ყლაპვის გაძნელებას მრავალი მიზეზი აქვს. შესაძლოა, ის სრულებითაც არ უკავშირდებოდეს საყლაპავში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს.
- თუ ყლაპვა დროგამოშვებით გიჭირთ, თანაც ზოგჯერ მკვრივ საჭმელს უფრო ადვილად ყლაპავთ, ვიდრე თხელს, სავარაუდოდ, საყლაპავის სპაზმი ან მისი დივერტიკული გჭირთ.
- თუ საჭმელს გადაყლაპვისთანავე (კუჭში ჩასვლამდე) უკან, პირის ღრუში აბრუნებთ და აღებინებთ, ხოლო ამონაღები მასა მხოლოდ ნერწყვსა და ლორწოს შეიცავს, ყოველივე ნერვული გენეზის პათოლოგიით ან საყლაპავის კუჭში შესვლის ადგილის - კარდიის სპაზმით არის პროვოცირებული.
- თუ ლუკმის ჩაყლაპვისას საყლაპავის ტკივილს უჩივით, ეს საყლაპავის მწვავე ანთების ან წყლულის, აორტის ანევრიზმის და შუასაყარის დაავადების მაუწყებელია.
- სიმძიმისა და ზეწოლის შეგრძნება როგორც საკვების ჩაყლაპვისას, ისე მის გარეშე საყლაპავის სტენოზზე მიანიშნებს - მისი შევიწროების გამო საკვები ზემოთ ჩერდება და მტკივნეულ შეგრძნებებს იწვევს.
- თუ საკვების მიღებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გეწყებათ ღებინება, რომელსაც გულისრევა არ უძღვის წინ, ამასთანავე, ამოინთხევა გაჯირჯვებული მოუნელებელი საჭმელი, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს ლორწოს და ზოგჯერ სისხლსაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს საყლაპავის ხანგრძლივ სტენოზთან, რომელიც შევიწროების ზემოთ გაჩენილი გაგანიერების ადგილას საკვების შეკავებას და უკუპერისტალტიკით ამონთხევას იწვევს.
- როცა ღებინება არ უკავშირდება საკვების მიღებას, ამასთანავე, ამოინთხევა საყლაპავში ხანგრძლივად შეკავებული საკვები, რომელსაც ლპობისა და დუღილის გამო სიდამპლის სუნი აქვს, საყლაპავის დივერტიკული უნდა ვივარაუდოთ.
- საყლაპავიდან სისხლდენა შესაძლოა ხანგრძლივად მიმდინარე დაწყლულებითი პროცესის ან სიმსივნის დროსაც დაიწყოს, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს სიმპტომი პორტული სისხლის მიმოქცევის მოშლის (ღვიძლის ციროზის) დროს ვარიკოზულად გაგანიერებული საყლაპავის ვენის გასკდომის შედეგია. ამ შემთხვევაში სისხლდენა უეცრად იწყება და ადამიანი ამობოყინების დროს დიდი ოდენობით სისხლს იღებს.
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციათა დარღვევისას და ძლიერი სტრესის გადატანის შემდეგ ლაბილური ნერვული სისტემის მქონე ადამიანებს, ზოგჯერ - ჯანმრთელებსაც, შესაძლოა განუვითარდეთ მდგომარეობა, როდესაც ჯერ - მკვრივი, შემდეგ - თხიერი საკვების გადაყლაპვა, ბოლოს კი ნერწყვის ჩაყლაპვაც კი უჭირთ. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს, როგორც საკუთრივ საყლაპავის დაზიანებით, ისე მისი კუნთების და კუჭის შესასვლელის ნერვული რეგულაციის დაღვევით. ასეა თუ ისე, თვითდიაგნოსტიკისგან თავი შეიკავეთ. გახსოვდეთ, რომ ნევროზი დაავადებაა, რომელსაც ნებისმიერი სნეულების ნიღბის მორგება შეუძლია, ამიტომ უპირველეს ყოვლისა, ესტუმრეთ გასტროენტეროლოგს და პრობლემის ჭეშმარიტი მიზეზი დაადგინეთ, მკურნალობაზე კი მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრეთ.