ცხვირისა და ყურების პლასტიკური ოპერაციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხვირისა და ყურების პლასტიკური ოპერაციები

- ბატონო ალექსანდრე, ვინ მოგმართავთ უმთავრესად რინოპლასტიკისთვის? რომელი სქესისა და ასაკის ადამიანები ჭარბობენ?

- უნდა მოგახსენოთ, რომ თუ, მაგალითად, ამერიკასა და ევროპაში პლასტიკური ქირურგიული ჩარევები უმთავრესად ლიპოსაქციის წილად მოდის, საქართველოში და, საზოგადოდ, კავკასიაში უდიდესი წილი რინოპლასტიკას უკავია. ეს იმიტომ, რომ ჩვენთან, მოგეხსენებათ, კავკასიური ცხვირის პრობლემაა. რაც შეეხება ასაკს, 16-17 წლიდან  30 წლამდე ასაკის გოგონები ჭარბობენ. ეს  ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც ახალგაზრდები აქტიურად იწყებენ ცხოვრებაში თავიანთი ადგილის დამკვიდრებას და სურთ გარეგნობის კორექცია, ესთეტიკური ნიუანსების გაუმჯობესება. 16-17 წელი ის ასაკია, როდესაც პირობითად ფორმირებულია სახის ყველა ნაკვთი, ანატომიური ზრდა პრაქტიკულად დასრულებულია. აქედან გამომდინარე, სახეზე ნებისმიერი სახის ესთეტიკური ჩარევის განხორციელებაა შესაძლებელი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც 45, 55 და 60 წლის ასაკის ადამიანისთვისაც გაგვიკეთებია ცხვირის კორექცია, თუმცა, მთლიანობაში, უფროსი ასაკის პაციენტი, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლებია. როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ჩვენ მიერ ჩატარებული პლასტიკური ოპერაციების 75% რინოპლასტიკის წილად მოდის, დანარჩენი 25% კი სხვა ოპერაციებსა და ჩარევებზე ნაწილდება. დღეს ძალზე პოპულარულია მკერდის ოპერაცია, კერძოდ, მკერდის გადიდება იმპლანტების ჩანერგვით. მასაც უმთავრესად ახალგაზრდა ქალები მიმართავენ. მას მოსდევს აბდომინოპლასტიკა და ლიპოსაქცია. რინოპლასტიკაში ჩვენი წარმატების მთავარი ფაქტორი ის არის, რომ პაციენტებს არ ვთავაზობთ ნორმირებული ფორმის ცხვირებს; ყოველ მათგანს ეძლევა ალტერნატივა, სამი-ოთხი ვერსიიდან საკუთარი სურვილით, წარმოდგენითა და ანალიზით შეარჩიოს მისთვის მისაღები ვარიანტი, იმიტომ, რომ ეს არის მისი ცხვირი, მისი ცხოვრება. ამისთვის ტარდება კომპიუტერული მოდელირება: ადამიანი მონიტორზე ხედავს საკუთარ სახეს ახალი ცხვირით, ირჩევს სასურველ ვარიანტს და, რაც მთავარია, ოპერაციის შემდეგ იღებს აბსოლუტურად იდენტურ ფორმას. ასე რომ, ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული და დაგეგმილი. პაციენტი აღარ ღელავს იმის გამო, რა გამოვა, როგორი იქნება მისი ახალი ცხვირი, მოუხდება თუ არა... შედეგით ყოველთვის ძალიან კმაყოფილია. დღეს ყველაფერი გამარტივებულია - ნახა, მოეწონა, გაიკეთა.

- გამოდის, რომ უკმაყოფილო პაციენტები არ გყავთ... ნუთუ არ გქონიათ შემთხვევა, როდესაც სათანადო შედეგი ვერ მიგიღიათ, პაციენტს არ მოსწონებია ახალი ცხვირი და ოპერაციის გაკეთება უნანია?

- ძალიან იშვიათია, რომ ადამიანს არ მოსწონდეს ახალი ცხვირი და კიდევ რაიმე ნიუანსის შეცვლა, რამის კორექტირება სურდეს. იმდენად იშვიათი, რომ ჩვენს სტატისტიკაში პრაქტიკულად არ განიხილება. თუმცა, ალბათ, საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც არსებობენ სპეციალისტები, რომელთაც ეს სტატისტიკა საკმაოდ მაღალი აქვთ. უკმაყოფილო პაციენტები ნამდვილად არ გვყოლია. ამიტომაც ვამაყობთ და, რაც მთავარია, ამიტომაც გვყავს ბევრი პაციენტი. თუ უკმაყოფილების მიზეზი გაჩნდა, ისიც უმთავრესად სუბიექტურია და არა ობიექტური.

- იქნებ უფრო დაწვრილებით გვესაუბროთ ოპერაციულ ტექნიკაზე - როგორ ხდება ჩარევა, რას ეხებით ამ დროს, ძვლოვან თუ ხრტილოვან ნაწილს, როგორია და რამდენ ხანს გრძელდება რეაბილიტაციის პერიოდი, სდევს თუ არა თან ტკივილი? ტკივილის შიში ბევრს აბრკოლებს, თორემ ალბათ უფრო მეტი მსურველი მოგმართავდათ.

- კავკასიური ცხვირის კორექციის მიმართ არსებობს ორი მიდგომა, ორი ხედვა. ტიპური კავკასიური ცხვირის შემთხვევაში პრაქტიკულად ყველა პარამეტრია შესაცვლელი - ძვლოვანიც, ხრტილოვანიც და ქსოვილოვანიც. ამას ხშირად ბავშვობაში მიღებული ტრავმის გამო ან სხვა მიზეზით ძგიდის დეფორმაციაც ახლავს თან. ყოველივე ეს ოპტიმალურად მასშტაბურ ჩარევას მოითხოვს. თუმცა ეს არ აისახება არც რეაბილიტაციის სირთულეზე, არც პოსტოპერაციული პერიოდის ხანგრძლივობაზე და არც რაიმე გართულებას იწვევს. ერთი მეორესთან არ არის მიბმული, მიდგომა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურია. როცა საჭიროა, ყველა ანატომიური ნაწილის დამუშავება ხდება, როცა არ არის საჭირო და, მაგალითად, მხოლოდ ცხვირის წვერის პრობლემაა, მაშინ მხოლოდ ცხვირის წვერზე ხორციელდება ჩარევა. ცხვირის წვერის პლასტიკა ძალიან მარტივად კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით.  როცა შედარებით მასშტაბურ ჩარევას მივმართავთ, მაგალითად, როცა ტიპური კავკასიური ცხვირი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, მაშინ  ზოგადი ანესთეზია გამოიყენება. ეს უკანასკნელი კომფორტულია როგორც პაციენტისთვის, ასევე ექიმისთვისაც: უფრო მშვიდად მუშაობს, არსად ეჩქარება. ყველაფერი მონიტორირდება, კონტროლდება და შედეგსაც საუკეთესოს ვიღებთ. მერწმუნეთ, რინოპლასტიკის გაკეთება დღეს არც ერთ ნორმალურ კლინიკაში აღარ არის პრობლემა.


- ხალხს რატომღაც წარმოუდგენია, რომ ცხვირზე შეიძლება ჩატარდეს ცალკე ქირურგიული და ცალკე პლასტიკური ოპერაცია. ასეც კითხულობენ: "ქირურგია გაიკეთე თუ მხოლოდ პლასტიკა?" თუ შეიძლება, განგვიმარტეთ ამასთან დაკავშირებული საკითხები.

- აკადემიურად, ცხადია, ასეთი ტერმინი არ არსებობს. ყოველგვარი ოპერაცია ქირურგიული ჩარევაა. როდესაც კეთდება ცხვირის ანატომიური სასუნთქი ერთეულების რეკონსტრუქცია ან პლასტიკა ცხვირის ფორმის ესთეტიკური კორექციის გარეშე, იმ მიზნით, რომ ადამიანმა წესიერად ისუნთქოს, ეს ქირურგიული პლასტიკაა, კერძოდ, სეპტოპლასტიკა. ამ დროს სწორდება ძგიდის ხრტილოვანი ნაწილი ან ცხვირის სიღრმეში არსებული ძვლოვანი ელემენტები, ხდება მათი ნორმალური ანატომიური მთლიანობის აღდგენა, რათა საჰაერო გზები გამავალი გახდეს. იმავდროულად შესაძლებელია ნიჟარების დაპატარავება ცხვირის ღრუში, ჭარბი ძვლოვანი ან ლორწოვანი ნაწილის მოშორება, რათა ცხვირმა შეასრულოს თავისი ფუნქცია და გაატაროს ჰაერი ნორმალური დატენიანების პირობებში. ამ ე. წ. ქირურგიულ ჩარევას არავითარი კავშირი არ აქვს ცხვირის გარეგნულ ფორმასთან. თუ პაციენტს სურს, იმავდროულად შეცვალოს ცხვირის გარეგნული ფორმაც, შეგვიძლია, ეს სურვილიც შევუსრულოთ. ზოგჯერ წიაღებში პოლიპებია. ამ შემთხვევაში პაციენტს ვურჩევთ, ჯერ ფუნქციური ოპერაცია გაიკეთოს და შემდგომ, მეორე ეტაპად - პლასტიკური. რინოპლასტიკის ხანგრძლივობა მაქსიმუმ ორი საათია, საშუალოდ - 1,5 საათი. პაციენტი ერთი ღამით რჩება კლინიკაში და მეორე დღეს გაეწერება. პოსტოპერაციული პერიოდი ზუსტად ორ კვირას გრძელდება. 15-20-სანტიმეტრიანი ტამპონები, რომლებსაც წინათ იყენებდნენ, დღეს სილიკონის 2-3-სანტიმეტრიანი ტამპონებით არის შეცვლილი. მათი როგორც ტარება, ასევე ამოღება გაცილებით მარტივი,  უსაფრთხო და უმტკივნეულოა. პაციენტიც აღარ არის  ისე გადაბინტული და შეზღუდული, რომ შეწუხდეს. მესამე დღიდან თავის დაბანაც შეუძლია.

