რატომ ვერ ვიკვებებით სწორად? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვერ ვიკვებებით სწორად?

ჩვენივე გაუნათლებლობა იმ მხრივ, რომ არ ვიცით, სინამდვილეში რა არის სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის, საფულის სისქე თუ სურსათის ხარისხზე სახელმწიფო კონტროლის არარსებობა? ალბათ, ყველაფერი ერთად. თითქოს ყველამ იცის, რომ კვება ჯანმრთელობის მთავარი ფაქტორია, მაგრამ შედეგები სავალალოა, სტატისტიკა – სამწუხარო. რამდენი ჩვენი თანამემამულე იტანჯება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით! აქამდე კი უმთავრესად არასწორად შერჩეულ რაციონს მივყავართ. ასე წარმოიშობა ათეროსკლეროზი, თრომბოზი, ჰიპერტონიული დაავადება და ისინი გვხვდება ყველგან, განურჩევლად იმისა, როგორია ოჯახის ბიუჯეტი.

ამ სამწუხარო რეესტრს დავუმატოთ ონკოლოგიური დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სნეულებანი, შაქრიანი დიაბეტი – ამაშიც საგრძნობი წვლილი შეაქვს არაჯანსაღ კვებას. ცივილიზაციის სიკეთეებმა მოძრაობის აუცილებლობა მოგვისპო. დღეს ყველაზე დიდ ტრაგედიად ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტის დაკარგვა მიგვაჩნია – გადასართველად ხომ ფეხზე წამოდგომა დაგვჭირდება! ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ენერგოდანახარჯი დღეში 1000 კკალ-ით დაეცა. ახლა ქალი 2000 კკალ-ს ხარჯავს, მამაკაცი – 2300 კკალ-ს. ერთი სიტყვით, დილემის წინაშე ვდგავართ: საკვების როგორც ენერგიის წყაროს მიმართ მოთხოვნა შემცირდა, მაგრამ როგორც იმ პლასტიკური მასალის მატარებლის მიმართ, რომლისგანაც სინთეზდება ჩვენი უჯრედები და მოლეკულები – იგივე დარჩა. ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტები – ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, მიკროელემენტები – ჩვენ ადრინდელი მოცულობით გვჭირდება. შევამცირებთ რაციონს – ვეღარ მივიღებთ ბიოაქტიურ კომპონენტებს. ხორბალში B ჯგუფის ვიტამინების შემცველობა, როგორიც ათასი წლის წინ იყო, ისეთივე დარჩა, არც ფოთლოვან ბოსტნეულში ფოლიუმის მჟავას შემცველობას მოუმატია. გამოდის, რომ ჩვენ ევოლუციურად გავუსწარით ბუნებას და მასთან კონფრონტაციაში შევედით. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების 20%-ს კვების მრეწველობა გვართმევს და ჩვენს სუფრაზე რაფინირებული პროდუქტები ხვდება. მაგალითად, უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული პური უკვე ვეღარ აძლევს ადამიანს საკვებ ბოჭკოებსა და B ჯგუფის ვიტამინებს. ამიტომაც არის, რომ ჩვენი თანამემამულეების 80-100%-ს ჩ ვიტამინის დეფიციტი აქვს, 60-80%-ს აკლია B ჯგუფის ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, 30 წელს გადაცილებული ქალების 50 და მამაკაცების 70%-ს, სკოლამდელი ასაკის ბავშვების 20%-ზე მეტს სიმსუქნის პრობლემა აქვს.

როგორ მოვიქცეთ?

აუცილებელია, შემუშავდეს სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია მოსახლეობის ჯანსაღი კვების შესახებ. მასში გათვალისწინებული უნდა იყოს იმ ღონისძიებათა მთელი კომპლექსი, რომლებიც დაგვეხმარება, საკუთარ თავში კვების ახალი კულტურა აღვზარდოთ. ამ კონცეფციის რეალიზაციაში უნდა ჩაერთონ ჰიგიენის სპეციალისტები, დიეტოლოგები. მათ უნდა ჩაატარონ ვრცელი სამუშაო, რომლის ძირითადი მიმართულებები იქნება მოსახლეობის კვების სტრუქტურების გაუმჯობესება. უნდა გატარდეს ღონისძიებები სურსათის უსაფრთხოებისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად, დაინერგოს ვიტამინებით, ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებით, ბიფიდო და ლაქტობაქტერიებით მდიდარი პროდუქტები, დაისახოს ბავშვთა კვების პრიორიტეტები, შემუშავდეს საგანმანათლებლო პროგრამები ჯანმრთელი კვების მიმართულებით არა მარტო მოსახლეობისთვის, არამედ სპეციალისტებისთვისაც.

