საზაფხულო პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო პრობლემები

- რომელი დაავადებები გვახსენებს თავს ზაფხულობით ყველაზე ხშირად?

- ზაფხულთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, კერძოდ, კუჭ-ნაწლავის ინფექციები გვახსენდება, თუმცა არც გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ანგინა, ბანალური გაციება და პარაზიტული ინვაზიის შემთხვევებია იშვიათი.

- თითქოს უცნაურია, რომ წლის ცხელი, სტაბილური ამინდის პერიოდი შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივი ჩივილების მიზეზად იქცეს...

- უცნაური არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სიცხეში ორგანიზმი დიდი რაოდენობით წყალს კარგავს. ამის გამო სისხლის წებოვნება იზრდება და გულსაც მისი გადატყორცნისთვის უფრო მეტი მუშაობა სჭირდება. როცა ადამიანს გულის დაავადება აქვს, ასეთი დატვირთვა, ბუნებრივია, უკვალოდ არ ჩაივლის. შესაბამისად, გულის დაავადების სიმპტომები წლის ცხელ პერიოდში უფრო ხშირად გვახსენებს თავს. განსაკუთრებით ცხელ დღეებში ხშირია არტერიული წნევის მომატების, გულის უკმარისობის აღმოცენების შემთხვევები. შესაძლოა, დაიბადოს კითხვა: დაგვეხმარება თუ არა დანაკარგის შესავსებად მეტი სითხის მიღება? ერთი შეხედვით, ეს ლოგიკურია, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ზედმეტი სითხის მიღება არ არის სასურველი მათთვის, ვისაც გულის უკმარისობა ან მაღალი არტერიული წნევა აქვს.

- რას ურჩევდით მათ, ვისაც გულის დაავადებები აწუხებს?

- ყველამ, ვინც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს უჩივის, ზაფხულის ცხელ დღეებში ყურადღება უნდა მიაქციოს თავის ჯანმრთელობას. ჰიპერტონიული დაავადების შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს არტერიული წნევის კონტროლი. გულის უკმარისობისას არ არის სასურველი 1,5 ლ-ზე მეტი სითხის მიღება. უარი უნდა ვთქვათ ფიზიკურ დატვირთვაზე. როცა ჰაერის ტემპერატურა 250ჩ-ს აღემატება, კარდიოლოგიურ პაციენტებს კატეგორიულად ეკრძალებათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, მეტისმეტად ცხელ დღეებში კი, ვურჩევთ, საერთოდ არ გავიდნენ შინიდან. ურიგო არ იქნება, თუ შინ კონდიციონერს დაამონტაჟებენ ან ვენტილატორს დაიდგამენ. ეს რჩევები ყველა ასაკოვან პაციენტს გამოადგება. საქმე ის არის, რომ ასაკთან ერთად გულ-სისხლძარღვთა სნეულებების განვითარების რისკი იმატებს და დიდია ალბათობა, ხანში შესულ ადამიანს ჰქონდეს გულის დაავადება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მანიფესტირებული (გამოვლენილი). კიდევ ერთი რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ მხედველობაში: ცხელ დღეებში საკმაოდ ხშირია ქვედა კიდურების შეშუპება. ამ არასასიამოვნო ფაქტს ხშირად ცხელი ამინდის თანმხლებ თითქმის აუცილებელ მოვლენად მიიჩნევენ. რასაკვირველია, შეიძლება, სიცხეში ქვემო კიდურების შეშუპება სისხლისა და ლიმფის დინების დარღვევით, მაღალი ტემპერატურის გამო სისხლძარღვების განვლადობის მომატებითაც იყოს განპირობებული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის გულის უკმარისობის სიმპტომიც არის. ამ უკანასკნელის ალბათობა უფრო მაღალია, თუ პაციენტი ასაკოვანია ან გულის პათოლოგია აქვს. ამ შემთხვევაში შეშუპებასთან ერთად ყურადღებას იქცევს გულის ფრიალი, პულსის აჩქარება, ქოშინი. ჩამოთვლილი სიმპტომები ხშირად მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც აღმოცენდება.

