„კოლაგენი ნაოჭებს 3 კვირაში ვერ გააქრობს“ - რას გვიშავებს თვითნებურად დალეული დანამატები: ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას რეკომენდაციები
შედეგად, ვიტამინების მიღება თანამედროვე ცხოვრების წესად და ერთგვარ მოდად იქცა.
თუმცა, რამდენად უსაფრთხოა ეს „ჯანმრთელობის აბები“ და რა იმალება ლამაზი შეფუთვის მიღმა? სად გადის ზღვარი საჭიროებასა და საფრთხეს შორის? ამ თემებზე Mkurnali.ge-ს მკითხველს ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ლაშა უჩავა ესაუბრება
- ბატონო ლაშა, რატომ არ შეიძლება ვიტამინებისა და დანამატების თვითნებურად მიღება ექიმის გარეშე?
- ბოლო წლებში ძალიან ტრენდული გახდა საკვები დანამატები, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა ტიპის ვიტამინებსა და მინერალებს. თითოეული მათგანი გარკვეულ როლს ასრულებს ჩვენს ორგანიზმში. ერთი შეხედვით, თითქოს უსაფრთხო უნდა იყოს, რადგან ისინი ბუნებრივი პროდუქტებია და ჩვენს ორგანიზმშიც არსებობენ, მაგრამ ეს ასე არ არის - შესაძლებელია, ზოგიერთმა მათგანმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე. როდესაც რომელიმე საკვები დანამატის მიღებას გადავწყვეტთ, აუცილებლად უნდა გვქონდეს პროფესიული ინფორმაცია. მე არ ვგულისხმობ სოციალურ ქსელში გავრცელებულ რჩევებს. ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ იმ საფრთხეების შესახებ, რასაც თითოეული მათგანი შეიცავს, ამიტომ, იქნება ეს საკვები დანამატი თუ მიკრო და მაკრო ელემენტი, უმჯობესია, ის ექიმმა დანიშნოს.

„D ვიტამინი პანაცეა არ არის“ - როდის იწვევს ის ინტოქსიკაციას და თირკმელებში კენჭების წარმოქმნას
- გადის წლები და D ვიტამინის „მოდა“ არ კარგავს აქტუალურობას, მას ხშირად პანაცეად აღიქვამენ...
- D ვიტამინი განსაკუთრებით პოპულარული კოვიდ-პანდემიის დროს გახდა. მას მანამდეც იცნობდა სამედიცინო საზოგადოება, თუმცა რამდენიმე ათწლეულის წინ მხოლოდ ბავშვთა ასაკში რაქიტთან ასოცირდებოდა. დროთა განმავლობაში კვლევებმა აჩვენა, რომ ის ორგანიზმის 300-ზე მეტ მეტაბოლურ პროცესშია ჩართული და დღეს ლიტერატურაში მას მოიხსენიებენ, როგორც „ჰორმონ D-ს“. ხშირ შემთხვევაში ხდება მისი პოპულისტური გამოყენება და აღმატებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა ყოველთვის ასე არ არის. ბოლო პერიოდის კვლევებით, D ვიტამინს კოვიდის მკურნალობაში არანაირი ეფექტურობა არ ჰქონდა. თუმცა არსებობს ბევრი სტატია იმის შესახებ, რომ იმ ადამიანებში, ვისაც D ვიტამინის დეფიციტი ჰქონდა, კოვიდი მწვავედ მიმდინარეობდა. უკვე დადასტურებული დაავადების დროს მის მიღებას პროცესზე გავლენა აღარ ჰქონდა.
- რა სიმპტომები ახასიათებს მის ნაკლებობას?
- ნაკლებობა იწვევს დაღლილობას, უენერგიობას, ხშირ ავადობას, რადგან მას დიდი ზემოქმედება აქვს იმუნურ სისტემასა და ძვლოვან სისტემაზე (განსაკუთრებით ბავშვებში). ხანდაზმულებში კი საჭიროა ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებისთვის, რომ არ განვითარდეს ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი. სწორედ ამ ჩივილების შემთხვევაში ხდება დიაგნოსტიკა და დანიშვნა.
- რა ხდება ზედოზირების შემთხვევაში?
- D ვიტამინი ერთ-ერთია იმ ვიტამინთაგან, რომელიც ზედოზირებისას ინტოქსიკაციას იწვევს. ხშირად ადამიანები, მეგობრების, მეზობლების რჩევით იღებენ სამკურნალო დოზას და არა საპრევენციოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის დიდი რაოდენობით დაგროვება სისხლში, რაც იწვევს თირკმელებში კენჭის წარმოქმნას, შარდსასქესო სისტემის დაავადებებს, გულის რიტმის დარღვევას, ზედმეტ ოფლიანობასა და თავის ტკივილსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ მეორე ადამიანს დეფიციტი აქვს, აუცილებელია დიაგნოსტირება და მხოლოდ ამის შემდეგ დანიშვნა.