ადამიანები ბავშვობიდანვე უნდა განათლდნენ, ბავშვის დაბადებამდე უნდა ვასწავლოთ დედას, რომ თუ ორსულობის პირველივე დღეებიდან მიიღო ფოლიუმის მჟავა, თავიდან აიცილებს ნაყოფის დაღუპვის, შესაძლო სიმახინჯეებისა და მცირეწონიანი ბავშვის დაბადების რისკს. დღეს ბევრს აქვს იოდის დეფიციტი. თუ უფროსებს ეცოდინებათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მაღაზიაში აუცილებლად შეარჩევენ ბავშვისთვის იოდიან მარილს – ის ხომ აუცილებელია ტვინის განვითარებისთვის, ინტელექტუალური შესაძლებლობების ჩამოყალიბებისთვის.

უნდა გავზარდოთ თუ არა ფიზიკური დატვირთვა?

აუცილებლად! ვარჯიში საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ამ გზით პრობლემა არ მოგვარდება. ერთი ნაჭერი ძეხვისა და ამდენივე ნამცხვრის „დასაწვავად“ ადამიანს 2 საათი სირბილი ან 5 საათი სიარული მოუწევს. დამეთანხმებით, ასეთი რეკომენდაციის შესრულება რთულია.

შევეკამათოთ ბუნებას

შესაძლებელია, შეიქმნას პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაც შეცვლილი იქნება. დღეს მრავალი საწარმო სთავაზობს მომხმარებელს მსგავს სიახლეებს. როდესაც რძეს აცილებენ ცხოველურ ცხიმს, რომელიც დიდი ოდენობით ქოლესტერინს შეიცავს, მცირდება ათეროსკლეროზის საფრთხე და არც პროდუქტი კარგავს ადრინდელ გემოს; სულ 1 ჭიქა წვენი, მდიდარი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, ავსებს ვიტამინების დღეღამურ მოთხოვნილებას; ცოცხალი ბიფიდო- და ლაქტობაქტერიები, საკვები ბოჭკოები, რომელთაც სპეციალურად უმატებენ კეფირს, მაწონსა და იოგურტს, გაზარმაცებულ კუჭ-ნაწლავს ეხმარებიან.

როგორ შევაჩვიოთ ადამიანი ასეთი პროდუქტების შეძენას?

საამისოდ ეტიკეტის წაკითხვა უნდა ვიცოდეთ. როცა სურსათს ხელში ავიღებთ, უპირველესად, ყურადღება უნდა მივაქციოთ ვადას. შემდეგ უნდა დავინტერესდეთ კალორიულობით, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მარილის შემცველობით. ნუ მოგხიბლავთ მინიშნება „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი“ – ეს ხშირად წმინდა წყლის კომერციული სვლაა. სპეციალისტები გვირჩევენ, შევარჩიოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ნაკლებ ცხიმს, შაქარს და ქიმიურ დანამატს შეიცავს.

როგორი დიეტაა მისაღები?

ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანს არავითარი დიეტა არ სჭირდება. ყურადღება უნდა მივაქციოთ საკვების მრავალფეროვნებას და ზომიერებას. მიღებული ოდენობა ჩვენს ენერგოდანახარჯს უნდა შეესაბამებოდეს. მწვანილი, ბოსტნეული (გარდა კარტოფილისა), კენკრა და ხილი დღეში 400-600 გრამი უნდა მივირთვათ, უმჯობესია, უმი, შეიძლება მოხარშულიც. აუცილებელია ბურღულისა და ფქვილის ნაწარმი – ფაფები, პური (უმჯობესია, დაცეხვილი მარცვლეულისა იყოს). ახალგაზრდა ორგანიზმს, რა თქმა უნდა, სჭირდება რძისა და ხორცის პროდუქტებიც, ოღონდ მასში ნაკლები უნდა იყოს ცხიმი – ისინი ცილის წყაროა, ხოლო 40 წელს გადაცილებულებისთვის რეკომენდებულია, ხორცი ხშირად შეცვალონ თევზით. ნუ დაივიწყებთ წვენებს.