებზე, ნესტის სოკოს სპორებზე, ცხოველებზე, ალერგიული სიმპტომები შესაძლოა გაგრძელდეს მთელი წლის განმავლობაში.
სპეციალისტთან მიმართვა აუცილებელია, თუ აღინიშნება:
- სიმპტომების საშუალო ან მძიმე ინტენსივობა
- ძილის დარღვევა და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი დაქვეითება
- ქვედა სასუნთქი გზების ჩართულობა (ხველა, მსტვინავი სუნთქვა)
- უშედეგო მკურნალობა
- გართულებების ეჭვი (სინუსიტი, ოტიტი)
- არსებობს მოსაზრება, რომ ქალაქის მტვერი და გამონაბოლქვი ალერგენების მოქმედებას აძლიერებს. როგორ მოქმედებს ე.წ. "თბილისური მტვერი" და დაბინძურებული ჰაერი ალერგიის სიმწვავეზე?
- ატმოსფერული დაბინძურება არ წარმოადგენს კლასიკურ ალერგენს, თუმცა მოქმედებს როგორც მნიშვნელოვანი გამღიზიანებელი ფაქტორი. მიკრონაწილაკები (PM2.5, PM10) და სხვა დამაბინძურებლები ე.წ პოლუტანტები (მანქანის გამონაბოლქვი, სამშენებლო მტვერი, დაკვამლიანება (სხვადასხვა ნარჩენების წვა), იწვევენ სასუნქი სისტემის ამომფენი გარსის, ეპითელიუმის დაზიანებას.
გარდა ამისა, მოყვავილე მცენარეთა მტვრის მარცვლები, დაბინძურებულ გარემოში იცვლის თავის ბიოლოგიურ თვისებებს - იზრდება მათი ალერგენურობა და იმუნოგენურობა. შედეგად, ქალაქში მცხოვრებ პაციენტებში ალერგიული დაავადებები უფრო მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობით ხასიათდება.
- თბილისის ლანდშაფტიდან გამომდინარე, რომელი მცენარეებია ყველაზე აგრესიული ჩვენს ქალაქში და რამდენად მართებულია მითი, რომ "ყველაფერი ჭადრის ბრალია"?
- თბილისში, ადრეულ გაზაფხულზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალერგენია კვიპაროსის ხე. ბოლო დროს ინტენსიურად რგავენ არყის და ზეთისხილის ხესაც. ამ სამი ხის ყვავილის მტვრის მარცვალი მიიჩნევა ყველაზე მაღალი პოტენციის ალერგენად, რაც მკვეთრად ზრდის მოსახლეობაში ავადობას. მაისიდან იწყება ბალახების ყვავილობა, აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით - სარეველები ავრცელებენ ალერგიულ მტვრის მარცვლებს (ამბროზია, ავშანი).

რაც შეეხება ჭადარს, იგი მიეკუთვნება საშუალო პოტენციის ალერგიულ მცენარეს, მისი ყვავილობის სეზონი ხანმოკლეა, ამიტომ თუ მაინც ვინმეს აღენიშნება მასზე სენსიბილიზაცია, მედიკამენტების მიღებაც ხანმოკლედ უწევს. ჭადრის ხის ე.წ. „ბუსუსები“ (თესლი) ხშირად შეცდომით მიიჩნევა ალერგიის მიზეზად, თუმცა სინამდვილეში ისინი ძირითადად მექანიკურ გამღიზიანებელ ეფექტს იწვევენ. ხშირად სიმპტომების გამწვავება ემთხვევა ბალახების ყვავილობის დაწყებას, რაც ქმნის მცდარ ასოციაციას. უამრავი პაციენტის მაგალითი გვაქვს, როდესაც ფიქრობდნენ რომ მათი ალერგიული სიმპტომების მიზეზი ჭადარი იყო, თუმცა დიაგნოსტიკით დადასტურებულა ბალახის ყვავილის მტვრის მარცვლებზე ალერგია.
დასახლებული პუნქტების გამწვანებისას მცენარეთა შერჩევა არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ესთეტიკური ან აგრონომიული კრიტერიუმების მიხედვით - აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას მათი ალერგენული პოტენციალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქარით დამტვერავდი, მაღალი ალერგენული პოტენციის სახეობების მასობრივი დარგვისგან თავის შეკავება. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს შედარებით დაბალ-ალერგენულ ან მწერებით დამტვერვად მცენარეებს.
საერთაშორისო გამოცდილებითა და რეკომენდაციებით გარემოს მართვაზე ორიენტირებული პრევენციული სტრატეგიები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ალერგიული დაავადებების გავრცელებასა და სიმძიმეზე. სწორად დაგეგმილი ურბანული გამწვანება ამცირებს მოსახლეობის ალერგენებთან ექსპოზიციას, შესაბამისად - სიმპტომების სიხშირესა და ინტენსივობას.
