„რატომ მიმართავენ ნევროლოგს ახალგაზრდა პაციენტები მეხსიერების დარღვევით? - კოვიდ პანდემიის გავლენა და ნევროლოგ თეა შუბლაძის რეკომენდაციები
კროსვორდი, ძილი და კომუნიკაცია - ნევროლოგი თეა შუბლაძე პასუხობს, შეიძლება თუ არა დემენციის თავიდან აცილება
დღეს, როდესაც სამყარო პოსტპანდემიურ რეალობას ეგუება, ნევროლოგები სულ უფრო ხშირად საუბრობენ საგანგაშო ტენდენციაზე: კოგნიტური პრობლემები საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. თუ ადრე მეხსიერების დაკარგვა მხოლოდ ღრმა სიბერესთან ასოცირდებოდა, დღეს ეგრეთ წოდებული “კოვიდური ნისლი“ და ქრონიკული სტრესი 30-40 წლის ადამიანებშიც კი იწვევს დემენციის მსგავს სიმპტომებს.
სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ გადაღლილობასა და ტვინის შეუქცევად დაზიანებას შორის? რატომ გვავიწყდება ახლობლების სახელები და არის თუ არა კროსვორდების შევსება მართლაც “ოქროს გასაღები“ გონების გადასარჩენად? ამ და სხვა მწვავე კითხვებზე ნევროლოგი თეა შუბლაძე გვპასუხობს, რომელიც დემენციასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებსა და იმ “ჩუმ სიმპტომებზე“ გვესაუბრება, რომლებსაც ოჯახის წევრები ხშირად ვერ ამჩნევენ
- ქალბატონო თეა, თითოეულ ჩვენგანს ხშირად დაგმართვია, რომ სახლის გასაღები გვრჩება, ვერ ვიხსენებთ, უთო გავთიშეთ თუ არა, ან ახლობლის სახელი გვავიწყდება. რა არის ის „წითელი ხაზი“, როდესაც უბრალო გაფანტულობა უკვე დემენციის საგანგაშო ნიშანი ხდება?
- 21-ე საუკუნეში სულ უფრო მეტად ახალგაზრდავდება კოგნიტური პრობლემები. ადრე თუ მეხსიერების დაქვეითება ძირითადად ასოცირებული იყო ხანდაზმულ ასაკთან, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის შემდეგ, მოიმატა ახალგაზრდა პაციენტების მომართვიანობამ აღნიშნული ჩივილებით. არის შემთხვევები, როდესაც კოგნიტური დარღვევები გარდამავალი ხასიათისაა და დაკავშირებულია ვირუსულ ინფექციებთან, უძილობასთან, შფოთვასთან, ვიტამინების ნაკლებობასთან, არასრულფასოვან კვებასთან. თუ პაციენტი ამჩნევს, რომ დროში ხანგრძლივდება მეხსიერების დარღვევა, უმჯობესია, დროულად მიმართოს სპეციალისტს.
- რა განსხვავებაა ტვინის „ბუნებრივ დაბერებასა“ და დემენციას შორის? მაგალითად, ნორმალურია თუ არა, რომ ასაკში შესულ ადამიანს უბრალოდ ახალი ინფორმაციის ათვისება უჭირს?
- დემენცია შეიძლება განვითარდეს ახალგაზრდა ასაკშიც. ბუნებრივი დაბერება კი დაკავშირებულია ხანდაზმულ ასაკთან. შედეგად ვითარდება თავის ტვინის ატროფიული ცვლილებები. თავის ტვინი ადამიანის სხეულში ერთ-ერთი ყველაზე რთული და საოცარი ორგანოა. მისი წონა დაახლოებით 1200-1400 გრამია. როგორც სხვა ორგანოები, თავის ტვინიც ასაკთან ერთად განიცდის დაბერებას და პატარავდება ზომაში.
- ხშირად გვესმის ტერმინები „ალცჰაიმერი“ და „დემენცია“ - რამდენად მართებულია მათი გაიგივება და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ალცჰაიმერი დემენციის მხოლოდ ერთ-ერთი (თუმცა ყველაზე გავრცელებული) გამომწვევი მიზეზია?
