რომელი კარდიოლოგიური დაავადებების დროს გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება მარტში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი კარდიოლოგიური დაავადებების დროს გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება მარტში

იციან, რომ მარტში დაავადების სიმპტომები განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება. რა არის ამის მიზეზი? რატომ უქმნის გაზაფხულის პირველი თვე პაციენტთა ამ კატეგორიას დისკომფორტს და რატომ ხდება საჭირო ექიმთან ვიზიტების გახშირება?

დადგენილია, რომ პაციენტთა გარკვეულ ნაწილს ახასიათებს განსაკუთრებული მგრძნობიარობა ბუნებრივი ფაქტორების მიმართ. ამ მოვლენას მეტეომგრძნობელობას უწოდებენ. ისიც კარგადაა ცნობილი, რომ კარდიოლოგიური პაციენტები განსაკუთრებული მეტეომგრძნობელობით გამოირჩევიან. ყველა პაციენტმა ძალიან კარგად იცის, რომ ამინდის ცვლილებაზე მწვავედ რეაგირებენ ის ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, აღენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა, გულის იშემიური დაავადება.

მარტი კი ის თვეა, რომელსაც ახასიათებს ამინდის საოცარი არამდგრადობა, მკვეთრი მერყეობა. ჰაერის ტემპერატურა, ატმოსფერული წნევა, ტენიანობა, ქარის სიჩქარე დღეში რამდენჯერმე შეიძლება შეიცვალოს. ასეთი მერყეობა ჯანმრთელ ადამიანსაც კი საგრძნობ დისკომფორტს უქმნის. სავსებით ბუნებრივია, რომ წლის ეს პერიოდი კარდიოლოგიური პაციენტებისთვის განსაკუთრებით შემაწუხებელია.

ამინდისა და ბუნებრივი ფაქტორების მკვეთრ მერყეობას თავისი მიზეზი აქვს – ზამთარი გაზაფხულით იცვლება. ადამიანის ორგანიზმშიც ზამთრისთვის დამახასიათებელი ნივთიერებათა ცვლის პროცესი გაზაფხულისთვის ტიპურ რეჟიმზე "გადაირთვება", რაც ორგანიზმის ყველა სისტემის ფუნქციონირებაზე პოვებს ასახვას. ცალკე საუბრის თემაა მაგნიტური ქარიშხლები, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, სისხლის მიმოქცევასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობაზე მოქმედებს. სწორედ ამ გარემოებას მიიჩნევს ზოგიერთი მკვლევარი იმის მიზეზად, რომ გულსისხლძარღვოვანი კატასტროფები - მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და მძიმე ჰიპერტონიული კრიზები - გაზაფხულზე უმეტესად მაგნიტურქარიშხლიან დღეებში ხდება.

ზემოთ აღწერილი მექანიზმებით მარტში იცვლება არტერიული წნევის მაჩვენებლები, სისხლში თრომბოციტების აგრეგაცია, ლიპიდური ცვლა, გლუკოზისადმი ტოლერანტობა, ორგანიზმის იმუნორეაქციულობა, მგრძნობელობა სხვადასხვა მედიკამენტისა თუ ტოქსიკური ნივთიერების მიმართ, ყოველივე ეს კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების გამწვავების მიზეზია.

შევეცდებით, ქვემოთ ცალ-ცალკე განვიხილოთ ის კარდიოლოგიური დაავადებები, რომელთა დროსაც მარტში განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს.

არტერიული ჰიპერტენზია

არტერიული ჰიპერტენზია არის პათოლოგია, რომლის დროსაც წნევის მაჩვენებლები მომატებულია. ამ მდგომარეობას ხშირად ახლავს პაციენტის სუბიექტური შეგრძნებები:

  • თავის ტკივილი უპირატესად კეფის არეში;
  • უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში;
  • გულის ფრიალი;
  • სახის წამოწითლება და სხვა.

მარტში კი ძალიან ხშირია არტერიული წნევის მაჩვენებლების ნორმასთან შედარებით მკვეთრი მატება. იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი გრძნობს მომატებულ წნევას, აქვს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების მკვეთრი, შემაწუხებელი გამოვლინება, - იძულებული ხდება, მიიღოს სათანადო პრეპარატები, რჩევისთვის მიმართოს ექიმს.

განსაკუთრებით საყურადღებო კი არტერიული ჰიპერტენზიის ის შემთხვევებია, როცა მაღალ წნევას პაციენტი საერთოდ ვერ გრძნობს. სწორედ პაციენტთა ამ ნაწილს ვურჩევთ, ხშირად გაიკონტროლონ არტერიული წნევის მაჩვენებელი, არ დაუშვან მისი მკვეთრი მატება ნორმასთან შედარებით, რაც ხშირად ჰიპერტონიული კრიზის, გულის იშემიური დაავადების გამწვავებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის ჩამოყალიბების, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის მიზეზია. კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ამ გართულებების სიხშირე სწორედ ადრე გაზაფხულზე აღინიშნება.

ჰიპერტონიული კრიზი

როდესაც მარტში ჰიპერტონიის მიმდინარეობის თავისებურებებზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ ჰიპერტონიული კრიზი - არტერიული წნევის უეცარი მკვეთრი მატება. ამ დროს წნევა მკვეთრად (სისტოლური - ხშირად 200-220 მმ ვწყ. სვ-მდე, ხოლო დიასტოლური - 120 მმ ვწყ. სვ-მდე) იმატებს, რასაც თან ახლავს ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულისრევა, ღებინება. მოსალოდნელია მხედველობის მოშლა, გარდამავალი დაქვეითება, თვალების წინ მნათი წერტილების გაჩენა. აღნიშნული ჩივილები მაღალი არტერიული წნევის ფონზე თავის ტვინის დაზიანებას მოწმობს. ამ უკანასკნელზე მეტყველებს აგრეთვე კიდურების დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, სისუსტე, კრუნჩხვები. არცთუ იშვიათად აღნიშნული ჩივილები თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლაზე მიუთითებს. თუ მან მყარი ხასიათი მიიღო, ინსულტზე საუბრობენ.

ჰიპერტონიული კრიზის დროს ხშირია კარდიული ჩივილებიც – ტკივილი გულის არეში, გულის ფრიალი, გულისცემის გამოვარდნის შეგრძნება, ქოშინი. ამ მოვლენებს არცთუ იშვიათად ერთვის შემცივნება, კანკალი, ოფლიანობა, აგზნება.

მაღალი წნევის ფონზე მსგავსი სიმპტომების არსებობისას უნდა მივმართოთ სასწრაფო დახმარებას ან სტაციონარს, რათა პაციენტს გადაუდებელი მკურნალობა ჩაუტარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, თავის ტვინსა და გულში შეუქცევადი ცვლილებები განვითარდეს, რაც პაციენტისთვის საბედისწერო იქნება.


გულის იშემიური დაავადება

გულის იშემიური დაავადების დროს გულს გვირგვინოვანი სისხლძარღვებით გაცილებით ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, ვიდრე საჭიროა მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. გულის იშემიური დაავადება შეიძლება გამოვლინდეს გულის რიტმის დარღვევით - სხვადასხვა სახის არითმიით, სტენოკარდიით, ზოგ შემთხვევაში - მიოკარდიუმის ინფარქტითაც.

ზემოთ ვრცლად ვისაუბრეთ გაზაფხულზე არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობის თავისებურებებისა და ხშირი ჰიპერტონიული კრიზების შესახებ. უკვე მოგახსენეთ, რომ მაღალი წნევა განსაკუთრებულ დატვირთვას უქმნის გულს, ასეთ პირობებში კი ჟანგბადის მოთხოვნილება მნიშვნელოვნად იმატებს.

გაზაფხულზე გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ არითმიამ, რომელიც კარგა ხანია აღარ აწუხებდათ, კვლავ შეახსენათ თავი და ადრინდელზე უფრო შემაწუხებელიც გახდა. ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც ჩაგიტარებთ აუცილებელ გამოკვლევებს, რათა დროულად შეფასდეს თქვენი მდგომარეობა და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.

ზოგჯერ პაციენტის ერთადერთი ჩივილი არითმიაა, მის მიღმა კი მიოკარდიუმის ინფარქტი იმალება, ამიტომ ეს სიმპტომი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. მარტი მძიმე პერიოდია სტენოკარდიით (გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი ფორმა) დაავადებულებისთვისაც. სტენოკარდიას ახასიათებს მოჭერითი ხასიათის ტკივილის აღმოცენება ფიზიკური დატვირთვის დროს მკერდის ძვლის ოდნავ მარცხნივ. ტკივილი გაივლის დატვირთვის შეწყვეტის შემდეგ, ნიტროგლიცერინის ტაბლეტის მიღებისას, ზოგჯერ - თავისთავადაც. ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ პაციენტს დატვირთვის სტენოკარდია აქვს.

