ადამიანის კონსტიტუცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანის კონსტიტუცია

კონსტიტუციური ტიპები

ორგანიზმის აღნაგობითა და ფუნქციური თავისებურებებით ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან და ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ამის კვალობაზე, მეცნიერებმა გამოყვეს რამდენიმე კონსტიტუციური ტიპი, რომლებიც სხეულის სიმაღლის, წონის, კიდურებისა და ტანის პროპორციების, მუსკულატურისა და კანქვეშა ცხიმოვანი შრის განვითარების ხარისხის მაჩვენებელთა გათვალისწინებით განისაზღვრება. იმისდა მიხედვით, რომელი ქსოვილი ჭარბობს სხეულში - ძვლოვანი, ცხიმოვანი თუ კუნთოვანი, სამედიცინო პრაქტიკაში ცნობილია სამი კონსტიტუციური ტიპი:

  • თორაკალური (მკერდისმიერი);
  • დიგესტური (მუცლისმიერი);
  • კუნთოვანი (ათლეტური).

თორაკალური (მკერდისმიერი) ტიპი

სხეულის პროპორციები: ჭარბობს ძვლოვანი კომპონენტი. ასეთი ადამიანები, ჩვეულებრივ, გამხდრები და სუსტები არიან. აქვთ განუვითარებელი კუნთები, თხელი კანქვეშა ცხიმოვანი შრე, ჩონჩხის წვრილი ძვლები, შედარებით გრძელი კიდურები. თეძოებზე ოდნავ განიერი მხრები, ნეკნთაშუა კუთხე - მახვილი, გულმკერდის ღრუ - წაგრძელებული, ცილინდრული. ფუნქციური თვისებები: ფილტვების მოცულობა დიდია, კუნთოვანი ძალა - მცირე, ამტანობის უნარი - ძლიერი. პიროვნული თვისებები: ამ ტიპის ადამიანები ემოციურად თავშეკავებულნი, ნაკლებკონტაქტურები არიან, მიილტვიან დამოუკიდებლობისკენ. მძიმე წუთებში მარტოობა ურჩევნიათ. სტრესისადმი მდგრადობა: ძლიერი სტრესის შედეგად არცთუ იშვიათად ეწყებათ დეპრესია. მათთვის უცხო არ არის თავდაუზოგავი სწავლის ან შრომის შედეგად გადაქანცვა და ნერვული გამოფიტვა. მომატებული რისკი: ფილტვებისა და ნერვული სისტემის დაავადებების, გასტრიტის, კანის პათოლოგიების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მოშლილობათა, ნეიროცირკულარული დისტონიის მიმართ. დაავადებათა პროფილაქტიკა: სასურველია გამაკაჟებელი პროცედურები დაბალ ტემპერატურაზე, გრილი შხაპი, ცურვა. სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიში. აუცილებელია ხერხემლის გამაძლიერებელი და სხეულის სწორად ფლობისთვის საჭირო ვარჯიშები.

