მსოფლიოს ცნობილი დაბალი და მაღალი ადამიანები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მსოფლიოს ცნობილი დაბალი და მაღალი ადამიანები

ერთ-ერთ ძირითად ანთროპომორფულ განსხვავებად ადამიანის სიმაღლე ითვლება. არსებობენ მეტისმეტად დაბლები და მეტისმეტად მაღლები - ისინი იბადებოდნენ სხვადასხვა დროში პლანეტის სხვადასხვა ადგილზე. მათი ეშინოდათ, ზოგჯერ ეზიზღებოდათ კიდეც, მაგრამ ისინი ყოველთვის დიდ ყურადღებას იმსახურებდნენ. მათი უმრავლესობა საკმაოდ წარმატებული ადამიანი იყო და არის, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი გაგაცნობთ იმ ერებს, რომელთა წარმომადგენლებიც მაღალ თუ დაბალ ადამიანებად არიან აღიარებულნი, და იმ ცალკეულ პიროვნებებს, რომლებიც თავიანთი სიმაღლის წყალობით სამუდამოდ დარჩნენ თუ დარჩებიან ისტორიაში. ძველ ისტორიებს აღარ შევეხებით, რადგან მსგავსი ადამიანების სიმრავლე მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეშიც კი საკმაოდ თვალშისაცემია.

სად ცხოვრობენ ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ადამიანები?

ყველაზე მაღალი ადამიანები დედამიწაზე - ტუტსის ტომში არიან. ამ ეთნიკური ჯგუფის ზრდასრული მამაკაცის საშუალო სიმაღლე 185 სანტიმეტრია. ეს გოლიათები აღმოსავლეთ აფრიკაში ცხოვრობენ. მაღალ ადამიანთა ჯგუფები (170 სანტიმეტრი და მეტი) ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე და არგენტინაშიც (პატაგონიელები) ცხოვრობენ. ევროპაში ყველაზე მაღალი ადამიანები კონტინენტის ჩრდილოეთით ბინადრობენ. ესენი არიან ნორვეგიელები, შვედები, დანიელები და შოტლანდიელები. თუმცა ევროპელთა შორის რეკორდი მაინც ჩერნოგორიელებს ეკუთვნით: ქვეყანაში მამაკაცის საშუალო სიმაღლე - 177 სანტიმეტრია, ხოლო ქალაქ ტრებინაში - 183 სანტიმეტრი. დაკვირვებულ მკითხველს ეს რიცხვები არც ისე დიდად მოეჩვენება, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ სადღეისოდ მსოფლიოში  მოზრდილი მამაკაცის საშუალო სიმაღლე სულ რაღაც 166 სანტიმეტრია, ქალბატონებისა კი - 154 სანტიმეტრი. სხვაობა ქალებსა და მამაკაცებს შორის სხვადასხვა ხალხში 8-12 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. ყველაზე დაბალი ადამიანები დედამიწაზე - მბუტის ტომის პიგმეები არიან. მამაკაცის საშუალო სიმაღლე ამ ტომში დაახლოებით 140, ხოლო ქალების - 120-130 სანტიმეტრია. ისინი ეკვატორულ აფრიკაში ცხოვრობენ მდინარე კონგოს აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძნელად მისადგომ ტყიან ადგილებში. პიგმეები - "მუშტისოდენა ადამიანები", ასე ითარგმნება ეს სიტყვა. ძალიან დაბალ ადამიანებს შეიძლება შეხვდეთ ეკვატორის ახლოს მდებარე ბევრ ადგილზე. ეს გახლავთ ფილიპინებში მცხოვრები აეტის ტომის, მალაკის ნახევარკუნძულის ბინადარი სემანგების ტომის ადამიანები. დაბალი ტანი ასევე დამახასიათებელია ევროპის, აზიისა და ამერიკის უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრები ადამიანებისთვისაც (ლოპარები, მანსები, ჰანტები, ესკიმოსები).

