როგორ შევხვდეთ ახალ წელს პრობლემების გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევხვდეთ ახალ წელს პრობლემების გარეშე

რისი ცოდნა გვმართებს იმისათვის, რომ დღესასწაულმა უპრობლემოდ ჩაიაროს?

სადღესასწაულო დღეებში საახალწლო კერძებზე უარის თქმა და დიეტური კვების დაცვა ყველას არ შეუძლია – ამის ნებისყოფა მხოლოდ ერთეულებს თუ ჰყოფნით. მართლაც რთულია აურაცხელ მიპატიჟებასთან გამკლავება. მაშინ ის მაინც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჭარბი და მრავალფეროვანი საკვები ალკოჰოლიან სასმელთან ერთად ძალზე ტვირთავს ღვიძლს, თირკმელს, კუჭსა და კუჭქვეშა ჯირკვალს ანუ პანკრეასს. სწორედ ამიტომ გვირჩევენ ექიმები, რომ სადღესასწაულო დღეებშიც შეძლებისდაგვარად გაკონტროლდეს კვება. ეს რჩევა განსაკუთრებით ყურადსაღებია ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის.

არსებობს სწორი კვების მრავალი ხერხი, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია გემრიელად დანაყრებაც და ზომიერების დაცვაც.

რომელი კერძი ავირჩიოთ

საახალწლო სუფრის კერძები გემრიელი და ამავდროულად სასარგებლო უნდა იყოს. ადვილად შეიძლება შეელიოთ მაიონეზიან სალათებს და ისინი მწვანე ბოსტნეულით შეცვალოთ. მათი კომბინაცია უცხიმო ხორცთან და თევზთან (ხორცეულისა და თევზეულის მომზადება გრილზე ან ჰაერღუმელში, ცხიმის გარეშე) საახალწლო დღეებშიც შეგანარჩუნებინებთ დიეტურ კვებას. დესერტიც, მარგარინისა და კალორიული კრემების ნაცვლად, შეიძლება ხაჭოთი და ხილით მომზადდეს.

ვემზადებით საახალწლო სუფრისათვის

უმნიშვნელოა, სად ხვდებით ახალ წელს, მთავარია გახსოვდეთ, რომ – დაუშვებელია შიმშილი საახალწლო ვახშმის წინ. სამწუხაროდ, წინასაახალწლოდ, ხშირად “ასვენებენ” კუჭს და მას სხვადასხვა გემრიელი კერძისათვის “შემოინახავენ” ხოლმე. დიასახლისები კი მთელი დღის ფუსფუსში საერთოდ ვერ ასწრებენ ჭამას.

რა ხდება ამ დროს? მთელი დღის ნაშიმშილებს, ალკოჰოლის უმნიშვნელო დოზაც კი მადას გაუმძაფრებს და შესაძლოა ადამიანმა საკვების ოდენობა ვეღარც კი განსაზღვროს. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია 31 დეკემბერსაც ისაუზმოთ, ისადილოთ და საღამოს მსუბუქად ივახშმოთ, ამით ნაყროვანებას გადაურჩებით. გახსოვდეთ ისიც, რომ ალკოჰოლი მშიერ კუჭზე გაცილებით ადრე შეიწოვება. ყურადღება მიაქციეთ სითხის მიღებასაც - ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია დღეში 1,5-2ლ სითხე, განსაკუთრებით წყალი. წყალი თავიდან აგაცილებთ ალკოჰოლით გამოწვეულ გაუწყლოვნებას, დააქვეითებს სისხლში ალკოჰოლის შემცველობას, დაეხმარება ტოქსინების გამოყოფას.

თუკი მოახერხებთ, დატვირთული დღის მანძილზე კარგი იქნება 30-წუთიანი ძილიც.

საახალწლო სუფრასთან

საახალწლო სუფრასთან ზედმეტი თავშეკავება მიზანშეუწონელია. შეგიძლიათ ყველაფერს გაუსინჯოთ გემო, ოღონდ მშვიდად, აუჩქარებლად. დაიწყეთ მსუბუქი სალათებით. ამ ხერხით შიმშილის გრძნობასაც დათრგუნავთ და საჭმლის მომნელებელ ტრაქტს სხვა საკვებისთვისაც მოამზადებთ. ძალიან მნიშვნელოვანია საკვების კარგად დაღეჭვა და 15-20-წუთიანი ინტერვალები ყოველ ახალ კერძს შორის. ეს ის დროა, რომელიც ორგანიზმს დანაყრებისთვის სჭირდება.

საახალწლო სუფრასთან სიმბოლურად ერთი ჭიქა შამპანური მაინც შეისმება ხოლმე. თუ სუფრის წევრთა დიდ ნაწილს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს, ძლიერ ალკოჰოლიან სასმელებს ღვინო არჩიონ.

