შინაგან ორგანოთა ფუნქციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შინაგან ორგანოთა ფუნქციები

თავის ტვინი

თავის ტვინი ადამიანის შინაგანი ორგანოების იერარქიულ კიბეზე ყველაზე მაღლა დგას, რადგან იგი ნერვული სისტემის ცენტრალური ორგანოა. ტვინის უჯრედები ნეირონებია, რომლებიც პასუხს აგებენ ნერვული იმპულსების გენერირებასა და დროულ გადაცემაზე. ტვინის ფუნქციებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია აზროვნება, ანუ ინფორმაციის აღქმა და დამუშავება. გარდა ამისა, იგი პასუხისმგებელია ემოციებსა და მეხსიერებაზე, აგრეთვე მეტყველებაზე, ანუ ადამიანთა შორის ურთიერთობებზე. თავის ტვინი არეგულირებს შინაგანი ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ურთიერთშეთანხმებულ, კოორდინირებულ მოქმედებას. თავის ტვინს სისხლით 4 მსხვილი - ორი საძილე და ორი ხერხემლის - არტერია ამარაგებს. მათი საშუალებით ტვინს ორგანიზმში არსებული სისხლის მოცულობის 20% მიეწოდება. ამიტომ არის, რომ სისხლში ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების დეფიციტზე ყველაზე მწვავედ იგი რეაგირებს.

გული

გული ფიბროზულ-კუნთოვანი აგებულების ღრუ ორგანოა, სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური რგოლი, რომელიც პასუხისმგებელია სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობაზე, სიჩქარესა და ოდენობაზე. იგი ორგანიზმის ერთგვარი ტუმბოა, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში საჭირო წნევით სისხლძარღვებში სისხლს გადაისვრის. მამაკაცის გული 300 გრამზე მეტს იწონის, ქალის გულის წონა კი 250 გრამს არ აღემატება.

ფილტვები

ფილტვების საშუალებით ადამიანი სუნთქავს, მოიხმარს სიცოცხლისთვის აუცილებელ ჟანგბადს და გამოყოფს ნახშირორჟანგს. გარდა ამისა, ისინი გამომყოფ ფუნქციასაც ასრულებენ - მათი მეშვეობით ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბი წყლის 15-20% გამოიყოფა, რაც ორგანიზმის თბორეგულაციას აწესრიგებს. ფილტვები თავდაცვითი სისტემის ნაწილიც გახლავთ - შეიცავენ უამრავ მაკროფაგს, რომლებიც შთანთქავენ და სპობენ სხეულში მოხვედრილ უცხო სხეულებს და ამით დიდ დახმარებას უწევენ ორგანიზმის იმუნურ ძალებს.

კუჭი და ნაწლავები

საჭმლის მონელება იწყება პირის ღრუში, გრძელდება საყლაპავ მილში, კუჭში, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მონაწილეობით და მთავრდება სწორი ნაწლავიდან განავლოვანი მასების გარემოში გამოყოფით.  კუჭი კუნთოვანი ღრუ ორგანოა, რომელიც საყლაპავ მილსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის მდებარეობს. მასში საკვების დეპონირება ხდება. კუჭის წვენი საკვებს ქიმიურად ამუშავებს. მისი ევაკუატორული უნარის მეშვეობით საკვები ულუფებად გადაადგილდება თორმეტგოჯა ნაწლავისკენ, სისხლში კი საკვები ნივთიერებების მცირე ნაწილი შეიწოვება. კუჭი მონაწილეობს ისეთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზშიც, რომლებიც საჭმლის მონელების პროცესებს არეგულირებენ: გასტრინისა, ჰისტამინისა, სომატოსტატინისა, მოთილინისა და სხვა. კუჭის წვენს აქვს ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება. ღებინებით იგი ორგანიზმს აცილებს უხარისხო საკვებს და ნაწლავებში მის გადასვლას წინ ეღობება. კუჭის მოცულობა დაახლოებით 1 ლიტრია, თუმცა, საკვების მოცულობის შესაბამისად, კუნთოვანი შრის დახმარებით შეუძლია 4 ლიტრამდეც გაიზარდოს. ნაწლავებში საკვები ნივთიერებები შეიწოვება და გადადის სისხლში, მოუნელებელი მასა კი ფეკალურ მასებად ყალიბდება და ორგანიზმიდან გამოიდევნება. ნაწლავები საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ბაქტერიებს, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას, ამიტომ მისი მიკროფლორის დაზიანება ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ საჭმლის მონელებაზე, არამედ, საზოგადოდ, ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციობაზე.


