„ანტიბიოტიკი სიცხის დამწევი არ არის!“ - პედიატრი ფიქრია ჟვანია იმ ფატალურ შეცდომებზე, რომლებიც ბავშვის ორგანიზმს ანადგურებს
დავბრუნდებით თუ არა „პრეანტიბიოტიკურ ერაში“, სადაც ფილტვების ანთება განაჩენია?
დღეს, როდესაც ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდავია, პარადოქსულია, რომ ანტიბიოტიკების შესახებ მითები კვლავაც მყარად ინარჩუნებს პოზიციებს. ბევრისთვის ეს მედიკამენტი კვლავ ასოცირდება „სიცხის წამალთან“ ან „პროფილაქტიკურ“ საშუალებასთან, რაც რეალურად გლობალური კატასტროფის -ანტიბიოტიკორეზისტენტობის წინაპირობაა.
რა დარტყმას აყენებს თვითნებურად მიღებული წამალი ბავშვის იმუნურ სისტემას, რატომ არ მუშაობს ანტიბიოტიკი ვირუსზე და როგორ „გვატყუებენ“ ბაქტერიები, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან? ამ და სხვა მწვავე კითხვებზე პედიატრი ფიქრია ჟვანია ამომწურავად გვპასუხობს. მისი თქმით, ჩვენ შესაძლოა აღმოვჩნდეთ ეპოქაში, სადაც მარტივი ინფექციაც კი სიცოცხლისთვის საშიში გახდება, თუ დროულად არ შევცვლით დამოკიდებულებას მედიკამენტების მიმართ
- ქალბატონო ფიქრია, რატომ გვაქვს საზოგადოებაში ასეთი მყარი რწმენა, რომ ანტიბიოტიკი არის "ყველაფრის წამალი" და რატომ მივიჩნევთ მას შეცდომით სიცხის დამწევ საშუალებად?
- უპირველეს ყოვლისა მინდა განმვმარტო რა არის ანტიბიოტიკი ანუ ანტიბაქტერიული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და ზოგ შემთხვევაში პრევენციისთვის. ისინი ან კლავენ ბაქტერიებს, ან აფერხებენ მათ ზრდას. მნიშვნელოვანია, რომ ანტიბიოტიკები არ მოქმედებს ვირუსებზე და მათი არასწორი გამოყენება შეიძლება იყოს არა მხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელიც.
შეხედულება, რომ ანტიბიოტიკი „სიცხის წამალია“ ან „ყველაფრის წამალი“ - არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა; ის ბევრ განვითარებად ქვეყანაში გვხვდება. მიზეზები კომპლექსურია:
ინფორმაციის დეფიციტი: მოსახლეობის დიდი ნაწილს არ აქვს სათანადო ინფორმაცია რომ ანტიბიოტიკები მოქმედებს მხოლოდ ბაქტერიებზე და არა ვირუსებზე (მაგალითად, გრიპზე ან გაციებაზე).
წარსული გამოცდილება: ადამიანს ახსოვს, რომ ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ ის ან მისი ბავშვი სწრაფად „გამოჯანმრთელდა“, მაგრამ რეალურად ახალი ინფექცია შესაძლოა იყოს სხვა გამომწვევით, მაგალითად ვირუსული ინფეცქციით.
აფთიაქში მარტივად ხელმისაწვდომობა: ჩვენს ქვეყანაში ყველა ანტიბიოტიკი არის სარეცეპტო მედიკამენტი, თუმცა ანტიბიოტიკები რეცეპტის გარეშე იოლად გაიცემა, რაც ზრდის თვითმკურნალობის შემთხვევებს.
სამედიცინო სისტემაზე წვდომის სირთულე: ექიმთან მისვლა შეიძლება ძვირი ან რთული იყოს, ასევე არსებობს გარკვეული უნდობლობა პირველად ჯანდაცვის რგოლის - ოჯახის ექიმების მიმართ, რაც ასევე, ხელს უწყობს თვითმკურნალობას.
კულტურული ფაქტორები: ხშირად ოჯახში ან საზოგადოებაში გავრცელებული რჩევები („დალიე ანტიბიოტიკი და მოგივლის“) ძლიერ გავლენას ახდენს ადამინზე. ეს განსაკუთრებით შეინიშნება კორონარული ვირუსის პანდემიის დროს და მის შემდეგ.
