რატომ კარგავს 40 წელს გადაცილებული მამაკაცების 40% ტესტოსტერონს და როგორ ავიცილოთ თავიდან ნაადრევი სიბერე? - „უხილავი კრიზისი“
ტესტოსტერონის „მკვლელები“ და მხარდამჭერი პროდუქტები: როგორ შევინარჩუნოთ ცხოვრების ხარისხი 50 წლის შემდეგ?
სტატისტიკა აჩვენებს, რომ მამაკაცების თითქმის 40% 45 წლის შემდეგ განიცდის ტესტოსტერონის დონის კლინიკურად მნიშვნელოვან შემცირებას. ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში (The BMJ) გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ეს პროცესი ხშირად „ჩუმად“ მიმდინარეობს და პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ სექსუალურ დისფუნქციასთან, არამედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის 25%-იან ზრდასთან და ძვლის სიმკვრივის დაკარგვასთან. მიუხედავად იმისა, რომ ანდროპაუზას ხშირად „მამაკაცურ კლიმაქსს“ უწოდებენ, მისი ბუნება ბევრად უფრო კომპლექსურია.
რა ემართება მამაკაცის ორგანიზმს 40-50 წლის შემდეგ, რატომ იცვლება მათი ხასიათი და როგორ ავირიდოთ თავიდან ნაადრევი სიბერე? - ამ თემებზე Mkurnali.ge-ს უროლოგი გიორგი ნაცვლიშვილი ესაუბრა
ანდროპაუზა vs მენოპაუზა - რა არის მთავარი განსხვავება?
- ბატონო გიორგი, პირველ რიგში განგვიმარტეთ, რა არის ანდროპაუზა? ხშირად მას ქალის მენოპაუზას ადარებენ, თუმცა რამდენად მართებულია ეს შედარება სამედიცინო თვალსაზრისით?
- მამაკაცის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების გამომუშავების კლებას ანდროპაუზა ეწოდება. ქალებში იგივე სახის პრობლემები ესტროგენების კლებასთანაა დაკავშირებული. განსხვავებით ქალბატონებში მენოპაუზა სწრაფად დგება და აღარ ხდება ფოლიკულის მომწიფება უწყდებათ ციკლი, მამაკაცებში ნელ-ნელა ხდება შედარებით გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში, რაც პრობლემების ნელ-ნელა გამოჩენასთანაა დაკავშირებული.
- ფიზიკური ცვლილებების გარდა, რატომ ხდება ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა 50 წლის შემდეგ? რატომ ხდებიან მამაკაცები ამ დროს უფრო გაღიზიანებულები ან, პირიქით, დეპრესიულები?
- ანდროპაუზა, როგორც მოვახსენეთ, ტესტოსტერონის კლებაა ჩვენს ორგანიზმში. ტესტოსტერონი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში. წონაში მატება, კუნთოვანი მასის კლება, უხასიათობა ამ ჰორმონის ნაკლებობასთან პირდაპირ კავშირშია. მეტაბოლიზმი ნელდება, ცხიმოვანი ცვლა აღარაა აქტიური, ზოგადი ფიზიკური აქტივობა მცირდება, რაც ცალსახად არა მარტო გულ-სისხლძარღვთა, არამედ საყრდენ-მამოძრავებელ და სხვა სისტემებზეც უარყოფითად აისახება.