- უცნაურია, რომ საზაფხულო პრობლემებს შორის ანგინაც დაასახელეთ...

- არც ეს არის გასაკვირი. ბავშვებს ანგინა გამაგრილებელი სასმელებისა და ნაყინის წყალობით ემართებათ, ხოლო მოზრდილები ჰაერის აქტიური კონდიცირების მიზეზით ხდებიან ავად. ამას ერთვის მანქანის ღია ფანჯრიდან შემოჭრილი ქარიც. თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ სასურველ ფონს ქმნის ანგინისათვის, დაავადების მთავარი ფაქტორი კი ინფექციური აგენტი - მიკროორგანიზმი სტრეპტოკოკია.


 

- ერთი შეხედვით, ანგინა ზაფხულში უფრო მსუბუქად უნდა მიმდინარეობდეს.

- ერთი შეხედვით შესაძლოა მართლაც ასე მოგვეჩვენოს. სინამდვილეში გარემოს მაღალი ტემპერატურა არაფერს ნიშნავს. როგორც ვთქვით, ანგინა ანუ მწვავე ტონზილიტი სტრეპტოკოკით არის გამოწვეული. მას ზაფხულშიც ისევე შეიძლება სდევდეს თან ტემპერატურის მომატება (ზოგჯერ - საკმაოდ მნიშვნელოვანიც!), ყელის ტკივილი და გულისა და თირკმელების მხრივ გართულებების მაღალი რისკი, როგორც წლის სხვა პერიოდში. ასე რომ, ანგინის დროს ზაფხულშიც აუცილებელია ანტიბაქტერიული მკურნალობა და ექიმის კონსულტაცია. მით უფრო, რომ არ არის გამორიცხული, ანგინა ისეთი დაავადებების გამოვლინება იყოს, როგორიც არის დიფტერია, ქუნთრუშა, წითელა ან ინფექციური მონონუკლეოზი.

- როგორც უკვე ბრძანეთ, ზაფხულში არც ჩვეულებრივი გაციებაა იშვიათი.

- მართლაც ასეა. საამისოდ მრავალი მიზეზი გვაქვს: ორპირი ქარი, კონდიციონერი, ვენტილატორის ნიავი, ცივი სასმელი, ნაყინი... მაშინაც კი, როცა გაციებულები ვართ, ზაფხულში ძალიან გვიჭირს ყოველივე ამაზე უარის თქმა. ერთი შეხედვით უბრალო გაციება განსაკუთრებით საშიშია თვითმფრი-ნავით მგზავრობისას, რადგან არსებობს ინფექციური აგენტის შუა ყურში მოხვედრის საშიშროება.

- საზაფხულო პრობლემებზე საუბრისას, არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ საკვებისმიერ ტოქსიკოინფექციებს...

- საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციები მწვავე ინფექციურ დაავადებათა საკმაოდ დიდი ჯგუფია. ის სხვადასხვა ბაქტერიის: სალმონელას, ნაწლავის ჩხირის, სტაფილოკოკის - ან მათი ცხოველქმედების ტოქსიკური პროდუქტების ზემოქმედებას უკავშირდება. საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციების გამომწვევი მიკროორგანიზმები დიდხანს ძლებენ წყალში, დაავადებული ადამიანის განავალში, მის ხელებზე, ჭურჭელზე, პირადი მოხმარების საგნებზე. ამ ბაქტერიებით ინფიცირება შესაძლებელია ჭუჭყიანი ხელების, დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი გამომწვევი სიცოცხლის უნარს დაბალ ტემპერატურაზეც ინარჩუნებს. ასეთივე მექანიზმით გადაეცემა მწვავე ნაწლავური ინფექციები - დიზენტერია, სალმონელოზი.