ყველაზე მავნებელი

შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ განსაკუთრებით საზიანო საახალწლო მენიუ:

  • მაიონეზიანი სალათები – მათ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. მიზეზი მარტივია – ასეთი სალათი მალფუჭებადია, ადვილად იცვლის საგემოვნო თვისებებს. თუ ის სუფრაზე (თბილ ოთახში) 6 საათი მაინც დევს, აღარ უნდა მიირთვათ, 10 საათის შემდეგ კი ნამდვილ ნაღმად გადაიქცევა. კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონეთათვის კი მაიონეზი, განსაკუთრებით - მჟავე კიტრთან ერთად, მუცელში არასასიამოვნო შეგრძნებების მიზეზი შეიძლება გახდეს.
  • კრემიანი ნამცხვრები – იგივე შეიძლება ითქვას კრემიანი ნამცხვრების შესახებაც. განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეთ უმი კვერცხით მომზადებულ კრემს.
  • გაზიანი სასმელები (კოლა, ფანტა) და ციტრუსები – ეხმარებიან კუჭის მჟავე წვენის ამოტყორცნას საყლაპავში – რეფლუქსს.
  • ტკბილი ხილი – ისინი ცხიმიან და ხორციან საკვებთან ერთად ნაწლავებში დუღილის პროცესებისათვის ქმნიან შესაბამის გარემოს და მუცლის შებერვას, ბოყინსა და გაზების გამოყოფას იწვევენ.
  • ალკოჰოლიანი სასმელები – მოარული აზრის თანახმად, ძლიერი ალკოჰოლიანი სასმელი (არაყი) ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან ბაქტერიებს ანადგურებს. ამ შეხედულებას გარკვეული საფუძველი შესაძლოა ჰქონდეს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ალკოჰოლი ანადგურებს არა მარტო მავნე, სასარგებლო ბაქტერიებსაც. ეს კი მუცლის შებერვის, ფაღარათის ან შეკრულობის მიზეზი შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, ალკოჰოლიანი სასმელები საკმაოდ მაღალკალორიულიცაა. არ არის რეკომენდებული მათი გაზიან სასმელებთან შერევა. ასეთი ექსპერიმენტები შეიძლება ცუდად დამთავრდეს, რადგან გაზიან სასმელებში არსებული ნახშირორჟანგი ალკოჰოლის სწრაფად შეწოვას განაპირობებს, შესაბამისად, ადამიანი მალე თვრება.
მოზეიმე გულის სინდრომი

კარგა ხანია ცნობილია, რომ ბახუსი თავის ტვინისა და ღვიძლის მტერია. თუმცა მისი მთავარი სამიზნე მაინც გულია. ეს 1970 წლის ბოლოსთვის აღმოაჩინეს და ამ მოვლენას “მოზეიმე გულის” სინდრომი უწოდეს. სწორედ ამ პერიოდში შეამჩნიეს ამერიკელმა ექიმებმა, რომ დღესასწაულიდან 3 დღის განმავლობაში საავადმყოფოებს მრავალი ადამიანი მიმართავდა გულის რიტმის სხვადასხვაგვარი დარღვევით. იყო ლეტალური შემთხვევებიც. სამწუხაროდ, ასეთი გართულებებისგან არც ახალგაზრდები იყვნენ დაზღვეულნი, რომლებიც სასმელს იშვიათად იღებდნენ. პრობლემას იწვევდა 85-200 გრამი სუფთა სპირტის შემცველი ალკოჰოლი.

რა იწვევს ასეთ ცვლილებებს გულში? სპირტი, განსაკუთრებით კი მასში არსებული ძმრის ალდეჰიდი, ადრენალინისა და ნორადრენალინის გადმოსროლას იწვევს, რაც გულის რიტმის დარღვევის მიზეზი ხდება.

“მოზეიმე გულის” ნიშნებია გულის ფრიალი, გულისცემის რიტმულობის დარღვევის, “გამოვარდნის” შეგრძნება, არასასიამოვნო შეგრძნება გულის არეში, ტკივილი, სუნთქვის გაძნელება. ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, დღესასწაულისა და შესაბამისად, ალკოჰოლის მიღებიდან 2-3 დღეში აღმოცენდება. მათი არსებობისას აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი ან სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება.

დღესასწაულის შედეგები

თუ სადღესასწაულო დღეების შემდეგ სხეულში სიმძიმეს გრძნობთ და ზედმეტი კილოგრამებიც დაგეტყოთ, მომდევნო დღეებში არ მიიღოთ ცხიმიანი, მარილიანი, ზედმეტად ცხარე და ძალიან ტკბილი საკვები, ასევე ალკოჰოლი. შეგიძლიათ მსუბუქი დიეტაც დაიცვათ. არასასურველ წონას კი მომატებული ფიზიკური აქტივობითა და ფეხით სიარულით შეებრძოლეთ.

გახსოვდეთ, ახალი წელი საოჯახო დღესასწაულია და არა კუჭის ზეიმი, ამიტომ საახალწლო სუფრასთანაც ნუ დაივიწყებთ ჯანსაღი ცხოვრების უმთავრეს პრინციპებს.