დიგესტური (მუცლისმიერი) ტიპი

სხეულის პროპორციები: ჭარბობს ცხიმოვანი ქსოვილი. ასეთ ადამიანებს განსაკუთრებით კარგად აქვთ განვითარებული მუცლის ღრუ და საჭმლის მომნელებელი ორგანოები. უმეტესად საშუალო სიმაღლისანი და დაბლები არიან, აქვთ მკვეთრად გამოხატული კანქვეშა ცხიმოვანი მარაგი, თუმცა, ამასთანავე, ძლიერი კუნთებიც; ჩონჩხის ძვლები ფართოა, კიდურები, განსაკუთრებით ქვედა - შედარებით მოკლე, მხრები - არც ისე ფართო და თეძოებზე არცთუ ყოველთვის განიერი, ნეკნთაშუა კუთხე - ბლაგვი. ფუნქციური თვისებები: ფილტვები - შედარებით მცირე მოცულობისა, შინაგანი ორგანოები - მსხვილი, კუნთოვანი ძალა - დიდი. მიუხედავად ამისა, დიდი ამტანობით არ გამოირჩევიან. პიროვნული თვისებები: უყვართ კომფორტი და გემრიელი საკვები, ქება, ალერსი, თანადგომა. არიან კომუნიკაბელურები, კონტაქტურები, მიილტვიან თანამშრომლობისკენ, არიან ექსტრავერტები, მძიმე წუთებში ახლობელ ადამიანთან ყოფნა ურჩევნიათ. სტრესისადმი მდგრადობა: საკმაოდ მაღალი აქვთ. ერთი შეხედვით სქელკანიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ სინამდვილეში ასეთები სულაც არ არიან. ძლიერი ფსიქოლოგიური დატვირთვის შედეგად ხშირად ეწყებათ მელანქოლია. ასეთ დროს ყველაზე მეტად მეგობრების თანადგომა და სიმშვიდე სჭირდებათ. მომატებული რისკი: გაცხიმოვნების, სიმსუქნის, ჰიპერტენზიის, პანკრეატიტის, დიაბეტის, ინსულტის, ღვიძლის დაავადებების, ჭარბი წონის შემთხვევაში - სახსრების პათოლოგიების მიმართ. დაავადებათა პროფილაქტიკა: აუცილებელია კვების რაციონისა და მოძრაობითი აქტივობის სწორი რეჟიმის დადგენა. უნდა ერიდონ ჭარბი ცხიმის დაგროვებას, რადგან ის დაავადების განვითარებას იწვევს. უნდა შეიზღუდოს შემწვარი ცხიმი, კარტოფილი, საკონდიტრო ნაწარმი და ტკბილეული. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ხილსა და ბოსტნეულს, წიწიბურასა და ბრინჯს. ცილოვანი პროდუქტებიდან ყველაზე მეტად სჭირდებათ რძემჟავა ნაწარმი, თევზი, შედარებით ნაკლებად - ხორცი.


კუნთოვანი (ათლეტური) ტიპი

სხეულის პროპორციები: ჭარბობს კუნთოვანი ქსოვილი. ამ კონსტიტუციური ტიპის ადამიანები საშუალო სიმაღლისანი არიან, აქვთYრელიეფური კუნთები და ზომიერად განვითარებული ცხიმოვანი ქსოვილი, ჩონჩხის ძვლები - ფართო, მხრები თეძოებზე განიერი, კიდურები - ნორმალური პროპორციისა, ნეკნთაშუა კუთხე - მართი. არიან ძლიერები და ამტანები, მოხერხებულები და სწრაფები. ფუნქციური თვისებები: ფილტვები - საშუალო მოცულობისა, გულ-სისხლძაღვთა სისტემა - ძლიერი, კუნთოვანი ძალა - დიდი, ამტანობა - საშუალო. პიროვნული თვისებები: იზიდავთ სარისკო, ექსტრემალური საქმიანობა, არიან ძალზე თავმოყვარენი, თავშეკავებულნი, მიდრეკილნი არიან ლიდერობისადმი, მძიმე წუთებში ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლიათ, ურჩევნიათ, რამე აკეთონ და აქტიურად იმოქმედონ. სტრესისადმი გამძლეობა: სტრესს საკმაოდ კარგად უძლებენ, მაგრამ არიან ძალზე მგრძნობიარენი, როცა საქმე მათ სოციალურ სტატუსს ეხება. ყოველგვარი დაქვეითება მათში აგრესიულ რეაქციას იწვევს, რომელიც შესაძლოა გარშემო მყოფებზეც გავრცელდეს. წარუმატებლობის მიზეზს არა საკუთარ თავში, არამედ გარშემო მყოფებში ეძებენ. მომატებული რისკი: გულის კუნთის დაავადებების, კარდიომიოპათიების, მიოკარდიტების მიმართ. დაავადებათა პროფილაქტიკა: მას, ვინც სპორტს მისდევს, მკაცრად უნდა განესაზღვროს დატვირთვა და რეჟიმი. საჭიროა სწორი კვება. რაციონში ცილები უნდა ჭარბობდეს. უნდა ერიდონ ნახშირწყლებს და, საზოგადოდ, ფუჭ კალორიებს, ვინაიდან ჭარბი წონა მათ გულს ზედმეტად დატვირთავს. სამივე კონსტიტუციური ტიპისთვის სხეულის სიგრძე ყველაზე მერყევი კომპონენტია: თანაბრად არიან როგორც დაბალი, ისე საშუალო სიმაღლის და მაღალი ადამიანები. რაც შეეხება წონას, თორაკალური ტიპის წარმომადგენლები ყველაზე მსუბუქნი არიან, დიგესტური ტიპისანი კი ყველაზე მძიმენი.

