„მშვიდი ქცევა არ ნიშნავს, რომ ცხოველი ჯანმრთელია“ – ბადრი ბაზაევი ცოფის ფარულ სიმპტომებსა და საფრთხეებზე
ცოტა ხნის წინ წალკიდან შემაშფოთებელი ამბავი გავრცელდა: გარეულმა მელამ ძაღლები დაკბინა, რასაც ერთთვიანი კარანტინი და ცხოველების მასშტაბური ვაქცინაცია მოჰყვა. აიცრა ყველაფერი - ძაღლებითა და კატებით დაწყებული, ვირებითა და ღორებით დამთავრებული.
ასეთ დროს ყველას ერთი და იგივე კითხვა გვიჩნდება: რამდენად დაცულები ვართ ჩვენ და ჩვენი ოთხფეხა მეგობრები? რას ნიშნავს კარანტინი პრაქტიკაში და რა უნდა ვიცოდეთ, რომ პანიკაში არ ჩავვარდეთ, მაგრამ არც საფრთხე გამოგვრჩეს მხედველობიდან?
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ყველაფერი რაბიოლოგ ბადრი ბაზაევისთვის გვეკითხა. ის სწორედ იმ ადამიანებს ეხმარება, ვისაც ცხოველთან საეჭვო კონტაქტი ჰქონდა. ინტერვიუში ბევრ ისეთ დეტალზე ვისაუბრეთ, რაც ალბათ ყველა პატრონმა და მშობელმა უნდა იცოდეს.
- ბატონო ბადრი, გავრცელებულია მოსაზრება, რომ ცხოველში ცოფი აუცილებლად აგრესიული ქცევით ვლინდება. სინამდვილეში, რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება პატრონმა?
- გარკვეული სიმპტომების ქონა ან არქონა ცალსახად არ ნიშნავს, რომ ცხოველს ცოფი აქვს ან არ აქვს. შესაძლოა, დაავადებული ცხოველი სრულიად მშვიდად გამოიყურებოდეს და აგრესიით არ გამოირჩეოდეს; პირიქით, იყოს შეშინებული, კუთხეში მიყუჟული და არც კბენის ან გადაადგილების თავი ჰქონდეს. ასევე, არც ცხოველის აგრესიულობა ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად ცოფითაა დაავადებული.
მსგავს შემთხვევებს ჩვენ საეჭვოდ მივიჩნევთ, რადგან ზუსტი შეფასება მხოლოდ ლაბორატორიული კვლევითაა შესაძლებელი. სრულიად დასაშვებია, რომ ცხოველი სხვა მიზეზით იყოს გაღიზიანებული - მაგალითად, თუ მანქანას ან ველოსიპედისტს გაეკიდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ცოფიანია. დაავადებული ძაღლი შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში სრულიად ადეკვატურად იქცეოდეს და სიმპტომები მხოლოდ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გამოუვლინდეს. სწორედ ამიტომ ვურჩევ დაკბენილ ადამიანს, ნებისმიერ შემთხვევაში გაიაროს კონსულტაცია რაბიოლოგთან.

- როდესაც ადამიანს ცოფით დაავადებული ცხოველი დაკბენს, აცრა გადარჩენის ერთადერთი შანსია. თავად ცხოველს თუ აქვს გადარჩენის ან მკურნალობის რაიმე პერსპექტივა?
- არა, თუ ცოფი უკვე გამოვლინდა, ეს პროცესი მხოლოდ სიკვდილით მთავრდება. თუმცა, არსებობს ერთი თავისებურება: გარეული ცხოველი შეიძლება იყოს დაავადებული და ინფექციის გამავრცელებელი, მაგრამ ისე მალე არ მოკვდეს, როგორც ძაღლი ან კატა. ამიტომ, როდესაც საქმე გარეული ცხოველის ნაკბენს ეხება, ადამიანებს ყველა შემთხვევაში უტარდებათ აცრის სრული კურსი. შინაური ცხოველები - ძაღლი და კატა კი დაავადების კლინიკური გამოვლენიდან, ჩვეულებრივ, ათ დღეში იღუპებიან.
- არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველოში კატებში ცოფი დიდი ხანია არ დაფიქსირებულა. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
- დიახ, სტატისტიკურად ასეა, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია: სახლის კატა, რომელსაც სხვა ცხოველებთან შეხება არ აქვს, შედარებით იზოლირებულია და დაავადების რისკი მინიმალურია. რაც შეეხება ქუჩის კატებს, მათი სიკვდილის შემთხვევაში კვლევა, თუ რამ გამოიწვია სიკვდილი, პრაქტიკულად არ ტარდება. თუ გაგიგიათ, ვინმეს ქუჩაში მკვდარი კატა ენახოს და ლაბორატორიაში შესამოწმებლად წაეღოს? - შესაბამისად, დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ კატებში ინფექცია გავრცელებული არ არის. გარდა ამისა, კატის მიერ დაკაწვრის ფაქტზე მონიტორინგის სამსახურში არ რეკავენ, ხოლო გამოძახების შემთხვევაშიც კი, მათი დაჭერა ხშირად შეუძლებელია. ძაღლების შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია - მომართვიანობაც მეტია და მათი დაჭერა თუ დაკვირვებაც გაცილებით მარტივია.
