კომბუჩას 5 სასარგებლო თვისება, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს
ჩამოთვლილ ინგრედიენტებს ერთმანეთში ურევენ და დუღილისათვის ტოვებენ. სასმელს მოტკბო სასიამოვნო გემო აქვს, დუღილის შედეგად კი შუშხუნა ბუშტუკები წარმოიქმნება. ამასთან, ჩაის ყველა სასარგებლო თვისება ფერმენტაციასთან ერთად ნარჩუნდება. კომბუჩა შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მას შეუძლია მავნე ბაქტერიების განადგურებაც და შესაძლოა, ორგანიზმს გარკვეული დაავადებების წინააღმდეგაც დაეხმაროს.
სტატიაში განვიხილავთ კომბუჩას 5 სასარგებლო თვისებას:
1. კომბუჩა შეიცავს პრობიოტიკებს
ფერმენტაციის პროცესში ბაქტერიები და საფუარი სოკოს მსგავს ფენას ქმნის სითხის ზედაპირზე და სწორედ ამიტომ ეძახიან კომბუჩას " ჩაის სოკოს". ეს ფენა წარმოადგენს ბაქტერიებისა და საფუვრის ცოცხალ სიმბიოზურ კოლონიას, რომელსაც SCOBY (Symbiotic culture of bacteria and yeast) ეწოდება და ჩვეულებრივ ჩაის კომბუჩად აქცევს. ფერმენტაციისას წარმოიქმნება ძმარმჟავა (რომელიც ძმარშიც გვხვდება), სხვა მჟავები, მცირე რაოდენობით ალკოჰოლი და აირები, რომლებიც კომბუჩას გაზიან სასმელად აქცევს.
ნარევში მრავალი სახეობის ბაქტერიაც იზრდება. კომბუჩა შეიცავს სხვადასხვა ტიპის რძემჟავა ბაქტერიებს, რომლებიც შეიძლება პრობიოტიკურ ფუნქციას ასრულებდნენ. პრობიოტიკები ნაწლავურ მიკროფლორას "მეგობარი ბაქტერიებით" ამდიდრებენ. ისინი ასევე ხელს უწყობენ ჯანსაღ მონელებას, ამცირებენ ანთებას და შესაძლოა, ორგანიზმს წონის კონტროლშიც დაეხმარონ.
2. კომბუჩას მწვანე ჩაის მსგავსი სასარგებლო თვისებები აქვს
მწვანე ჩაი შეიცავს მრავალ ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთს, მათ შორის პოლიფენოლებს, რომლებიც ორგანიზმში ძლიერი ანტიოქსიდანტებია. მწვანე ჩაისგან დამზადებული კომბუჩა შეიცავს იგივე მცენარეულ ნაერთებს და, სავარაუდოდ, მსგავსი სარგებელიც აქვს.
კვლევები აჩვენებს, რომ მწვანე ჩაის რეგულარულად დალევა ან მწვანე ჩაის ექსტრაქტის შემცველი დანამატების მიღება კალორიების წვის პროცესს აჩქარებს, ამცირებს მუცლის ცხიმს და აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს. კვლევებით დასტურდება ისიც, რომ ვინც მწვანე ჩაის ხშირად სვამს, პროსტატის, მკერდის და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების შედარებით დაბალი რისკი აქვს.
3. კომბუჩა შესაძლოა სასარგებლო იყოს ღვიძლის ჯანმრთელობისთვის
ანტიოქსიდანტები ებრძვიან რეაქტიულ მოლეკულებს, რომლებსაც უჯრედების დაზიანება შეუძლიათ. კომბუჩას, განსაკუთრებით მწვანე ჩაის გამოყენებით დამზადების შემთხვევაში, როგორც ჩანს, თქვენს ღვიძლზე ანტიოქსიდანტური ეფექტის მოხდენა შეუძლია. ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კომბუჩას რეგულარული დალევა ტოქსიკური ქიმიკატებით გამოწვეულ ღვიძლის მოწამვლის რისკს ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებზე კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, ეს მიმართულება პერსპექტიულ კვლევის სფეროს წარმოადგენს ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის.
4. კომბუჩა ანადგურებს მავნე ბაქტერიებს
ერთ-ერთი მთავარი ნივთიერება, რომელიც კომბუჩას ფერმენტაციის დროს წარმოიქმნება, ძმარმჟავაა. ჩაის პოლიფენოლების მსგავსად, ძმარმჟავას პოტენციურად მავნე მიკროორგანიზმების განადგურება შეუძლია. შავი ან მწვანე ჩაისგან დამზადებული კომბუჩა ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა განსაკუთრებით ინფექციების გამომწვევი ისეთი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორებიცაა ნაწლავის ჩხირი და მუცლის ტიფი.
5. კომბუჩა შესაძლოა ტიპი 2 დიაბეტის მართვაში დაგვეხმაროს
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, მსოფლიოს მასშტაბით, 462 მილიონზე მეტი ადამიანი ავადდება. მას ახასიათებს სისხლში შაქრის მაღალი დონე და ინსულინრეზისტენტობა. 2012 წელს დიაბეტით დაავადებულ ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომბუჩა ანელებს ნახშირწყლების მონელებას, რის შედეგადაც სისხლში შაქრის დონე მცირდება. კომბუჩა ასევე აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციას. 2023 წლის პილოტური კვლევის მონაწილეებს, რომლებიც კომბუჩას სვამდნენ (240 მლ/დღეში, 4 კვირის განმავლობაში), უზმოზე სისხლში შაქრის დონე საწყის მაჩვენებელთან შედარებით უფრო დაბალი ჰქონდათ, ხოლო პლაცებოს ჯგუფში მსგავსი ცვლილება არ დაფიქსირებულა.
კომბუჩას ყოველდღიურად დალევა უსაფრთხოა?
კომბუჩა უსაფრთხოა ადამიანთა უმეტესობისთვის, თუ ზომიერების ფარგლებში მიიღებთ. რამდენის დალევა შეგიძლიათ არასასურველი გვერდითი მოვლენების გარეშე დამოკიდებულია იმაზე, თქვენ მიერ არჩეული კომბუჩა მაღაზიაშია ნაყიდი თუ სახლში დამზადებული. კომბუჩა გაზიანი სასმელია, ამიტომ გადაჭარბებულად მიღებამ შესაძლოა შებერილობა გამოიწვიოს. ასევე, ზოგი კომბუჩა ბევრ შაქარს შეიცავს, ამიტომ დიდი რაოდენობით მიღება შესაძლოა კუჭ-ნაწლავის პრობლემების გამომწვევი გახდეს. კომბუჩას მიღებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, დასუსტებული იმუნური სისტემა, ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.