ნიკოტინზე დამოკიდებულების განკურნების ახალი გზა აღმოაჩინეს
სამუშაოში მონაწილეობდა 37 მონაწილე, რომელთა საშუალო ასაკი დაახლოებით 40 წელი იყო. ავტორების მთავარი მიზანი იყო თეტა პულსებით (TBS) ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის ეფექტის შესწავლა მოწევის სურვილზე. TBS არის ძლიერი და ცვალებადი მაგნიტური იმპულსები, რომლებიც გავლენას ახდენენ ტვინის აქტივობაზე და არსებობს ორი ფორმით: უწყვეტი (cTBS) და წყვეტილი (iTBS). პირველ შემთხვევაში პაციენტზე ზემოქმედებდნენ სამი იმპულსით 40 წამის განმავლობაში, ხოლო მეორეში, 190 წამის განმავლობაში, არარეგულარულად იყენებდნენ ამდენივე იმპულსს.
ექსპერიმენტების დროს გამოვლინდა, რომ მარჯვენა შუბლის ქვედა ნაოჭზე TBS-ის ნებისმიერი ფორმით ზემოქმედებისას, მოხალისეებს გაუუმჯობესდათ თვითკონტროლი და შეუმცირდათ მოწევისადმი ლტოლვა.
ცნობილია, რომ ნიკოტინზე დამოკიდებულების მქონე ადამიანები, არამწეველებთან შედარებით, ხშირად განიცდიან თავის ტვინში მნიშვნელოვან სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს. გარდა ამისა, მოწევა დაკავშირებულია ნაცრისფერი ნივთიერების შემცირებასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ადამიანებს თავის ტვინში აქვთ ნაკლები ნეირონები და სხვა უჯრედები. წინა კვლევამ აჩვენა, რომ ამ განსხვავებებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ინჰიბიტორულ კონტროლზე, ანუ თვითდისციპლინაზე, რომელიც ეხმარება იმპულსური რეაქციების საპასუხო ქცევის კონტროლს.