- ხშირად ადამიანები ანტიბიოტიკს იღებენ თვითნებურად "ფეხზე სწრაფად დასადგომად". რეალურად, რა დროს კარგავს პაციენტი, როდესაც ვირუსის დროს ბაქტერიის საწინააღმდეგო პრეპარატს სვამს?
- პაციენტი პირველ რიგში კარგავს დროს, ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს, ამიტომ რამდენიმე დღე უშედეგოდ იკარგება. ამ პერიოდში დაავადება თავის მიმდინარეობას აგრძელებს, რაც ემთხვევა ვირუსული ინფექციის ბუნებრივ ხანგრძლივობას (მაგ., 5–7 დღე), რის შემდეგაც ვირუსი ლიმიტირდება, თუმცა იქმნება ილუზია რომ სწორედ წამალმა იმოქმედა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს, პაციენტს შეიძლება გამორჩეს დაავადების გართულების ნიშნები.
გლობალურ ჭრილში, ანტიბაქტერიალური პრეპარატების არარაციონალური გამოყენების დროს იზრდება გვერდითი ეფექტებისა და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის რისკი, ასევე პარალელურად შეიძლება განვითარდეს სერიოზული გვერდითი ეფექტები.
- რატომ არის აბსურდული და საშიში ანტიბიოტიკის დალევა "პროფილაქტიკისთვის"?
- ანტიბიოტიკის „პროფილაქტიკისთვის“ თვითნებური მიღება სახიფათოა, რადგან ის არ მოქმედებს ვირუსებზე და ვერ „იცავს წინასწარ“ ჯანმრთელ პაციენტებს ინფექციისგან. ის ასევე ვერ ამცირებს ვირუსული დაავადებების გართულებების რისკს.
პირიქით, ასეთი პრაქტიკა შეიძლება იყოს საშიში: არღვევს მიკრობიომს, რაც ასუსტებს ბუნებრივ დაცვას, ზრდის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას და ქმნის ცრუ უსაფრთხოების განცდას, რის გამოც პაციენტი გვიან მიმართავს ექიმს.
თუმცა, მნიშვნელოვანია აქვე ითქვას, რომ ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში და ექიმის კონტროლით. მაგალითად: ონკოლოგიურ პაციენტებში, გარკვეული ქირურგიული ჩარევების წინ, გულის ზოგიერთი მანკის შემტვევაში ინფექციური გართულებების პრევენციის მიზნით და ასევე სხვა ქრონიკული მდგომარეობების დროს. ამ შემთხვევებშიც კი ანტიბიოტიკი ინიშნება ინდივიდუალურად, კონკრეტული რისკების გათვალისწინებით.

მაგრამ ჯანმრთელი ადამიანების პოპულაციაში, როგორც ბავშვებში ასევე დიდებში ანტიბიოტიკი არ არის „პროფილაქტიკური“ მედიკამენტი ყოველდღიური გამოყენებისთვის - არასწორად მიღებისას ის უფრო ხშირად ასუსტებს ორგანიზმს, ვიდრე იცავს მას.
- გარდა იმისა, რომ წამალი მომავალში აღარ იმოქმედებს, რა დარტყმას აყენებს ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება იმუნურ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და ზოგად ჯანმრთელობას?
- განსაკუთრებით ბავშვებში სახიფათოა ანტიბიოტიკების თვითნებურად გამოყენება, რადგან არასწორი დოზა და კურსი პირადპირ დამანგრეველი შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის.
პირველ რიგში ზიანდება მიკრობიომი - სასარგებლო ბაქტერიები, რომლებიც იმუნური სისტემის ნაწილია. მათი დარღვევა ასუსტებს იმუნურ ბალანსს და ზრდის ინფექციებისადმი მგრძნობელობას.
ასევე ხშირია კუჭ-ნაწლავის გართულებები, განსაკუთრებით დიარეა. ანტიბიოტიკებთან ასოცირებულია Clostridioides difficile ინფექცია - მძიმე კოლიტი, რომელიც შეიძლება განვითარდეს სწორედ მიკრობიომის დარღვევის ფონზე და გამოიწვიოს ლეტალობაც კი.