სიმაღლის რეკორდსმენები

გასულ წელს ისტორიული შეხვედრა მოხდა, რომელსაც ასობით ფოტოგრაფი იღებდა. ერთმანეთს შეხვდა ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი: მსოფლიოში ყველაზე მაღალმა თურქმა სულთან კოსენმა ხელი ჩამოართვა პლანეტის ყველაზე დაბალ ადამიანს - ჩინელ ხე პინპინს. სულთანის სიმაღლე 2 მეტრი და 46,5 სანტიმეტრია. პატარა, 73 სანტიმეტრი სიმაღლის (წონა - 7 კილოგრამი) პინპინი ძლივს სწვდებოდა გოლიათს მუხლამდე. მიუხედავად ამისა მათ ერთმანეთს მშვენივრად გაუგეს. თუმცა, როგორც შემდეგში გამოტყდა სულთან კოსენი, ის ძალიან ღელავდა იმის გამო, რომ არ უნდოდა შემთხვევით პინპინისთვის ტკივილი მიეყენებინა. ეს შეხვედრა სტამბოლში შედგა, გინესის ახალი წიგნის გამოცემის აღსანიშნავად. ყველაზე მაღალი ადამიანის წოდება თურქს 2009 წლის სექტემბერში მიანიჭეს, მას შემდეგ, რაც წინა გიგანტმა-რეკორდსმენმა უკრაინელმა ლეონიდ სტადნიუკმა (სიმაღლე - 2,53 მეტრი) ტიტული დაკარგა იმის გამო, რომ უარი თქვა განმეორებით გაზომვაზე. მისი სიტყვებით, ის ადამიანების მუდმივი ყურადღების გამო გადაიღალა. ამ შეხვედრიდან ორიოდე თვის შემდეგ ოცი წლის ხე პინპინი იტალიაში გარდაიცვალა. მან ერთ-ერთი ტელეგადაცემის ჩაწერისას შეუძლოდ იგრძნო თავი. სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მსოფლიოს ყველაზე პატარა ადამიანი ვეღარ გადაარჩინეს. გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, თურქი კოსენი ერთ-ერთია იმ 10 ადამიანს შორის, რომელთა სიმაღლეც 244 სანტიმეტრს აჭარბებს. მის შემთხვევაში ასეთი არაჩვეულებრივი სიმაღლის მიზეზი - ტვინის სიმსივნეა, რომელიც ხელს უწყობდა ზრდის ჰორმონის დიდი რაოდენობით გამოყოფას. სიმსივნე ერთი წლის წინ ამოუღეს, ასე რომ გიგანტიც, ალბათ, ზრდას შეწყვეტს. შეხვედრაზე მან თქვა, რომ იმედი აქვს, ეს ტიტული მას საყვარელი ადამიანის მოძებნაში დაეხმარება. "აქამდე ჩემთვის ძალიან ძნელი იყო ერთი მშვიდი და წყნარი გოგონას მოძებნა, - ამბობდა ის, - მეგობარი გოგონა არასდროს მყოლია, რადგან მათ ეშინოდათ ჩემი. იმედი მაქვს, რომ ახლა, როცა პოპულარული გავხდი, შემეძლება ბევრ სხვადასხვა ქალბატონთან შეხვედრა. ძალიან მინდა შევქმნა ოჯახი".


ისტორიული ცნობები

აბსოლუტური რეკორდი, რომელიც გინესის წიგნშია დაფიქსირებული - 2 მეტრი და 72 სანტიმეტრი გასულ საუკუნეში მცხოვრებ ამერიკელ რობერტ ვადლოუს (1918-1940 წლები) ეკუთვნის. ვადლოუზე სულ რაღაც 4 სანტიმეტრით დაბალი, 2 მეტრი და 68 სანტიმეტრი, გახლდათ შავკანიანი ამერიკელი ჯონ როგანი, რომელიც 1905 წელს გარდაიცვალა. 2 მეტრი და 53 სანტიმეტრის სიმაღლის გახლავთ 1976 წელს პაკისტანში დაბადებული ადჯაზ ახმეტი. ის არის რეკორდსმენი ფეხსაცმლის სიგრძითაც - ახმეტს 74 ზომის ფეხსაცმელს უკერავენ. პლანეტის ერთ-ერთ მაღალ ადამიანად მონღოლი ბაო ხიშუნიც ითვლება. ის დიდხანს ეძებდა თავის მეორე ნახევარს, მაგრამ, დაგვეთანხმებით, რომ 2,36 მეტრი სიმაღლის ადამიანისთვის ამის გაკეთება არცთუ ისე ადვილია. მიუხედავად იმისა, რომ ამ როლზე პრეტენზიას მისი მრავალი თანამემამულე აცხადებდა,  გოლიათის გული ვერავინ დაიპყრო. სულ რაღაც ორიოდე წლის წინ, 56 წლის ასაკში, ის ცხოვრების მეგზურს შეხვდა და ლამაზი ქორწილიც გადაიხადა. პატარძალი 29 წლის ჩინელი ხია შუიუანი გახლდათ, რომელიც 1,68 მეტრი სიმაღლისაა და თავის რჩეულს იდაყვამდე ძლივს სწვდება. ქალბატონებში ცნობილი სიმაღლის აბსოლუტური რეკორდი - 2 მეტრი და 47 სანტიმეტრი 1982 წელს 17 წლის ასაკში გარდაცვლილ ჩინელ ჟენგ ჟინლიანს ეკუთვნოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ოთხი წლის ჟენგი 153 სანტიმეტრის სიმაღლის გახლდათ. სადღეისოდ ყველაზე მაღალ ქალბატონად ითვლება სანდრა ელენ ალენი. მისი სიმაღლე 2 მეტრი და 37 სანტიმეტრია. ის ამერიკაშია დაბადებული და ახლა შელბვილში (ინდიანას შტატი) ცხოვრობს.