- სიტყვა „დემენცია“ ნიშნავს ჭკუის არქონას, ჭკუასუსტობას, შემეცნებითი უნარის დაქვეითებას. დემენცია ზოგადი ტერმინია და მისი სხვადასხვა ტიპი არსებობს. ალცჰაიმერი დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. 65 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტს აღენიშნება დემენცია და აქვე აღვნიშნავ, რომ შემთხვევათა 10%-ის სრულიად განკურნება შესაძლებელია.
- გარდა გულმავიწყობისა, დემენციის რა „ჩუმ სიმპტომებს“ უნდა მიაქციონ ყურადღება ოჯახის წევრებმა? (მაგალითად: ხასიათის ცვლილება, ჰიგიენის უგულებელყოფა).
- პაციენტის ახლობლებმა, გულმავიწყობის გარდა, ყურადღება უნდა მიაქციონ პაციენტის კრიტიკის დაქვეითებას საკუთარი მდგომარეობის მიმართ. ხშირად, როდესაც პაციენტებს ვეკითხებით, რა აწუხებთ, ამბობენ, რომ - არაფერი. ამ დროს, ახლობლების თქმით, შეიძლება მას უამრავი ნევროლოგიური ჩივილი ჰქონდეს. ეს აიხსნება პაციენტის ჰიპოკრიტიკით: მას უჭირს აზრის ფორმულირება, დაფიქრება და საკუთარი პრობლემების გახსენება.
- როდის არის ის მომენტი, როცა პაციენტი კი არა, ოჯახის წევრი უნდა „ჩაერიოს“ და ექიმთან მიიყვანოს ახლობელი დემენციაზე ეჭვის დროს?
- საწყის ეტაპზე ხშირად პაციენტები თავად მოგვმართავენ მეხსიერების დარღვევის გამო. გვიან ეტაპზე კი აუცილებელია ახლობლის ჩარევა, რადგან პაციენტი ზოგჯერ ვერ აღიქვამს ამ პრობლემის სერიოზულობას, ხშირად საუბრისგანაც თავს იკავებს, უფრო ჩუმი ხდება, უჭირს შეკითხვების დასმა, წინადადების ფორმულირება. ასევე, ზოგჯერ ღიზიანდება, რომ ვერ გაიხსენა საჭირო ინფორმაცია. ამ დროს უმჯობესია, ყურადღება არ გაუმახვილონ შეცდომებზე, რათა პაციენტი უფრო არ დაითრგუნოს.

- გამონათქვამი „ტვინს ვარჯიში სჭირდება“ - მართლა შველის თუ არა კროსვორდების შევსება ან ახალი ენის სწავლა დემენციის რისკების შემცირებას და დაავადების გადავადებას?
- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ თავის ტვინი მოიხმარს სხეულის ენერგიის დაახლოებით 20%-ს. ენერგიას კი მაშინ ხარჯავს თავის ტვინი, როდესაც აქტიურია. რა თქმა უნდა, ტვინს სჭირდება ვარჯიში. ვიცით, რომ ნებისმიერი უფუნქციო უჯრედი ბუნებაში კვდება. გონებას თუ არ ვავარჯიშებთ, ასეთ შემთხვევაში ხდება თავის ტვინის ატროფია და დაპატარავება. კოგნიტიური სავარჯიშოები სავალდებულოცაა იმ პაციენტებისთვის, ვისაც აქვს მეხსიერების დარღვევა. მარტო მედიკამენტოზური მკურნალობა არაეფექტურია, თუ პაციენტმა პერიოდულად კოგნიტიური სავარჯიშოები არ აკეთა.
კარგია ამ დროს კროსვორდების შევსება, ახალი ენის შესწავლა, ახალი ლექსების სწავლა. ხშირად პაციენტს კარგად ახსოვს ბავშვობაში ნასწავლი ლექსები ან მოვლენა, მაგრამ ვერ იხსენებს, რა საკვები მიიღო ნახევარი საათის წინ. ეს იმით აიხსნება, რომ საწყის ეტაპზე ზიანდება ხანმოკლე, ოპერატიული მეხსიერება, ხანგრძლივი მეხსიერება კი დაავადების მოგვიანებით ეტაპზე ზიანდება.
- რამდენად დიდია კავშირი კვებასთან, ძილთან და ფიზიკურ აქტივობასთან? რა არის ის მინიმუმი, რაც დღესვე შეგვიძლია შევცვალოთ, რომ დემენცია თავიდან ავიცილოთ?