- მიუხედავად იმისა, რომ ცხოველისგან დაკბენის შემთხვევაში ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია, საზოგადოებაში მაინც არსებობს შიში, თითქოს აცრას ბევრი უკუჩვენება აქვს და ის ჯანმრთელობას აზიანებს. რას გვეტყვით ამის შესახებ?
- დროულად და სწორად ჩატარებული ვაქცინაცია მართლაც ერთადერთი საშუალებაა ცოფის თავიდან ასაცილებლად. აცრა უკეთდება ჯანმრთელ ადამიანს, რათა მან დაავადება არ განავითაროს, რადგან თუ ცოფი უკვე გამოვლინდა, იქ მედიცინა უძლურია. ამიტომ აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია, რომელიც შეაფასებს, საჭიროა თუ არა დაუყოვნებლივი აცრა თუ ცხოველზე დაკვირვებაც საკმარისია.

რაც შეეხება შიშს უკუჩვენებებზე: დამისახელეთ თუნდაც ერთი მედიკამენტი, რომელსაც გვერდითი მოვლენები არ აქვს. წამალს ვიღებთ მაშინ, როდესაც ის საჭიროა - მაგალითად, ანტიბიოტიკს იმიტომ კი არ ვსვამთ, რომ „კარგია“, არამედ იმიტომ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა თავისი გვერდითი მოვლენებით არაფრით განსხვავდება სხვა აცრებისგან. უბრალოდ, რადგან თავად დაავადებაა საშინელი, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ვაქცინაც განსაკუთრებულად მძიმეა.
20 წელია ამ სფეროში ვარ და რაიმე განსაკუთრებული გართულება არ მახსენდება, გარდა იმისა, რაც სხვა გეგმურ აცრებს ახლავს - შესაძლოა ადგილზე ეტკინოს პაციენტს ან მსუბუქი ტემპერატურა მისცეს, რაც თავისით გადის. სრული კურსის ჩატარების შემთხვევაში, იმუნიტეტი ერთი წლის განმავლობაში ნარჩუნდება, თუმცა განმეორებითი დაკბენისას კონსულტაცია მაინც აუცილებელია. ჩვენთან ვიზიტი უფასოა, რათა ადამიანებმა თანხის გამო არ შეიკავონ თავი ექიმთან მოსვლისგან.
- პირველად დახმარებაზეც მინდა გკითხოთ. სოციალურ ქსელებში ხშირად ურჩევენ ერთმანეთს, რომ ნაკაწრი უბრალოდ სარეცხის საპნით ჩამოიბანონ და ამით საფრთხე განეიტრალებულია. რამდენად მართებულია ასეთი მიდგომა?
- ვინც ასეთ რჩევებს იძლევა, იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას? საოცარია, რომ 24-საათიანი ანტირაბიული კაბინეტების არსებობის პირობებში, ადამიანები რჩევას „დედების ჯგუფებში“ კითხულობენ. პირველადი დახმარების სახით, რა თქმა უნდა, ჭრილობის საპნით ჩამობანა და ანტისეპტიკით დამუშავება კარგია, მაგრამ ეს არ ანაცვლებს ექიმის ვიზიტს. მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ცოფით გარდაცვლილთა უმეტესობას მცირე დაზიანება ჰქონდა, რასაც ყურადღება არ მიაქციეს. როდესაც ჭრილობა ღრმაა, ადამიანი შიშის გამო მაინც მიდის ექიმთან, მცირე ნაკაწრს კი ხშირად უგულებელყოფენ. განსაკუთრებით საყურადღებოა ნაჩხვლეტი ჭრილობები, მაგალითად კატის ნაკბენი, რომელიც ჰაერთან ნაკლებად შედის კონტაქტში.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: ჯანმოს რეკომენდაციით, ისეთ ქვეყნებში, სადაც ცოფის კერები არსებობს, ცხოველის აცრის სტატუსი ყოველთვის არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. თუ ცხოველი ეზოში დარბის და მღრღნელებთან აქვს შეხება, მისი ნაკბენი პოტენციურად საშიშია. გარდა ამისა, არსებობს ტეტანუსის საფრთხეც, რომელიც შეიძლება სრულიად ჯანმრთელი ცხოველისგანაც გადაგედოთ. სწორედ პაციენტების მაღალი ინფორმირებულობის დამსახურებაა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ადამიანებში ცოფის შემთხვევები პრაქტიკულად აღარ ფიქსირდება. ბოლო ტრაგიკული შემთხვევა რაჭაში მოხდა, როდესაც შუახნის ქალბატონმა ნაკბენს ყურადღება არ მიაქცია და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
- თქვენთან მომართვიანობა ყოველთვის მაღალია. მხოლოდ ძაღლისა და კატის ნაკბენების გამო გაკითხავენ პაციენტები?
- მომართვიანობა ტალღისებურია - შეიძლება ნახევარი საათი არავინ მოვიდეს, შემდეგ კი ერთდროულად 15 ადამიანი გამოჩნდეს. დღეს, მაგალითად, გვყავდა პაციენტი ცხენის ნაკბენით, რომელსაც ფეხზე საკმაოდ გართულებული ჭრილობა ჰქონდა. ხშირად მოგვმართავენ ზღვის გოჭების, ვირთხების და თაგვების ნაკბენებით. სტატისტიკურად პირველ ადგილზე ძაღლები და კატები არიან, შემდეგ კი სხვა ცხოველები: ცხენი, ღორი, ბოლო დროს კი მაიმუნების კბენაც გახშირდა, ძირითადად მოგზაურებში.