კიდევ ერთი საზაფხულო პრობლემა, რომელიც ჰიგიენის დაუცველობასთან არის დაკავშირებული, პარაზიტული ინვაზია (ჭიებით დაავადება) გახლავთ.

-  როგორ ვლინდება საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია?

- საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ორგანიზმში გამომწვევი მიკროორგანიზმის ან მისი ტოქსინის მოხვედრიდან 2-14 საათში ვლინდება. ვითარდება საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, თავს იჩენს ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები - თავის ტკივილი, თავბრუხვევა. ეს სიმპტომები სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა ინტენსივობისაა. ასეთივე კლინიკური სურათი ახასიათებს მწვავე ნაწლავურ ინფექციებს, თუმცა თითოეულ მათგანს აქვს განსაზღვრული თავისებურებებიც. მათი განხილვით მკითხველს თავს აღარ შევაწყენთ, მხოლოდ ერთს დავძენთ: თუ ზემოთ აღწერილი სიმპტომები შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.


 

- როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნებები, ხოლო თუ მათ მაინც ვერ გადავურჩით, როგორ მოვიქცეთ, რომ მდგომარეობა შევიმსუბუქოთ?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების უყურადღებოდ დატოვება არ ღირს, საუკეთესო გადაწყვეტილება ექიმთან დროული ვიზიტია. მანამდე კი:

  • დიარეის ანუ ფაღარათის შემთხვევაში აფთიაქში შეიძინეთ რეჰიდრონის ფხვნილი, გახსენით ანადუღარ წყალში და მიიღეთ ყლუპობით კუჭის ყოველი მოქმედების შემდეგ.
  • რეგულარულად გაიზომეთ არტერიული წნევა და მიიღეთ დანიშნული პრეპარატები.
  • ხშირად დაასვენეთ ქვედა კიდურები - წამოწექით და ფეხები პატარა ბალიშზე შეაწყვეთ.
  • შეგიძლიათ, ქვემო კიდურების დაღლილობის მოსახსნელად სპეციალური მალამოები გამოიყენოთ.

საზაფხულო პრობლემებმა რომ არ შეგაწუხოთ:

  • ხორცისა და რძის პროდუქტები, კრემიანი ნამცხვრები, ხილი და ბოსტნეული აუცილებლად მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
  • არ მიუშვათ საკვებთან ბუზი.
  • არ დალიოთ ტბისა და მდინარის წყალი, თუ დარწმუნებული არ ხართ მათ სისუფთავეში ანდა მათ ახლოს ფერმა ან ნაგავსაყრელია.
  • ხილი და ბოსტნეული ჭამამდე კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლის ჭავლით, ბოლოს რეკომენდებულია ანადუღარი წყლის გადავლება.
  • თუ აგარაკზე ხართ, სვით მხოლოდ ანადუღარი წყალი.
  • საკვების მომზადებისა და ჭამის წინ კარგად დაიბანეთ ხელები.
  • ნუ შეიძენთ გაჭრილ ან გახეთქილ საზამთროსა და ნესვს - მათი ტკბილი რბილობი მიკრობების გამრავლებისთვის საუკეთესო ადგილია.
  • რძის პროდუქტები მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში, სათანადოდ დაფასოებული შეიძინეთ.
  • რძე აუცილებლად აადუღეთ.
  • ხშირად გაანიავეთ ოთახები, განსაკუთრებით - თუ კონდიციონერი გაქვთ ჩართული.
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვის საწოვარას, ჭურჭლის, სათამაშოების სისუფთავეს.
  • თუ გრძნობთ, რომ გაცივდით, ერიდეთ ზღვაში ბანაობას.
  • მანქანით მგზავრობისას ფანჯრები მხოლოდ ცალ მხარეს გააღეთ.
  • როცა კონდიციონერს რთავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ სასიამოვნო, გრილი ნიავი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გეალერსებათ, შესაძლოა რადიკულიტის ან სურდოს მიზეზად იქცეს.