„სოფელი იმუნიტეტს კი არ აძლიერებს, არამედ წვრთნის“ - პედიატრ თამარ ობგაიძის რჩევები მშობლებს
„იმუნიტეტი წამლებით არ ყალიბდება“ - პედიატრი თამარ ობგაიძე ბავშვის გაკაჟების პრინციპებზე
მიწაში თამაში, შინაურ ცხოველებთან კონტაქტი და ბაღიდან პირდაპირ მოწყვეტილი ხილი - ბევრისთვის ეს მხოლოდ ბავშვობის ტკბილი მოგონებაა, თუმცა პედიატრებისთვის ეს იმუნიტეტის საუკეთესო სკოლაა. მითია თუ რეალობა სოფლად გაზრდილი ბავშვების განსაკუთრებული გამძლეობა? როგორ მოქმედებს სტერილური გარემო მიკრობიომზე და რატომ არის ალერგია „ქალაქის დაავადება“?
ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს პედიატრი თამარ ობგაიძე პასუხობს
- ქალბატონო თამარ, არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ სოფელში გაზრდილი ბავშვები უფრო ჯანმრთელები არიან. ეს რეალური სამედიცინო მოცემულობაა თუ უბრალოდ ნოსტალგიური მითი?
- სოფელში გაზრდილი ბავშვების „უკეთესი იმუნიტეტის“ იდეა მხოლოდ ნოსტალგია არ არის. მას აქვს გარკვეული მეცნიერული საფუძველი, თუმცა საჭიროებს სწორ ინტერპრეტაციას.
თანამედროვე იმუნოლოგიაში ეს საკითხი უკავშირდება ე.წ. ჰიგიენურ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც ადრეულ ასაკში გარემოსთან მრავალფეროვანი მიკრობული კონტაქტი ხელს უწყობს იმუნური სისტემის სწორ რეგულაციას. ბუნებრივ გარემოში გაზრდილ ბავშვებს უფრო ხშირად აქვთ კონტაქტი ნიადაგთან, ცხოველებთან და სხვადასხვა მიკროორგანიზმებთან, რაც, შესაძლოა, ამცირებდეს ინფექციური, ალერგიული და ავტოიმუნური დაავადებების განვითარების რისკს.
თუმცა ეს არ ნიშნავს, თითქოს სოფელში გაზრდილი ბავშვები არ ავადდებიან ან დაცულნი არიან ინფექციებისაგან. პირიქით, ზოგიერთი ინფექციური დაავადების რისკი სოფლად შესაძლოა იყოს უფრო მაღალი, თუ არ არის დაცული შესაბამისი ჰიგიენური პირობები და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.
ამიტომ სწორი ხედვა არის ბალანსში - ბავშვის იმუნური სისტემის განვითარებისათვის სასარგებლოა ბუნებრივ გარემოსთან კონტაქტი და თანამედროვე მედიცინის ძირითადი პრინციპების - ვაქცინაციის, ჰიგიენის და უსაფრთხოების დაცვა.
ხატოვნად რომ ვთქვა, სოფელი იმუნიტეტს კი არ აძლიერებს, ის მას წვრთნის, თუ ამას ახლავს შესაბამისი უსაფრთხო გარემო.

- რა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც სოფელში ბავშვის გამძლეობას განაპირობებს - ჰაერი, საკვები თუ ნიადაგთან (მიკრობებთან) პირდაპირი კონტაქტი?
ალბათ ყველა ერთად. თუ უნდა გამოვყოთ მთავარი ფაქტორი, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადრეულ, ასაკში მიკრობულ მრავალფეროვნებსთან კონტაქტია, რაც იმუნური სისტემის სწორ ჩამოყალიბებაში ცენტრალურ როლს თამაშობს. ეს კონტაქტი ზრდის ადამიანის მიკრობიომის მრავალფეროვნებას, რაც ამცირებს ალერგიული და ანთებითი დაავადებების განვითარების რისკებს.
თუმცა ასევე მნიშვნელოვანია სუფთა ჰერი და ჯანსაღი საკვები. ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი დადებითად მოქმედებს სასუნთქ და სისხლწარმომქნელ სისტემებზე, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ხოლო ნაკლებად პროცესირებული ჯანსაღი საკვები დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკრობიოტზე, რომელიც იმუნური სისტემის ერთ-ერთი მთავარი რეგულატორია.
