სხეულის ტემპერატურა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სხეულის ტემპერატურა

თერმორეგულაცია

ადამიანის ორგანიზმის მთავარი თერმოსტატი თავის ტვინში მდებარე ჰიპოთალამუსია, რომელიც სხეულის ტემპერატურას განუწყვეტლივ არეგულირებს. თბური ბალანსის შენარჩუნებასაც სწორედ ის განაგებს. ადამიანის მთელი სხეული დაფარულია სიცივისა და სითბოს აღმქმელი შინაგანი და გარეგანი თერმორეცეპტორებით. ეს რეცეპტორები სხვადასხვა ოდენობით არის თავმოყრილი ორგანოთა სხვადასხვა სისტემაში, თითოეულ ორგანოში, ყველაზე მეტი კი კანშია. როგორც კი სხეულის ტემპერატურა მოიმატებს, თერმორეცეპტორები ღიზიანდებიან და ამის შესახებ ინფორმაცია სხეულის მთავარ თერმოსტატამდე მიაქვთ, ეს უკანასკნელი კი გასცემს ბრძანებას, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სხეულიდან სითხის აორთქლება მის გასაგრილებლად. ამის შემდეგ შესაბამისი ნერვულ-ენდოკრინული ინსტანციები გაძლიერებულად იწყებენ საოფლე ჯირკვლებიდან ოფლის გამოყოფას, რომლის სწრაფი აორთქლებით ორგანიზმი სწრაფადვე გრილდება და ჩვეულ ტემპერატურას იბრუნებს. საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს სხეულის ტემპერატურის დაქვეითებისას: ჰიპოთალამუსის ბრძანებით საოფლე ჯირკვლები ამცირებენ ოფლის სეკრეციასა და გამოყოფას, რათა სითხის შეკავებით და შემცირებული აორთქლებით სხეულში ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტემპერატურა შენარჩუნდეს. თერმორეგულაცია პირობითად ქიმიურ და ფიზიკურ რგოლებად იყოფა.

თერმორეგულაციის ქიმიური რგოლი სითბოს წარმოქმნის ქიმიურ პროცესებს არეგულირებს და საჭირო ტემპერატურის მუდმივობას ნივთიერებათა ცვლის რეაქციათა ინტენსივობის შეცვლით ინარჩუნებს. ეს მექანიზმი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაჟანგვაზე ვრცელდება: ამ პროცესთა გააქტიურებისას სითბოს პროდუქცია ძლიერდება, შენელებისას კი მცირდება. ფიზიკური თერმორეგულაცია სხეულის მიერ სითბოს გაცემის ინტენსივობის ცვლილებას ითვალისწინებს. ეს მექანიზმი განსაკუთრებულ მნიშვნელობას გარემოს ტემპერატურის მომატების ან დაცემის პირობებში იძენს: როცა გარემოს ტემპერატურა ოპტიმალურზე მაღალია, მცირდება სითბოს წარმოქმნა და ძლიერდება მისი გაცემა, ხოლო როცა დაბალია, იზრდება სითბოს პროდუქცია და მცირდება გაცემა. ყველაზე ძლიერი სითბოწარმომქმნელი ორგანო კუნთია. მაშინაც კი, როდესაც ადამიანი არაფერს აკეთებს, კუნთების ხარჯზე ორგანიზმში სითბოს წარმოქმნა 10%-ით იზრდება, მცირე მოძრაობითი აქტივობისას - 50-80%-ით, ხოლო მძიმე კუნთური მუშაობისას - 400-500%-ით.

 