პანკრეასი - კუჭქვეშა ჯირკვალი

პანკრეასი საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანოა, იგი სულ 90-100 გრამს იწონის. მიუხედავად ამისა, უდიდეს ფუნქციებს ახორციელებს ორგანიზმში. იგი შერეული ტიპის ორგანოა, ორ ძირითად ფუნქციას ახორციელებს. ის, ერთი მხრივ, ენდოკრინული ორგანოა, რომელიც ასინთეზებს ისეთ ჰორმონებს, როგორებიცაა ინსულინი და გლუკაგონი (ისინი სისხლში შაქრის სათანადო დონეზე შენარჩუნებას და ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულირებას ემსახურებიან), მეორე მხრივ კი საჭმლის მომნელებელი და, შესაბამისად, გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, რომლებიც თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლის შემდგომ ანეიტრალებენ კუჭის წვენის მჟავაშემცველ შიგთავსს.

ღვიძლი

ღვიძლი 500-მდე ფუნქციას ასრულებს. მისი სპეციფიკური ფუნქცია ნაღვლის წარმოქმნაა. დღე-ღამეში მასში 800-1000 მლ-მდე ნაღველი გამომუშავდება. ნაღვლის მჟავები ინელებენ ცხიმებს, რითაც კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებს მათ შემდგომ დამუშავებას უადვილებენ. ღვიძლი მონაწილეობს 500-ზე მეტ ბიოქიმიურ რეაქციაში და უამრავ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას გარდაქმნის - ზოგს შლის, ზოგს კი, პირიქით, ასინთეზირებს. ღვიძლი ერთგვარი დეპო ორგანოა, რომელშიც დეპონირდება და გროვდება ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებები: გლიკოგენი, A, D, E, K ვიტამინები, მიკროელემენტები, უმთავრესად - რკინა, სპილენძი, მანგანუმი, კობალტი. მასში მუდმივად არის 0,5 ლ სისხლი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაიტყორცნება სისხლძარღვოვან ქსელში. ღვიძლი ორგანიზმს წმენდს ტოქსინებისგან - როგორც გარედან მოხვედრილი, ისე თვით მასში, მისივე ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი უვარგისი ნივთიერებებისგან; ახდენს ჰორმონების (გლუკოკორტიკოიდების, გასტროინტესტინური ჰორმონების) და ბიოგენური ამინების (ჰისტამინის, სეროტონინის, კატექოლამინების) ინაქტივაციას.

ნაღვლის ბუშტი

მასში გროვდება ღვიძლის მიერ გამომუშავებული ნაღველი, რომელიც გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში, სადაც იწყება საჭმლის ნაწლავური მონელება. ნაღვლის ბუშტი მდებარეობს ღვიძლთან ახლოს და განვითარებულია იმის მიხედვით, რამდენად ცხიმიან საკვებს მოიხმარს ადამიანი. რაც უფრო მეტია რაციონში ცხიმი, მით უფრო მეტია ამ მსხლის ფორმის პაწაწინა ორგანოს ზომა. მართალია, სიგრძით ის იშვიათად აღემატება 10-14 სმ-ს, მაგრამ კენჭების დაგროვების ან მწვავე ანთებითი პროცესის შემთხვევაში შეიძლება უდიდესი უსიამოვნების მიზეზად იქცეს.

თირკმელები

ორგანიზმში საკვების დაშლისა და ათვისების, ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამუდმებით გროვდება უვარგისი, მომწამვლელი ნარჩენი ნივთიერებები, რომლებიც პერიოდულად გამოიყოფა მეტად რთული აგებულების წყვილი ორგანოს - თირკმელების მიერ. თირკმელები გამომყოფი სისტემის მთავარი რგოლია, რომლის გავლისას სისხლი იფილტრება, საჭირო ნივთიერებები მასშივე რჩება, უვარგისი კი  გარეთ გამოიდევნება, სწორედ ამიტომ უწოდებენ თირკმელს ორგანიზმის ბიოლოგიურ ფილტრს. თირკმელები ორგანიზმს მხოლოდ ნარჩენი პროდუქტებისგან კი არ ათავისუფლებენ, რომელთა უმეტესობაც სიცოცხლისათვის საშიშია, არამედ მისი შინაგანი გარემოს მუდმივობასაც უწყობს ხელს. სისხლის გაწმენდის შედეგად თირკმელები ორგანიზმს აცილებენ ჭარბ მარილებს, მედიკამენტებს, საღებავებსა და სხვა უსარგებლო ნარჩენებს.