დამატებით, არასწორი გამოყენება აჩქარებს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განვითარებას - ბაქტერიები „ეჩვევიან“ წამალს და მომავალში ინფექციები უფრო რთულად სამკურნალო ხდება და საკითხი დგება უფრო ძლიერ ანიბიოტიკბზე.
- აუხსენით მკითხველს მარტივად: რას ნიშნავს ანტიბიოტიკორეზისტენტობა?
- ეს არის პროცესი, როდესაც ბაქტერიები ეჩვევიან ანტიბიოტიკებს და აღარ რეაგირებენ მათზე, რის შედეგადაც სტანდარტული მკურნალობა კარგავს ეფექტურობას.
მთავარია გავიგოთ: რეზისტენტული ხდება ბაქტერია და არა ადამიანის ორგანიზმი.
ბაქტერიები ამას აღწევენ სხვადასხვა გზით - ცვლიან საკუთარ სტრუქტურას, ანადგურებენ წამალს, არ აძლევენ მას უჯრედში შესვლის საშუალებას ან „გამოდევნიან“ მას. ეს ბუნებრივი ევოლუციის პროცესია, თუმცა ანტიბიოტიკების ხშირი და არასწორი გამოყენება მას მნიშვნელოვნად აჩქარებს. რეზისტენტობის კლასიკური მაგალითებია MRSA სტაფილოკოკი და წამალგამძლე (რეზისტენტული) ტუბერკულოზი.
სწორედ ამიტომ, ანტიბიოტიკორეზისტენტობა დღეს ერთ-ერთი მთავარი გლობალური ჯანდაცვის გამოწვევაა.
- როგორ "სწავლობენ" ბაქტერიები ჩვენს მოტყუებას და რატომ შეიძლება აღმოვჩნდეთ ეპოქაში, სადაც ელემენტარული ინფექციაც კი სასიკვდილო გახდება?
- ბაქტერიები ძალიან სწრაფად ვითარდებიან და სწორედ ასე „სწავლობენ“ ანტიბიოტიკების მოტყუებას. როდესაც ანტიბიოტიკს ვიყენებთ, სუსტები იღუპებიან, ხოლო გადარჩენილი, უფრო გამძლე ბაქტერიები მრავლდებიან და საკუთარ „დაცვით მექანიზმებს“ სხვებსაც გადასცემენ: ცვლიან სტრუქტურას, რომ წამალმა ვეღარ „ამოიცნოს“ , გამოიმუშავებენ ფერმენტებს, რომლებიც ანადგურებს ანტიბიოტიკს, ბლოკავენ მის შეღწევას ან „გამოდევნიან“ უჯრედიდან.

ამ პროცესს განსაკუთრებით ხელს უწყობს ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება - არასრული კურსი, თვითნებური მიღება, ან ფართო გამოყენება აგროკულტურაში. სწორედ ამიტომ არსებობს რისკი, რომ დავუბრუნდეთ „პრეანტიბიოტიკურ ეპოქას“: მდგომარეობას, სადაც მარტივი ინფექციებიც კი, რთულად ან საერთოდ არ ექვემდებარება მკურნალოობას. ასეთ პირობებში ჩვეულებრივი ოპერაციები, ტრავმები ან პნევმონიაც კი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გახდეს.
- არსებობს თუ არა "ოქროს სტანდარტი" - რა ანალიზები უნდა ჩააბაროს პაციენტმა, სანამ ანტიბიოტიკს დალევს, რომ დარწმუნდეს მის აუცილებლობაში?
- „ოქროს სტანდარტი“, რომლის მიხედვითაც პაციენტი ან მშობელი დამოუკიდებლად ჩაიტარებს კვლევებს და გადაწყვეტს ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებას, არ არსებობს. ანტიბაქტერიული თერაპიის დანიშვნა წარმოადგენს კლინიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება ანამნეზის, ობიექტური გასინჯვისა და საჭიროების შემთხვევაში შერჩეული ლაბორატორიული კვლევების ინტეგრირებულ შეფასებას.