არსებობს მოსვენების სტენოკარდიაც, რომელსაც ახასიათებს ტკივილის აღმოცენება ფიზიკური დატვირთვის გარეშე. ზოგ შემთხვევაში კი პათოლოგია ღამით აღმოცენებული ქოშინით ვლინდება.

სტენოკარდიის გამწვავებას თან სდევს შეტევების გახშირება, გახანგრძლივება, შეტევის პროვოცირებას ადრინდელზე გაცილებით ნაკლები ფიზიკური დატვირთვა იწვევს, მის მოსახსნელად კი ნიტროგლიცერინის მეტი ტაბლეტია საჭირო. სტენოკარდიის მიმდინარეობის ასეთი ცვლილება საკმაო საფუძველია კარდიოლოგთან დაუყოვნებელი ვიზიტისთვის, რათა დროულად დაისახოს სამკურნალო ღონისძიებების გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფარქტია მოსალოდნელი.

რომელი კვლევებია საჭირო

ხშირად პაციენტები ცდილობენ, დაავადების სიმპტომების აღმოცენებისა თუ გამწვავებისას გარკვეული კვლევები ჩაიტარონ. რომელი კვლევებია ოპტიმალური კარდიოლოგიური პაციენტებისთვის, რათა მარტში აღმოცენებულმა ჩივილებმა მათი ჯანმრთელობა არ შეარყიოს?

ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია. თანამედროვე შინაგანი მედიცინა, კერძოდ, კარდიოლოგია კვლევის მრავალ ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ მეთოდს ფლობს. ტრადიციულ ელექტროკარდიოგრაფიას კარგა ხანია დაემატა ექოკარდიოსკოპია, ჰოლტერის მონიტორირება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, 24 საათის განმავლობაში ჩავიწეროთ პაციენტის ელექტროკარდიოგრამა, ფიზიკური დატვირთვის ტესტები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ელექტროკარდიოგრაფია ფიზიკური დატვირთვის ფონზე, ანგიოგრაფია, რომელიც გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების ვიზუალიზაციის საშუალებას გვაძლევს, გულის რადიოიზოტოპური კვლევა და ა.შ. თითოეულს თავისი ჩვენება აქვს. მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს, რომელი მათგანია ამა თუ იმ შემთხვევაში ყველაზე მეტად ინფორმაციული. ამიტომ უმჯობესია, კვლევის შერჩევა მას მივანდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, თვითნებურად ჩატარებული გამოკვლევა, რომელიც პაციენტისთვის მატერიალურ დანახარჯთან არის დაკავშირებული, ექიმისთვის არაინფორმაციული აღმოჩნდეს.

როგორ ავიცილოთ უსიამოვნებები

ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ზოგჯერ წნევის მომატება სრულიად შეუმჩნეველია, ამიტომ, განურჩევლად სუბიექტური შეგრძნებების არსებობა-არარსებობისა, ყველა ჰიპერტონიით დაავადებულმა გაზაფხულზე გამუდმებით უნდა იკონტროლოს არტერიული წნევა. ამ პერიოდში უნდა გამოირიცხოს ჰიპერტენზიის მაპროვოცირებელი ფაქტორების (თამბაქოს, მარილიანი საკვების, ჭარბი ალკოჰოლის, ზედმეტი სითხის, სტრესის) ზემოქმედება, პაციენტმა რეგულარულად უნდა მიიღოს ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) საშუალებები. იმ მედიკამენტებით, რომლებიც ზამთარში ან ზაფხულში ეფექტურია, გაზაფხულზე არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლების შენარჩუნება ხშირად შეუძლებელია. ამ შემთხვევაში პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს ადრე შერჩეული მკურნალობის სქემის კორექციისთვის.

ექიმის სათანადო დანიშნულებით თანამედროვე პრეპარატების კომბინირებული გამოყენება ჰიპერტონიით დაავადებულს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაატაროს წლის საკმაოდ რთული პერიოდი.

სტენოკარდიის შეტევების გახშირებისა და გახანგრძლივების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ კარდიოლოგს. უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ არითმია, რომელიც ადრე არ გაწუხებდათ და ახლა აღმოცენდა ან ძალიან გახშირდა. გახსოვდეთ, მარტია, მარტი!