HPV ვაქცინა — პრევენციის ძალა და მომავლის იმედი
სტატისტიკურად, სქესობრივად აქტიური ადამიანების უმეტესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ამ ინფექციასთან შეხება. HPV-ს 200-ზე მეტი ტიპი არსებობს, თუმცა მათ შორის განსაკუთრებით საშიშია ისინი, რომლებიც დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის, ანუსის, პენისის, ყელისა და სხვა ონკოლოგიურ დაავადებებთან.
მთავარი სირთულე ის არის, რომ ინფექცია უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ადამიანი მის არსებობას მხოლოდ მაშინ იგებს, როცა ორგანიზმში უკვე სერიოზული ცვლილებებია განვითარებული. სწორედ ამიტომ, HPV ვაქცინა არ არის მხოლოდ მედიცინის მიღწევა, ეს არის კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი ნაბიჯი კიბოს პრევენციისკენ.
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ Gardasil 4, რომელიც გვიცავს HPV-ის ოთხი ტიპისგან, ესენია: 6, 11, 16 და 18. თუმცა 2025 წლიდან უფასოდ ხელმისაწვდომია თანამედროვე სტანდარტებით კიდევ უფრო ეფექტური Gardasil 9, რომელიც უკვე ცხრა ტიპის HPV-ისგან გვიცავს, ესენია: 6, 11, 16, 18, 31, 33, 45, 52 და 58.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, გენიტალური და ანალური მეჭეჭების შემთხვევების დაახლოებით 90% გამოწვეულია HPV-ის 6 და 11 ტიპებით მაშინ, როცა 16 და 18 შტამები უფრო საშიშია, რადგან ისინი საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 66%-ს განაპირობებენ.
Gardasil 9-ის შემადგენლობაში დამატებული ხუთი მაღალი რისკის ტიპი (31, 33, 45, 52 და 58) გვიცავს იმ ინფექციებისგან, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 15%-ს და HPV-თან დაკავშირებული ყველა სიმსივნის დაახლოებით 11%-ს. კვლევების თანახმად, საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე ცვლილებების მქონე პაციენტთა 99%-ში იდენტიფიცირდება მაღალი რისკის HPV ტიპი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Gardasil 9-ის მნიშვნელობას როგორც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პრევენციულ საშუალებას.
როგორ მოქმედებს ვაქცინა?
HPV ვაქცინა მზადდება ვირუსის ერთ-ერთი ცილის საფუძველზე, ანუ ის არ შეიცავს ცოცხალ ან დასუსტებულ ვირუსს და არც ვირუსის დნმ-ს. ამიტომ, ამ ვაქცინით ვერ მოხდება ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირება და მას კიბოს გამოწვევაც არ შეუძლია. ვაქცინა ჩვენს იმუნურ სისტემას ასწავლის, თუ როგორ ამოიცნოს და გაანადგუროს ვირუსი მომავალში, რეალური ინფიცირების გარეშე.
ვაქცინაციის ჩატარება ყველაზე ეფექტურია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, რადგან მისი მიზანია ინფექციის თავიდან აცილება და არა უკვე არსებული ინფექციის მკურნალობა. სწორედ ამიტომ, ვაქცინაცია მეტად ეფექტურია 9–14 წლის ასაკში, სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, როცა იმუნური პასუხი ყველაზე ძლიერია, ხოლო დაცვა — ხანგრძლივი.
ეფექტურობა და უსაფრთხოება
სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, პაპილომავირუსზე ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით:
მდედრობითი სქესის 10–45 წლის ადამიანებში:
- 15 წლამდე ასაკში — ვაქცინის ორი დოზა, მინიმუმ 6-თვიანი შუალედით;
- 15–45 წლის ასაკში — სამი დოზა სქემით: 0-2-6 თვე.
მამრობითი სქესის 10–26 წლის ადამიანებში:
- 15 წლამდე — ორი დოზა 6-თვიანი შუალედით;
- 15–26 წლის ასაკში — სამი დოზა სქემით 0-2-6 თვე.
მეცნიერული მტკიცებულებებით ცალსახაა, რომ HPV ვაქცინა დაახლოებით 90%-ით ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მისი წინამორბედი ცვლილებების რისკს. ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია მასშტაბურად განხორციელდა, მაგალითად, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში, HPV ინფექციის გავრცელება მკვეთრად შემცირდა, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები თითქმის განახევრდა. კვლევების მიხედვით, ვაქცინა გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოებით: ხშირია მხოლოდ მსუბუქი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ინექციის ადგილის ტკივილი ან სიწითლე. სერიოზული გართულებები უკიდურესად იშვიათია მაშინ, როცა სარგებელი უზარმაზარი და მრავალმხრივ დადასტურებულია.
გარდა გოგონებისა, ვაქცინაცია აუცილებელია ბიჭებისთვისაც. HPV იწვევს ისეთ სიმსივნეებს, რომლებიც მამაკაცებსაც ემართებათ, მათ შორის ყელისა და ანუსის კიბოს. ბიჭების ვაქცინაცია ამცირებს არა მხოლოდ მათ პირად რისკს, არამედ ვირუსის გადაცემას ქალებზე, რითაც იქმნება ძლიერი საზოგადოებრივი იმუნიტეტი.
საზოგადოებრივი მნიშვნელობა
HPV ვაქცინა მედიცინაზე მეტია — ეს არის საზოგადოებრივი პროგრესის, განათლებისა და ჯანმრთელობისადმი პასუხისმგებლობის სიმბოლო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მიზნად დაისახა, რომ 2030 წლისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში 9–14 წლის გოგონების 90% იყოს ვაქცინირებული. საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის გზაზე ეს მიზანი შესაძლოა ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებად იქცეს.
საქართველოში HPV ვაქცინაცია სრულად უფასოდაა ხელმისაწვდომი 10–45 წლის ასაკის ქალებისა და 10-26 წლის ასაკის მამაკაცებისთვის. მიუხედავად ამისა, ინფორმირებულობის ნაკლებობისა და საზოგადოების გარკვეული სტერეოტიპების გამო, ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა. აუცილებელია, მშობლებმა, პედაგოგებმა და ახალგაზრდებმა გააცნობიერონ, რომ ეს ვაქცინა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და მომავლის დაცვას უზრუნველყოფს.
HPV ვაქცინა არის მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრევენციული საშუალება, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა და კიდევ უფრო მეტს გადაარჩენს. ის უსაფრთხო, ეფექტური და გამართლებული საშუალებაა ყველა შესაძლო თვალსაზრისით. თითოეული ვაქცინირებული ბავშვი წარმოადგენს ნაბიჯს კიბოსგან თავისუფალი მომავლისკენ, რომელშიც პრევენცია წინ უსწრებს მკურნალობას და მეცნიერება ადამიანის სიცოცხლეს ყველაზე გულწრფელად იცავს.
ავტორი: გიორგი ელიაშვილი