პირველ ეტაპზე გადამწყვეტია კლინიკური სურათი, რომლის საფუძველზეც ხშირად შესაძლებელია ვირუსული და ბაქტერიული ეტიოლოგიის დიფერენცირება. მაგალითად, ტონზილოფარინგიტის („ყელის ინფექციის“) დროს ვირუსული ინფექციისთვის ტიპურია ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები (რინორეა, ცემინება, ხველა), მაშინ როცა ბაქტერიული, განსაკუთრებით სტრეპტოკოკული ინფექცია, ხასიათდება უეცარი დასაწყისით, ნუშურების ინტენსიური შეშუპებით და სხეულის მაღალი ტემპერატურით, კატარული მოვლენების მინიმალური გამოვლინებით. მსგავსი კლინიკური კრიტერიუმები გამოიყენება სამედიცინო კლინიკურ პრაქტიკაში გადაწყვეტილების მისაღებად, რომლის დროს ლაბორატორიული მონაცემები ასრულებს დამხმარე როლს და ინიშნება კლინიკური ეჭვის მიხედვით. მათ შორის, რადგან საუბარი გვქონდა „ყელის ინფექციაზე“, ფარინგეალური ნაცხის მიკრობიოლოგიური კვლევა ან სწრაფი ანტიგენ-ტესტი კონკრეტული პათოგენის გამოსავლენად; სისხლის საერთო ანალიზი ლეიკოციტოზისა და ნეიტროფილოზის შეფასებით; ანთებითი მარკერები, როგორიცაა C-რეაქტიული ცილა და პროკალციტონინი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა ბაქტერიული პროცესის ალბათობის შეფასება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არც ერთი ეს კვლევა იზოლირებულად არ განსაზღვრავს ანტიბიოტიკის საჭიროებას. მათი დიაგნოსტიკური ღირებულება იზრდება მხოლოდ კლინიკური გამოვლინებების, ასაკის და თანხმლები პათოლოგიების გათვალისწინებით.
შესაბამისად, ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ექიმის მიერ, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის ფარგლებში.
- პაციენტების ნაწილი, იმიტომ მიმართავს თვითმკურნალობას, რომ რენტგენის გადაღებას ერიდებიან, დასხივების გამო.
- დიახ, ეს ფაქტორი მართლაც შეიძლება იყოს თვითმკურნალობის ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამედიცინო რენტგენოლოგიური კვლევები ინიშნება მხოლოდ მკაფიო კლინიკური ჩვენების საფუძველზე და მათი ძირითადი მიზანია დიაგნოზის დაზუსტება. განსაკუთრებით ეს ეხება ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებს, მაგალითად პნევმონიის ეჭვს.
ასეთ შემთხვევებში გულმკერდის რენტგენოგრაფია ეხმარება ექიმს და არა პაციენტს დიაგნოზის დასმაში და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში, მათ შორის ანტიბაქტერიული თერაპიის საჭიროების შეფასებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ანტიბიოტიკოთერაპია არ არის დამოკიდებული მხოლოდ პნევმონიის არსებობა/არარსებობაზე - ცხელების მიზეზი შესაძლოა იყოს სხვა ბაქტერიული გართულებებიც, რომელთა დიფერენცირება კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების ერთობლივ შეფასებას საჭიროებს ექიმის და არა პაციენტის მხრიდან.

რაც შეეხება რადიაციულ ექსპოზიციას, თანამედროვე რენტგენოლოგიური ტექნოლოგიების პირობებში გამოყენებული დოზები დაბალია და კონტროლირებადი. ერთჯერადი გულმკერდის რენტგენოგრაფიის ეფექტური დოზა მიეკუთვნება დაბალი რისკის კატეგორიას და მნიშვნელოვნად არ აღემატება ბუნებრივ ფონურ დასხივებას, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად იღებს. შესაბამისად, რისკ-სარგებლის ანალიზისას, სამედიცინო ჩვენებით ჩატარებული კვლევის სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება თეორიულ რადიაციულ რისკს. საინტერესო ფაქტი მინდა გაგიზიაროთ, მაგალითად თანამედროვე გულმკერდის რენტგენოგრაფიის ერთჯერადი დასხივება დაახლოებით 0.1 mSv-ის ფარგლებშია, რაც პრაქტიკულად უტოლდება იმ ბუნებრივ ფონურ დასხივებას, რომელსაც ადამიანი დაახლოებით 10–15 დღის განმავლობაში იღებს ყოველდღიურ გარემოში (კოსმოსური სხივები, ნიადაგი, საკვები). ამიტომ, როდესაც კვლევა ინიშნება მკაფიო სამედიცინო ჩვენებით, მისი დიაგნოსტიკური სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება რადიაციულ რისკს - განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, სადაც სწორი დიაგნოზი განსაზღვრავს ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროებას ან მის თავიდან აცილებას.
