ხმაურიანი ძილი: რატომ არის ხვრინვა ორგანიზმის განგაშის სიგნალი და არა უბრალო დისკომფორტი
ომი სუნთქვისთვის: რატომ ვიღვიძებთ დაღლილები და რა შემთხვევებში ხვრინავენ ქალები?
ბევრისთვის ხვრინვა მხოლოდ ოჯახური ხუმრობის თემა ან გვერდით მწოლიარე ადამიანის შემაწუხებელი ხმაა. თუმცა, ექიმები გვაფრთხილებენ: ეს ხმაურიანი სუნთქვა რეალურად ორგანიზმის "SOS" სიგნალია. რა ხდება მაშინ, როცა ძილის დროს სუნთქვა წამიერად ჩერდება, რატომ ითვლება ხვრინვა მამაკაცურ სენად და რა კავშირშია მასთან ჭარბი წონა ან ცხვირის ძგიდე?
აქტუალურ თემებზე ოტორინოლარინგოლოგი ხათუნა გიორგაძე გვესაუბრება, რომელიც დეტალურად გვიხსნის, სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ ხვრინვასა და სიცოცხლისთვის საშიშ ძილის აპნოეს შორის
- ქალბატონო ხათუნა, რა არის ხვრინვა – უბრალოდ შემაწუხებელი ხმა თუ ორგანიზმის მხრიდან განგაშის სიგნალი?
- მინდა გითხრათ, რომ ხვრინვა საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. ეს არის ხმაურიანი სუნთქვა, რომელიც სასუნთქ გზებში ჰაერის გავლის დროს წარმოიქმნება. ჩვეულებრივ, ფიზიოლოგიურად, ჰაერი ისე მოძრაობს, რომ ხმას არ გამოსცემს. მაგრამ, თუ ზედა სასუნთქ გზებში რაიმე დაბრკოლება ხვდება, ჰაერის ნაკადი იცვლება, წარმოიქმნება ვიბრაცია და აკუსტიკური ხმიანობა - სწორედ ამას ვეძახით ხვრინვას.
ეს პროცესი მიგვითითებს, რომ სუნთქვა დარღვეულია, ადამიანი საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებს და ორგანიზმი სტრესშია. მარტივად რომ ვთქვათ, მიზეზი არის ზედა სასუნთქი გზების შევიწროება ან ნაწილობრივი დახშობა. ეს შეიძლება იყოს: ცხვირის ძგიდის გამრუდება, ნიჟარების ჰიპერტროფია, პოლიპები, ადენოიდები და ნუშურები (გლანდები), ჭარბი წონა ან ყბის პრობლემები. ზოგჯერ ყბა კეტავს სასუნთქ გზას და ამ დროს აუცილებელია ორთოდონტთან ვიზიტი.
- რატომ ითვლება ხვრინვა „მამაკაცურ სენად“? რეალურად ეს უფრო მამაკაცების პრობლემაა თუ ქალები უბრალოდ მალავენ ამას?
- წარმოიდგინეთ, ყოველი მე-3 ან მე-4 მამაკაცი ხვრინავს, ქალებში კი ეს მაჩვენებელი ყოველი მე-5 ან მე-6 პაციენტია. მამაკაცებში ეს უფრო ხშირია ანატომიური აგებულების, ჰორმონების და ცხოვრების წესის გამო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქალებს არ აწუხებთ. ქალებში ძირითადი მიზეზებია: წონის მატება, ორსულობა, მენოპაუზა. როდესაც ქალი გადაღლილია, კუნთოვანი ქსოვილები და ხორხი დუნდება, რაც ხმაურიან სუნთქვას იწვევს.
- ალკოჰოლის მიღების შემდეგ თითქმის ყველა ხვრინავს. რა მოსდის ამ დროს სასუნთქ გზებს და რატომ მძიმდება მდგომარეობა ნასვამზე?
- დიახ, ალკოჰოლის შემდეგ ხვრინვა მეტად გავრცელებულია. ის ამცირებს კუნთების ტონუსს, სასუნთქი გზები ვიწროვდება და ვიბრაცია იზრდება. ხახის კუნთები, ენა და რბილი სასა მოდუნებულია, მოდუნებული ენა კი უფრო ადვილად „სრიალდება“ უკან, ყელისკენ. ამიტომაც იზრდება ხმაურის ხარისხი.