შარდის ბუშტი

თირკმელებში წარმოქმნილი შარდი შარდსაწვეთით გადადის შარდის ბუშტში და იქ გროვდება. ამრიგად, შარდის ბუშტი შარდის ერთგვარი რეზერვუარია, რომლის პერიოდული დაცლით ადამიანის ორგანიზმი საბოლოოდ თავისუფლდება ჭარბი სითხისა და ცხოველქმედებისას წარმოქმნილი უვარგისი ნარჩენებისგან. მოზრდილი ადამიანის ბუშტი საშუალოდ 500-700 მლ შარდს იტევს, თუმცა, მოთხოვნისამებრ, შეუძლია მოცულობაში მოიმატოს კიდეც.

ფარისებრი ჯირკვალი

იგი ენდოკრინული ჯირკვალია. მისი ფუნქცია ჰორმონთა გამომუშავებაა, რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებთა ცვლასა და მის რეგულაციაში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებია: თიროქსინი ანუ ტეტრაიოდთირონინი, ტრიიოდთირონინი და თირეოკალციტონინი. თიროქსინი და ტრიიოდთირონინი სხეულის ზრდასა და განვითარებაზე ახდენენ გავლენას. ეს ორი ჰორმონი აუცილებელია ნერვული სისტემის, გულისა და სასქესო ჯირკვლების ნორმალური ფუნქციობისთვის, თირეოკალციტონინის მთავარი ფუნქცია კი ორგანიზმში კალციუმის ცვლის რეგულირებაა. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ხელს უწყობენ ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას, დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის ფსიქოსექსუალურ სფეროზე.

საშვილოსნო

შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის მოთავსებულ ამ ღრუ კუნთოვან ორგანოს ნაყოფის გამოზრდა აკისრია. მასში ვითადება ნაყოფი მუცლადყოფნის პერიოდში. საშვილოსნოში განვითარებას განაგრძობს კვერცხუჯრედი და ამის გამო მას მენსტრულური ფუნქციაც აქვს.

წინამდებარე ჯირკვალი - პროსტატა

მამაკაცის შარდის ბუშტის ქვემოთ მდებარე ორგანოა, რომელიც შემოსაზღვრავს შარდგამომყოფი არხის ნაწილს და მას სადინარებით უკავშირდება. პროსტატა სხვადასხვა ნივთიერების სინთეზში მონაწილეობს. მისი სეკრეტი ათხელებს სპერმას და ზრდის ქალის სასქესო ორგანოში სპერმატოზოიდების გადაადგილებისა და მოძრაობის უნარს. გარდა ამისა, სქესობრივი კავშირის დროს პროსტატის სეკრეტი გამოიყოფა შარდგამომყოფ არხში. ეს მოვლენა წინ უძღვის ეაკულაციას, რათა სეკრეტის ტუტე შიგთავსმა გაასუფთაოს შარდსადინარში არსებული მჟავა გარემო, რომელიც დამღუპველად მოქმედებს სპერმატოზოიდებზე. ამრიგად, პროსტატა უშუალოდ მონაწილეობს განაყოფიერებაში და მამაკაცის შვილოსნობის უნარს განსაზღვრავს.

სათესლეები

ისინი მამაკაცის სასქესო ორგანოებია, ენდოკრინული ჯირკვლები, რომლებშიც მამაკაცის სასქესო უჯრედები - სპერმატოზოიდები გამომუშავდება და აგრეთვე წარმოიქმნება მამაკაცის სასქესო ჰორმონები, უმთავრესად - ტესტოსტერონი.

საკვერცხეები

ქალის სასქესო ჯირკვლებია, რომლებშიც გამომუშავდება ქალის სასქესო უჯრედი  - კვერცხუჯრედი და ქალის სასქესო ჰორმონები, უმთავრესად - ესტროგენები.