როდის ხდება ვარიკოზი სიცოცხლისთვის სახიფათო და როგორ ამოვიცნოთ თრომბის ნიშნები დროულად? – ინტერვიუ მარიამ გრძელიძესთან
„მაღალი ქუსლები, ფეხი-ფეხზე გადადება და Disney Rash“ – ანგიოლოგის რჩევები მათთვის, ვისაც სამსახურში მთელი დღე დგომა ან ჯდომა უწევს
თანამედროვე სამყაროში, სადაც ცხოვრების ტემპი დინამიკურია, თუმცა ფიზიკური აქტივობა ხშირად მინიმალური, ვენური უკმარისობა და ვარიკოზი აღარ არის მხოლოდ „ხანდაზმულთა დაავადება“.
სამედიცინო სტატისტიკა საგანგაშოა: მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 25-30%-ს ვენური სისტემის სხვადასხვა ხარისხის პათოლოგია აღენიშნება. საინტერესოა, რომ ეს მაჩვენებელი ასაკის მატებასთან ერთად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, თუმცა დაავადება საგრძნობლად „გაახალგაზრდავდა“.
თანამედროვე კვლევების მიხედვით, 20-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანებში ვენური პათოლოგიები შემთხვევათა მხოლოდ 10-15%-ში გვხვდება, თუმცა 50 წელს გადაცილებულ პოპულაციაში ეს ციფრი 50-60%-მდე იზრდება.
ქალბატონებში პრობლემა 2-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში, რაც ჰორმონალური ფონითა და ორსულობის ფაქტორით აიხსნება. მიუხედავად ასეთი მასშტაბისა, პაციენტების უმრავლესობა სიმპტომებს - ფეხების შეშუპებას, სიმძიმესა და ე.წ. „ვარსკვლავებს“ - ჩვეულებრივ დაღლილობას მიაწერს და ექიმთან ვიზიტს მანამ აჭიანურებს, სანამ პროცესი შეუქცევადი არ გახდება.

რამდენად საშიშია „ლურჯი ძარღვები“, შეუძლია თუ არა გენეტიკასთან ბრძოლა „ჯადოსნურ მალამოებს“ და რა კავშირი აქვს ვენებთან „დისნეის გამონაყარს“? ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ანგიოლოგი მარიამ გრძელიძე გვესაუბრება, რომელიც დაგვეხმარება გავარჩიოთ მითები რეალობისგან და ვისწავლოთ საკუთარი სისხლძარღვების მოფრთხილება
- მარიამ, ხშირად პაციენტები როდესაც ანგიოლოგს მიმართავენ, პირველი ფრაზაა „ექიმო, ფეხები მიმძიმდება“ - ხშირად საღამოს ფეხების სიმძიმესა და შეშუპებას დაღლილობას ვაბრალებთ. რეალურად, რა არის ის პირველი „ნიშანი“, როცა უნდა მივხვდეთ, რომ საქმე არა უბრალოდ დაღლილობასთან, არამედ ვენებთან გვაქვს?
- კარგი შეკითხვაა, სიმძიმე შეიძლება რამდენიმე სხვა დაავადების სიმპტომიც იყოს, თუმცა როცა სიმძიმეს თან ახლავს შეშუპება და კანის ფერის ცვლილება, შესაძლებელია ვენურ დაავადებასთან გვქონდეს საქმე.
- ბევრს აშინებს „ლურჯი წვრილი ძარღვები“. ეს მხოლოდ სილამაზის ამბავია თუ უკვე იმის ნიშანი, რომ რაღაც ისე ვერ არის?
- ლურჯი წვრილი ძარღვები, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, კაპილარები და ა.შ. არის წვრილი კანშიდა ვენების გაფართოება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ჰორმონალური ცვლილებების, წონის ან ხერხემლის დაავადებების თანმხლები, თუმცა ყველაზე ხშირად ვენურ დაავადებებს ახლავს.

