კუნთშიდა ინექცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუნთშიდა ინექცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები

კუნთშიდა ინექციის შემდეგ კუნთოვან ქსოვილში ფაქტობრივად იქმნება დეპო, რომლიდანაც შეყვანილი სამკურნალო პრეპარატი სისხლძარღვთა ქსელის წყალობით გაიწოვება, ხვდება სისხლში და მთელ ორგანიზში ვრცელდება. ინექციის ჩატარებისას აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა. უპირველეს ყოვლისა, ხელების კარგად დაბანა, შემდეგ სტერილური შპრიცის, შესაბამისი მედიკამენტის, ბამბის, სპირტის (შეგიძლიათ გამოიყენოთ არაყიც) და სპირტიანი საწმენდების მომზადება. იმისათვის, რომ ინექცია ნაკლებმტკივნეული იყოს, რეკომენდებულია წვრილი გრძელი ნემსის გამოყენება. თუ ინექციას სხვას უტარებთ, სასურველია, პირი დაწვეს. ასეთ პოზიციაში უფრო ადვილად მიიღწევა კუნთის სრული მოდუნება. თუ ინექციას საკუთარ თავს უტარებთ, მაშინაც უმჯობესია პროცედურა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ჩაატაროთ, თუმცა ხშირად ადამიანები მდგომარენი იკეთებენ ინექციებს, მთავარია, ყურადღება მიაქციოთ კუნთის მოდუნებას, არ დაიძაბოთ და პროცედურა მოხერხებულად ჩაატაროთ.

ნემსი მკაცრად დუნდულა კუნთის ზედა გვერდით (განაპირა) მეოთხედში უნდა შეიყვანოთ. ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად დაზღვეული ხართ ნერვსა თუ სისხლძარღვში მოხვედრისაგან. ინექციის ჩატარებისას ნემსი კუნთში ფრთხილი და იმავდროულად ძლიერი და სწრაფი მოძრაობით უნდა შეიყვანოთ, თანაც უთუოდ სწორი კუთხით. აუცილებელია აგრეთვე სამკურნალო პრეპარატის კუნთში ნელა შეყვანა. ამით თავიდან აიცილებთ ნანემსარი ადგილის გამაგრებას. ხანგრძლივი სამკურნალო კურსის შემთხვევაში განმეორებითი ინექციებისთვის უბნები უნდა ცვალოთ, ანუ პრეპარატი მონაცვლეობით, ხან ერთ და ხან მეორე დუნდულა კუნთში შეიყვანოთ. ერთსა და იმავე კუნთში ინექციის დროს კი ნემსის ჩხვლეტის ადგილი წინა ნანემსრისაგან 1-2 სმ-ით უნდა დააშოროთ. ნანემსარი უბანი სასურველია იოდის ბადით დაფაროთ შეყვანილი პრეპარატის სწრაფად გაწოვის, დისკომფორტისა და უსიამოვნო შეგრძნებათა შესამცირებლად.

კუნთშიდა ინექციის ყველაზე ხშირი გართულებები

კუნთშიდა ინექციის ყველაზე ხშირი გართულებებია ნანემსარი უბნის გამაგრება (სამედიცინო ტერმინოლოგიით - ინფილტრატი), ჰემატომა (იგივე სისხლჩაქცევა) და ტკივილი.

ამ გართულებათა მიზეზი (საფუძველი) შეიძლება იყოს:

  • ძალიან მოკლე ან ბლაგვი ნემსი;
  • ქსოვილში ნემსის არასრულად შეყვანა;
  • ერთ კონკრეტულ უბანში მრავლობითი ინექცია;
  • სისხლძარღვთა ტრავმა;
  • ნერვული დაბოლოების ტრავმა;
  • ინექციის ადგილის არასრულფასოვანი ანტისეპტიკური დამუშავება;
  • პირობითპათოგენური მიკროფლორის მოხვედრა კანის ზედაპირიდან;
  • ინფექციური აგენტების მოხვედრა ნემსის წვერიდან;
  • შენელებული იმუნური რეაქცია.

ნანემსარის გამაგრება ანუ ინფილტრატი ინექციის შემდეგ უხშირესად იმის გამო ვითარდება, რომ სამკურნალო პრეპარატი (ანუ შეყვანილი ხსნარი) ხვდება არა კუნთოვან ქსოვილში, არამედ კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, რომელსაც ღარიბი სისხლმომარაგების გამო გაწოვის პირობები პრაქტიკულად არ აქვს. კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში წამლის ხანგრძლივად არსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ანთებითი პროცესი, რომელიც, თავის მხრივ, აბსცესის (შემოფარგლული ჩირქგროვის) ჩამოყალიბების საფუძველი გახდეს. ინექციის შემდგომ გამაგრებებს (ინფილტრატებს), ჩვეულებრივ, გამათბობელი პროცედურებით მკურნალობენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ შეინიშნება აბსცესის ნიშნები, ანუ როდესაც ჯერ კიდევ არ არის დაწყებული ანთება-დაჩირქების პროცესი. გამათბობელი პროცედურა მშრალი სითბოს გამოყენებას გულისხმობს და არა აბაზანებს. რეკომენდებულია სპირტიანი კომპრესები, იოდის ბადე, სათბურა ნანემსარ უბანზე. გამათბობელი პროცედურების წყალობით სისხლძარღვოვანი ქსელი მნიშვნელოვნად ფართოვდება, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს სისხლის ცირკულაციას (მოძრაობას), ააქტიურებს ლიმფურ ნაკადსაც. შედეგად ინფილტრატის გაწოვა რამდენადმე ჩქარდება. ნანემსარი უბნის გათბობა დაუშვებელია ქსოვილის დაჩირქების დროს, ყოვლად დაუშვებელია აგრეთვე ინექციის უბნის დასველება-დაორთქლება. ასეთ დროს კანის საფარველი ფაშარი ხდება და ჩირქოვან-ანთებითი პროცესის სხვა უბნებზე გავრცელებას უწყობს ხელს. ნანემსარი უბნის გაწითლება, შეშუპება და მქაჩავი სახის ტკივილი ქსოვილის დაჩირქებაზე მიანიშნებს, შესაბამისად, ქირურგთან მიმართვის პირდაპირი ჩვენებაა.