ეკონომიკური თვალსაზრისით, პრევენცია წარმოადგენს ხარჯთეფექტურ მიდგომას. სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ალერგიული დაავადებების პრევენცია ამცირებს:
- ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვას (სამედიცინო ვიზიტები, მედიკამენტები, ჰოსპიტალიზაცია)
- სადაზღვევო ხარჯებს
- პაციენტის პირდაპირ და არაპირდაპირ დანახარჯებს (სამუშაო უნარის დაკარგვა, პროდუქტიულობის შემცირება)
შედეგად, ურბანული დაგეგმარების პროცესში ალერგენული რისკების გათვალისწინება უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან კომპონენტად.
- როცა გარეთ ყვავილობის სეზონია, რამდენად გვიცავს სახლის კედლები და რა როლს თამაშობს აქ ე.წ. „სახლის მტვრის ტკიპა"?
- შენობის შიდა სივრცე უზრუნველყოფს ნაწილობრივ დაცვას, თუმცა მცენარეთა ყვავილის მტვრის სრული გაქრობა შეუძლებელია. მცენარის ალერგენები ხვდება ვენტილაციის გზით, ასევე პასიურად - ტანსაცმელზე, თმაზე და სხვა ზედაპირებზე ფიქსაციით.
მუდმივი, არასეზონური სიმპტომების შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახლის მტვრის ტკიპა. იგი წარმოადგენს ძლიერ ინჰალაციურ ალერგენს, რომელიც განსაკუთრებით კარგად მრავლდება ისეთ ქვეშაგებში, რომელიც არ ირეცხება მატყლის ლეიბებში, ბუმბულის ბალიშებში და რბილ ავეჯში. მისი კონცენტრაცია იზრდება მაღალი ტენიანობის პირობებში.

- არსებობს თუ არა მარტივი "რიტუალები", რაც საგრძნობლად ამცირებს ალერგიულ ფონს?
- ალერგენების თავიდან არიდება წარმოადგენს მართვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ კომპონენტს. აუცილებელია გარედან დაბრუნების შემდეგ შხაპის მიღება, ტანსაცმლის გამოცვლა, ცხვირის ლორწოვანის გამორეცხვა იზოტონური ხსნარებით, ფანჯრების დახურვა მცენარეთა ყვავილობის პიკურ პერიოდში, HEPA ფილტრების გამოყენება და საცხოვრებელი გარემოს რეგულარული სველი წმენდა, მანქანის მართვის დროს უმჯობესია ფანჯრის მინების აწევა, რათა ნაკლებმა ალერგენმა შემოაღწიოს.
- რა რისკებს შეიცავს "მეზობლის რჩევით" მკურნალობა?
- არარაციონალური თვითმკურნალობა დაკავშირებულია როგორც არასაკმარის ეფექტთან, ასევე გართულებებთან. განსაკუთრებით საყურადღებოა ინტრანაზალური დეკონგესტანტების ე.წ „ცხვირის გამხსნელების“ ხანგრძლივი გამოყენება, რაც იწვევს მედიკამენტოზურ რინიტს, რომლის მკურნალობაც ბევრად ხანგრძლივი და რთულია.
გარდა ამისა, არასაკმარისი თვითმკურნალობით შესაძლოა გამოგვეპაროს ქვედა სასუნთქი გზების ჩართულობა, არაერთხელ მყოლია პაციენტი, რომელიც მხოლოდ ალერგიული რინიტის სიმპტომებს უჩიოდა, ფილტვების აუსკულტაციით (მოსმენით) ასთმისათვის დამახასიათებელი მსტვინავი სუნთქვა ჰქონია, რაც აუცილებლად საჭიროებს სიმძიმის შესაბამის აეროზოლოთერაპიას.
- მოქმედებს თუ არა გარკვეული საკვები პროდუქტები სეზონური ალერგიის გამწვავებაზე?
- დიახ, გარკვეულ შემთხვევებში აღინიშნება ე.წ. „ორალურ-ალერგიული“ სინდრომი (oral allergy syndrome), ეს არის კვებითი ალერგიის ტიპი რომელიც გამოწვეულია უპირატესად თერმულად დაუმუშავებელი ხილით, სუნელებითა და თხილეულით.