- ბევრი მშობელი შიშობს, როცა ბავშვი მიწაში თამაშობს ან შინაურ ცხოველებთან აქვს შეხება. სად გადის ზღვარი ჯანსაღ „გაკაჟებასა“ და ანტისანიტარიას შორის?
- ბავშვის იმუნური სისტემის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია გარემოსთან კონტაქტი, მათ შორის ნიადაგთან და ცხოველებთან, თუმცა ეს არ უნდა აგვერიოს ანტისანიტარიაში.
ბავშვს შეუძლია ითამაშოს მიწაში, ბაღში, პარკში, მაგრამ არა პოტენციურად დაბინძურებულ გარემოში, მაგალითად, ახლოს ნაგავსაყრელთან, ჰქონდეს ურთიერთობა ჯანმრთელ, ვაქცინირებულ შინაურ ცხოველებთან, უნდა დაიცვას ჰიგიენის საბაზისო წესები - თამაშის შემდეგ ხელების დაბანა აუცილებელია, მაგრამ სტერილური გარემოს შექმნა საჭირო არ არის. ნაკაწრების, ჭრილობების შემთხვევაში ნიადაგთან პირდაპირი კონტაქტის არ არის რეკომენდებული. და ბოლოს, ვაქცინაცია, რომელიც გვიცავს იმ ინფექციებისაგან, რომელთა გამომწვევი გარემოში შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, ნიადაგთან ურთიერთობისას უნდა გვახსოვდეს ტეტანუსი.
მოკლედ იმუნიტეტი გარემოთი კი არ ძლიერდება, არამედ სწორად რეგულირდება მრავალფეროვან, მაგრამ უსაფრთხო სტიმულებზე რეაგირებით.
- რამდენად დიდია განსხვავება ქალაქისა და სოფლის ბავშვების მიკრობიომს შორის და როგორ აისახება ეს მათ სამომავლო ჯანმრთელობაზე?
- კვლევები აჩვენებს, რომ ქალაქსა და სოფელში მცხოვრები ბავშვების მიკრობიომი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც მრავალფეროვნებით, ისე შემადგენლობით.

სოფელში გაზრდილ ბავშვებს, უხშირესად, აქვთ უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი მიკრობიომი, რაც დაკავშირებულია ბუნებრივ გარემოსთან ხშირი კონტაქტებთან (ნიადაგი, ცხოველები, ნაკლებად სტერილური გარემო), ქალაქში მცხოვრებ ბავშვებში კი მიკრობიომი შედარებით ღარიბია, რაც განპირობებულია მეტწილად დახურულ სივრცეებში ყოფნით, პროცესირებული საკვების ხშირი მიღებით, ჰიგიენური ჩვევების ინტენსივობით. ზოგადად, არ უნდა დაგვავიწყდეს ანტიბიოტიკების ხშირი მოხმარებაც, რაც აზიანებს ნაწლავის მიკრობიოტას.
ამავე კონტექსტში ხშირად განიხილება ე.წ ძველი მეგობრების“ კონცეფციაც, რომელიც, ასე ვთქვათ, ავსებს ჰიგიენურ ჰიპოთეზას და ხაზს უსვამს მიკრობიოტას შემადგენლობაში მყოფი იმ მიკროორგანიზმების მნიშვნელობას, რომლებთანაც ადამიანი ევოლუციურად იყო ადაპტირებული და რომლის მრავალფეროვნება თანამედროვე ადამიანის მიკრობიოტაში, სამწუხაროდ, თანდათან მცირდება.
თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს განსხვავებები არ არის აბსოლუტური და გარდაუვალი. ქალაქშიც შეიძლება ბავშვის მიკრობიომის გამდიდრება სწორი მიდგომებით.
- ამბობენ, რომ სოფლის ბავშვებს ნაკლებად აწუხებთ ალერგიები. ადასტურებს თუ არა ამას თქვენი პრაქტიკა?
