გაზაფხული და ინტერიერის განახლების ხერხები
სასიამოვნო ამინდებმა შეგვახსენა, რომ უკვე ცვლილებების დროა! გაზაფხული ხომ სწორედ სიცოცხლისა და ენერგიის სეზონია, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ინტერიერის ცვლილებებთან ერთად შეგიძლიათ შემოიტანოთ.
იმისთვის, რომ ბინაში საგაზაფხულო განწყობა შექმნათ, სარემონტო სამუშაოები სულაც არ არის საჭირო. პატარა დეტალებსაც კი შეუძლიათ ინტერიერის გადასხვაფერება და სახლში გაზაფხულის „შემოპატიჟება“.
თუ გსურთ თქვენს ბინაში ინტერიერი მარტივად და ბიუჯეტურად გადაახალისოთ, შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:
განათება - პირველი ნაბიჯი გაზაფხულისკენ
ზამთრისთვის დამახასიათებელი უმზეო ამინდები, გაზაფხულის გრძელმა და ნათელმა დღეებმა შეცვალა. სინათლე და სითბო ადამიანების განწყობაზე დადებითად მოქმედებს, სწორედ ამიტომ, ინტერიერის დიზაინერები ცდილობენ ბინები განათებით მაქსიმალურად დატვირთონ.
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად შეგიძლიათ:
- ზამთრის მუქი ფარდები საგაზაფხულო თხელი ფარდებით შეცვალოთ;
- ინტერიერში დაამატოთ სანთლები და სანათები;
- თხელი ფარდებიდან შემომავალი ბუნებრივი სინათლე პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით და თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ.
ნივთების გადაადგილება
როგორც აღვნიშნეთ, პატარა დეტალების ცვლილებასაც კი ინტერიერის დიზაინში უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, ავეჯის გადაადგილება ბინის აღქმის ახლებურ პერსპექტივას მოგცემთ.
საგაზაფხულო მუხტის შემოსატანად:
- შეცვალეთ ავეჯის გადასაკრავი ქსოვილები;
- დაამატეთ ახალი თეთრეული და ბალიშები;
- ავეჯის ცვლილებასთან ერთად, დამატებითი ახალი დეკორაციები ინტერიერის გადასახალისებლად და გაზაფხულის განწყობის შესაქმნელად გამოიყენეთ.
გაზაფხულის ფერები - ენერგიული და პოზიტიური ცვლილებებისთვის
ბინაში შესვლისთანავე, პირველი, რაც გაზაფხულს გაგახსენებთ, ეს საგაზაფხულო ფერებია.
რომელი ფერები უკავშირდება ამ სეზონს?
- ფისტის ფერი;
- თიხისფერი;
- მუქი ლურჯი;
- ბაიისფერი ყვითელი;
- ღია ვარდისფერი.
მოცემული ფერების გამოყენებით ინტერიერში საგაზაფხულო მუხტს შემოიტანთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ამ ფერის დეკორაციები, ან ერთ-ერთ მზიან დღეს თქვენ თავადვე შეღებოთ კედლები, თაროები თუ სათავსოები. შეასრულეთ ეს აქტივობა ოჯახის წევრებთან ერთად, რაც ამ პროცესს უფრო სასიამოვნოს, სახალისოს და დასამახსოვრებელს გახდის.
ბინის მოწესრიგება და ორგანიზება
ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობი იქნება, თუ როგორ ასოცირდება ზამთრის შემდგომი პერიოდი სახლის საფუძვლიანად დალაგებასა და ორგანიზებასთან. შედეგად, მიიღებთ სივრცეს, რომელიც არ არის გადატვირთული და მასში სივრცულობა თუ ჰაეროვნება იგრძნობა.
შეინახეთ ზამთრის ტანსაცმელი
- გადმოწმინდეთ ქვედა და ზედა თაროები;
- სანიტარული წესით დაამუშავეთ ნიჟარა, საშხაპე და საპირფარეშო;
- მიაქციეთ დიდი ყურადღება იატაკს და ხალიჩებს. შეიძინეთ ღია ფერის ხალიჩა, რომელიც თქვენს სახლში საგაზაფხულო განწყობას გაამძაფრებს.
მცენარეები, მცენარეები და მცენარეები
რა ასოცირდება გაზაფხულთან ყველაზე მეტად, თუ არა მცენარეები? მწვანე ფერთან ერთად, მცენარეები თქვენს ინტერიერში სილაღეს, სუფთა ჰაერსა და სასიამოვნო არომატს შემოიტანენ.
რომელია გაზაფხულის მცენარეები?
- ვარდები;
- ლავანდა;
- ფუქსია;
- ორქიდეა;
- ია.
გაზაფხული იდეალურია თქვენი აივნის გადასახალისებლად, სადაც ეს სეზონი ყველაზე მეტად შეგიძლიათ შეიგრძნოთ. საგაზაფხულო მცენარეები ამ სივრცესაც ტკბილ სურნელს მოჰფენს.
უკვე დაიწყეთ გაზაფხულისთვის მზადება? ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, თქვენს ბინაში ნამდვილი გაზაფხული მოაწყოთ და თბილი დღეების მოსვლას მომზადებული დახვდეთ.
გაზაფხული, წვიმა და დალაქავებული ფანჯრები
გაზაფხულის დადგომასთან ერთად იწყება წვიმების სეზონიც და დიასახლისები დამეთანხმებიან, რომ წვიმის მოსვლა და ფანჯრებზე არაესთეტიკური ლაქების წარმოქმნა ერთია. ფანჯრების წმენდა კი, მოგეხსენებათ, არც ისე სასიამოვნო პროცესია, განსაკუთრებით მაღალ სართულებზე მცხოვრებთათვის.
სისუფთავე დეტალებშია და თქვენც, სასურველი შედეგის მისაღწევად შემდეგი დეტალების გათვალისწინება მოგიწევთ:
- პირველ რიგში, მინებს მშრალი ნაჭრით მოაშორეთ არსებული მტვერი;
- გაწმინდეთ მინის საწმენდი საშუალებით;
- ჩარჩო, რაფა გაწმინდეთ თბილი წყლით;
- ძალიან ეფექტურია ცარცით წმენდა, სველი რბილი ნაჭრით გაწმენდის შემდეგ, ბამბით წაუსვით ცარცის ფხვნილის ნაყენი, გაშრობის შემდეგ კი გაწმინდეთ მშრალი ნაჭრით;
- ასევე ეფექტურია როგორც მინისთვის, ისე ჩარჩოებისთვის, ნიშადურიანი წყალი (1 სუფრის კოვზი + 1 ლიტრი წყალი);
- თუ გსურთ თქვენი ფანჯრები სარკისებურად ბზინავდეს, ეს ნაზავი გამოიყენეთ: 1 სუფრის კოვზი სახამებელი + 1 ლიტრი წყალი, ეფექტურია ძმარიც;
- ბუზების ნაკვალევთან საბრძოლველად კარგია ნიშადურის სპირტისა და წყლის თანაბარი ნაზავი;
- თბილს წყალს + სპირტი, ძლიერ ჭუჭყს ადვილად აშორებს.