მობილურ ტელეფონს საწოლში ნუ იქონიებთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მობილურ ტელეფონს საწოლში ნუ იქონიებთ!

რატომ გეცინებათ? საკუთარი თავიც ხომ არ შეიცანით?

ამ სტატიით გვინდა აგიხსნათ, რატომ არ შეიძლება ტელეფონით დაძინება, რატომ არ უნდა იქონიოთ მობილური მოწყობილობა საწოლში ან მის მახლობლად, ეს მეტად საზიანოა ჯანმრთელობისათვის.

დღეს ყველამ კარგად იცის, რომ ციფრულ მოწყობილობათა ეკრანების უმეტესობა (იქნება ეს კომპიუტერი, პლანშეტი თუ ე. წ. სმარტფონი) გამოასხივებს ლურჯი სპექტრის მოკლეტალღოვან სინათლეს ანუ სპექტრის იმ ნაწილს, რომელიც იწვევს თვალების გადაღლას. აღმოჩნდა, რომ ამ სინათლეს უარყოფითი გავლენა აქვს ტვინზეც. როდესაც ღამდება და დაძინების დრო დგება, თვალების რეცეპტორთა აქტიური გაღიზიანება ატყუებს ტვინს და აძლევს იმ შეგრძნებას, თითქოს ჩვენ ისევ დღის პერიოდისათვის დამახასიათებელ ღვიძილის ფაზაში ვართ, შედეგად ფერხდება მელატონინის გამომუშავება. ეს უკანასკნელი ხომ ის ჰორმონია, რომელიც ხელს უწყობს ჩაძინებას და კომფორტულად გამოღვიძებას. ამის გამოა სწორედ, რომ ადამიანებს ხშირად უჭირთ დაძინება და გამოღვიძებაც. როგორც უნდა შეეცადოთ თქვენი განრიგით ცხოვრებას, თავის ტვინს დღე-ღამის რიტმები სინათლის ციკლზე აქვს აწყობილი.

ფსიქოლოგები იმასაც აღნიშნავენ, რომ უნდა გვეშინოდეს არა მხოლოდ მოკლეტალღოვანი სინათლისა ძილის წინ, არამედ საკუთრივ მობილური მოწყობილობის კონცეფციისაც. სადღეისოდ ერთ პატარა მობილურ მოწყობილობაში მთელი სამყაროა მოთავსებული, შესაბამისად, ღამით, ძილის წინ, იმის მაგივრად, რომ ტვინმა დაისვენოს და ნელ-ნელა ძილის ფაზაზე გადაერთოს, ადამიანი მას სოციალურ ქსელებში მოგზაურობას, უამრავი ინფორმაციის დამუშავებასა და აღქმას აიძულებს, ყოველივე ამის გამო ტვინი იღლება, “იძაბება” და უჭირს მოდუნება. შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ “ინსტაგრამებზე” ზღვის მომხიბვლელი სანაპიროებისა და ხედების დათვალიერებით ერთგვარად ისვენებთ და განიტვირთებით, სინამდვილეში კი ეს ტვინისათვის საერთოდ არ არის დასვენება, პირიქით!

თუ ეს არგუმენტები საკმარისი არ არის თქვენს დასარწმუნებლად, რომ საძინებელი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი მოწყობილობისგან, მოგიყვანთ კიდევ რამდენიმე მაგალითს და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საწოლში ტელეფონი მეტად მავნებელია.

ძილის წინ მობილური მოწყობილობის მოხმარებით თქვენ “ანაგვიანებთ” მეხსიერებას!

ნეიროფიზიოლოგთა მიერ დადგენილია, რომ ძილის წინ რამდენიმე წუთით ადრე მეხსიერება აქტიურდება და უშუალოდ ძილის წინ მიღებულ ინფორმაციას ტვინი უკეთ ითვისებს. გახსოვთ, ალბათ, სკოლაში სწავლისას დღის განმავლობაში ნასწავლ ლექსს მშობლები ძილის წინ რომ გვამეორებინებდნენ. სწორედაც რომ კარგად იქცეოდნენ ჩვენი წარმატებისათვის. ახლაც გირჩევთ, დაძინებამდე 20 წუთით ადრე რაიმე საინტერესო წაიკითხეთ, ბრძნულ გამონათქვამებს გაეცანით ან რომელიმე უცხო ენის 10 სიტყვა დაიზეპირეთ, ვიდრე ტვინი “ფეისბუკისა” თუ სხვა ქსელების ინფორმაციებით დაინაგვიანოთ.