- ამბობენ, რომ ვარიკოზი „ქუსლიანი ფეხსაცმლის“ ან „ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომის“ ბრალია. რამდენად მართალია ეს თუ უბრალოდ მითებია?
- თავად ქუსლიანი ფეხსაცმელი ან ფეხის ფეხზე გადადება დაავადების გამომწვევი არ არის, თუმცა იმ ადამიანებში, ვისაც უკვე აქვს დაავადება ან მიდრეკილება, შესაძლოა გახდეს ვენური უკმარისობის განვითარების დამაჩქარებელი. მაღალი ქუსლების დავიწყება საჭირო არ არის, საჭიროა კარგი კალაპოტი, კომფორტი, ზომიერება.
- თუ დედას ან ბებიას ჰქონდა ვარიკოზი, ეს ნიშნავს, რომ შვილსაც აუცილებლად დამემართება? შეგვიძლია გენეტიკას „ვაჯობოთ“?
- აუცილებელი არ არის და ყველა შვილს არ დაემართება, თუმცა შანსები მეტია. გენეტიკას ვერ ვაჯობებთ, უბრალოდ შეგვიძლია დაავადების განვითარება შევანელოთ.
- ბევრი პაციენტი ოპერაციას მანამ აჭიანურებს, სანამ გაუსაძლისი ტკივილები არ დაეწყება?
- ოპერაციის გაჭიანურება იწვევს შეუქცევადი ცვლილებების განვითარებას: კანის გამუქებას, გამკვრივებას, გათხელებას, სისხლდენებს ვარიკოზული ვენებიდან და საბოლოოდ ე.წ. ტროფიკული წყლულის გაჩენას, რომელსაც ხანგრძლივი და კომპლექსური მკურნალობა სჭირდება.
- სოციალურ ქსელებში უამრავი „ჯადოსნური მალამოს“ რეკლამირება ხდება, რომლებიც ვარიკოზის მორჩენას გვპირდებიან. სიმართლე გვითხარით - შველის ეს მაზები რამეს, თუ უბრალოდ ფულის ფლანგვაა?
- ყველანაირი გარედან წასასმელი საშუალება მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებას და ფეხის გაგრილებას ემსახურება, სამწუხაროდ უკვე დარღვეულ ვენურ სისტემას ვერ შველის.
- ვისაც მთელი დღე ფეხზე დგომა ან კომპიუტერთან ჯდომა უწევს, რა არის ის „მინიმალური გადარჩენის გეგმა“, რომ ვენებს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ?
- ასეთ პაციენტებს ვურჩევთ პერიოდულად წამოდგომას და გავლა-გამოვლას, ან სპეციალური მარტივი ვარჯიშების კეთებას, ასევე ძალიან ეფექტურია კომპრესიული გეტრების გამოყენება, რომელიც ერთადერთი არაოპერაციული საშუალებაა დაავადების პროგრესირების შესანელებლად.
- როდის ხდება ვარიკოზი სიცოცხლისთვის სახიფათო? რა ნიშნები აქვს თრომბს, რომლისაც ყველას ასე ძალიან გვეშინია?
- თრომბი, რომლისაც ყველას გვეშინია, ჩნდება ვარიკოზულ ვენებში, ტრავმატიზაციის ან ორგანიზმში მიმდინარე ქრონიკული პროცესების დრო, ასევე დიდი ოპერაციების შემდგომ. ასეთ დროს ინიშნება სისხლის გამათხელებელი საშუალებები ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
- მარიამ, ბოლოს ერთი „უცნაური“ კითხვაც უნდა დაგისვათ: მოგზაურობისას, ბევრი სიარულის შემდეგ, ხშირად ჩნდება წითელი გამონაყარი კოჭებთან, რასაც უცხოეთში „დისნეის გამონაყარს“ (Disney Rash) ეძახიან. რატომ გვიწითლდება ფეხები ექსკურსიებზე და არის თუ არა ეს იმის ნიშანი, რომ ჩვენს სისხლძარღვებს დახმარება სჭირდებათ?

- ე.წ. დისნეის გამონაყარი, რომელმაც სახელი მიიღო დისნეილენდში სიცხეში დიდხანს მოსიარულე ადამიანებში ხშირად განვითარების გამო, არის უწყინარი ვასკულიტი, ანუ წვრილი კაპილარების ანთება, რომელიც ვითარდება დატვირთვის გამო. მისი მკურნალობა მარტივია, ფეხის აწევა, გრილი კომპრესები და დასვენება უმეტეს შემთხვევაში სრულად შველის.