მოძრაობა როგორც წამალი: რატომ არის ფიზიკური აქტივობა აუცილებელი
წარმოიდგინეთ, რომ არსებობს წამალი, რომელიც:
- აუმჯობესებს განწყობას;
- გვმატებს ენერგიას;
- გვიცავს სხვადასხვა დაავადების განვითარებისგან, მაგალითად, როგორებიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა სახის კიბო და ა.შ.
- ამცირებს სტრესს;
- გვეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
ამ წამალს არც ფასი აქვს და არც გვერდითი ეფექტი. და დიახ, ეს წამალი ნამდვილად არსებობს და მას მოძრაობა ეწოდება. ჩვენი სხეული მოძრაობისთვისაა შექმნილი და ეს განვითარების ყველა ეტაპზე ასე იყო. მაგალითად, წარსულში ნადირობა, ცოცვა, სირბილი და ა.შ. გადარჩენისთვის აუცილებელი აქტივობები იყო, თუმცა ახლა, ჩვენი გადატვირთული რეალობიდან გამომდინარე, ხშირად გვავიწყდება რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა და როგორი ზემოქმედება აქვს მას ჩვენს ორგანიზმზე. რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს არაგადამდები დაავადებების პრევენციას, როგორებიცაა გულის დაავადებები, ჰიპერტენზია, დიაბეტი და სხვადასხვა სახის კიბო. ის ასევე ხელს უწყობს სხეულის ჯანსაღი წონის შენარჩუნებას. ასევე, ფიზიკურ აქტივობას შეუძლია გააუმჯობესოს მენტალური ჯანმრთელობა, ცხოვრების ხარისხი და კეთილდღეობა.
რა ხდება, როდესაც ვმოძრაობთ:
როდესაც ვმოძრაობთ ჩქარდება პულსი, აქტიურდება სისხლის მიმოქცევა და ქსოვილებს მეტი ჟანგბადი მიეწოდებათ. ასევე, ძლიერდება გულის მუშაობაც. მოძრაობა ხელს უწყობს კუნთების განვითარებასა და მათი ტონუსის შენარჩუნებას. ფიზიკური დატვირთვა ასტიმულირებს ძვლების სიმტკიცესა და კალციუმის ეფექტურ გამოყენებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოსტეოპოროზის პრევენციისათვის.
რეგულარული ფიზიკური დატვირთვა აჩქარებს მეტაბოლიზმს და ორგანიზმს კალორიების ეფექტურად წვის პროცესშიც ეხმარება. აქტიური ცხოვრების წესი ასტიმულირებს სხეულის ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს და ზრდის საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობას.
აღსანიშნავია ფიზიკური აქტივობის კავშირი ჰორმონებთანაც. როცა ვვარჯიშობთ, ორგანიზმი გამოიმუშავებს სხვადასხვა ჰორმონს, რომლებიც გავლენას ახდენენ როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობებზე. მაგალითად, ენდორფინები (ბედნიერების ჰორმონები) გვეხმარება კარგი განწყობის შენარჩუნებაში და ამცირებს სტრესს. დოპამინი ასოცირებულია მოტივაციასთან და სიამოვნებასთან. რაც შეეხება ადრენალინსა და კორტიზოლს, ისინი ეხმარებიან სხეულს სტრესთან გამკლავებაში და ზრდიან ენერგიას. რეგულარული მოძრაობა ჰორმონების ბალანსს აუმჯობესებს, რაც საბოლოოდ უკეთეს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
დამატებით, ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ტვინის სისხლით მომარაგების გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია კონცენტრაციის, მეხსიერებისა და შემოქმედებითი აზროვნების გასაძლიერებლად. ასევე, ფიზიკური აქტივობა აჩენს პასუხისმგებლობისა და დისციპლინის განცდას.
გარდა იმისა, რომ ფიზიკური აქტივობა უზრუნველყოფს სხეულის ჯანმრთელობას, ის მნიშვნელოვან გავლენს ახდენს ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც. დღევანდელ რეალობაში, რომელშიც სტრესი, გადაღლა და ემოციური დაძაბულობა თითქმის ყველანაირ საქმიანობას თან სდევს, მოძრაობა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი გზაა შინაგანი ბალანსის აღსადგენად.
5 რჩევა ფიზიკური აქტივობისათვის
1. ივარჯიშეთ რეგულარულად — სჯობს ყოველდღე 10-15 წუთით ივარჯიშოთ, ვიდრე კვირაში მხოლოდ ერთხელ 2 საათით. რეგულარულობა ბევრად ეფექტურია, რადგან სხეული მუდმივ აქტიურობას ეჩვევა და პროგრესიც სტაბილურად ჩანს.
2. მოძრაობა ჩართეთ ყოველდღიურობაში — მაგალითად, ლიფტის ჩანაცვლება კიბეებით, ასევე მოკლე მანძილზე მანქანის ნაცვლად ფეხით გასვლა. გააკეთეთ მცირე პაუზები ყოველ 40-50 წუთში ერთხელ, გაიარეთ ან გაიჭიმეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდხანს ზიხართ.
3. აირჩიეთ აქტივობა, რომელიც მოგწონთ — ვარჯიში არ უნდა იყოს სავალდებულო რუტინა. გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის სასიამოვნოა — ცეკვა, სირბილი, ცურვა, პილატესი და ა.შ.
4. დაიწყეთ ნელა და დატვირთვა თანდათან გაზარდეთ — თუ ფიზიკურ აქტივობას ახლა იწყებთ, ნუ ეცდებით ერთიანად მძიმე ვარჯიშს, ეს ზრდის ზედმეტად გადაღლისა და ტრავმის რისკს. დაიწყეთ მსუბუქად და კვირიდან კვირამდე ცოტათი გაზარდეთ დატვირთვა.
5. მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს — ვარჯიში სასარგებლოა, მაგრამ გადატვირთვა საზიანოა. თუ დაღლა, ტკივილი ან დისკომფორტი იგრძენით, შეასვენეთ სხეული.
და ბოლოს, მოძრაობა ცხოვრებას უფრო ხარისხიანს ხდის: აქტიური ადამიანები უკეთ იძინებენ, ნაკლებად ღიზიანდებიან, უფრო ხშირად იღიმიან და სტრესს ბევრად უფრო მარტივად უმკლავდებიან. მოძრაობა რეალურად არის „წამალი“ არა მხოლოდ სხეულისთვის, არამედ გონებისა და ემოციური ჯანმრთელობისთვის. რეგულარული ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კუნთებისა და ძვლების ჯანმრთელობას, ტვინის ფუნქციებს, მეტაბოლიზმსა და იმუნურ დაცვას. ამ მიზეზით, ყოველდღიური აქტივობა უნდა იქცეს ცხოვრების განუყრელ ნაწილად.
ავტორი: ელენე მოდებაძე