- დიახ, ეს მოსაზრება გარკვეულწილად შეესაბამება როგორც სამეცნიერო კვლევებს, ისე კლინიკურ დაკვირვებებს. მრავალფეროვანი მიკრობიოტა ასოცირდება ალერგიული დაავადებების შედარებით დაბალ რისკთან (ატოპური დერმატიტი, ბრონქული ასთმა), ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადების ნაკლებ სიხშირესა და მეტაბოლური ჯანმრთელობის უკეთეს მაჩვენებლებთან.
ჩემს პრაქტიკაშიც ჩანს, რომ ქალაქში მცხოვრებ ბავშვებში ალერგიული დაავადებების უფრო ხშირია.
სოფლის გარემოში ადრეული და მრავალფეროვანი მიკრობული ექსპოზიცია ხელს უწყობს იმუნური სისტემის ტოლერანტობის ჩამოყალიბებას ანუ იმუნიტეტი სწავლობს, რა არის რეალური საფრთხე და რა - უვნებელი სტიმული. ამის შედეგად ალერგიული რეაქციების სიხშირე მცირდება. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის უნივერსალური წესი - ალერგია სოფლად მცხოვრებ ბავშვებშიც გხვდება. დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობა ქალაქებში უფრო მაღალია და შესაბამისად , მაღალია გამოვლენილი ალერგიული დაავადებების სიხშირეც.
შესაბამისად, სწორია ვთქვათ, რომ სოფლის გარემო გარკვეულწილად „დაცვით ეფექტს“ ქმნის, თუმცა ის აბსოლუტური არ არის და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე.
- „ნატურალური პროდუქტები“ სოფლის მთავარი პლუსია. რამდენად დიდია კვების როლი იმუნიტეტის ფორმირებაში, როცა ბავშვს ხელი მიუწვდება პირდაპირ ბაღიდან მოკრეფილ ხილსა და ბოსტნეულზე?
- კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბავშვის იმუნური სისტემის ფორმირებაში, თუმცა მისი გავლენა უნდა შეფასდეს არამხოლოდ ნატურალურობის, არამედ მრავალფეროვნებისა და ბალანსის კონტექსტში. სოფლის პირობებში ხელმისაწვდომი სეზონური ხილ-ბოსტნეული, ცხოველური პროდუქტები ძალიან მნიშვნელოვანია. რთული ნახშირწყლებით, ვიტამინებით, მინერალებით მდიდარი საკვები პირდაპირ გავლენას ახდენს ნაწლავის მიკრობიოტაზე, რომელიც თავის მხრივ, იმუნური სისტემის ერთ-ერთი „მასწავლებელია“. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ამ საკვების მინიმალური დამუშავება - საკვები დანამატების და შაქრები არარსებობა.
და კიდევ ერთი, ბუნებრივი საკვები კარგია, მაგრამ თუ ის არასათანადო ჰიგიენურ პირობებშია მოყვანილი ან გაურეცხავია, თავად შეიძლება იქცეს ინფექციის წყაროდ. ანუ მნიშვნელოვანია ბუნებრივი საკვები პლუს მისი უსაფრთხო დამუშავება.

- სოფელში ბავშვები უფრო მოძრავები არიან. არის თუ არა ეს „ჯადოსნური ჯოხი“ იმუნიტეტისთვის, რაც ქალაქში გაჯეტებმა ჩაანაცვლა?
- ფიზიკური აქტივობა ნამდვილად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ჯანმრთელობაში, მათ შორის იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის, სუფთა ჰაერზე სირბილი, თამაში დადებითად მოქმედებს ძილსა და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, რაც ასევე აისახება იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე.
სოფლის გარემოში ბავშვები ხშირად ბუნებრივად არიან უფრო აქტიურები - ისინი მეტ დროს ატარებენ გარეთ, ნაკლებად არიან დამოკიდებული ეკრანებზე, რაც ქმნის ჯანმრთელობისათვის ხელსაყრელ ქცევით მოდელს.
- თუ ოჯახს არ აქვს საშუალება ბავშვი სოფელში გაგზავნოს, როგორ შეიძლება „სოფლის ეფექტის“ სიმულირება ქალაქის პირობებში?
