ღამის შიშები ბავშვებში - როგორ მოვიქცეთ ღამის კოშმარის დროს და როდის არის საჭირო სპეციალისტის ჩარევა
ბავშვი ვერ გცნობთ და პანიკაშია? - როგორ მოვიქცეთ ღამის კოშმარის დროს და როდის არის საჭირო სპეციალისტის ჩარევა
ბავშვის განვითარების გზაზე ძილი ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ფაზაა. მშობლებისთვის ხშირად შემაშფოთებელია, როდესაც მათი მშვიდი პატარა ღამით შიშით იღვიძებს ან ძილში გაურკვეველ ფრაზებს ამბობს. თუმცა, სანამ პანიკას მივეცემოდეთ, მნიშვნელოვანია თვალი გადავავლოთ მსოფლიო სამედიცინო სტატისტიკას, რომელიც ამ მოვლენის მასშტაბურობასა და ბუნებრიობას უსვამს ხაზს.
ამერიკის ძილის მედიცინის აკადემიის (AASM) და ჟურნალ Pediatrics-ის ბოლო მონაცემებით:
-
3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 50%-ს პერიოდულად აწუხებს ღამის კოშმარები..
-
ბავშვების 15%-დან 30%-მდე ერთხელ მაინც გამოუცდია ე.წ. „ღამის შიშის“ (Sleep Terrors) ეპიზოდი, რაც ხშირად მშობლების დაფრთხობას იწვევს, რადგან ბავშვი ამ დროს ვერ ცნობს ახლობლებს.
-
შემთხვევათა 90%-ში ეს მდგომარეობა ფიზიოლოგიურია და არ საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩარევას, თუ დაცულია ძილის ჰიგიენა.

როგორ უნდა გავარჩიოთ, როდის არის შფოთვა ბავშვის მზარდი ფანტაზიის ნაწილი და როდის მიანიშნებს ის ნერვული სისტემის გადატვირთვაზე? ამ თემაზე პედიატრი ინგა მამუჩიშვილი გვესაუბრება, რომელიც დეტალურად განმარტავს, როგორ მუშაობს ბავშვის ქვეცნობიერი და რა როლი აკისრია მშობლის სიმშვიდეს ამ პროცესში
- ქალბატონო ინგა, თქვენი დაკვირვებით, 3-10 წლის ასაკში ღამის კოშმარები ხშირია. სად გადის ზღვარი ნერვული სისტემის განვითარების ბუნებრივ პროცესსა და იმ მდგომარეობას შორის, როცა მშობელმა უკვე სპეციალისტს (ნევროლოგს) უნდა მიმართოს?
- 3–10 წლის ასაკში ღამის კოშმარები ფიზიოლოგიური მოვლენაა - ტვინის ემოციური და კოგნიტური განვითარების ნაწილი. ნორმად ითვლება, თუ:
ეპიზოდურია (კვირაში 1-2-ჯერ ან ნაკლები) ბავშვი სწრაფად მშვიდდება, დღისით ქცევა არ იცვლება.
ყურადღება მისაქცევია სპეციალისტისთვის, თუ: ხდება ხშირად (კვირაში ≥3-ჯერ) ბავშვი ვერ მშვიდდება, აქვს პანიკა, ემატება: დღის შფოთვა, რეგრესია (მაგ. შარდის შეუკავებლობა), ასევე ძილის აშკარა დარღვევა.
- კოშმარის დროს ბავშვმა შეიძლება მშობელი უცხო ადამიანადაც კი აღიქვას. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს დედა ან მამა, რომ უფრო მეტად არ დააფრთხოს ისედაც შეშინებული პატარა?
- თუ მშობელს ვერ ცნობს ღამის კოშმარის დროს, არ შევეცადოთ ბავშვის ძალით გამოფხიზლებას. მშვიდი ხმით უთხარით, რომ "დედა აქ არის, შენ უსაფრთხოდ ხარ“, არ შევანჯღრიოთ, არ ავანათოთ ძლიერი სინათლე, ბავშვი ამ დროს ნახევრად ძილშია და რეალობას ვერ აღიქვამს.
- გარდა ეკრანებთან კონტაქტის შეზღუდვისა, კიდევ რა ტიპის „ძილის წინარე რიტუალები“ ეხმარება ბავშვს ემოციური გადატვირთვისგან გათავისუფლებაში?
- ძილის ჰიგიენა არის ნერვული სისტემის რეგულაციის ინსტრუმენტი, ეფექტურია შემდეგი რიტუალები:
- ერთი და იგივე დროს დაძინება
- თბილი აბაზანა
- მშვიდი ზღაპარი (არა დრამატული)
- ჩახუტება/„უსაფრთხოების რიტუალი“
- სუსტად განათებული ოთახი

არ გირჩევთ ძილამდე 2 საათით ადრე :აქტიურ თამაშს, ემოციურად დატვირთული ვიდეოების ყურებას.
- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა დეტალურად გამოჰკითხოს ბავშვს სიზმრის შინაარსი? საერთოდ, უნდა ვახსენოთ თუ არა დილით ღამის ინციდენტი, თუ ჯობია დავივიწყოთ?
- ამ დროს მთავარი ზომიერებაა, თუმცა შეიძლება:დილით ნაზად ვკითხოთ: “გახსოვს რამე?“
არ შეიძლება: დეტალური „გამოძიება“, ამით შიშს ვამყარებთ (მაგალითად, კითხვები „ვინ დაგდევდა?“ და ა.შ.) თუ ბავშვი თავად ჰყვება მოვუსმინოთ და არ გავაუფასუროთ მისი მონათხრობი.
- ხშირად შიშებს თან ახლავს წარმოსახვითი სამყაროც. სად გადის ზღვარი ჯანსაღ ფანტაზიასა (წარმოსახვით მეგობარს) და ისეთ „უცნაურობას“ შორის, რომელიც შესაძლოა ფსიქოლოგის ჩართულობას მოითხოვდეს?
- ჯანსაღი ფანტაზია სრულიად მისაღებია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ნერვული სისტემის განვითარების ბუნებრივი ნაწილია და სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს! თუმცა, საყურადღებოა, თუ ბავშვი შიშით საუბრობს, რომ „ხმები“ აძლევს მითითებებს, ასევე რეალობასა და ფანტაზიას ვერ არჩევს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა და აუცილებელი ფსიქოლოგის შეფასება.
- შეიძლება თუ არა წარმოსახვითი მეგობარი ან გარკვეული „უცნაური“ ქცევა (მაგალითად, ნივთების ღეჭვა შფოთვისას) იყოს ბავშვისთვის ერთგვარი დამცავი მექანიზმი გარე სამყაროს სტრესისგან?
- დიახ, უცნაური ქცევები დამცავი მექანიზმია მაგალითად: ნივთების ღეჭვა, თითის წოვა, განმეორებითი მოძრაობები - ეს შეიძლება იყოს თვითდამშვიდების გზა.
მნიშვნელოვანია: შევაფასოთ სიხშირე და ინტენსივობა, არა თავად ქცევა, არამედ მისი მიზეზი.

- რა ტიპის ცვლილებები, ოჯახურ გარემოში ან დღის რეჟიმში, ხდება ხოლმე ყველაზე ხშირად ბავშვის ამგვარი ემოციური გამოვლინებების ტრიგერი?
- ყველაზე ხშირად ტრიგერი შეიძლება იყოს:
- ოჯახური დაძაბულობა,
- მშობლის შფოთვა (ძალიან გადამდებია!),
- ახალი გარემო (ბაღი, სკოლა),
- რეჟიმის დარღვევა,
- ინფორმაციული სტრესი
- ბავშვი ხშირად „ამბობს სხეულით იმას, რასაც სიტყვებით ვერ ამბობს...“
მშობელს გახსოვდეთ, რომ ბავშვი, რომელიც ღამით შიშით იღვიძებს, არ საჭიროებს დისციპლინას, ის საჭიროებს დაცულობას. დაამშვიდეთ ბავშვი გაღვიძებისას, თქვენი ხმა და ჩახუტება საუკეთესო „მედიკამენტია“. ბავშვის ღამის შიშები ხშირად ქრება მაშინ, როცა გვერდით ესმის მშობლის მშვიდი სუნთქვა და ეუფლება უსაფრთხოების განცდაა