- ხშირად ანტიბიოტიკს ნიშნავენ "ყოველ შემთხვევისთვის". თქვენი აზრით, სად გადის ზღვარი ექიმის სიფრთხილესა და გადაჭარბებულ დანიშნულებას შორის?
- ყველაზე რთულ კითხვაზე მიწევს პასუხის გაცემა, მაგრამ ვეცდები. „ყოველ შემთხვევისთვის“ ანტიბიოტიკის დანიშვნა არის ის ზონა, სადაც ერთმანეთს კვეთს კლინიკური სიფრთხილე და გადაჭარბებული გამოყენების რისკი. სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ზოგჯერ ექიმს არ აქვს პაციენტის დინამიკაში დაკვირვების შესაძლებლობა, ამიტომ მაღალი რისკის ან გაურკვეველი ბაქტერიული ინფექციის ეჭვისას ემპირიული დანიშვნა შეიძლება იყოს ნაწილობრივ გამართლებული. თუმცა, როცა ბაქტერიული ინფექციის ალბათობა დაბალია ან მტკიცებულებები არასაკმარისია, „უსაფრთხოების მიზნით“ ანტიბიოტიკის გამოყენება უკვე ზრდის არასაჭირო გვერდითი ეფექტებისა და ანტიბიოტიკორეზისტენტობის რისკს.
საბოლოოდ, ზღვარი სიფრთხილესა და გადაჭარბებას შორის გადის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რისკ-სარგებლის შეფასებაზე: რამდენად მაღალია ბაქტერიული ინფექციის ალბათობა, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს მისი მიმდინარეობა მკურნალობის გარეშე და რამდენად რეალურია პაციენტის დაკვირვების შესაძლებლობა. სწორედ ამ სამი ფაქტორის ბალანსი განსაზღვრავს, არის თუ არა ანტიბიოტიკი ამ ეტაპზე საჭირო და აუცილებელი.
- რა არის თქვენი მთავარი გზავნილი მათთვის, ვინც პირველივე დაცემინებაზე ან ტემპერატურის მატებაზე აფთიაქში ანტიბიოტიკის საყიდლად გარბის?
- პირველივე დაცემინებაზე ან ტემპერატურის მატებაზე ანტიბიოტიკის საყიდლად აფთიაქში გარბენა უმეტეს შემთხვევაში არ არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან ასეთი სიმპტომები ყველაზე ხშირად ვირუსულ ინფექციას უკავშირდება და ანტიბიოტიკი მათზე უბრალოდ არ მოქმედებს.
ანტიბიოტიკი არ არის „სწრაფი გამოსავალი“ სიცხისა და გაციებისგან. მისი არამიზნობრივი გამოყენება ვერ აჩქარებს გამოჯანმრთელებას და პირიქით - ზრდის გვერდითი ეფექტების, მიკრობიომის დარღვევისა და ანტიბიოტიკორეზისტენტობის რისკს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როცა ბავშვებზე ვსაუბრობთ. ბავშვთა ასაკში ხშირი ვირუსული ინფექციები ბუნებრივი პროცესია და უმეტესად გართულებების გარეშე სრულდება. საჭიროების გარეშე დანიშული ანტიბიოტიკი კი შეიძლება ზედმეტად ჩაერიოს ამ ბუნებრივ ბალანსში, რომელიც იმუნური სისტემის ფორმირებისთვის არის მნიშვნელოვანი.
საბოლოოდ, ექიმის შეფასება, სწორი დიაგნოზი და ცოტა მოთმინება ბევრად უფრო უსაფრთხო გზაა, ვიდრე პირველივე შფოთვისას წამლისკენ სწრაფვა.
ზოგჯერ საუკეთესო მკურნალობა უბრალოდ ის არის, რომ სწორ დროს სწორ ინფორმაციას დავეყრდნოთ ჩვენი საუკეთესო მომავლისთვის.