- ბევრი ამბობს: „მთელი ცხოვრებაა ხვრინავს და რა მოხდა მერე“. რეალურად, რა საფრთხეს უქმნის ეს პროცესი გულსა და ტვინს?
- მთავარია დადგინდეს მიზეზი რატომ ხვრინავს ადამიანი, რადგან ამ დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპოქსია, ტაქიკარდია, არითმია, იმატებს არტერიული წნევა, იზრდება ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების რისკი. ტვინი „აღვიძებს“ ადამიანს მიკრო-გამოფხიზლებით, რადგან ნაკლებ ჟანგბადს იღებს. შედეგად, ძილის ხარისხი ძალიან დაბალია.
- ხშირად გაგვიგია, რომ ზაფხულში უფრო მშვიდად სძინავთ ადამიანებს, ვიდრე ზამთარში ან გაზაფხულზე. ახასიათებს თუ არა ხვრინვას სეზონურობა და რა კავშირშია მასთან ალერგია ან მშრალი ჰაერი?
- ორივე კავშირშია, რადგან ეს ფაქტორები ავიწროებს და აღიზიანებს ზედა სასუნთქ გზებს. რაც ზრდის ხმაურიან სუნთქვას. ალერგიის დროს ცხვირის ლორწოვანი და ნიჟარები შუპდება, რაც იწვევს ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, შესაბამისად ადამიანი იწყებს პირით სუნთქვას. ჰაერი მიედინება ყელში, ზედა სასუნთქი გზები უფრო მეტად ვიბრირებს და იწყება ხმაურიანი სუნთქვა. რაც შეეხება მშრალ ჰაერს, აუცილებელია განიავებულ ოთახში ძილი, რათა მოხდეს ჟანგბადის ნორმალურად ათვისება. მშრალი ჰაერის დროს, შრება ცხვირ-ხახის ლორწოვანი, განსაკუთრებით ზამთარში, როცა სახლში არის გათბობა და ჰაერი ნაკლებად არის დატენიანებული, შესაბამისად ამ დროს ლორწოვანს უჭირს, გამომშრალია. ალერგიის და მშრალი ჰაერის დროს, ცხვირით სუნთქვა ძნელდება, ლორწოვანი შუპდება, შრება, გადავდივართ პირით სუნთქვაზე და ამ დროს ვითარდება ხვრინვა.
- რა არის ძილის აპნოე და როგორ უნდა მიხვდეს ოჯახის წევრი, რომ ხვრინვა სიცოცხლისთვის საშიშ სუნთქვის გაჩერებაში გადაიზარდა?
- ძილის აპნოე არის სუნთქვის გაჩერება ძილში. ბევრი ვერც აცნობიერებს, რომ ეს პრობლემა აქვს. ოჯახის წევრმა ყურადღება უნდა მიაქციოს სუნთქვით პაუზებს. თუ ადამიანს აქვს ჟანგბადის ნაკლებობა, ვერ იღვიძებს ადვილად, ეწყება „მოხრჩობითი“ ეპიზოდები ან ტუჩების სილურჯე - დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.

აპნოეს დროს არ დგება ღრმა ძილის ფაზა. ფაქტობრივად, ადამიანი გამოუძინებელია. დღის განმავლობაში აღენიშნება თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, ცუდი განწყობა, კონცენტრაციის გაძნელება. ამ დროს სასიცოცხლო ორგანოები ჟანგბადის შიმშილს განიცდის, რაც ზრდის ინფარქტის, ინსულტისა და იმპოტენციის რისკს. სამწუხაროდ, აპნოე ხშირად უეცარი სიკვდილის მიზეზიც ხდება.
- ჭარბი წონა ყოველთვის ნიშნავს ხვრინვას? რამდენად რეალურია, რომ ადამიანმა მხოლოდ გახდომით მოაგვაროს ეს პრობლემა?
- ჭარბი წონა და ხმაურიანი სუნთქვა რა თქმა უნდა ერთმანეთთან კავშირშია, ძილის აპნოეს პროფილაქტიკისათვის ძირითადია წონის კორექცია. თუმცა თუ სხვა მიზეზიც არსებობს მხოლოდ წონის დაკლებით ხვრინვა ვერ მოგვარდება, მაგრამ შემცირდება.
- ბავშვებში რამდენად ხშირია ეს პრობლემა?
- ბავშვებში ძირითადი მიზეზი ადენოიდების ჰიპერტროფიაა. ჩვენთან მოსული პაციენტების 70%-ს მე-3 და მე-4 ხარისხის ადენოიდები აღენიშნება. ეს იწვევს ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, ღამით ხვრინვას, მახსოვრობის დაქვეითებას და ე.წ. „ადენოიდურ სახეს“ (ზედა ყბის წინ წამოწევა, ჩამოშვებული ქვედა ყბა), ციანოზი ტუჩების ირგვლივ, ყურის პრობლემები - ხშირი ოტიტები (შუა ყურის ანთებები) სმენის დაქვეითების შეგრძნება, ყურის დაგუბება, ევსტათის მილის დახშობა/ანთება, რინოლალია (ცხვირისმიერი საუბარი) და უამრავი სხვა. ასეთ დროს ექიმის რეკომენდაციით ტარდება ქირურგიული ჩარევა - ადენოტომია. 12 წლის ასაკში ადენოიდები პრაქტიკულად ქრება. ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა.

- სპრეები და ცხვირის სამაგრები — მართლა შველის ეს საშუალებები?
- გააჩნია, რისთვის ინიშნება. თუ ძგიდე მკვეთრად გამრუდებულია, მას ვერანაირი სპრეი ვერ გაასწორებს. მაგრამ, თუ ნიჟარების პრობლემაა, ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება სამაგრებს — ისინი ფიზიკურად აფართოებენ ნესტოებს და სუნთქვას მხოლოდ ძალიან მსუბუქ შემთხვევებში ამარტივებენ.
- და ბოლოს, არსებობს თუ არა რაიმე პრაქტიკული ხერხი, თუნდაც ძილის პოზა, რომელიც მდგომარეობას ოპერაციის გარეშეც შეამსუბუქებს?
- ხვრინვა ხშირად ზურგზე წოლისას აღმოცენდება, ამიტომ რეკომენდებულია გვერდზე გადაბრუნება. ასევე: წონის კორექცია, ალკოჰოლისა და თამბაქოს შეზღუდვა. არსებობს ძილის გამოკვლევის მეთოდიც - პოლისომნოგრაფია, რომელიც ზუსტად ადგენს აპნოეს ხასიათს და სიმძიმეს.