ტემპერატურის ფიზიოლოგიური ცვლილებანი

სხეულის ტემპერატურა დღეღამური რიტმების შესაბამისად იცვლება. დილისა და საღამოს მაჩვენებლებს შორის სხვაობა 0,5-1,00C-ს შეადგენს. განსხვავებულია ტემპერატურა თავად სხეულის შინაგან ორგანოებს, კუნთებსა და კანს შორის. სხვაობა ზოგჯერ 5-10 გრადუსიც კია. როცა თერმომეტრი პირის ღრუში 37 გრადუსს აჩვენებს, კუჭსა და თირკმელებში ტემპერატურა 36,5-ია, იღლიისქვეშა ფოსოში - 36, თეძოს ღრმა კუნთოვან ღარში - 35, წინამხრის ფოსოში - 32, მტევანში - 28, ტერფის ცენტრში - 27-28. ქალის სხეულის ტემპერატურა მენსტრუალური ციკლის ფაზების მიხედვით იცვლება: თუ ჩვეულებრივ 37 გრადუსია, ციკლის პირველ დღეებში 36,8-მდე დაიწევს, ოვულაციის წინ - 36,6-მდე, მომდევნო მენსტუაციის დაწყების წინ 37,2-მდე იმატებს, რამდენიმე დღეში კი კვლავ 37 გრადუსამდე ჩამოდის. მამაკაცებს სათესლეების არეში ტემპერატურა სხეულის დანარჩენ ნაწილებთან შედარებით 1,5 გრადუსით დაბალი აქვთ. ტემპერატურა იცვლება ფიზიკური დატვი¬რთვის დროსაც. მაქსიმალური ტემპერატურა საღამოს 16-18 საათზე აღინიშნება, მინიმალური - ნაშუაღამევს, 3-4 საათზე. ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებს ტემპერატურის მაჩვენებლები პირიქით აქვთ. სხეულის მაღალ კრიტიკულ ტემპერატურად მიჩნეულია 42 გრადუსი, რადგან ამ დროს თავის ტვინში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და ზიანდება ტვინის ქსოვილი.

 

ნორმალური ტემპერატურა და მისი გაზომვის ხერხები

სხეულის ნორმალური ტემპერატურა ერთობ ინდივიდუალურია: ზოგისთვის იგი 36,2 გრადუსია, ზოგისთვის - 37,2.

ჩვენი სხეულის ნორმალური ტემპერატურის დასადგენად აუცილებელია, იგი გავიზომოთ რამდენიმეჯერ, მათ შორის - დილით და საღამოს, იმ დროს, როდესაც თავს კარგად ვგრძნობთ. გაზომვის სიზუსტე დამოკიდებულია როგორც თერმომეტრზე, ისე გაზომვის ტექნიკაზე. ოქროს სტანდარტად მიჩნეულია ე.წ. შინაგანი ტემპერატურა, გაზომილი საყლაპავ მილში, შარდის ბუშტსა და ფილტვის არტერიაში, მაგრამ ვინაიდან ეს ძალზე საშიში პროცედურაა, ყოველდღიურ პრაქტიკაში ტემპერატურა იზომება პირის ღრუში, ყურის არხში, იღლიისქვეშა ფოსოში, სწორ ნაწლავში, საშოში. ორალურად ანუ პირის ღრუში გაზომვისას ნორმალური ტემპერატურა 35,9-36,5 გრადუსის ფარგლებში მერყეობს, იღლიისქვეშა არეში კი 35,7-36,30C-ია. ყურის არხში ტემპერატურას იშვიათად ზომავენ. ამ დროს იზომება ჰიპოთალამუსთან მეტად ახლომდებარე დაფის აპკის ტემპერატურა, რაც თავის ტვინში არსებულ ტემპერატურაზე ზოგად წარმოდგენას იძლევა. ძალიან ზუსტია რექტალურად ჩატარებული გაზომვა, რადგან თერმომეტრი სხეულში იმყოფება და მასზე გარეგანი ფაქტორები პრაქტიკულად არ მოქმედებს. ასეთი გაზომვისას ნორმალური ტემპერატურა 36,2-37,3 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. ვაგინალურად გაზომილი ტემპერატურის მაჩვენებლები ნორმაში 0,1-0,3 გრადუსით აღემატება რექტალური გაზომვის მაჩვენებელს. ტემპერატურის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს:

  • ასაკი;
  • დღის პერიოდი;
  • საკვების მიღება;
  • ტირილი გაზომვის წინ;
  • ემოციური დაძაბულობა;
  • ბანაობა, საუნაში ყოფნა და ფიზიკური ვარჯიში;
  • ცივი ან ცხელი კომპრესების გამოყენება.

ტემპერატურის სახესხვაობებია:

  • დაქვეითებული (360C-ზე დაბალი);
  • ნორმალური (36-370C-ის ფარგლებში);
  • სუბფებრილური (380C-მდე);
  • ფებრილური (390C-მდე);
  • მაღალი (390C-ზე მაღალი);
  • ძლიერ მაღალი (400C-ის ზევით);
  • კრიტიკული (41-420C-ის ზევით, 250C-ის ქვევით).