აღმოჩნდა რომ გარკვეულ მცენარეების მტვრის მარცვალს და მრავალ ხილს, ბოსტნეულს, თხილეულს და სუნელსაც კი შესაძლოა ჰქონდეს მსგავსი სტრუქტურის ცილები. ეს ცილები ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ აღიქმება როგორც საშიში და განაპირობებენ ალერგიული რეაქციების პროვოცირებას. ყველაზე ხშირი სიმპტომებია ტუჩების, სასის ქავილი, პირის ღრუსა და ხორხის შეშუპება, რომელიც იწყება ძალიან სწრაფად საკვების პირის ღრუში მოხვედრისთანავე და როგორც წესი საკვების გადაყლაპვიდან რამდენიმე წუთი გრძელდება. ეს სინდრომი აღენიშნებათ იმ ადამიანებს ვისაც ალერგია აქვს მცენარის მტვერზე.
ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ხელების ქავილი, სიწითლე, შეშუპება გათლილ ხილთან ან ბოსტნეულთან შეხების შემდეგ, მაგ.: მანგო, ვაშლი ან კარტოფილი.
ორალური ალერგიული სინდრომის მქონე პაციენტების დაახლოებით 10%-ს აღენიშნება გულისრევა და მუცლის ტკივილი, ხოლო დაახლოებით 5 %-ს უფრო მძიმე სისტემური რეაქცია როგორიცაა ხორხსა და გულმკერდში შებოჭვის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, დიარეა ან ცნობიერების დაკარგვა.
აღსანიშნავია, რომ ორალური ალერგიული სინდრომის სიმპტომები დამოკიდებულია მცენარეების ყვავილობის სეზონზე. სიმპტომები როგორც წესი შესამჩნევია ამ სინდრომთან დაკავშირებული მცენარეების ყვავილობისას და გრძელდება კიდევ რამდენიმე თვე.
ყველა ადამიანს ვისაც აქვს ორალური ალერგიული სინდრომი აღენიშნებათ ალერგია ჯერ მცენარეთა ყვავილის მტვრის მიმართ. თუ პაციენტი ალერგიულია არყის ხის მტვრის მარცვალზე შესაძლოა ორალურ-ალერგიული სინდრომი გამოვლინდეს ისეთ პროდუქტებზე როგორიცაა ვაშლი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ქლიავი, მსხალი, ნუში, თხილი, სტაფილო, ნიახური, ოხრახუში, კვლიავი, კამა, ქინძი, ანისული, სოიო ან არაქისი.

ამბროზიის მტვრის მარცვალზე ალერგიის შემთხვევაში შესაძლოა პაციენტს რეაქცია ჰქონდეს ნესვის, ყაბაყის, კიტრის, კივის, ან ბანანის მიღების შემდეგ.
ბალახების მტვრის მარცვალზე ალერგიის შემთხევვაში შესაძლოა ორალური ალერგიული სინდრომი გამოვლინდეს ნესვის, პომიდვრის, ფორთოხლის, ჭარხლის ფოთოლის ან არაქისის მიღების შემდეგ.
კვიპაროსის მიმართ სენსიბილიზაციის შემთხვევაში, რისკია მგრძნობელობა გამოვლინდეს ატმის და ციტრუსის მიღების შემდეგ.
- გვიცავს თუ არა ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი ყვავილის მტვრისგან?
- ყვავილის მტვრის ნაწილაკები შედარებით დიდი ზომისაა, სწორად გამოყენებული სამედიცინო ნიღაბი, გასნაკუთრებით N95 / FFP2 / KN95 ტიპის ამცირებს სასუნთქ გზებში ყვავილის მტვრის ნაწილაკების მოხვდერას. ამიტომ, თუ გარდაუვალია განსაკუთრებით ქარიან ამინდში გარეთ გასვლა, რეკომენდებულია ასეთი ტიპის ნიღბის გამოყენება, ასევე ბალახების გაკრეჭვის დროს, თუ ბალახის მტვრის მარცვალზეა მგრძნობელობა. მზის სათვალის გამოყენება, კი თვალის ლორწოვანს იცავს.
- თუ ორივე მშობელი ალერგიულია, რა არის შანსი, რომ შვილსაც იგივე პრობლემა ჰქონდეს?
ალერგიული დაავადებები ხასიათდება გენეტიკური წინასწარგანწყობით. თუ ორივე მშობელია ალერგიული, ბავშვის ალერგიულობის რიკი 50% ზე მეტია.
თუმცა, გენეტიკური ფაქტორი არ არის ერთადერთი განმსაზღვრელი - გარემო ფაქტორები - ჰაერის დაბინძურება - მანქანის გამონაბოლქვი, სამშენებლო მტვერი, დაკვამლიანება (სხვადასხვა ნარჩენების წვა), სიგარეტის კვამლი, ალერგენები და ცხოვრების სტილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ალერგიული დაავადების გამოვლენაში.