არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც მგზავრობა მძიმე გამოცდის ტოლფასია. ზღვის ავადმყოფობას შიგნითა ყურში მდებარე ვესტიბულური აპარატის გაღიზიანება იწვევს. როდესაც გარემომცველი საგნები დიდხანს მოძრაობს ჩვენს თვალწინ, გვეუფლება სისუსტე, ვგრძნობთ თავბრუხვევას, გულისრევას, ზოგჯერ შეუკავებელი პირღებინება გვეწყება.
ზღვის ავადმყოფობას ბევრი უჩივის. კოსმონავტებიც კი აღიარებენ, რომ ზოგჯერ ისინიც ვერ იმორჩილებენ ვესტიბულურ აპარატს. ბედმა მხოლოდ ადამიანთა 6-8%-ს გაუღიმა - მათ კინეტოზი არ აწუხებთ.
რყევის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები, უფრო - გოგონები. ბიჭუნები 2 წლამდე რყევას საერთოდ ვერ გრძნობენ. ამიტომაც არის, რომ მათ ასე უყვართ საქანელები და კარუსელები, ზოგიერთი
როგორ მოვიქცეთ?
მგზავრობამდე რამდენიმე დღით ადრე გაავარჯიშეთ ვესტიბულური აპარატი:
- შეასრულეთ გადახრა წინ და გვერდზე, თანაბრად და მსუბუქად ატრიალეთ თავი.
- დივანზე პირქვე დაწექით, თავი ჩამოკიდეთ, შემდეგ კი სწრაფად ასწიეთ.
- აუზში ცურვისას საკუთარ თავს შეუქმენით ”ხელოვნური რწევის” პირობები: მკლავის ყოველი მოსმისას სხეული მიაბრუნეთ ხან ერთ, ხან მეორე მხარეს.
- იცეკვეთ ვალსი.
- მგზავრობამდე 1-2 კვირით ადრე დაიწყეთ ელეუტეროკოკის ექსტრაქტის მიღება: 30 წვეთი 2-3-ჯერ დღეში.
მგზავრობის წინ
- კარგად გამოიძინეთ.
- მგზავრობამდე 1-2 საათით ადრე მსუბუქად წაიხემსეთ.
- არ მოსწიოთ და არ მიიღოთ ალკოჰოლი.
- არ იხმაროთ მკვეთრსუნიანი პარფიუმერია - მკვეთრმა სურნელმა შესაძლოა გულისრევის, პირღებინებისა და თავის ტკივილის შეტევის პროვოცირება გამოიწვიოს.
მგზავრობისას
- არ იფიქროთ უსიამოვნო შეგრძნებებზე.
- ჩართეთ კონდიციონერი, გააღეთ ფანჯარა. გაიხადეთ ზედმეტი ტანსაცმელი.
- სთხოვეთ თანამგზავრებს, სალონში ჭამას მოერიდონ - საჭმლის სუნმა შესაძლოა გულისრევა გამოიწვიოს.
- თან წაიღეთ დაჭრილი ლიმონი და როგორც კი დისკომფორტს იგრძნობთ, მოწუწნეთ. ზოგიერთს შველის პიტნის კანფეტი, საღეჭი რეზინი, კოჭას ჩაი, ორცხობილა.
- სვით ცივი წყალი. თუ ხელი მიგიწვდებათ, შესანიშნავია პირში ყინულის ნაჭრის ჩადება. მისი მაგივრობა შესაძლოა ნაყინმაც გაგიწიოთ.
- თუ ზღვის ავადმყოფობის მოახლოება იგრძენით, კანის მგრძნობიარე წერტილებს თითით დააწექით. ეს წერტილები მდებარეობს ყურის ბიბილოს ქვეშ და მაჯაზე, ხელისგულიდან სამი თითის დაშორებით.