 


 

ჰიპერთერმია

ჰიპერთერმიაა სხეულის ტემპერატურის აწევა 37 გრადუსზე მეტად, რაც რომელიმე დაავადებით არის გამოწვეული. ეს მეტად გავრცელებული სიმპტომია და თან ახლავს ნებისმიერი სისტემის მწყობრიდან გამოსვლას. სხეულის ტემპერატურის 420ჩ-ის ზევით აწევა გონების დაკარგვას იწვევს. ჰიპერთერმიის შესაძლო მიზეზებია:

იმუნური სისტემის ფუნქციათა დაქვეითება - ამ დროს აღინიშნება დაბალი ხარისხის ჰიპერთერმია, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს საშუალო ხარისხის ფორმაც. ჰიპერთერმია შეიძლება იყოს როგორც პერიოდული და დროებითი (შეძენილი იმუნოდეფიციტები, სისტემური წითელი მგლურა), ისე მუდმივი (პოლიართრიტები). სტანდარტულ ჩივილებთან ერთად მოსალოდნელია მოთენთილობა, წონის კლება, ღამით - გაძლიერებული ოფლდენა.

ინფექციური და ანთებითი დაავადებები - ასეთ დროს სახეზეა დაბალი (კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი), მაღალი (ბაქტერიული პნევმონიები), გარდამავალი (ინფექციური მონონუკლეოზი, ოტიტი), სეპტიკური (ფილტვების აბსცესი, გრიპი, ენდოკარდიტი), მუდმივი (მენინგიტი), რეციდიული (მალარია) ჰიპერთერმია.

ჰეპატიტის დროს ჰიპერთერმია მოსალოდნელი დაავადების მაუწყებელია, აპენდიციტის დროს კი დაავადების მწვავე სტადიაზე მიგვანიშნებს. თუ ტემპერატურამ ტაქიკარდიის ფონზე უეცრად მოიმატა, თავს იჩენს სუნთქვის გაძნელება და შესაძლოა, ავადმყოფმა გონიც კი დაკარგოს. ეს სიცოცხლისთვის მეტად საშიში სეპტიკური შოკის მაუწყებელია, რომელიც გადაუდებელ კვალიფიციურ დახმარებას საჭიროებს.

სიმსივნეები - პირველადი სიმსივნეებისა და მეტასტაზების დროს მოსალოდნელია დაბალი და საშუალო ხარისხით მომატებული ტემპერატურის ხანგრძლივი პერიოდები, თუმცა შესაძლოა, ჰიპერთერმიამ ერთბაშადაც იჩინოს თავი.

თერმორეგულაციის დარღვევა - ასეთ დროს ტემპერატურა უეცრად და მკვეთრად იმატებს 41,7 გრადუსამდე. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, თან სდევს სიცოცხლისთვის მეტად საშიშ დაავადებებს: ინსულტს, თირეოტოქსიკურ კრიზს, ავთვისებიან ჰიპერთერმიას, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას. თერმორეგულაციური მექანიზმების გამო განვითარებულ დაბალ და საშუალო ჰიპერთერმიას ყოველთვის სდევს თან მომატებული ოფლდენა.

სამკურნალო პრეპარატები - ჰიპერთერმია და გამონაყარი ყველაზე ხშირად ვლინდება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების, სულფანილამიდების,  პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. ჰიპერთერმია თან სდევს ქიმიოთერაპიას და შესაძლოა, იმ პრეპარატებით მკურნალობის დროსაც განვითარდეს, რომლებიც ოფლდენას აპროვოცირებს. სხეულის ტემპერატურა იმატებს ზოგიერთი პრეპარატის გადამეტებული დოზით მიღების შემთხვევაშიც.

პროცედურები - გარდამავალი და დროებითი ჰიპერთერმია შესაძლოა განვითარდეს ქირურგიული ოპერაციის, ჰემოტრანსფუზიის (ტემპერატურის უეცარი მომატება და კანკალი) შემდეგ. უეცარი ან თანდათანობით გამოვლენილი ჰიპერთერმია ზოგიერთ რადიოლოგიურ გამოკვლევასაც ახასიათებს, განსაკუთრებით ისეთებს, სადაც კონტრასტულ ნივთიერებებს იყენებენ.

 

ჰიპოთერმია

ადამიანის ორგანიზმი სიცივეს უფრო ადვილად ეგუება, ვიდრე სიცხეს. ჰიპოთერმია სხეულის გადაცივების, მოყინვისა და თერმორეგულაციის დარღვევის შედეგად ვითარდება. 32 გრადუსზე ადამიანს კანკალი უვარდება, 27 გრადუსზე კომაში ვარდება, ერღვევა გულის მუშაობა და სუნთქვა, 25-ის ქვევით კი ტემპერატურა კრიტიკულია.