- რომელია რინოპლასტიკის ყველაზე ხშირი გართულება?

- ყველაზე ხშირი, არასასიამოვნო და მწვავე გართულებაა ცხვირიდან სისხლდენა, თუმცა მისი კუპირებაც შესაძლებელია. იმიტომაც რჩება პაციენტი კლინიკაში ერთი ღამით, რომ ექიმის ზედამხედველობის ქვეშ იყოს. სისხლდენის ალბათობა 0,03%-ია. გარდა ამისა, მოსალოდნელია კანის გაღიზიანება, მაცერაცია. ჩირქოვანი და სხვა ამგვარი გართულებები რინოპლასტიკის დროს პრაქტიკულად არ გვხვდება.

- ზოგიერთს ცხვირზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ ლორწოვანის სიმშრალე უვითარდება, ზოგს კი, პირიქით, ისე უძლიერდება სეკრეცია, რომ ერთგვარი ქრონიკული სურდო ემართება...

- ეს ცვლილებები დაახლოებით სამ თვემდე გასტანს, მერე გაივლის. ყველა პაციენტმა იცის, რომ პოსტოპერაციულ პერიოდში შეიძლება ცოტა ისრუტუნოს, ცოტა სუნთქვაც გაუჭირდეს სიმშრალის გამო. დღეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რეაბილიტაციის პერიოდი მაქსიმალურად შემოკლდეს, დროულად აღდგეს ცხვირის ლორწოვანი გარსის ფუნქცია და პაციენტმა რაც შეიძლება მალე დააღწიოს თავი დისკომფორტს.

- ყურის ნიჟარების პლასტიკაზე რას გვეტყვით?

- ყურის ნიჟარების პლასტიკას უმთავრესად ის მიმართავს, ვისაც გამოწეული, თავის ქალასგან დაშორებული ყურის ნიჟარები აქვს. ოტოპლასტიკა უმარტივესი ქირურგიული ჩარევაა, რომელიც 6-7 წლიდან ნებისმიერ ასაკში შეიძლება ჩატარდეს. არ საჭიროებს არც ზოგად ანესთეზიას და არც სტაციონარში პაციენტის გაჩერებას; ადამიანი ჩაიტარებს მანიპულაციას, ორ საათს ისვენებს და სახლში მიდის. განაკვეთი ყურის უკანა ნაკეცში კეთდება. პოსტოპერაციული პერიოდი მოიცავს 10-12 დღეს. ამ ხნის განმავლობაში ადამიანს სპეციალური აპლიკაციური ნახვევი ადევს ყურზე. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კი საჭიროა ბენდენას ტიპის ნახვევის ტარება, რათა ბალიშზე თავის დადებისას ყური დაცული იყოს მოკეცვისა და ზედმეტი ტრავმისგან.  ჩვენს კლინიკაში ჩვეულებრივ ოტოპლასტიკასთან ერთად სხვა საინტერესო ოპერაციებიც ტარდება. მაგალითად, ანოტიის (იგივე უყურობა) დროს, როდესაც ადამიანს ყური დაბადებიდანვე არ აქვს, ანდა ტრავმის შედეგად მისი ნაწილი მოკვეთილი ან დაზიანებულია, ყურის ახალ ნიჟარას ვქმნით. აქ ოპერაციული ტექნიკა რამდენადმე რთულია. ეს უკვე რეკონსტრუქციული ქირურგიაა. ყურის ახალი ნიჟარის შესაქმნელად უმეტესად მეორე ყურის ნიჟარის ხრტილოვან ქსოვილებს ვიყენებთ, ზოგჯერ კი ნეკნის ხრტილოვანი ნაწილიდან ხდება ჩანართის აღება. სათადარიგო რესურსის მიღების შემდეგ ხდება ნიჟარის მოდელირება და დროებით ყურის მიდამოს კანქვეშა ზონაში ჩანერგვა. გარკვეული ხნის შემდეგ ფორმირდება ყურის ნიჟარა. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანის ორგანული ქსოვილებისგან ხელოვნურად იქმნება ახალი ყური. რა თქმა უნდა, ის მეორე ყურის აბსოლუტურად იდენტური ვერ იქნება, მაგრამ ეს მაინც ძალიან დიდი საქმეა - ადამიანი უყუროდ არ ივლის და ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ თუ სხვა სახის პრობლემებს დაემშვიდობება.