- რას გვეტყვით კოლაგენის ფხვნილზე, ე.წ. „ახალგაზრდობის ფორმულაზე“?
- კოლაგენი მხოლოდ კანის გაახალგაზრდავებას არ ემსახურება; მისი როლი დიდია ძვალ-სახსროვან სისტემაში, სისხლძარღვების ელასტიკურობაში, მყესებისა და იოგების ჩამოყალიბებაში. ორგანიზმის დაბერებასთან ერთად მისი გამომუშავება მცირდება. დღეს ბაზარზე ბევრი ტიპის კოლაგენია. მას აქვს ეფექტი, მაგრამ არა ისეთი, რასაც ბევრი ელოდება - რომ 3-4 კვირაში ნაოჭები გაქრება. როცა ეფექტს ვერ ხედავენ, თვითნებურად უმატებენ დოზებს, რაც დაუშვებელია. აუცილებელია ზომიერების დაცვა. წყალსაც კი, თუ არაზომიერად მივიღებთ, შეუძლია ზიანი მოუტანოს ორგანიზმს.

წითელი ხორცის მიღება 55 წლის ზემოთ სასურველი არ არის - როდის ხდება ვიტამინების მიღება საფრთხე ორგანიზმისთვის
- შეიძლება თუ არა ჩვეულებრივი პროდუქტებითაც მივიღოთ ზედოზირება?
- რა თქმა უნდა. სასარგებლო პროდუქტების ყოველდღიურად გამოყენებაც კი არ შეიძლება. მაგალითად წითელი ხორცი არ უნდა იქნეს გამოყენებული 55 წლის ზევით მამაკაცებში და 65 წლის ზემოთ ქალებში, რადგან გულ-სისხლძარღვთა სისტემის განვითარების რისკი ბევრად უფრო მაღალია. ხორცში შემავალი გარკვეული ნივთიერებები გავლენას ახდენენ არტერიულ ჰიპერტენზიაზე.
- წლების მანძილზე დემონიზებული იყო ღორის ხორცი, ბოლო დროს კი ბავშვების მენიუშიც კი ჩართეს...
- ღორის ხორცი ხშირად ცხიმთან ასოცირდება. თუმცა, დაზუსტებულია, რომ საქონლის ხორცის ცხიმიან ნაწილში ბევრად უფრო მაღალია „ცუდი“ ქოლესტერინის დონე, ვიდრე ღორის ხორცის ე.წ. სალაში. თუ არჩევანი ცხიმიან საქონლისა და ღორის ხორცს შორის არის, ქოლესტერინის თვალსაზრისით ღორის ხორცი სჯობს. ჩვენ თუ ვსაუბრობთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ამ შემთხვევაში ნაღვლის მჟავებისთვის, ღორის ხორცი ბევრად უფრო რთული გადასამუშავებელია, ვიდრე საქონლის ცხიმიანი ნაჭერი. სრული აკრძალვა არცერთზე არ მოქმედებს, თუმცა პათოლოგიების დროს გარკვეული შეზღუდვები საჭიროა.
- რას იტყვით „ვიტამინების კოქტეილებზე“, რომლებიც ასევე ძალიან პოპულარულია?
- ადრე თუ მხოლოდ მულტივიტამინები იყო, დღეს ცალკეული კომპონენტებია წინ წამოწეული. კვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს ვიტამინები, რომლებიც ერთმანეთის შეწოვას უშლიან ხელს და პირიქით - ეხმარებიან. ამიტომ მოხდა მათი განცალკევება. მაგალითად, კალციუმის მესამე თაობის დანამატებში უკვე შედის მაგნიუმი, თუთია და D ვიტამინი ერთად. ექიმი ყოველთვის ეცნობა მსგავს კვლევებს, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის კი ეს ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის.

- ვიტამინების შემთხვევაში რომელი ფორმა ჯობია: აბები, სუსპენზია თუ კაფსულები?
- გააჩნია ვიტამინს. მაგალითად, D ვიტამინი ცხიმში ხსნადია და ზოგიერთ ფორმას ცხიმიან საკვებთან ერთად მიღება სჭირდება. ამიტომ ხშირად ნიშნავენ კაფსულებს, სადაც ემულსიაა მოთავსებული. რკინის შემთხვევაში, მჟავიანობა რომ არ მოიმატოს, უკეთესია საღეჭი აბები ან სითხე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობას.
- დასასრულს, რა არის თქვენი „ოქროს წესი“ მკითხველისთვის?
- იმისათვის, რომ ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ, მნიშვნელოვანია, ერთხელ მაინც მოხდეს დიაგნოსტირება და გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან. მხოლოდ ასე გვეცოდინება, რა დოზირებითა და ინტერვალებით შეგვიძლია მივიღოთ ესა თუ ის ელემენტი.