- „სოფლის ეფექტი“ მხოლოდ გეოგრაფიას არ აღნიშნავს. არის ცხოვრების სტილი და გარემოსთან ურთიერთობის მოდელი, რომლის გარკვეული ელემენტების გადმოტანა ქალაქშიც სრულიად შესაძლებელია. რეზისტენტული და გამძლე შვილების გაზრდა ქალაქშიც შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ რამდენიმე მარტივ პრინციპს:
ჩართეთ ბუნება ყოველდღიურობაში - გაიყვანთ პატარა სასეირნოდ რეკრეაციულ ზონებში, როცა შეგიძლიათ, ქალაქგარეთ, ასეირნეთ, მიეცით გარემოსთან შეხების შესაძლებლობა ჰიგიენის გონივრული დაცვით. მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი კვება - უპირატესობა მიანიჭეთ არაპროცესირებულ საკვებს, სეზონურ ხილს, ბოსტნეულს. არ დაივიწყოთ რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სპორტი და სწორი ჰიგიენა -ზედმეტი სტერილობა არა, ბალანსი აუცილებელია. შეზღუდეთ გაჯეტები,
მიაქციეთ ყურადღება სწორ ძილს, არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკები ჩვენების გარეშე.
- ხშირად გვესმის ფრაზა „იმუნიტეტის ამაღლება“. სჭირდება თუ არა იმუნიტეტს დამატებითი სტიმულირება მედიკამენტებით (ვიტამინებით), თუ ბუნებრივი გარემო სრულიად საკმარისია?
ბუნებრივი, უსაფრთხო გარემო, სწორი კვება გაცილებით მნიშვნელოვანია. ვიტამინური პრეპარატები განსაზღვრულია იმ ბავშვებისათვის, ვისაც რაიმე მიზეზით არ შეუძლია ამა თუ იმ პროდუქტის მიღება და მისი შემადგენლობის ჩანაცვლება სწორედ სინთეზური ვიტამინებით უნდა მოხდეს. ერთადერთი ვიტამინი, რაც ყველა ბავშვს ეძლევა პროფილაქტიკური წესით, ეს D ვიტამინია.
- რამდენად მნიშვნელოვანია სეზონური „ჰაერის გამოცვლა“ და რა მინიმალური დროა საჭირო იმისთვის, რომ ბავშვის ორგანიზმმა რეალური სარგებელი მიიღოს?
- სეზონური „ჰაერის გამოცვლა“ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის ერთის მხრივ, ეს არის იმუნური სარგებელი - ბავშვი ხვდება სხვადასხვა მიკრობულ სტიმულს, რომელიც იმუნურ სისტემას ტოლერანტობას და ეფექტურ რეაგირებას ასწავლიან. და მეორეს მხრივ ფიზიოლოგიური ეფექტი - ჟანგბადით გაჯერებული სუფთა ჰაერი ხელს უწყობს სასუნთქი, სისხლმბადი, სისხლის მიმოქცევის სისტემების ფუნქციონირებას, მზის სხივების გავლენით კანში წარმოიქმნება ბავშვებისათვის ასე საჭირო ვიტამინი D.
მინიმალური დროის განსაზღვრა პირობითია. რაც უფრო დიდხანსაა ბავშვის სუფთა ჰაერზე, მით უკეთესია, თუმცა თუნდაც რამდენიმე საათიც სასარგებლოა ჟანგბადით მდიდარ ჰაერზე ბავშვის გაყვანა, იქ, სადაც ფიზიკური ფაქტორები - მზე, ჰაერი წყალი მის გაკაჟებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- ბოლოს, რა არის თქვენი, როგორც პედიატრის მთავარი რჩევა მშობლებისთვის: როგორ გავზარდოთ რეზისტენტული და გამძლე შვილები თანამედროვე ურბანულ გარემოში?
- იმუნიტეტი წამლებით არ ყალიბდება. მრავალფეროვანი გარემო, სწორი კვება, სათანადო ფიზიკური აქტივობა, გაჯტების შეღუდვა, მოწესრიგებული ძილი, ჰიგიენა, ვაქცინაცია - ეს არის ის მნიშვნელოვანი რგოლები, რომელებიც ჩვენი შვილების ჯანმრთელობას ქმნის.