საახალწლო განწყობა რომ არ წაგვიხდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო განწყობა რომ არ წაგვიხდეს

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  • ჰიპერტენზია;
  • ნევროზი;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები: გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი და ჰეპატიტი;
  • გრიპი, გაციება;
  • დეპრესია;
  • ალერგიული რეაქციები, - ეს იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რომელთა გამწვავებასაც ნამდვილად შეუძლია ახალი წლის დღეების გაფუჭება.

კვების რეჟიმის მკვეთრი ცვლილება და ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარება ის ორი ფაქტორია, რომლებიც ძირითადად ქრონიკული დაავადებების გამწვავებას უწყობს ხელს.

საახალწლო სტრესი

ახალი წელი ძალზე დაძაბული პერიოდია. ზოგჯერ ის ნეგატიურ ემოციებსაც კი იწვევს. საჩუქრების არჩევა, სახლის დალაგება, პროდუქტების შეძენა და კერძების მომზადება ნერვული სისტემისთვის სერიოზული გამოცდაა, რომელსაც ზოგი ვერ უძლებს და წინასაახალწლო დეპრესიაც კი ეუფლება.

საახალწლო გაციება

ახალი წლის დღეებში ხშირდება ზედა სასუნთქი გზების ვირუსულ-რესპირატორული დაავადებები, რაც ადამიანთა ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტების შედეგია.

საოჯახო აფთიაქი

დღესასწაულმა რომ პრობლემების გარეშე ჩაიაროს, აუცილებელია, თვალი გადაავლოთ საოჯახო აფთიაქს. აფთიაქი ალბათ ყველა ოჯახში მოიძევება. სპეციალისტები უბრალოდ მის განახლებას გვირჩევენ, იმ სიტუაციების გათვალისწინებით, რომლებმაც შესაძლოა ახალი წლის დღეებში მოულოდნელად იჩინოს თავი.

საკვებისმიერი ალერგია და მოწამვლა

სტატისტიკის მიხედვით, ექიმს იანვარში ყველაზე ხშირად საკვებისმიერი ალერგიისა და მოწამვლის გამო მიმართავენ. გასაკვირი არაფერია - ჩვენ ხომ ახალი წლის დღეებში ჩვეულებრივზე რამდენჯერმე მეტს მივირთმევთ, რაც ნეგატიურად აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე. თავის დასაზღვევად შინ იქონიეთ ფერმენტული პრეპარატები, გულძმარვის, ღებინებისა და დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტები. ურიგო არ იქნება ღებინებისა და დიარეის შედეგად ორგანიზმის გაუწყლოების თავიდან ასაცილებელი საშუალებების შეძენაც. რაც შეეხება ალკოჰოლურ მოწამვლას, აქ კუჭის გამორეცხვასა და ადსორბენტებს გვერდს ვერ ავუვლით. დილიდანვე შეიძლება ნაბახუსევის შესამსუბუქებელი საშუალებების გამოყენებაც.

ქრონიკულად მოავადეებს ვურჩევთ

ვინაიდან ახალი წლის უქმეებზე სამედიცინო დაწესებულებათა დიდი ნაწილი დაკეტილია, ქრონიკულად მოავადეებმა წინასწარ უნდა შეიძინონ ყველა ის პრეპარატი, რომლებსაც ყოველდღიურად იღებენ. საოჯახო აფთიაქში უნდა ინახებოდეს ანტისპაზმური და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები თავის, კბილისა და კუჭის ტკივილის დასამარცხებლად. ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი პირები უნდა შეიარაღდნენ ანტიჰისტამინური საშუალებებით, ასთმით დაავადებულები - ინჰალატორით, დიაბეტიანები - საჭირო პრეპარატებით, გლუკომეტრითა და შპრიცებით. ამ ტიპის პათოლოგიის მქონეთ სპეციალისტები ურჩევენ, თავი არიდონ ეგზოტიკურ კერძებსა და სასმელებს.