არც დიდი პოლიტიკაა გამონაკლისი

ბრიტანულმა გაზეთმა "გარდიანმა" რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევზე სტატია გამოაქვეყნა. გამოცემის აზრით, ის შეიძლება ამჟამად მოქმედ მმართველთა შორის ყველაზე ტანდაბალი აღმოჩნდეს. აქამდე სავსებით გასაგები იყო, თუ ვის ეკუთვნოდა ეს საეჭვო ტიტული: მას არავის უთმობდა 162 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე კიმ ჩენ ირი. კორეის სახალხო არმიის მთავარსარდალი, კორეის მუშათა პარტიის გენერალური მდივანი და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის "უდიდესი მმართველი" ძლივს სწვდებოდა თავის კონკურენტებს მხრებამდე. ერთადერთი, ვისაც მისთვის კონკურენციის გაწევა შეეძლო, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გახლდათ. მისი სიმაღლე 168 სანტიმეტრია. ის დაახლოებით 10 სანტიმეტრით დაბალია მადამ სარკოზიზე, წერდა ბრიტანული გაზეთი, მაგრამ მას კიმის პოზიციების შერყევა აშკარად არ ძალუძს. მედვედევის რუსეთის პრეზიდენტად არჩევამ ყველაფერი შეცვალა. მისი სიმაღლე დაახლოებით 162 სანტიმეტრს უნდა შეადგენდეს, და ამიტომ საკითხი ღია რჩება (ოფიციალური მონაცემებით, პუტინი მასზე დაახლოებით 8 სანტიმეტრით მაღალია). იმისათვის, რომ წარმოქმნილი პრობლემა გადაწყდეს, აუცილებელია უფრო ზუსტი გაზომვები. ისე კი ისტორიული თვალთახედვით ზემოთ ჩამოთვლილი ლიდერები სხვებთან შედარებით გოლიათები არიან. მსოფლიოში ყველაზე დაბალი ცნობილი პოლიტიკური ლიდერებიდან ბენიტო ხუარესი გახლდათ, რომელიც ხუთჯერ იყო არჩეული მექსიკის პრეზიდენტად (1867 წლიდან 1872 წლამდე) - მისი სიმაღლე 135 სანტიმეტრი გახლდათ. ენგელბერტ დოლფუსი, ავსტიის კანცლერი 1932-1934 წლებში, 148 სანტიმეტრი იყო. დავიდ ბენ-გურიონი, ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი - 150 სანტიმეტრი სიმაღლის გახლდათ, ისევე როგორც დენ სიაოპინი, ოთხმოციანი წლების ჩინეთის ფაქტობრივი ლიდერი. იასირ არაფატი მიწას 155 სანტიმეტრი სიმაღლიდან დაჰყურებდა, ნიკიტა ხრუშჩოვი - 158, ხოლო ჰაილი ცელასი - 160 სანტიმეტრი სიმაღლიდან. სხვათა შორის, ვიდრე რაიმე თეორიას შეიმუშავებდეთ, იცოდეთ: ამჟამად ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ნაპოლეონ ბონაპარტი, ყველაზე ცნობილი დესპოტი-ქონდრისკაცი, სინამდვილეში არა 155, არამედ 165 სანტიმეტრი სიმაღლის გახლდათ. ასე რომ, სიმაღლეს შეიძლება მართლაც არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდეს.