ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულება 21-ე საუკუნის უხილავ ეპიდემიად იქცა - როგორ დავაღწიოთ თავი ხაფანგს?
ერთი შეხედვით უწყინარი სპრეი, რომელმაც შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა პრობლემებამდე მიგიყვანოთ - რატომ ვერ ვანებებთ თავს ცხვირის წვეთებს?
ბევრისთვის დილა არა ყავით, არამედ ცხვირის სპრეის მორიგი დოზით იწყება. ის, რაც ერთი შეხედვით უწყინარი დახმარება გვგონია გაციების დროს, ხშირად შესაძლოა თვეობით და წლობით გაწელილ დამოკიდებულებაში გადაიზარდოს. „ჯიბის წამალი“, რომელიც მყისიერ შვებას გვგვრის, რეალურად ორგანიზმისთვის საშიშია.
როდის ხდება წამალი საფრთხე, სად გადის ზღვარი მკურნალობასა და ქრონიკულ მიჩვევას შორის და როგორ დავიბრუნოთ თავისუფლად სუნთქვის უნარი დამხმარე საშუალებების გარეშე? - ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე ოტორინოლარინგოლოგი დავით მამისაშვილი გვპასუხობს
- ბატონო დავით, ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად გვესმის ტერმინი - „ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულება“. რატომ იქცა, თქვენი აზრით, ეს პრობლემა 21-ე საუკუნის ერთგვარ „უხილავ ეპიდემიად“?
- ბოლო წლებში ეს პრობლემა მართლაც ძალიან გახშირდა. მიზეზი მარტივია -ცხვირის გამხსნელი სპრეები ხელმისაწვდომია, სწრაფად მოქმედებს და ადამიანს მყისიერ შვებას აძლევს. როდესაც ადამიანი რამდენიმე დღე თავისუფლად სუნთქავს მათი გამოყენების შემდეგ, ბუნებრივად უჩნდება სურვილი ისევ გამოიყენოს. დროთა განმავლობაში კი ეს დროებითი დახმარება ჩვევად იქცევა. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ამას „უხილავ ეპიდემიას“ - ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში იყენებს სპრეებს ისე, რომ ვერ აცნობიერებს დამოკიდებულების განვითარებას.
- როდესაც ადამიანი რამდენიმე დღე იყენებს გამხსნელ სპრეის და შემდეგ ვეღარ სუნთქავს მის გარეშე - რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?
- ცხვირის გამხსნელი სპრეები მოქმედებს სისხლძარღვებზე - ისინი ამცირებს ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ხსნის ცხვირს. თუმცა ხშირი გამოყენებისას ხდება საპირისპირო რეაქცია: სისხლძარღვები კარგავს ნორმალურ რეგულაციას და სპრეის მოქმედების დასრულების შემდეგ უფრო ძლიერად ფართოვდება. შედეგად ლორწოვანი გარსი ისევ შუპდება და ადამიანს ეჩვენება, რომ ცხვირი უფრო მეტად ეჭედება. სწორედ ამიტომ ჩნდება საჭიროება სპრეის განმეორებით გამოყენების.
- სად გადის ზღვარი მკურნალობასა და დამოკიდებულებას შორის? რამდენი დღე ითვლება უსაფრთხო გამოყენებად, რის შემდეგაც უკვე რისკი იწყება?
- ცხვირის გამხსნელი სპრეები რეკომენდებულია მხოლოდ მოკლე პერიოდში გამოყენებისთვის. ზოგადად უსაფრთხო პერიოდად ითვლება 3–5 დღე, მაქსიმუმ 7 დღე. ამის შემდეგ უკვე მნიშვნელოვნად იზრდება მედიკამენტოზური რინიტის განვითარების რისკი. თუ ადამიანი კვირაზე მეტხანს ყოველდღიურად იყენებს ასეთ სპრეებს, უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ დამოკიდებულების ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო.

- ბევრი ადამიანი ამ პრობლემას მხოლოდ ცხვირის გაჭედვასთან აკავშირებს. სინამდვილეში, რა სისტემურ გავლენას ახდენს წლების განმავლობაში სპრეების გამოყენება - შეიძლება თუ არა ეს აისახოს არტერიულ წნევაზე ან გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე?
- მართალია, ძირითადი პრობლემა ადგილობრივია, თუმცა ხანგრძლივი გამოყენებისას გარკვეული სისტემური ეფექტებიც შეიძლება გამოვლინდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სპრეები გამოიყენება დიდი დოზით ან ძალიან ხშირად. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება, გულისცემის აჩქარება და ზოგადი ვაზოკონსტრიქციული ეფექტები. ამიტომ ქრონიკული გამოყენება ნამდვილად არ არის უსაფრთხო.
- ხშირად გვხვდება ტერმინი „მედიკამენტოზური რინიტი“. რა არის ეს მდგომარეობა და შეიძლება თუ არა ხანგრძლივმა გამოყენებამ ლორწოვანი გარსის შეუქცევადი ცვლილებები - მაგალითად ატროფია - გამოიწვიოს.
- მედიკამენტოზური რინიტი არის მდგომარეობა, როდესაც ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება სწორედ სპრეების ხანგრძლივი გამოყენებით არის გამოწვეული. ასეთ დროს ლორწოვანი გარსი მუდმივად გაღიზიანებულია, სქელდება და კარგავს ნორმალურ ფუნქციას. ხანგრძლივ შემთხვევაში შესაძლებელია ლორწოვანის სტრუქტურული ცვლილებებიც - მათ შორის ატროფიული პროცესები.
- რამდენად ხშირია ეს პრობლემა ბავშვებში? განსხვავდება თუ არა ბავშვებში დამოკიდებულების ფორმირება და მიმდინარეობა მოზრდილებისგან?
- ბავშვებში ეს პრობლემა შედარებით ნაკლებად გვხვდება, თუმცა სრულად გამორიცხული ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობლები ცხვირის სპრეებს ექიმის რეკომენდაციის გარეშე იყენებენ. ბავშვებში ლორწოვანი გარსი უფრო მგრძნობიარეა, ამიტომ დამოკიდებულება შეიძლება შედარებით სწრაფადაც ჩამოყალიბდეს.

- ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია, რომ თუ ერთხელ „მიეჩვია“ წვეთებს, მათი გარეშე სუნთქვას ვეღარ შეძლებს. რეალურად შესაძლებელია თუ არა ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება ოპერაციის გარეშე?
- დიახ, უმეტეს შემთხვევაში ეს სრულიად შესაძლებელია. სწორი მკურნალობის შემთხვევაში პაციენტების დიდი ნაწილი თავისუფლდება სპრეებზე დამოკიდებულებისგან კონსერვატიული მეთოდებით - სპეციალური ანთების საწინააღმდეგო სპრეებით და ეტაპობრივი გადაჩვევის მეთოდით. მთავარია პროცესი ექიმის მეთვალყურეობით მიმდინარეობდეს.
- როდის დგება ის ეტაპი, როცა კონსერვატიული მკურნალობა აღარ არის საკმარისი და საჭიროა ქირურგიული ჩარევა?
- ქირურგიული მკურნალობა განიხილება მაშინ, როდესაც ცხვირის მუდმივი გაჭედვის მიზეზი მხოლოდ მედიკამენტოზური რინიტი აღარ არის და დამატებით არსებობს ანატომიური პრობლემა - მაგალითად ცხვირის ძგიდის გამრუდება, ცხვირის სარქვლის კოლაფსი ან ნიჟარების ჰიპერტროფია. ასეთ შემთხვევებში ოპერაცია ხელს უწყობს ნორმალური სუნთქვის აღდგენას.
- არსებობს ე.წ. „ეტაპობრივი გადაჩვევის“ მეთოდები - მაგალითად, ერთ ნესტოში წვეთების შეწყვეტა ან დოზის თანდათან შემცირება. რამდენად ეფექტურია ასეთი თვითდახმარების სქემები?
- ზოგიერთ პაციენტში ეს მეთოდი მართლაც ეფექტურია. მაგალითად, როდესაც ადამიანი თავდაპირველად წვეთებს მხოლოდ ერთ ნესტოში წყვეტს ან თანდათან ამცირებს გამოყენების სიხშირეს. თუმცა ეს ყოველთვის არ არის მარტივი პროცესი და ხშირად საჭირო ხდება დამატებითი მედიკამენტური დახმარებაც.
- ბოლო დროს ბევრს ურჩევენ ზღვის მარილის სპრეებს, როგორც უსაფრთხო ალტერნატივას. რეალურად ეხმარება თუ არა ასეთი საშუალებები ლორწოვანი გარსის აღდგენას და დამოკიდებულებიდან გამოსვლას?
- ზღვის მარილოვანი სპრეები უსაფრთხო საშუალებად ითვლება და ნამდვილად ეხმარება ცხვირის ლორწოვანი გარსის დატენიანებასა და გაწმენდას. ისინი არ იწვევს დამოკიდებულებას და ხშირად გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება მკურნალობის პროცესში.
- თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა არის ყველაზე ხშირი შეცდომა, რომელსაც პაციენტები უშვებენ - განსაკუთრებით მაშინ, როცა ღამით თავისუფლად სუნთქვის შიში აქვთ?
- ყველაზე ხშირი შეცდომა არის ის, რომ ადამიანები სპრეებს თვითნებურად, თვეებისა და წლების განმავლობაში იყენებენ. განსაკუთრებით ხშირად ეს ხდება ღამით, რადგან ადამიანს ეშინია, რომ ცხვირის გაჭედვის გამო ვერ დაიძინებს. სწორედ ეს მუდმივი გამოყენება აძლიერებს პრობლემას.

- და ბოლოს, რა სიგნალია ის, როდესაც ადამიანი უნდა დაფიქრდეს: „დროა, უკვე ოტორინოლარინგოლოგს მივმართო და თვითმკურნალობა შევწყვიტო“?
- თუ ცხვირის სპრეების გამოყენება 7–10 დღეზე მეტხანს გრძელდება, ან ადამიანი უკვე გრძნობს, რომ მათი გარეშე სუნთქვა უჭირს, აუცილებლად უნდა მიმართოს ოტორინოლარინგოლოგს. ადრეული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს და საშუალებას აძლევს პაციენტს სწრაფად დაუბრუნდეს ნორმალურ სუნთქვას.
მსოფლიო სტატისტიკა და სამედიცინო კვლევები
სამედიცინო ლიტერატურაში ცხვირის წვეთებზე დამოკიდებულება ცნობილია როგორც მედიკამენტოზური რინიტი (Rhinitis Medicamentosa). კვლევები აჩვენებს, რომ ეს პრობლემა იმაზე მასშტაბურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს:
სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ოტორინოლარინგოლოგთან ვიზიტების დაახლოებით 1% - 9% სწორედ მედიკამენტოზური რინიტით არის განპირობებული. ზოგიერთ რეგიონში ეს მაჩვენებელი 15%-მდეც აღწევს.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლორწოვანი გარსის სტრუქტურული ცვლილებები და სისხლძარღვების რეაქტიულობის დარღვევა პაციენტების დიდ ნაწილში გამხსნელი სპრეების ზედიზედ 10 დღეზე მეტი გამოყენების შემდეგ იწყება.
სტატისტიკურად, დამოკიდებულება ყველაზე ხშირად 20-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებში გვხვდება, რაც ცხოვრების აქტიურ ტემპს და სწრაფი ეფექტის მიღების სურვილს უკავშირდება.
დადგენილია, რომ იმ ადამიანების 25%-ს, ვისაც მედიკამენტოზური რინიტი აქვს, პარალელურად აწუხებს ქრონიკული სინუსიტი ან ცხვირის ძგიდის დეფორმაცია, რაც თავდაპირველად სპრეების ჭარბი მოხმარების მაპროვოცირებელი ხდება.
პაციენტებში, რომლებიც წლების განმავლობაში იყენებენ ცხვირის გამხსნელებს, 30%-ით მეტია ცხვირიდან სისხლდენისა და ლორწოვანი გარსის ქრონიკული სიმშრალის (ატროფიის) განვითარების ალბათობა.