წამლები და ალკოჰოლი

სასმელების გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია. ჩვეულებრივ, ამ დღეებში სვამენ ისინიც, ვინც ჯანმრთელობის გამო სასმელზე მთელი წელი უარს ამბობს, ამიტომ აუცილებელია, კარგად გაარკვიონ, რამდენად ეთავსება მათი ყოველდღიურად მისაღები პრეპარატი ალკოჰოლს. ალკოჰოლი მრავალი წამლის მოქმედებას აძლიერებს ან, პირიქით, თრგუნავს. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ანტიდეპრესანტების მომხმარებლებს, რადგან სპირტთან ერთად მათმა მიღებამ შესაძლოა ჰიპერტონიული კრიზი გამოიწვიოს. განსაკუთრებული რისკის ჯგუფში შედიან ანტიალერგიული და გულ-სისხლძარღვთა პრეპარატების მომხმარებლები და ინსულინდამოკიდებულები. ალკოჰოლის მიღების ფონზე მცირდება მედიკამენტების ეფექტი და ძლიერდება ანტიბაქტერიულ საშუალებათა მოქმედება. შაქრიანი დიაბეტის, ასთმის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, ჰიპერტონიის მქონე, ინფარქტ- და ინსულტგადატანილ პირებს, ორსულებსა და მეძუძურ დედებს სპეციალისტები ურჩევენ, ალკოჰოლს საერთოდ ერიდონ.

დავიცვათ კუჭ-ნაწლავი

სუფრასთან ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებცხიმიანი კერძები მიირთვათ. გავრცელებული მითის მიუხედავად, ცხიმი სულაც არ იცავს თრობისგან და, ამასთან, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას. გახსოვდეთ:

  • ღორის ხორცს ნუ დააყოლებთ გაზიან სასმელს - ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს კუჭქვეშა ჯირკვალს - პანკრეასს;
  • ნუ აურევთ ერთმანეთში ალკოჰოლიან სასმელებს;
  • უმჯობესია, მაგარ სასმელებს დააყოლოთ გამანეიტრალებელი პროდუქტები - მჟავე და მლაშე. ამ შემთხვევისთვის გამოდგება ხორცის ნამზადი, გამონაკლისია ცხვრის ხორცი;
  • ძმრიანი საკვები აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას;
  • სუფრიდან ადგომისას უმჯობესია მიირთვათ ლიმონიანი ჩაი;
  • მომდევნო დღე დაიწყეთ წყლის დალევით. გამოდგება მინერალური წყალიც;
  • კონტრასტული შხაპი რეკომენდებულია მხოლოდ პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანებისთვის;
  • დაგეხმარებათ გააქტიურებული ნახშირიც - იგი დააჩქარებს ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდას.

ყურადღება მიაქციეთ ვადას

საკვებისმიერი ინტოქსიკაციის რისკი არსებობს როგორც დღესასწაულის პირველ დღეს, ისე მომდევნო დღეებშიც. თუ პროდუქტები თავიდანვე არ იყო ხარისხიანი, ინტოქსიკაციამ შესაძლოა პირველივე დღეს იჩინოს თავი. რაც შეეხება მოგვიანებით ინტოქსიკაციას, მის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, თავიდანვე მიაქციოთ ყურადღება საკვების შენახვის ვადას. ნუ შეინახავთ კერძებს დიდხანს. ყველა პროდუქტი შეინახეთ მაცივარში, სათანადო ტემპერატურაზე. ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად სალათას წინასწარ ნუ შეაზავებთ მაიონეზით ან არაჟნით - უმჯობესია, ეს გააკეთოთ სუფრასთან მიტანამდე ერთი საათით ადრე. დატოვეთ სალათის ნაწილი შეუზავებელი და მეორე დღეს, ჭამის წინ შეაზავეთ.

ყველაზე მეტად ზომიერება გვჭირდება

  • ეცადეთ, ყველაფერი მიირთვათ ცოტ-ცოტა;
  • ცხიმიანი და ტკბილი საკვები, რომლითაც ასე მდიდარია საახალწლო სუფრა, ერთდროული მიღებისას მძიმე გამოცდის წინაშე აყენებს გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს;
  • რძის ნაწარმს საერთოდ ნუ მიირთმევთ რომელიმე პროდუქტთან ერთად;
  • ხილი და დესერტი მიირთვით როგორც ცალკე ნამზადი;
  • ნუ დააყოლებთ ცხიმიან საკვებს ცივ წყალს, ცხიმი ადვილად იხსნება მხოლოდ თბილსა და ცხელ წყალში.

ეგზოტიკური პროდუქტები

თუ ოდესმე რაიმე ტიპის ალერგია გქონიათ, უმჯობესია, მათი ჭამისგან თავი შეიკავოთ. ნუ აჭმევთ პატარა ბავშვებს ზღვის პროდუქტებსა და ხიზილალას, თუ ამ ტიპის საკვები მანამდე არ გაუსინჯავთ.