ფსიქოსომატური კონსტიტუცია

ფსიქოსომატური ნიშნების მიხედვითაც 3 კონსტიტუციურ ტიპს განასხვავებენ:

  • ჰიპერსთენიურს;
  • ასთენიურს;
  • ნორმოსთენიურს.

ჰიპერსთენიური ტიპი

აქვთ ფართო მხრები, კარგად განვითარებული გულმკერდი და ძლიერი აგებულება. არიან სიცოცხლის მოყვარულნი, კომუნიკაბელურნი, ენერგიულნი, ჯანმრთელნი. ჰიპერსთენიკებს შორის განასხვავებენ სომატიკებს კვადრატული ფორმის თავით, ძლიერი ქვედა ყბით, კარგად გამოხატული მარცხენანახევარსფერული აზროვნებით, ანუ ძლიერად განვითარებული ლოგიკითა და საქმიანი სწრაფვით. მათ არ ახასიათებთ სენტიმენტალობა, არიან ენერგიულები, შეხვედრაზე არასოდეს იგვიანებენ.

ასთენიური კონსტიტუცია

აქვთ ვიწრო მხრები, სუსტი გულმკერდი, არიან ტანმორჩილნი, ახასიათებთ მომატებული ნერვული აგზნებადობა. ამ ტიპის ადამიანებს შორის გამოყოფენ ცერებროტონიკებს წვეროთი ქვემოთ მიქცეული სამკუთხა თავით - ფართო თავის ქალათი და ვიწრო ნიკაპით. ამ უკანასკნელთ ახასიათებთ მონოტონური მეტყველება, არიან თავშეკავებულნი, განვითარებული აქვთ მარცხენასფერული აზროვნება. სიმსუქნისადმი მიდრეკილნი არ არიან.

ნორმასთენური ტიპი

გამოირჩევიან ათლეტური აღნაგობით, თავდაჯერებით. წარმოადგენენ გარდამავალ რგოლს პირველ და მეორე ტიპებს შორის. მათ შორის გამოირჩევიან ვიოცეტონიკები წვეროთი ზემოთ მიქცეული სამკუთხა თავით - მასიური ნიკაპით და წვრილი თავის ქალათი. მათი აზროვნების სტილი მარჯვენასფერულია, არიან კომუნიკაბელურნი, სიცოცხლის მოყვარულნი, ძლიერ მგრძნობიარენი, სიმსუქნისადმი მიდრეკილნი.

ფსიქოკონსტიტუციური ტიპები

ამ თვალსაზრისით განასხვავებენ ფსიქოასთენიურ, ჰიპოპარონულ და იქტაფინურ ტიპებს. ფსიქოასთენიური ტიპი: ასეთ ადამიანებს აქვთ მიდრეკილება შფოთვითი რეაქციებისადმი, არიან მერყევნი, ტანჯავთ არასრულფასოვნების შეგრძნება, აქვთ სუსტი ნებისყოფა, აკვიატებული აზრები. ჰიპოპარონული ტიპი: იოლად ეუფლებათ წყენა, ეჭვები, საკუთარ შესაძლებლობებზე თითქმის ყოველთვის გადაჭარბებული წარმოდგენისანი არიან. იქტაფინური ტიპი: მათთვის დამახასიათებელია პედანტიზმი, მოუხელთებლობა, ურთიერთობაში - სიტლანქე, ადვილად აღგზნებადობა. გენეტიკურ თავისებურებათა გარდა, ადამიანის კონსტიტუციის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარეგანი ფაქტორები, იმუნური სისტემა, სოციალური გარემო, გადაღლა და არარაციონალური კვება.