ჰემატომა (იგივე სისხლჩაქცევა), რომელსაც უბრალო ენით სილურჯეს უწოდებენ ხოლმე, ჩვეულებრივ, სისხლძარღვის დაზიანებისას ვითარდება. ასეთ დროს რეკომენდებულია ლიპოფილური, ანტიკოაგულაციური (შედედების საწინააღმდეგო) და გამწოვი მალამოების (მაგალითად, ჰეპარინის, ტროქსევაზინის) გამოყენება. აღნიშნული მალამოები უნდა წაისვას ინექციის მეორე დღეს, რადგან მათი გამოყენების ერთ-ერთი მთავარი პირობა კანის მთლიანობის დაურღვევლობაა (ნემსით კანის ჩხვლეტისას კი, ფაქტობრივად, მისი მთლიანობა ირღვევა), წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ინექციის ადგილიდან სისხლდენის პროვოცირება მოხდეს.

ტკივილის სიმპტომი ნერვული დაბოლოებების დაზიანებას ახლავს თან. მისი მოხსნა ნანემსარი ადგილის გაყინვითაა შესაძლებელი. სიცივე ამცირებს ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობას, ხელს უწყობს სისხლძარღვთა სპაზმს (შევიწროებას) და შესაბამისად, ხელს უშლის ჰემატომის ჩამოყალიბებას. თუმცა სიცივის გამოყენება ინექციის უბანზე სიფრთხილით უნდა მოხდეს, რადგან ის ხელს უშლის შეყვანილი ხსნარის გაწოვას.

ნანემსარის გამაგრებას განაპირობებს:

  • პრეპარატის სწრაფად შეყვანა - ასეთ დროს შეყვანილი ხსნარი ერთ ადგილზე გროვდება, ვერ ასწრებს გაწოვას და გამკვრივებას წარმოქმნის.
  • მოკლე ნემსი - ზოგს ჰგონია, რომ ტკივილის შესამცირებლად წვრილი და მოკლე ნემსის გამოყენება სჯობს. ამიტომაც ზოგჯერ კუნთშიდა ინექციას ინსულინის ნემსითაც კი აკეთებენ. ეს დიდი შეცდომაა. მოკლე ნემსი კუნთოვან შრემდე ვერ აღწევს, მედიკამენტი პრაქტიკულად კანქვეშ ხვდება, საიდანაც ვერ გაიწოვება და გამაგრების საფუძველი ხდება.
  • გამაგრებული (დაჭიმული) კუნთი - მედიკამენტი აუცილებლად მოდუნებულ კუნთში უნდა შევიდეს, სწორედ ასეთ მდგომარეობაში აქვს კუნთოვან ქსოვილს ისეთი სტრუქტურა, რომელიც შეყვანილი პრეპარატის სწრაფად და ეფექტურად გაწოვას უზრუნველყოფს. კუნთშიდა ინექციის დროს ჰორიზონტალური მდგომარეობა ამიტომაცაა მოწოდებული.
  • შეყვანილი მედიკამენტის შემადგენლობა - ინექციის ხარისხსა და შემდგომ შედეგებზე დიდ გავლენას ახდენს მედიკამენტის თვისებებიც. თუ ის სქელია ან ზეთოვანი სტრუქტურის, მისი გაწოვა რამდენადმე ფერხდება. ასეთი პრეპარატები განსაკუთრებით ნელა უნდა შეუშვათ ინექციის პროცესში.
  • ალერგიული რეაქცია - ზოგჯერ ორგანიზმი, ასე ვთქვათ, ვერ იღებს შეყვანილ მედიკამენტს, საპასუხო რეაქციას ავლენს, ქავილის შეწითლებისა თუ სხვა სიმპტომთა სახით. ეს ბანალური ალერგიაა, რომლის დროსაც პრეპარატი ვერ გაიწოვება და შესაბამისად, ნანემსარი უბნის გამაგრება-გამკვრივება გარდაუვალია.

თუ ნანემსარი გაგიმაგრდათ

  • აიღეთ კომბოსტოს ფურცელი, დანით ფრთხილად დასერეთ ისე, რომ ზედაპირი რამდენადმე გაუფაშროთ და წვენი გამოადინოთ. დაიდეთ გამაგრებულ უბანზე, ზემოდან დაიფინეთ ცელოფანის პარკის მონაჭერი და ნაჭრით დაიფიქსირეთ. ასეთი კომპრესი ხელს უწყობს დაგროვილი მედიკამენტის გაწოვას.
  • ეფექტურია აგრეთვე თაფლის კომპრესები. აიღეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი (სასურველია სქელი, მაგრამ არადაშაქრებული), შეათბეთ, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი გამდნარი კარაქი და ერთი კვერცხის გული. კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით გამაგრებულ უბანზე. ზემოდან დაიფინეთ ცელოფნის პარკის მონაჭერი და ნაჭრით დაიფიქსირეთ. შეგიძლიათ ზემოთ აღნიშნულ მასას ცოტაოდენი ფქვილიც შეაზილოთ და მიღებული ცომისმაგვარი კონსისტენციის ბურთულა ნანემსარ უბანზე გააბრტყელოთ. ორივე სახის კომპრესს სათბურას ეფექტი აქვს და ხელს უწყობს გამაგრებული უბნის გაწოვას.