„უხილავი“ პრობლემა: როცა სხეულს „არ უნდა“
- ხშირად მეუღლეები ამჩნევენ ცვლილებებს, მაგრამ მამაკაცი უარყოფს პრობლემას. როგორ უნდა მიხვდეს ოჯახი, რომ საქმე არა „ცუდ ხასიათთან“, არამედ ჰორმონალურ დისბალანსთან გვაქვს?
- ტესტოსტერონი არის ლიბიდოს მოთხოვნილების განმაპირობებელი, მის გარეშე ობიექტურად სურვილის ქონა გამორიცხულია თუმცა სუბიექტურად ასე ვთქვათ, ჩვენ ფიქრებში შეიძლება გვინდოდეს, ჩვენს სხეულს, ორგანიზმს არ უნდა სქესობრივი აქტი, რადგან ამ ყველაფრის აღმქმელი სენსორი არ გვაქვს ორგანიზმში.
- ჯანსაღი ცხოვრების წესი - რეალური გამოსავალი თუ მითი?
- არსებობს თუ არა კავშირი ანდროპაუზასა და ე.წ. „შუა ხნის კრიზისს“ შორის? რამდენად შეუძლია სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობას და მავნე ჩვევებზე უარის თქმას პროცესის შენელება?
- ცხოვრების წესი სასურველია მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯანსაღი იყოს და რა თქმა უნდა, პროცეს ანელებს. თუმცა ადამიანის ბიოლოგია ისეა მოწყობილი მხოლოდ ასე რომ იყოს შესაძლებელი შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა ჩვენი საყვარელი სპორტსმენები ან სულ არ დაბერდებოდნენ ან ძალიან გვიან მოხდებოდა ეს. თუმცა ცალსახად ჯანსაღი ცხოვრების წესით ბევრად უფრო დიდხანს შევინარჩუნებთ ახალგაზრდობას.

ექიმის მთავარი რეკომენდაცია 40+ მამაკაცებს
- რა არის თქვენი მთავარი რჩევა მამაკაცებისთვის, რომლებსაც სურთ 50-60 წლის ასაკშიც შეინარჩუნონ ცხოვრების ხარისხი და ენერგია?
- აღმოჩნდა რომ ტესტოსტერონის კლება ბევრად ადრე იწყება ვიდრე პაციენტი აღმოაჩენს სიმპტომებს. შედარებისთვის 35 წლის ასაკში 10-15 პროცენტით ნაკლებია ამ ჰორმონის რაოდენობა ვიდრე 25 წლის ასაკში თუმცა ჩივილები შეიძლება არც ჰქონდეს ადამიანს. შესაძლებელია 90 წლის ასაკშიც რეფერალურ საზღვრებში იყოს ამ ჰორმონის ნორმა მაგრამ მაგალითად 10- დან 100 ამდე თუა ნორმა 11-ც ნორმაა და თუ მქონდა 70 და გახდა 11 არ ვიგრძნობ თავს კარგად. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება 40 წლიდან მამაკაცებმა აკონტროლონ ამ ჰორმონის ნორმა, ეცადონ დაიცვან ცხოვრების ჯანსაღი წესი და მოერიდონ ყოველდღიურობაში იმ პროდუქტებს რაც ისედაც არასტაბილურ ჰორმონულ დონეს კიდე უფრო მეტად შეცვლის.
5 პროდუქტი ტესტოსტერონის „მხარდასაჭერად“
იმისთვის, რომ ჰორმონალური ფონი სტაბილური იყოს, კვების რაციონს დიდი მნიშვნელობა აქვს. აი, რა უნდა იყოს 40+ მამაკაცის სუფრაზე:
- გოგრის თესლი – თუთიის (Zinc) ნომერ პირველი წყარო, რომელიც პირდაპირ კავშირშია ტესტოსტერონის სინთეზთან.
- ცხიმიანი თევზი (ორაგული, სკუმბრია) – ომეგა-3 და D ვიტამინი ჰორმონალური ბალანსის საფუძველია.

- ნიახური და მწვანილი – შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას მცირე მენჯის ღრუში.
- კვერცხი – ქოლესტერინი (გონივრული რაოდენობით) არის ის „ნედლეული“, რომლისგანაც ორგანიზმი ტესტოსტერონს აწარმოებს.
- თხილეული (განსაკუთრებით ნიგოზი) – მდიდარია მაგნიუმით და სასარგებლო ცხიმებით.
რა „კლავს“ მამაკაცურ ჰორმონებს?
ექიმის რეკომენდაციით, 40 წლის შემდეგ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ:
- ლუდი – შეიცავს ფიტოესტროგენებს (ქალის ჰორმონის მცენარეულ ანალოგებს).
- ჭარბი შაქარი – ინსულინის ნახტომები მკვეთრად აქვეითებს ტესტოსტერონს.
- უძილობა – ტესტოსტერონის ძირითადი მარაგი ღამის ძილის დროს გამომუშავდება.