მობილური მოწყობილობები უარყოფითად მოქმედებს სქესობრივ ცხოვრებაზე!

არ დაიჯერებთ და ამერიკაში ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ მობილური მოწყობილობების მომხმარებელთა 20% სექსის დროსაც კი მუდმივად აკონტროლებს ტელეფონს. აი, ეს კი ნამდვილად არ არის სექსუალური, - ხუმრობენ სპეციალისტები!

ქსელში ჩართული მოწყობილობები მავნებელია ორგანიზმისათვის!

სადღეისოდ პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ მობილური მოწყობილობები კიბოს იწვევს - არ არსებობს, თუმცა ის კარგად არის ცნობილი, რომ მათ აქვთ მაიონიზებელი ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელსაც ჩვენი ორგანიზმის ქსოვილები ინტენსიურად შთანთქავს, განსაკუთრებით, თუ ტელეფონი მახლობლად გვიდევს. ეს რადიაციული გადაცემა სადღეისოდ სამეცნიერო სფეროში აღიარებულია როგორც “შესაძლო ონკოგენური” და ინტენსიურ გამოკვლევაშია. სანამ ყველაფერი საფუძვლიანად გაირკვევა და მეცნიერულ დონეზე დასაბუთდება, მაქსიმალურად შეეცადეთ ამ გამოსხივების მინიმიზებას, ამისათვის გამორთეთ ტელეფონი, ჭი-Fი მაინც.

მობილური ტელეფონის სიახლოვე შფოთვას იწვევს!

სამწუხაროდ, ადამიანებს მობილური მოწყობილობის ყოველ წუთს შემოწმება მავნე ჩვევად ექცათ, განსაკუთრებით, თუ ის ჩანთაში ან ჯიბეშია მოთავსებული (თუნდაც ხმოვან ან ვიბრაციულ რეჟიმზე იყოს მომართული). ზოგიერთები კი მას ხელიდან საერთოდ არ უშვებენ. შფოთვასა და მუდმივ ნერვიულობას იწვევს საწოლში ან მის მახლობლად მოთავსებული მოწყობილობაც. ადამიანები ვერ ელევიან მას, თუ მოწყობილობა გვერდით არ აქვთ, შფოთავენ. არც “სმარტფონი” აძლევს ადამიანს მოდუნების საშუალებას, აიძულებს სულ მომართულ-მომზადებული იყოს, ადამიანი თითქოს სულ რაღაცის მოლოდინშია. აღნიშნული ტიპის შეგრძნებები, ჩვეულებრივ, პოსტტრავმული სტრესული დარღვევების დროს ფიქსირდება - ადამიანი თითქოს ნემსებზე ზის, სულ შფოთავს, თუმცა, რის გამო, ვერ გაურკვევია. მსგავსი უსიამოვნებანი რომ აირიდოთ, ექიმთა რეკომენდაციით, დაძინებამდე 30 წუთით ადრე მაინც მობილურ მოწყობილობებს არ უნდა გაეკაროთ!

მობილური მოწყობილობები ძილს გპარავენ!

გაიხსენეთ, ტკბილად ჩაძინებული რამდენჯერ გაუღვიძებიხართ ტელეფონს. გარდა იმისა, რომ ის ძაბავს და ტვირთავს გონებას, ძილსაც გპარავთ. რამდენჯერ გიფიქრიათ - 5 წუთით გადავხედავ და დავიძინებო, მაგრამ 5 წუთი ნახევარ საათსა და დიდხანსაც გაგრძელებულა. მობილური მოწყობილობა გითრევთ, ვერ წყდებით და სულ უფრო მეტ დროს კარგავთ, კიდევ უფრო გვიან დაძინებას გაიძულებთ. ამგვარად, სრული ჭეშმარიტებაა, რომ “სმარტფონები” ბევრ მავნებლობასთან ერთად ძილსაც გპარავენ!