- ზოგადად, ვიტამინების, განსაკუთრებულად B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, ძილის დარღვევა, უმოძრაო ცხოვრების წესი განსაკუთრებულად აქვეითებს მეხსიერებას. აქვე დავამატებ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია სტრესის გავლენა და სითხის ნაკლებობა. რაც შეეხება პრევენციას, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მეხსიერების დაქვეითება: უნდა მოვიწესრიგოთ ძილის რეჟიმი, ასევე მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება, სითხის მიღება (დაახლოებით 1.5-2 ლ დღეში), მოძრაობა და სტრესის მართვა.
- თუ ოჯახში გვყავდა დემენციის მქონე პირი, რამდენად გარდაუვალია ეს ჩვენთვის? შეგვიძლია თუ არა გენეტიკას „ვაჯობოთ“?
- უმეტეს შემთხვევაში გენეტიკა მხოლოდ დაავადების განვითარების რისკს ზრდის, მაგრამ გადამწყვეტი არ არის. ყველაფერი დამოკიდებულია დროულ რეაგირებაზე და ცხოვრების წესზე.
- თუ დემენციის დიაგნოზი დაისვა, ნიშნავს თუ არა ეს „განაჩენს“? რამდენად შესაძლებელია პროცესის შეჩერება ან შენელება თანამედროვე მედიცინით?
- დემენციის დიაგნოზის დასმა გაიდლაინის მიხედვით ხდება, თუ პაციენტს მეხსიერების დარღვევა უგრძელდება მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში. თუ დაისვა დემენციის დიაგნოზი, მკურნალობის მიზანია დაავადების პროგრესირების შეჩერება. ხშირ შემთხვევაში პაციენტს სჭირდება ანტიდემენტური მედიკამენტების მთელი ცხოვრება მიღება. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს ჩივილები მაინც უგრძელდება და თვითნებურად ხდება წამლების შეწყვეტა, რაც არასწორია. პაციენტმა და მისმა ახლობელმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დაავადება პროგრესირებადია და საჭიროებს ექიმის მუდმივ მეთვალყურეობას. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ დროს ახლობელმა უნდა გააკეთოს, არის დროული მიყვანა ნევროლოგთან. პირველ ეტაპზე კეთდება რამდენიმე სახის ტესტირება. ეს ტესტები გვეხმარება, რომ შეფასდეს მეხსიერების დაზიანების ხარისხი. აუცილებელია ასევე ლაბორატორიული კვლევები და ზოგ შემთხვევაში რადიოლოგიური გამოკვლევა - თავის ტვინის მრტ. ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობა და პაციენტის მხრიდან ცხოვრების წესის შეცვლა.

- როგორია დაავადების პროგნოზი და რაზეა დამოკიდებული მკურნალობის შედეგი?
- ინდივიდუალურია, დამოკიდებულია თანმხლებ დაავადებებზე, დროულ მკურნალობაზე. არანამკურნალებ შემთხვევაში დაავადება სწრაფად პროგრესირებს და პროგნოზი არასაიმედოა.
- არსებობს თუ არა რაიმე „ოქროს წესი“ დემენციის მქონე პაციენტის ახლობლებისთვის - როგორ მოვიქცეთ, რომ პაციენტმა თავი ღირსეულად იგრძნოს და დაავადება სწრაფად არ პროგრესირდეს?
- მინდა დავამატო, რომ ამ დროს მნიშვნელოვანია ასაკოვანი პაციენტები მარტო არ ცხოვრობდნენ. კომუნიკაცია ერთმნიშვნელოვნად ეხმარება პაციენტს მეხსიერებისა და განწყობის გაუმჯობესებაში. ცნობილია, რომ დემენცია უფრო მეტად ვითარდება იმ პაციენტებთან, რომლებიც მარტო ცხოვრობენ. მე ვიტყოდი, რომ ადამიანისთვის ყველაზე სერიოზული პრობლემაა დემენცია, რადგან ადამიანი მეხსიერების გარეშე ყველანაირ ღირებულებას კარგავს სხვა ორგანოების გამართული მუშაობის მიუხედავად. გავუფრთხილდეთ მეხსიერებას!